Archive | იანვარი, 2010

ბლოგინგის 8 სტადია

26 იან

ერიკსონის განვითარების ფსიქოსოციალური სტადიების მიხედვით ადამიანს ცხოვრებაში 8 კონფლიქტი აქვს გადასალახი. იმაზე, თუ როგორი წარმატებით გადალახავს ის წინა კონფლიქტებს, დამოკიდებულია მომდევნო სტადიების წარმატებით გადალახვაცა და საერთოდ, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბება.

აზრად მომივიდა ამ სტადიების ბლოგცხოვრებაზე მორგება, და, აი, ისიც, რაც ამ მცდელობიდან გამოვიდა:

პირველი კონფლიქტი ეს არის ნდობა-უნდობლობა. ეს პირველი პოსტების დაბეჭდვის ეტაპია, მერე კი კომენტარების გულაჩქროლებული მოლოდინი. სულ ერთი-ორი კომენტარიც კი იმის მიმანიშნებლად მიიჩნევა,რომ ყინული დაიძრა, რომ ბლოგოსფეროს შეგიძლია ენდო, რომ აქ სავარაუდოდ თანამოაზრეებს იპოვი,- ეს ყველაფერი კონფლიქტის წარმატებული გადაჭრისას. წარუმატებლობის შემთხვევაში – ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას…

II. ავტონომია ან სირცხვილი და ეჭვი. ეს მიმალულ-მიჩქმალული აზრების (აუცილებელი არაა ჩვენივე) სააშკარაოზე გამოტანის პირველი ნაბიჯებია. ნდობა დამყარდა, მთავარია როგორ შეხვდება მკითხველი ამ აზრების გაზიარების პირველ მცდელობას. დადებითი კომენტარები გვავსებს ენთუზიაზმით, უარყოფითი – იწყება დაეჭვება საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ მაინც… ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას.

III. ინიციატივა ან დანაშაულის გრძნობა. ეს ის ეტაპია, როცა გუგლში მოძიებული, ან წარმატებული ბლოგერებისგან გადმოკოპირებულ-გადმოსესხებული ინფორმაციის საკუთარი გენიალური იდეებით ჩანაცვლების სურვილი ჩნდება. დადებითი კომენტარები – აღმაფრენა და შემდგომ ეტაპზე გადასვლა, უარყოფითი, ან კიდევ უარესი – უკომენტარობა – ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას.

IV.შრომისმოყვარეობა ან არასრულფასოვნების განცდა. თუ წინა ეტაპები სრულად ან ნაწილობრივ მაინც გადავჭერით დადებითად, ჩვენ უკვე ყოველდღე თითო პოსტს ვაცხობთ, შრომისმოყვარეობის შემოტევისას დღეში 2-ს, ან 3-ს, ან 4-ს (მძიმე ფორმები ითვალისწინებს დღეში 5 ან მეტ პოსტს). კონფლიქტი უარყოფითად გადაიჭრა? ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას: ჯერ 3 დღეში ერთხელ, მერე 5 დღეში ერთხელ, მერე კვირაში ერთხელ…

V.თუ ჩვენ შევიძინეთ მუდმივი მკითხველი, იდენტობა-როლების აღრევის სტადიაზე უკვე ვსაზღვრავთ “თუ ვისი გორისანი ვართ”. კერძოდ: რას ელის ჩვენგან მკითხველი, ვინ არის ჩვენი მკითხველი, რაზე ვწერთ და რაზე დავწერთ საერთოდ, რა მიმართულებისაა ჩვენი ბლოგი და საერთოდ ვინა ვართ “ჩვენ” (მე და ბლოგი). კონფლიქტის უარყოფითად გადაჭრისას – მკითხველის ძიებაში ხან იმ თემას მივადგებით, ხან ამას, დავბორიალობთ თემების ოკეანეში უსაჭო გემივით და ისევ ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას…

VI. სიახლოვე ან იზოლაცია. ხდება მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება მკითხველებთან, ისინი უკვე მაილზე გვწერენ და გვიმატებენ ფეისბუკში (ან ოდნოებში, გააჩნია “პრადვინუტობას”), გვყავს მეგობარი ბლოგები და ბლოგროლზე გვიწერენ ბევრ აწეულ და ცოტა დაწეულ ცერს. თუ არადა – ჩვენ ამოვეშლებით ბლოგროლიდან, ვთიშავთ კომენტარების სისტემას (მაინც არავინ გვწერდა) და ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას უკვე საკუთარი თავისთვის.

VII. გენერატიულობა ან სტაგნაცია. ამ ეტაპზე წინარე ეტაპების წარმატებით გადამლახავები და სიამაყით აღვსილნი, ჩვენ უკვე ვასწავლით ახლადგამოჩეკილ ბლოგერებს, ვურჩევთ თემებს, ვეხმარებით საკუთარი გზის პოვნაში, ჩართულნი ვართ ზოგადსაკაცობრიობო (ანუ ზოგადბლოგერული) პრობლემების მოგვარებაში. ყველა წინა მცდელობის ჩაფლავების შემთხვევაში, საკუთარი ბლოგის წარუმატებლობის მიზეზის ძიებაში ვუცვლით მას დიზაინს, ვარედაქტირებთ ტექსტებს, გადავდივართ ბლოგერიდან ვორდპრესზე, ან ვორდპრესიდან ბლოგერზე…

VIII. ეგოს მთლიანობა ან გულგატეხილობა. საკუთარი ბლოგერული ცხოვრების გადახედვის შემდეგ, თუ ის სავსე იყო აქტიურობითა და აზრიანობით, ჩვენ ვიძენთ ეგოს მთლიანობას და ვაგრძელებთ ბეჭდვას. თუ არ გაგვიმართლა, თუ ვერც ერთი წინა ეტაპი წარმატებით ვერ გადავლახეთ, თუ ბლოგს ჩვენივე თავის გასახარებლად ისევ ჩვენვე ვნახულობთ სხვადასხვა აიპიდან და სხვა არრავინ და არრარა, გვიტყდება გული… და ვხურავთ ბლოგს.

P.S. მე ჯერ უიმედო ბეჭდვის ერთ-ერთ ეტაპზე ვარ.

ორიოდე სიტყვა “ჯეოსტარზე(დ)”

18 იან

არ მიყვარს დამარცხებულები, პოსტებიც კი!

კაფის დღიურები: ერთდღიანი სიყვარული

15 იან

რითი უნდა გაერთოს ყავის სახლის 22 წლის ოფიციანტი, თუ მისი კაფე თითქმის სულ ცარიელია? რა თქმა უნდა, ხანმოკლე სიყვარულებით…

ამ ესპრესო-მოკა-კაპუჩინომანებში ზოგჯერ ისეთ ვარსკვლავბიჭუნებს გადავაწყდები ხოლმე, რომლებიც მაფიქრებინებენ, რომ ღიირს…

ჩემი პლატონურ-რომანტიკული გატაცებები რამდენიმე საათიდან ერთ დღე-ღამემდე გრძელდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მორიგი სიმპატიური კლიენტი ჭაბუკის გამოჩენამდე, რომელიც მის წინამორბედს დამავიწყებს.

დღეს ამერიკელი სამხედროებით გადამევსო მაგიდები, უკვეთავენ ლატე-ესპრესო-ამერიკანოებს, გამაქვს ეს ყავები, დაბნეული სახით ვიყურები აქეთ-იქით და ხმამაღლა ვიძახი ყავის სახელს, იქნებ აქეთ მომძებნონ, იმიტომ, რომ ყველა ზუუსტად ერთნაირ ფორმაშია, ერთნაირად ქერა, ერთნაირი ამერიკული სიფათებით. და მხატვრის ნიჭიც კი, თითქოს რომ უნდა მიადვილებდეს სახეების დამახსოვრებას, აქ სრულიად უმწეო აღმოჩნდა, ყველა ისე უსაშველოდ ერთი ამერიკული ჩამოსხმისა იყო.

მაგრამ ბოლოს, აქ საზეიმო მუსიკა…

უცებ ის გამოჩნდა! კინოებშია ხოლმე ეს ეფექტი, ირგვლივ ყველაფერი დაჩუმდება, ხალხი და გარესამყარო ბურუსში ინთქმება, და ის ამ ყველაფერზე ამაღლებული, ამ მოყაყანე ბრბოდან საკუთარი განსაკუთრებულობის ხარჯზე გამოყოფილი, მოემართება შენკენ და შენ კი, ოფიციანტი გოგო უნიფორმაში აღფრ, აღშფრ თვალებ… ვერ არ, ისა…

მას შონი ერქვა, საშუალო სიმაღლის იყო, ჯანმრთელკბილებიანი და შავგრემანი; ამერიკის, ღირსებისა და ლატე მაკიატოს მოყვარული, საკუთარი სამშობლოს ერთგული დამცველი. ის საქართველოში მხოლოდ ერთი ღამით ჩამოვიდა,გარკვეული სამხედრო საწვრთნელი მიზნებით, არც უფიქრია, რომ აქ შეიძლებოდა მე შემხვედროდა, იმ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, კერძოდ 27 წელი (და მსგავსი ბანალური ფრაზების რახა-რუხი)… ბოლოს კი მითხრა, რომ აუცილებლად დაბრუნდება ჩემთან ხვალ და ზეგ თუ არა, პირველი თოვლის მოსვლამდე მაინც…

არადა, არ ყოფილა ყველაფერი ასე, ყველაფერი კი არა, არც არაფერი ყოფილა ასე. ბოლო აბზაცი სრულ სიცრუესა და ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, მე უბრალოდ ლატე მაკიატო გავუტანე, მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, ეს იყო და ეს…

ხო, არ მოხდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო?

აპედესტალებულნი

7 იან

თითქმის ისევე არ ჟღერს, როგორც “ქარწაღებულნი”? ინტროვერტები უფრო გამიგებენ, მგონია, რომ ეს “ჩვენი” დამახასიათებელი თვისებაა, უანგაროდ და ჩუმად ვიყოთ ვინმეთი აღტაცებულები. ასეთი ობიექტები ჩემს ცხოვრებაში მუდამ არიან, მიუწვდომლამდე აღწეულები, ამაღლებულები…

ყოველთვის მიჭირს მათ გარემოცვაში ყოფნა, ვიბნევი, მგონია, რომ უგერგილო და უინტერესო ვარ, რომ ამ “სასწაულთ” ვერაფრით მოვხიბლავ. მირჩევნია, შორიდან აღვფრთოვანდე მათით, იმედგაცრუებისგანაც ვიცავ თავს და უარყოფისგანაც.

სულ არ არის აუცილებელი “აპედესტალებული” ყველას მოსწონდეს, მთავარია მე აღმოვაჩინო, ან მე მომეჩვენოს, რომ გამორჩეულია, მერე კი იწყება ყველა საუკეთესო თვისების მისთვის მიწერა და აღფრთოვანებული საუბრები მასზე. თან ყოველთვის ვუკრძალავ საკუთარ თავს, ისეთ მანძილზე მივუახლოვდე, რომ მათი “ჭუჭყიანი თეთრეული” შევნიშნო. ყველაზე საშინელი ეს დიდი იმედისგაცრუებებია, ესეც გამომიცდია და იმიტომ ვამბობ.

გოგოებიც ამიყვანია პედესტალზე, მათი განსაკუთრებული სილამაზის, ჭკუის, ან ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული ნიჭის გამო, ბიჭები ხომ თავისთავად. მაგრამ საკუთარი თავისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვა ვერასოდეს გავბედე. ჩემი საუკეთესო მეგობრებიც (იმედია, არ გეწყინებათ :-* ), ან ბავშვობიდან მომყვებიან, ან თავიდან სრულიად გულგრილი ვიყავი მათ მიმართ, ან უბრალოდ არ მევასებოდნენ.

აპედესტალებული კი ყველა იქვე შემორჩა, მიუწვდომელ სიმაღლეებზე…