არეული პოსტი

1 დეკ

ისეთივე არეული, როგორც ახლა მე… ალბათ ნაცნობია ეს გრძნობა, უმიზეზო შფოთი რომ აგიტანს, რომ ვერ ისვენებ, ისე რომ ხარ, თითქოს ზედიზედ 5 ჭიქა ყავა გამოსცალე და კოფეინი გიდუღს ძარღვებში… შფოთ… შფოთ…
არ იცი რა აკეთო, ჯდომა ან მშვიდი მოძრაობები არ შეგიძლია, ან პირი უნდა აცმაცუნო და რაღაც ხრა ან უნდა ირბინო, იცმუკო… ნერვიული მოქმედებები…

ხომ არის დღეები, დღეები კი არა, ადამიანები ამ დღეებში, სულ წამიერად რომ გამოჩნდებიან, სრულიად უცნობები და უცხოები, ან ხასიათს გაგიფუჭებენ, ან დღის დარჩენილ ნაწილს სულ ღიმილით გახსენებენ თავს.
ამეებში განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოვირჩევი, რასაც ბევრი დაიკიდებდა, მე კვირების განმავლობაში უსიამოდ მახსენებს თავს. ერთხელ მახსოვს, დიდხანს ვერ შევარჩიე კოლჰოტი ;), ხან ის შევეკითხე გამყიდველს, ხან ეს… 2-3 ჯერ მიპასუხა, მერე კი ლამის შევხტი, ისე დამიბღვირა, მომეცი ეგ ”კალგოტკა” (ანუ კოლჰოტი) და სადაც გინდა იქ იყიდეო. იმ ქალის გაბრაზებული სახე ლამი ღამის კოშმარებში ჩამყვა (მარტო ის რად ღირს, ახლაც რომ მახსოვს 3 წლის წინანდელი)…
ასე მჭირს ყოველთვის, უცხოების უხეშობები პირდაპირ ძალას მაცლის, რასაც ჰქვია ვშტერდები და გონება ბურუსით მევსება, ვდგავარ სარგადაყლაპულივით…

დღესაც ერთმა მეxeroxემ მომშალა, ამას დამატებული ჩემი უმიზეზო შფოთები. მოვემგზავრები სამყაროზე გულშემომწყრალი, თან რაღაც ჩხირებს ვაკნატუნებ ავტობუსის სკამზე მოკალათებული (შფოთვას უაზრო ჭამა კი არ შველის, ან თხილი უნდა აკნატუნო, ან მარილიანი ჩხირები, ან რაღაც მსგავსი, მთავარია პროცესი გაიწელოს და რაც შეიძლება გულისგამაწვრილებელ ბგერებს გამოსცემდე ხრვა-კნაწუნისას). ჰოდა, ვზივარ, სულ მკიდია ამომსვლელი-ჩამომსვლელი, ბებოები-ბაბუები.

მაგრამ ამოვიდა ბოლოს ერთი, ჩამრგვალებული, ჩემოდნიანი ბაბუ, თეთრი თმებით და თეეთრი ულვაშებით (ფაქტიურად სანტა). დგას და ეყრდნობა ავტობუსის მოაჯირებია თუ რაცაა (ვერავინ ვერ მითხრა ზუსტად რა ჰქვია). შემაწუხა სინდისმა და ავდექი. ცოტა მოშორებით იდგა, მოვქაჩე ხელზე,-არაო, მალე ჩავდივარო. ვდგავართ ორივე, მიჯაყჯაყებს 85. მერე გადმოიხარა და,- ორმოცი წლის წინ შენნაირმა ლამაზმა რომ დამითმო ადგილი, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმე წასული იყოო. გაიცინა, ჩავიდა და დამტოვა მეც გაღიმებული, ნეტაი რამდენი წლის იყო, 40 წლის წინ რომ უკვე ადგილს უთმობდნენ.

ისა, გაუღიმეთ ერთმანეთს და ”დავაიწე ჟიწ დრუჟნო” ხანდახან მაინც. ღირს…

დატოვე კომენტარი