Archive | თებერვალი, 2010

ენათა-ლოგია

17 თებ

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური(ც) არ ვიცი და საერთოდ, ჩემი ენათმცოდნეობა, ქართულისა და მეგრულის გარდა, მარტო რუსულს მოიცავს, წარსული ცხოვრება მაინც მაფიქრებინებს, რომ არის ჩემში რაღაც ლინგვისტური…

ამ ენათმეცნიერული საწყისების განვითარებას ჩემს ძმასა და ნათესავს (ლადოს) უნდა ვუმადლოდე. მთელი ჩვენი შემადგენლობა + ჩემი ბიძაშვილი სოფელში ვატარებდით ზაფხულს. არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ახალი ენის გამოგონება, მაგრამ ერთხელაც ლადომ და ჩემმა ძმამ ამ ენაზე დაიწყეს საუბარი. სიტყვები თითქოს ნაცნობი ჩანდა, მაგრამ მაინც ვერაფერს ვიგებდით და მე და ჩემი ბიძაშვილი შურით ვიხერხებოდით.

წინადადება ამ ავადსახსენებელი ენიდან:
ძნ დვლ ნ, ბრლდ ჩვნ ვყვთ სლლბ.

როცა ამ ენას დამწერლობაც (მოცეკვავე კაცუნების ანბანი) დაემატა, ჩვენი მოთმინების ფიალა იმ დონემდე აივსო, რომ გადავწყვიტეთ სასტიკად გვეძია შური! შეგვექმნა ენა, რომელსაც ვერარა ხორციელი ვერ ამოხსნიდა! ჩემი ბიძაშვილი ჩემზე 6-7 წლით უფროსია და შემოქმედის პასუხისმგებლობაც მან აიღო საკუთარ თავზე. ბევრი მსჯელობისა და ფიქრის შედეგად იშვა ენა, რომელიც დღემდე დაცინვის საგნად რჩება.

წინადადება “ჩვენი” ენიდან:
აბაღ, რაღ გვეგონაღ? სიტყვებზეღ ღ-სღ მიმატებითღ დავამარცხებდითღ მტერსღ?

მოკლედ, ეს ენა მეტად უბადრუკ პრინციპზე იყო დაფუძნებული და მალევე იქნა მოსროლილი სანაგვეზე.

ამის მერე, უკვე თბილისში დაბრუნებულმა, დაქალთან ერთად ახალი ენის შექმნაზე დავიწყე ფიქრი, ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და იშვა ნეა.

წინადადება ახალი ნეადან:
საე ევრთობოდი აბვშვობაში.

მოგვიანებით აქტუალური გახდა კვლავ ჩემი ძმის მიერ პოპულარიზებული: აენ, ელიცრომ მაოდსაკ ლიაძნელ, უთ რაჩქა დომებმოინ რაკსლაპა.

16 წლისა უკვე სამხატვრო კოლეჯში ვსწავლობდი და წესით, მსგავსი სისულელეების ნაცვლად, ბიჭებზე უნდა მეფიქრა, მაგრამ ეს ლინგვისტური ნიჭი მაინც არ მაძლევდა მოსვენებას და დაიბადა ენა, რომელზეც, დანარჩენი ჯგუფელების გულისგასახეთქად, მე და ჩემი დაქალები ვლაპარაკობდით: ენო საკმო უნო პრინცო იყო დაფო, მაგრო სასო კია!

ჩვენს ენასთან დაკავშირებით სულ ის მახსენდება, როგორ შევიდა ჩემი მეგობარი (ვიკა) ფერმწერთა ჯგუფში კითხვით: რეზო ხომ არ გაქვთო?

ამ ყველაფერს შეიძლება დიდი გაუგებრობა მოჰყოლოდა, რადგან ხსენებულ ჯგუფში მართლაც სწავლობდა რეზო, ვიკა კი მიამიტად მხოლოდ და მხოლოდ სამხატვრო დანას, “რეზაკს” ითხოვდა…

იცნობდეთ, აი ისიც, “რეზო”.

ისაო, ესაო, კომპიუტერი და ინგლისურიო, აბა, რომელ ორგანიზაციას არ გავამდიდრებდი ამხელა ენობრივი მარაგით?

სულ პირველი

12 თებ

რომელიღაცა სექტემბერი იყო, სწავლის პირველი დღე და მთელი სკოლის შემადგენლობა ეზოში ველოდით დირექტორის საზეიმო მიმართვას. პირველად მაშინ ვნახე ახლადგადმოსულები: “ის” და ხუჭუჭა გოგო. იმ დღიდანვე დაიწყო გიგას ტრიუმფალური სვლა დიდებისკენ, ანუ ნახევარი კლასის გოგოების გულებისკენ!

გიგა ყველაზე მაღალი იყო (ობიექტური რეალობა), ყველაზე სიმპატიური (სუბიექტური მოსაზრება), ყველაზე ჭკვიანი (ნუუ…), ყველაზე გამორჩეული, ყველაზე, ყველაზე…

კონკრეტული რიცხვი, როდის ვიგრძენი გულში უცნაური ძვრები, საიდუმლოებით არის მოცული. პირველი ჩანაწერი, სადაც გიგას დაეჭვებით, მაგრამ მაინც შესაძლო სიყვარულის ობიექტად განვიხილავ, 2000 წლის 1 აპრილით თარიღდება. იმ დღეს კლასელის დაბადების დღიდან დავბრუნებულვარ, სადაც ჩემი კონკურენტიც ყოფილა (მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან ერთ-ერთი) თურმე გიგა უხსენებიათ და მას მერე იმდენჯერ მივბრუნებივარ მასზე საუბარს, რომ დღიურში გულისკანკალით ვწერდი, – იქნებ უკვე მიხვდნენ-მეთქი.

იმ დღეს ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მერე, ჩემი სურვილის მიუხედავად, ყველაფერი დამემალა, თავადვე ვუწყობდი ხელს საკუთარი თავის “გაყიდვას”. როცა გიგა უკანა მერხზე მეჯდა, საჭირო მდგომარეობიდან 90 გრადუსით გადახრილი ვიჯექი, სულ ვიცინოდი და ენას არ ვაჩერებდი. ერთხელ კი ჩემ პირდაპირ, კუთხეში დააყენეს “ის” და მეორე კლასელი (დათო). მე გულმოდგინედ შევუდექი ჩახატვას და საეჭვო რომ არ ყოფილიყო, გვერდით მჯდომს “დავავალე”, მე გიგას დავხატავ, შენ დათო დახატე- მეთქი.

მერე იყო ჩანაწერებით გატენილი ბლოკნოტი: “მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! ძალიან, ძალიან, ძალიან!” და “აუცილებლად დაგამარცხებ, მარიამ! ის ჩემი გახდება, მარტო ჩემი! ომს გიცხადებ, მარიამ! ხვალიდან გიცხადებ ომს, რომელშიც მე გავიმარჯვებ!” : D

მარიამი იყო მთელი ჩემი უბედურების სათავე, იმიტომ, რომ სწორედ ეს ქერა და კლასის “უძერსკესი” გოგო უყვარდა გიგას. ერთგან ჩამიწერია ” მასწავლებელი რაღაცას ყვება, გიგას მივჩერებივარ, რა თქმა უნდა. ის კი სულ მარიამს უყურებდა, სულ, სულ. მარი იცინოდა, – მიიხედეო ეუბნებოდა, მე ვითომ ფეხებზე მეკიდა… მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ შემომხედა მე, შეიძლება კიდეც მომეჩვენა. ამ ბერმუდის სამკუთხედში (ეს სიტყვა საიდან დავაძვრე?), მე ზედმეტი ვიყავი. მგონია რომ მოვწონვარ, ან იცის რომ მიყვარს. ზოგჯერ მგონია, რომ მარი ძალიან ლამაზია, ზოგჯერ კი უშნო. არ ვიცი რა ვიფიქრო, ნეტა ვუყვარვარ?”

ჩემს პაწია დღიურს შევჩიოდი მონატრებაზეც, ვუყვებოდი სიზმრებს, ვიხსენებდი უმცირეს დეტალებს- ” როცა იცინის, ზედა ტუჩის კუთხეები უცნაურად ეწევა მაღლა და ძალიან საყვარელია”, ვუმხელდი ოცნებებს: ” მინდა 13 წლისამ პირველად ტირიფის ქვეშ ვაკოცო, მინდა ერთად ვიქანაოთ საქანელაზე, ღამ-ღამობით ბალახებზე დავწვეთ და საათობით ვუყუროთ ვარსკვლავებს”. რამანწიკა!

ერთხელ გაკვეთილების მერე დამლოდებია და მეორე გაკვეთილის ოთახამდე მანძილი ერთად დაგვიფარავს!!! აი, რას ვწერ აღფრთოვანებული: ” კიბეებზე რაღაცეებზე ვლაპარაკობდით, ჩვენთან ერთად, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ბიჭი იყო, მართალი გითხრა, არ მახსოვს ვინ. განსაკუთრებით ის გამიხარდა, რომ მომიცადა. წარმოგიდგენია? ეს უკვე რაღაცს ნიშნავს!”

დღემდე ძალიან ვერიდები უბრალო გატაცებისთვის სიყვარულის დარქმევას, 10 წლის განმავლობაში უამრავი ვინმე მომწონებია და ყოველ გრძნობას გასაზომად ჩემს პირველ სიყვარულს ვადარებდი. ასე არავინ მყვარებია, ასე კი არა, საერთოდაც არავინ მყვარებია მის გარდა, რომ ვუფიქრდები. იმიტომ რომ ყველანი გაფერმკრთალდნენ და წამიერად თუ ამოტივტივდებიან ხოლმე. “ის” კი, უუჰ! მარტო ჩანაწერებიანი ბლოკნოტები, დალუქული, გაუგზავნელი წერილები და ჩემი ხელით დახატული პორტრეტები არ მომცემენ მისი დავიწყების უფლებას.

P.S. ეძღვნება ყველა პირველად შეყვარებულს, განსაკუთრებით კი, უმაგრეს ბიჭებზე გაგიჟებულ, მეექვსეკლასელ გოგოებს.

New job!

6 თებ

მუშაობა დაახლოებით ერთი კვირის მიტოვებული მქონდა და ჯერ კიდევ იმ სტადიაზე ვიყავი, როცა ყოფილი სამსახური და თანამშრომლები გესიზმრება, ჩემმა მეგობარმა რომ დამირეკა, – მხატვარი გვჭირდება ანიმაციისთვის, ერთი მე ვარ და მეორე შენ იყავიო. საერთოდ აზრზე არ ვიყავი სად მივდიოდი, რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ წავედი…

მცირე ჩანართი: შრომის ფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანის ორგანიზაციისადმი ერთგულების სამი საფეხური არსებობს:
1. თანხმობა, როცა ადამიანი მუშაობს რაიმეს მიღების მიზნით, კერძოდ ხელფასის.
2. იდენტიფიკაცია – მუშაობა, რათა შეინარჩუნოს მისთვის სასურველი ურთიერთობები, მაგალითად პრესტიჟულ ფირმაში სამსახური მის კარიერას წაადგება, აქ უკვე დიდი ხანია მუშაობს და ა.შ.
3.ინტერნალიზაცია – ორგანიზაციის ღირებულებები ადამიანის ღირებულებებს ემთხვევა და ორგანიზაციის წარმატება მისი თვითმიზანი ხდება.

ჩემს პირველ სამსახურში 3 თვე ვიმუშავე და ხელფასის აღების იქით ჩემი მიზნები არ წასულა, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ახლაც და მაშინაც მის შენობაზე გამოკრულ აბრას, წარწერით “bankrupt”

აქ კი მხოლოდ მესამედ მივედი დღეს… და უკვე ინტერნალიზაციის სტადიას მივაღწიე, ეს ჩემი სამსახურია, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომლის წარმატებაც მთლიანად ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ჯერ-ჯერობით არც ხელფასი მექნება, ოფისიც რემონტდება და სარდაფის ნესტში ვბადებთ გენიალურ იდეებს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი სიამოვნებაა. ცალკე ანიმაციის სცენარზე მუშაობისას იმდენი ახალი აზრი გვიჩნდება, თითოეული კადრის განსაზღვრა, შესაბამის დროსა და გახმოვანებაზე მორგება, კამერების შორი და ახლო კადრების გამოთვლა და ჩემთვის რაც მთავარია ხატვა! შეუდარებელი შეგრძნებაა როცა პერსონაჟს ქმნი და საერთოდ როცა იმას აკეთებ, რაც ძალიან მოგწონს. ეს ენთუზიაზმზე მუშაობაც კი თავისებური პლიუსია, არავის წინაშე არ გრძნობ თავს ვალდებულად, საკუთარი თავის გარდა.

ძალიან მინდა რომ ჩვენი პირველი SHORT ანიმაცია ამ მონდომების შესაბამისი გამოვიდეს და ძალიან მინდა დიდხანს ვაკეთო ეს საქმე, რომელიც ასე ბედნიერს მხდის.