ბინა წინა კორპუსიდან

13 იან

თქვენ რომ ჩვენი ახალი ბინის წინა კორპუსში მცხოვრები და შემოქმედებით კრიზისში მყოფი მწერალი იყოთ, ნამდვილად გაგიმართლებდათ.

და ნანატრ მოთხრობას ასე დაიწყებდით, ალბათ:

“ისინი მეორე სართულზე, მიტოვებულ და ცარიელ ბინაში დღეს გადმოვიდნენ!”

მერე შეიძლება დღიურად აღგეწერათ, ან მომავალი რომანისთვის უბრალოდ გეგმად ჩაგენიშნათ შემჩნეული, ნანახი და მოგონილი…

“დღე პირველი:

ბინაში ავეჯი საერთოდ არაა, მხოლოდ ორი საწოლი, ტრილიაჟი და ერთიც მისი უზურგო სკამი. ჩემი და სხვა მეზობლებისდა გასახარად (განსაკუთრებით თინეიჯერი ბიჭ-ბუჭების!) არც ფარდებია.

ასე რომ, კარგად ჩანან: ორი დიდია. ერთ-ერთს ზანტი მოძრაობები აქვს, მხრებამდე თმები, ბადრი სახე და უსწორმასწორო კბილები. ვგონებ, შემოქმედი ადამიანია, ყოველ შემთხვევაში თვითონ ჰგონია ასე. მეორე მოკლეთმიანი გოგოა, ლამაზი ღიმილი, ამ ღიმილისას კი ეშმაკური თვალები აქვს და დიდად სიცოცხლისმოყვარული ჩანს. ერთი პატარაა: მრგვალი ქალი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და ყველაზე საყვარელი, ჭკვიანი და გასაოცარი ბავშვია მსოფლიო მასშტაბით ორწლიანებს შორის. ერთიც კიდევ უფრო პატარა, აქედან კარგად ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ან სხვა დიდ-პატარანი ეფარებიან, ან საწოლზე დაცოცავს და საბან-გობანსა და რაფის მიღმა იკარგება.

დღე მეორე:

გუშინ არ დავკვირვებივარ, დღეს კი გადმოსულების სადილობას შევესწარი და კარგადაც გავერთე, უავეჯობის გამო რაფაზე გაეწყოთ საჭმელი, ის მრგვალი ქალი მოუხერხებელი ინვენტარისა და “მე თითონ” ჭამის წყალობით, რასაკვირველია, გვარიანად ამოითხუპნა.

სულ პატარას ძირითადად სძინავს.
ბადრსახიანი სტუდენტია – ქსეროქსებით ხელში. ან უნივერსიტეტშია, ან – ოცნებებში.

ის ყველაზე დიდი როა და მოკლეთმიანი, უნდა მუშაობდეს, მგონი.

დღე მესამე:

ახლაღა შევამჩნიე, თუმცა რა შემჩნევა უნდოდა, რა თქმა უნდა, არც ტელევიზორი აქვთ! პატარა მრგვალ ქალს რომ “შუა ქალაქის” ლაშას მონატრება შემოაწვება, ის დიდები ცარიელ მომუშტულ ხელს კედლისკენ იშვერენ და ვითომ პულტით ვითომ ტელევიზორში ვითომ “იმედს” რთავენ. მრგვალს უხარია, იმათ – მით უმეტეს! მაგრამ ბადრსახიანის ინტერნეტნოსტალგიას კი წარმოსახვითი ტექნიკა დიდად ვერ უნდა ანუგეშებდეს.

დღე მეოთხე:

ბადრსახიანს დრამა მოენატრა, უფრო სწორად, მელოდრამა. ისევ ვიღაც ამოიჩემა – უცნაურსახელიანი ბიჭი, მოკლეთმიანს ტვინს უბურღავს. ამასობაში მოწევაც ისწავლა, არაფერი ისეთი, მხოლოდ ისწავლა, ანუ გაწითლებამდე არ ახველებს და არ იხრჩობა.

მოკლეთმიანს დრამაც ბლომად უნდა ჰქონდეს და მელოდრამაც, მაგრამ მაინც ისევ ისე უყვარს სიცოცხლე. ვეჭვობ, ბადრსახიანისგან განსხვავებით, არასოდეს უფიქრია თვითმკვლელობაზე.

მრგვალი ქალი კვლავ საოცრებებს სჩადის: შტეფსელებს ერჩის, ზოგჯერ იფსამს და წიგნებს “ციხულობს”. დილას ის სულ პატარაც ეჭირათ ფანჯარასთან, რაღაც გარდამავალია ბამბის ქულასა და “რაფაელოს” შორის. მოკლეთმიანმა ზეფირი დაარქვა: თეთრია, ნაზი, რბილი და უზომოდ ტკბილიო. ბადრსახიანს არაფრად ეპიტნავა პატარას შაქრიან კვერცხის ცილასთან შედარება, მაგრამ ალტერნატივაც ვერ მოიფიქრა: “რაფაელო” მაგარია, “სიროკი” – შავი…

დღე მეხუთე:

ის გამხდარი, ლამაზფეხება გოგო წინათაც მოდიოდა ხოლმე, მაგრამ დღეს ღამითაც დარჩა. ბადრსახიანის მეგობარია, ჰყავს შეყვარებული, რომელიც არ უყვარს, სამაგიეროდ მისი წვალება უყვარს. ზოგადად მამაკაცების მიმართ არაგულგრილია, მეტისმეტად არაგულგრილიც კი! ბადრსახიანმა – “მეკაცთანე” ხარო, ის და მოკლეთმიანი კი იცინიან. ღამის ორამდე ვუყურებდი, მერე დავწექი. ვიცი მე, რას ნიშნავს სამი ქალი მარტო სახლში (+-2 მძინარე პატარა), რა დააძინებთ, როცა განსახილველია: კაცები და სექსი, სექსი და კაცები… ალაგ- ალაგ ფილმები, კიდევ უფრო ალაგ-ალაგ წიგნები.

დღე მეექვსე:

ეღირსათ! კარადა ააწყვეს, სკამები და მაგიდაც მოიტანეს, კომპიუტერიც… ინტერნეტი ისევ არა აქვთ.

დღე მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე…

ყველაფერი ჩვეულებრივადაა, სულ პატარა უკვე ფაფებს ჭამს, ხშირად ისვრის და ღრძილა პირით იცინის. მრგვალი დადის, დადის, დადის, “მე თითონ” ჭამს, იშვიათად იფსამს კიდეც, “ციხულობს”, ერჩის შტეფსელებს და ხატავს ბადრსახიანის კონსპექტებზე, უყვარს “ბარნი” და შოკოლადის “ბუზიკები”. ბადრსახიანი უნივერსიტეტში დადის და ყოველ დღე დიეტას იწყებს, მოკლეთმიანი მუშაობს…

დღე მეცამეტე:

ბინაში კაცი მოვიდა, მოკლეთმიანს ეჩხუბა და წავიდა. მოკლეთმიანი აღარ იცინის, ბადრსახიანი უმწეობისგან ბრაზობს და “მეკაცთანეს” უნდა სწერდეს მობილურზე, აქედან რას დავინახავ, მაგრამ სახის გამომეტყველებით ვხვდები რაღაც ასეთს: Bichi rom viyo magrad mivjejavdi! Eg …(ცენზურა) ega!

დღე მეთოთხმეტე:

დილით ფარდები დაკიდეს…”

Advertisements

3 Responses to “ბინა წინა კორპუსიდან”

  1. თაკნატუნა იანვარი 14, 2011 at 4:02 PM #

    fine :))

  2. salolas იანვარი 17, 2011 at 1:07 PM #

    ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა! <3
    და გული დამწყდა რომ ფარდები დაკიდეს..

  3. kohinor იანვარი 21, 2011 at 9:19 AM #

    თაკნატუნა
    madloba :)

    salolas
    Zalian, zalian didi madloba :)

    pasuxis sistsrafe ar sheimchniot, jerac ar maqvs neti :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: