ფსიქოლოგის ფსიქოლოგია

31 ოქტ

… ვიმყოფებოდი ჩვეულ შემოვლაზე ინტერნეტში (აქ თარიღი)… და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სტატიას „ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგებზე“. სტატიაში ის პროფესიულ-ტიპიური თვისებები და მახასიათებლები მიმოიხილება, რომლებიც ავტორის თქმით, ფსიქოლოგების უმეტესობას ახასიათებს. ნაშრომი უფრო უარყოფითზეა აქცენტირებული, ასე ვთქვათ, „პროფესიული დეფორმაციის“ ნიშნებზე. ბევრი რამ საკუთარი თავიდან, ბევრიც ნაცნობებიდან გამომდინარე მეცნო…

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გულღია და გულწრფელი ურთიერთობისკენ აქეზებენ კლიენტებს „თავად ფსიქოლოგების უმეტესობა – შინაგანად შებოჭილი, დაურწმუნებელი, გულჩათხრობილია სოციალური კონტაქტისას და იძულებულია ურთიერთობის მანიპულატორულ სტილს მიმართოს.“ სამაგიეროდ, საკუთარი პროფესიის აღმატებულობის განცდა პროფესიული სნობიზმშიც კი გადა(გვ)დის თურმე: „მას (ფსიქოლოგს) არ შეუძლია იმ აზრის დაშვებაც კი, რომ ფსიქოლოგია, რომელიც თავად ისე აინტერესებს, რომ მზად არის ცხოვრებაც მიუძღვნას, სხვა ადამიანისათვის შესაძლოა არათუ უინტერესო, მოსაწყენიც კი იყოს.“ ამ ციტატამ ერთი შემთხვევა მომაგონა. ერთხელ ნათესავთან დავრჩი, მე „სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის“ სემინარისთვის ვემზადებოდი, ის კი სკაიპში თუ „ოდნოებში“ ჩათაობდა… უცებ სახელმძღვანელოში „პირდაპირ საოცარი“ ფსიქოლოგიური ნიუანსი აღმოვაჩინე, სასწრაფოდ შევაწყვეტინე საქმიანობა და ვაიძულე ჩემთვის მოესმინა… სანაცვლოდ უგემური შორისდებულების მეტი ვერაფერი მივიღე, აღფრთოვანების მაგივრად თავი შეაბრუნა და ისევ ჩათაობა განაგრძო. იარლიყი წამიერად ავაკარი: იდიოტი!

ცალკე პუნქტი ეძღვნებოდა დაუოკებელ მისწრაფებას ყოველივე არსებულის ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრობლემატიზაციისკენ. „გარკვეული ხნის შემდეგ ფსიქოლოგი იმ დეტექტივს ემსგავსება, რომელიც მძიმე დანაშაულს იძიებს. როგორც გამომძიებელი, მუდმივად დამნაშავეებთან ურთიერთობის გავლენით, იწყებს ეჭვის მიტანას ყველა გარშემომყოფზე, ფსიქოლოგიც, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, იწყებს პრობლემების გამოვლენას ყველგან – მეგობრებთან, ახლობლებთან, შემთხვევით თანამგზავრებთან, გამყიდველებთან და ა.შ. შესაძლოა, პროფესიული ურთიერთობის ფსიქოტექნიკამ – „ფსიქოთერაპევტი-კლიენტი“ დაჩრდილოს და დროთა განმავლობაში გამოდევნოს სხვა ჩვეული, მარტივი, „ნორმალური“ და ცოცხალი ადამიანური ურთიერთობის ფორმები.“ ამავე დროს ფსიქოლოგი ხშირად ცდილობს გადმოიტანოს პროფესიული ჩვევები და ცოდნა პირად ცხოვრებაში, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობისას. ეს მისწრაფება ვლინდება ერთგვარი „ფსიქოლოგიური ინტოქსიკაციის“ სახით – ფსიქოლოგის მოთხოვნილებაში დაუსვას დიაგნოზი ყველას (საკუთარ თავსაც კი).

დეფორმაციის კიდევ ერთი ნიშანია ყოველგვარი ქცევის ნეიტრალური, შეფასებისგან თავისუფალი აღქმა. „ბევრ ფსიქოთერაპევტულ ჯგუფში არსებობს წესი, რომელიც ითხოვს მონაწილეთაგან იყვნენ უპირობოდ მიმღებლები და თავი შეიკავონ სხვა ადამიანების ქცევების შეფასებისაგან… თანდათან, საკუთარი თავისგან შეუმჩნევლად შეიძლება ფსიქოლოგმა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ვეღარ გააცნობიეროს, როგორი საქციელის მიღება შეუძლია და როგორის – არა, სად უნდა გამოიჩინოს მოთმინება და სად, პირიქით, პრინციპულობა, რისხვა და გაღიზიანება. ხდება ფსიქოლოგის ინდივიდუალიზმის ერთგვარი “გადარეცხვა”.“ ვერ ვიტყვი რომ ამ დებულებას სრულად შევესაბამები, მაგრამ ზოგჯერ, როცა ადამიანის საშინელი ქცევის შესახებ ვიგებ, გაკრიტიკებას კი არ ვიწყებ, ქცევის გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზის ძიების ხიბლში ვვარდები და ფრაზა – ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის, სულ უფრო და უფრო ორგანული ხდება ჩემთვის.

და კიდევ ერთიც: საკუთარი პროფესიის გამო სიამაყე და ფსიქოლოგიური ეგოცენტრიზმი, რომელიც ფაქტების და მოვლენების ჭარბ ფსიქოლოგიზებაში ვლინდება. ფსიქოლოგი ხედავს და აღიქვამს მოვლენებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის პრიზმაში. ავტორის თქმით, ის ემსგავსება ბრძენს იგავიდან, რომელსაც სპილოს კუდი ეჭირა ხელში და მხოლოდ ამ კუდით ცდილობდა შეეცნო: რას წარმოადგენს სპილო. არსებული მოვლენებისა და ფაქტების მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარის გამოყოფით, ფსიქოლოგი მიამიტად ვარაუდობს, რომ აკვირდება და წვდება ცხოვრებას, მის სიღრმისეულ და მთლიან გამოხატულებას. მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი არა ფსიქოლოგიურ, არამედ იურიდიულ, ეკონომიკურ, რელიგიურ და ა.შ სფეროებთან დაკავშირებული ფაქტორი იყოს.

ამ სტატიამ მართლაც მოახდინა ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა, მაგრამ რადგან საწყისი აღფრთოვანება უკვე მიმინელდა, შემიძლია გარკვეული კრიტიკული დასკვნებიც გამოვიტანო, კერძოდ: ზემოთ აღნიშნული, მოვლენების ჭარბი ფსიქოლოგიზებისაკენ მიდრეკილება თავად ამ სტატიაზეც ხომ არ აღიბეჭდა? ყოველგვარი პროფესია (და არამარტო ფსიქოლოგიური) ცვლის გარესამყაროს აღქმის სქემას, უბრალოდ გამოვლენის ხერხებია განსხვავებული და არათვალსაჩინო: ფილოლოგებს „ პროფესიული დეფორმაცია“ არასწორი გრამატიკული კონსტრუქციების მტკივნეულად აღქმაში უვლინდებათ, და ეს ვრცელდება როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, იურისტები კანონების მიმართ ავლენენ ნარკოდამოკიდებულებას, ჟურნალისტებს ყველგან სტატიები ელანდებათ… და იქნებ სულაც არ არის საჭირო ამაში პარადოქსი და კონკრეტული ფსიქოლოგის პროფესიის გადახრა ვეძიოთ?

ცოტა არ იყოს ჰიპერბოლიზებულია ფსიქოლოგიზებით გატაცების მასშტაბები, შესაძლებელია მოღალატე ქმარს ფსიქოლოგი ცოლი მართლაც ფსიქოთერაპევტივით შეხვდეს, შეკითხვებით: „რატომ გადაწყვიტე რომ გეღალატა? იქნებ მამაშენი ღალატობდა დედაშენს? იქნებ ფსიქოტრამვა გადაიტანე ბავშვობაში?“ მაგრამ ზუსტად ასევე, შესაძლებელია, ჟურნალისტი ცოლი, მომავალი სტატიის ხიბლით, დეტალებით დაინტერესდეს; იურისტი ცოლი მაშინვე ალიმენტის საკითხის გარკვევაზე გადავიდეს; ფოტოგრაფ ცოლს კი, ქმრის გამომეტყველება იმდენად შთამბეჭდავად მოეჩვენოს, რომ სკანდალიც შეწყვიტოს და ფოტოაპარატის მოსატანად გავარდეს… გაზვიადებულად ნაჩვენები ფაქტები უფრო ადვილად აღსაქმელია, მაგრამ ამასთანავე ზღაპრულობამდე არარეალურიც.

“მებუნდოვნა” ის აზრიც, რომ: „შეიძლება ადამიანების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი არა ფსიქოლოგიურ, არამედ იურიდიულ, ეკონომიკურ, რელიგიურ და ა.შ სფეროებთან დაკავშირებული ფაქტორი იყოს.“ ფსიქოლოგია განყენებული მოვლენა ხომ არ არის, იურიდიული, ეკონომიკური და რელიგიური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად არსებული „მხოლოდ-მეცნიერება“, ის სწორედ ის თანამდევი პროცესია, რომელიც არამარტო იურიდიულ, ეკონომიკურ და რელიგიურ, არამედ „ა.შ“ სფეროებშიც მიმდინარეობს.

და ბოლოს, ბევრი კი ვიმსჯელეთ სამოუკინა ნ. ვ.-ს ფსიქოლოგებისადმი მიმართულ სტატიაზე, მაგრამ იქნებ საჭიროა თავად მასაც დაესვას შეკითხვები? კერძოდ: გასარკვევია, რატომ გაქვთ ფსიქოლოგების მიმართ ასეთი ნეგატივიზმი დაგროვილი? რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა? და საერთოდ, იქნებ გაიხსენოთ, რა შეგემთხვათ 5 წლამდე…

Advertisements

5 Responses to “ფსიქოლოგის ფსიქოლოგია”

  1. tamaRa ოქტომბერი 31, 2010 at 3:16 PM #

    პირველი პუნქტი პირდაპირ მალამოდ მომედო გულზე:) სწორედ ასე შევაფასე მე ერთი მომავალი ფსიქოლოგი, მაგრამ ერთი ადამიანის მაგალითზე განზოგადება თავხედობა იქნებოდა ჩემი მხრიდან… კარგია, რომ მართალიც აღმოვჩნდი:)

    • kohinor ოქტომბერი 31, 2010 at 3:44 PM #

      pirvel punqtshi gulchatxrobilobas gulisxmob tu profesiul snobizms? principshi 2-ve martalia :P

  2. Natalia ოქტომბერი 31, 2010 at 3:52 PM #

    საკუთარი პროფესიის აღმატებულობის განცდა მეც მაქვს მედიცინაზე : )) თუმცა ფსიქოლოგია და მედიცინა კავშირში არიან ერთმანეთთან, უფრო მედიცინა ფსიქოლოგიასთან და არა პირიქით. ჩემი აზრით, ყველა ექიმმა უნდა გაიაროს ფსიქოლოგიის კურსი ან რაღაც ამდაგვარი, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ ხდება [მე პირადად არაფერი გამივლია].

  3. r_tatishvili ნოემბერი 23, 2010 at 9:57 PM #

    ყველა პროფესიის “მოციქული” თავისებურად “უბერავს”. როგორც ფსიქოლოგს, გაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა დააკვირდე და გამოავლინო, რომელი პროფესია რა დაღს ასვამს ადამიანს. ბლოგზეც თუ გაა”შუქ”ებ, ძლიერ გასახარი იქნება.

    P.S. “კარგი” გასარჩევი იქნება:

    მძღოლი, იურისტი, ეკონომისტი, პროგრამისტი (ანუ მე), ალპინისტი (საოცარი ხალხია), ჟურნალისტი, მასწავლებელი, ბარმენი (ეგენი “უნებური” ფსიქოლოგები არიან, გარკვეულწილად)

    და კიდევ გაგახსენდება ალბათ ბევრი…

    • kohinor ნოემბერი 24, 2010 at 4:21 PM #

      პრობლემა აქ ისაა, რომ ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელ ყველაზე ცოტა 30 ადამიანზე მაინც უნდა მქონდეს დაკვირვება გაკეთებული, მერე რომ განზოგადება შევძლო, სხვა შემთხვევაში ძალიან სუბიექტური ვიქნები. ეს სტატიაც 20 წლიანი დაკვირვების პროდუქტიაო, ავტორი წერდა. პროგრამისტებზე შემეძლო დამეწერა, რომ ჩაკეტილი ხალხია, უყვართ უფრო მეტად მოსმენა, ვიდრე ლაპარაკი და სანამ რამე აზრს გამოთქვამენ, ცოტა ხანს ყოვნდებიან, აი, ზუსტად ასეთს ვიცნობ ერთს, მაგრამ ძალიან დილეტანტური იქნება ჩემი ერთი ნაცნობის მიხედვით თეორიები ვთხზა.
      ისე, კი მაქვს რაღაც მსგავსი გრძელვადიან გეგმაში, იმედია გამომივა :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: