Archive | ოქტომბერი, 2010

ფსიქოლოგის ფსიქოლოგია

31 ოქტ

… ვიმყოფებოდი ჩვეულ შემოვლაზე ინტერნეტში (აქ თარიღი)… და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სტატიას „ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგებზე“. სტატიაში ის პროფესიულ-ტიპიური თვისებები და მახასიათებლები მიმოიხილება, რომლებიც ავტორის თქმით, ფსიქოლოგების უმეტესობას ახასიათებს. ნაშრომი უფრო უარყოფითზეა აქცენტირებული, ასე ვთქვათ, „პროფესიული დეფორმაციის“ ნიშნებზე. ბევრი რამ საკუთარი თავიდან, ბევრიც ნაცნობებიდან გამომდინარე მეცნო…

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გულღია და გულწრფელი ურთიერთობისკენ აქეზებენ კლიენტებს „თავად ფსიქოლოგების უმეტესობა – შინაგანად შებოჭილი, დაურწმუნებელი, გულჩათხრობილია სოციალური კონტაქტისას და იძულებულია ურთიერთობის მანიპულატორულ სტილს მიმართოს.“ სამაგიეროდ, საკუთარი პროფესიის აღმატებულობის განცდა პროფესიული სნობიზმშიც კი გადა(გვ)დის თურმე: „მას (ფსიქოლოგს) არ შეუძლია იმ აზრის დაშვებაც კი, რომ ფსიქოლოგია, რომელიც თავად ისე აინტერესებს, რომ მზად არის ცხოვრებაც მიუძღვნას, სხვა ადამიანისათვის შესაძლოა არათუ უინტერესო, მოსაწყენიც კი იყოს.“ ამ ციტატამ ერთი შემთხვევა მომაგონა. ერთხელ ნათესავთან დავრჩი, მე „სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის“ სემინარისთვის ვემზადებოდი, ის კი სკაიპში თუ „ოდნოებში“ ჩათაობდა… უცებ სახელმძღვანელოში „პირდაპირ საოცარი“ ფსიქოლოგიური ნიუანსი აღმოვაჩინე, სასწრაფოდ შევაწყვეტინე საქმიანობა და ვაიძულე ჩემთვის მოესმინა… სანაცვლოდ უგემური შორისდებულების მეტი ვერაფერი მივიღე, აღფრთოვანების მაგივრად თავი შეაბრუნა და ისევ ჩათაობა განაგრძო. იარლიყი წამიერად ავაკარი: იდიოტი!

ცალკე პუნქტი ეძღვნებოდა დაუოკებელ მისწრაფებას ყოველივე არსებულის ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრობლემატიზაციისკენ. „გარკვეული ხნის შემდეგ ფსიქოლოგი იმ დეტექტივს ემსგავსება, რომელიც მძიმე დანაშაულს იძიებს. როგორც გამომძიებელი, მუდმივად დამნაშავეებთან ურთიერთობის გავლენით, იწყებს ეჭვის მიტანას ყველა გარშემომყოფზე, ფსიქოლოგიც, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, იწყებს პრობლემების გამოვლენას ყველგან – მეგობრებთან, ახლობლებთან, შემთხვევით თანამგზავრებთან, გამყიდველებთან და ა.შ. შესაძლოა, პროფესიული ურთიერთობის ფსიქოტექნიკამ – „ფსიქოთერაპევტი-კლიენტი“ დაჩრდილოს და დროთა განმავლობაში გამოდევნოს სხვა ჩვეული, მარტივი, „ნორმალური“ და ცოცხალი ადამიანური ურთიერთობის ფორმები.“ ამავე დროს ფსიქოლოგი ხშირად ცდილობს გადმოიტანოს პროფესიული ჩვევები და ცოდნა პირად ცხოვრებაში, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობისას. ეს მისწრაფება ვლინდება ერთგვარი „ფსიქოლოგიური ინტოქსიკაციის“ სახით – ფსიქოლოგის მოთხოვნილებაში დაუსვას დიაგნოზი ყველას (საკუთარ თავსაც კი).

დეფორმაციის კიდევ ერთი ნიშანია ყოველგვარი ქცევის ნეიტრალური, შეფასებისგან თავისუფალი აღქმა. „ბევრ ფსიქოთერაპევტულ ჯგუფში არსებობს წესი, რომელიც ითხოვს მონაწილეთაგან იყვნენ უპირობოდ მიმღებლები და თავი შეიკავონ სხვა ადამიანების ქცევების შეფასებისაგან… თანდათან, საკუთარი თავისგან შეუმჩნევლად შეიძლება ფსიქოლოგმა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ვეღარ გააცნობიეროს, როგორი საქციელის მიღება შეუძლია და როგორის – არა, სად უნდა გამოიჩინოს მოთმინება და სად, პირიქით, პრინციპულობა, რისხვა და გაღიზიანება. ხდება ფსიქოლოგის ინდივიდუალიზმის ერთგვარი “გადარეცხვა”.“ ვერ ვიტყვი რომ ამ დებულებას სრულად შევესაბამები, მაგრამ ზოგჯერ, როცა ადამიანის საშინელი ქცევის შესახებ ვიგებ, გაკრიტიკებას კი არ ვიწყებ, ქცევის გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზის ძიების ხიბლში ვვარდები და ფრაზა – ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის, სულ უფრო და უფრო ორგანული ხდება ჩემთვის.

და კიდევ ერთიც: საკუთარი პროფესიის გამო სიამაყე და ფსიქოლოგიური ეგოცენტრიზმი, რომელიც ფაქტების და მოვლენების ჭარბ ფსიქოლოგიზებაში ვლინდება. ფსიქოლოგი ხედავს და აღიქვამს მოვლენებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის პრიზმაში. ავტორის თქმით, ის ემსგავსება ბრძენს იგავიდან, რომელსაც სპილოს კუდი ეჭირა ხელში და მხოლოდ ამ კუდით ცდილობდა შეეცნო: რას წარმოადგენს სპილო. არსებული მოვლენებისა და ფაქტების მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარის გამოყოფით, ფსიქოლოგი მიამიტად ვარაუდობს, რომ აკვირდება და წვდება ცხოვრებას, მის სიღრმისეულ და მთლიან გამოხატულებას. მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი არა ფსიქოლოგიურ, არამედ იურიდიულ, ეკონომიკურ, რელიგიურ და ა.შ სფეროებთან დაკავშირებული ფაქტორი იყოს.

ამ სტატიამ მართლაც მოახდინა ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა, მაგრამ რადგან საწყისი აღფრთოვანება უკვე მიმინელდა, შემიძლია გარკვეული კრიტიკული დასკვნებიც გამოვიტანო, კერძოდ: ზემოთ აღნიშნული, მოვლენების ჭარბი ფსიქოლოგიზებისაკენ მიდრეკილება თავად ამ სტატიაზეც ხომ არ აღიბეჭდა? ყოველგვარი პროფესია (და არამარტო ფსიქოლოგიური) ცვლის გარესამყაროს აღქმის სქემას, უბრალოდ გამოვლენის ხერხებია განსხვავებული და არათვალსაჩინო: ფილოლოგებს „ პროფესიული დეფორმაცია“ არასწორი გრამატიკული კონსტრუქციების მტკივნეულად აღქმაში უვლინდებათ, და ეს ვრცელდება როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, იურისტები კანონების მიმართ ავლენენ ნარკოდამოკიდებულებას, ჟურნალისტებს ყველგან სტატიები ელანდებათ… და იქნებ სულაც არ არის საჭირო ამაში პარადოქსი და კონკრეტული ფსიქოლოგის პროფესიის გადახრა ვეძიოთ?

ცოტა არ იყოს ჰიპერბოლიზებულია ფსიქოლოგიზებით გატაცების მასშტაბები, შესაძლებელია მოღალატე ქმარს ფსიქოლოგი ცოლი მართლაც ფსიქოთერაპევტივით შეხვდეს, შეკითხვებით: „რატომ გადაწყვიტე რომ გეღალატა? იქნებ მამაშენი ღალატობდა დედაშენს? იქნებ ფსიქოტრამვა გადაიტანე ბავშვობაში?“ მაგრამ ზუსტად ასევე, შესაძლებელია, ჟურნალისტი ცოლი, მომავალი სტატიის ხიბლით, დეტალებით დაინტერესდეს; იურისტი ცოლი მაშინვე ალიმენტის საკითხის გარკვევაზე გადავიდეს; ფოტოგრაფ ცოლს კი, ქმრის გამომეტყველება იმდენად შთამბეჭდავად მოეჩვენოს, რომ სკანდალიც შეწყვიტოს და ფოტოაპარატის მოსატანად გავარდეს… გაზვიადებულად ნაჩვენები ფაქტები უფრო ადვილად აღსაქმელია, მაგრამ ამასთანავე ზღაპრულობამდე არარეალურიც.

“მებუნდოვნა” ის აზრიც, რომ: „შეიძლება ადამიანების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი არა ფსიქოლოგიურ, არამედ იურიდიულ, ეკონომიკურ, რელიგიურ და ა.შ სფეროებთან დაკავშირებული ფაქტორი იყოს.“ ფსიქოლოგია განყენებული მოვლენა ხომ არ არის, იურიდიული, ეკონომიკური და რელიგიური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად არსებული „მხოლოდ-მეცნიერება“, ის სწორედ ის თანამდევი პროცესია, რომელიც არამარტო იურიდიულ, ეკონომიკურ და რელიგიურ, არამედ „ა.შ“ სფეროებშიც მიმდინარეობს.

და ბოლოს, ბევრი კი ვიმსჯელეთ სამოუკინა ნ. ვ.-ს ფსიქოლოგებისადმი მიმართულ სტატიაზე, მაგრამ იქნებ საჭიროა თავად მასაც დაესვას შეკითხვები? კერძოდ: გასარკვევია, რატომ გაქვთ ფსიქოლოგების მიმართ ასეთი ნეგატივიზმი დაგროვილი? რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა? და საერთოდ, იქნებ გაიხსენოთ, რა შეგემთხვათ 5 წლამდე…

ოცნება (არ) ხდება

8 ოქტ

I)

ამას წინ ფილმს ვუყურე, სპორტულს, ფეხბურთზე(!!!), სამი ძახილის ნიშანი კი ამ მოვლენის განსაკუთრებულობის ხაზგასასმელადაა, იმიტომ, რომ ვერც სპორტული თემატიკის ფილმებს ვიტან და ვერც ფეხბურთს. ფილმი ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ მექსიკელ ბიჭზე იყო, რომელსაც იმდენად უყვარდა ფეხბურთი, რომ საზღვარზე გადაპარვის დროსაც კი თან ბურთი მიჰქონდა და როცა შემთხვევით გაუვარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან პოლიცია მისდევდა, კინაღამ მაინც დაედევნა. მერე ეს პატარა ბიჭი გაიზარდა, გახდა უბნის მასშტაბის ფეხბურთელი ლოს-ანჯელესში, იქ ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ნახა, წაიყვანა ინგლისში (ამას ბიჭის მამა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გაიპარება), შეახვედრა ფეხბურთის მეტრებს, ჯერ სათადარიგოებში ათამაშეს, მერე ძირითადში, მერე პატარ-პატარა სირთულეები… და ფილმის ბოლოს, რასაკვირველია, გადამწყვეტი გოლი…

ანუ შაბლონური სიუჟეტი, მაგრამ მთავარი მაინც, ის, იქნებ გადაღეჭილი თემაცაა, რომ საკუთარი ოცნებებისთვის უნდა იბრძოლო და როგორც ერთი “პაპსავიკი” მწერალი იტყოდა: “თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეითქმევა რათა შენს საწადელს მიაღწიო”. მაგრამ ასე “პაპსავიკი” მწერლები ამბობენ, რეალურად კი… ჩემი 17 წლის დეიდაშვილი წალენჯიხაში ცხოვრობს და მაშინაც კი, როცა მხოლოდ 2 დღით ჩამოდის თბილისში თან მუჭისტოლა ბურთი მოაქვს. ის ფეხბურთელობაზე ოცნებობს და გულდაწყვეტილი მეუბნება, რომ მშობლებს ამაზე ვერაფერს ეუბნება. როგორ უნდა ელაპარაკოს ფეხბურთზე ადამიანებს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რამდენი კაცი დარბის სტადიონზე მატჩის დროს. მერე მიგზავნის ფაილებს, რომლებშიც მე მისი უცნობი, პუტკუნა შეყვარებულის შეპირებული სურათის ნახვას ველი და რომლებზეც ბურთის გამოსახულება მხვდება :) ჩემი 17 წლის დეიდაშვილი ფეხბურთელობაზე ოცნებობს და მომავალ წელს ეკონომიურზე მსწავლელთა და მშობლების არჩეული გზით მავალთა მრავალათასიან არმიას შეუერთდება, იმიტომ, რომ სინამდვილეში ოცნებები არ ხდება!

I I)

არსებობს ასეთი ტერმინი: სენსიტიური პერიოდი, ანუ მეტად მგრძნობიარე პერიოდი ადამიანის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა რაიმე სახის გავლენა ყველაზე უფრო თვალსაჩინო სახით ვლინდება. სენსიტიური პერიოდია ბავშვისთვის მაგალითად ორსულობის პირველი 2 თვე, რომლის განმავლობაშიც დედის არასრულფასოვანი კვება მუცლის მოშლას იწვევს, წითელათი დაავადება – ახალშობილის სიბრმავეს, მოწევით მეტისმეტი გატაცება – ბავშვის ქცევით პრობლემებს და დაბალ ინტელექტს, არადა მგრძნობიარე პერიოდის გავლის შემდეგ, იმავე სახის ზემოქმედება, შეიძლება ასეთი შედეგებით არც დამთავრებულიყო.

მაგრამ არამარტო ადამიანის, გრძნობების განვითარებასაც აქვს სენსიტიური პერიოდი. ამ პერიოდში დაკლებული საკვები და ყურადღება, არასწორი ზემოქმედების ყველა ფორმა კი უდღეურ სიყვარულს აჩენს, შეუქცევადი ავადმყოფობებით დაჭმულს. ჩემსასაც ჩასახვიდან ვიდრე დღემდე სულ რაღაც აკლდა, სულ შიოდა, ჰოდა, დღეს ღრმა მწუხარებით ვიუწყები, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეღაა დამოკიდებული.

მახსოვს, ერთი “პაპსავიკი” მწერალი ირწმუნებოდა: “თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეითქმევა რათა შენს საწადელს მიაღწიოო”.

არადა, სინამდვილეში, ოცნებები არ ხდება! :P