Archive | მარტი, 2011

რატომ (არ) გავხდი ჟურნალისტი?

18 მარ

ოთხი წლის წინ უნივერსიტეტში დიდ ჟურნალისტად გახდომის მსურველმა შევაბიჯე და პირველივე დღეს ფეხი დამიცდა, ოღონდ ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით. პირველი კორპუსიდან ჩამომავალი ავსრიალდი და ცოდნის ტაძრის წინ “მობირჟავე” ახალგაზრდობა დიდად გავამხიარულე. მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაცა არსებობდა და ნიშანს მაძლევდა! არა, მაინც ჯიუტად ვეჭიდებოდი მედიას, ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი მამის გენები და წერის უნარი თავისას იზამდნენ.

მაგრამ მეორე კურსის ბოლოს მაინც დავნებდი. იყო ის მიზეზიც, რომ ჟურნალისტიკის მიმართულების ასე მიმზიდველი სახელწოდება ზედმეტ და ურთიერთჩანაცვლებად საგნებს მალავდა; მაფიქრებდა დასაქმების არცთუ მიმზიდველი პერსპექტივა და, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაც ხომ მჭრიდა და მჭრიდა თვალს მთელი თავისი ბრწყინვალებით!

მაგრამ იყო სხვა მიზეზიც, მხოლოდ ჩემივე თავისთვის ჩუმად გამხელილი. მე შემეშინდა! შემეშინდა, რომ ვერ შევძლებდი გავმხდარიყავი კარგი ჟურნალისტი. რადგან დღემდე მგონია, რომ არასაკმარისად ან საერთოდ არ მაქვს ის მახასიათებლები, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ ჟურნალისტს. მახსოვს, ერთ-ერთი ლექტორი გვეუბნებოდა, – თვისებები, რომელიც ჟურნალისტს უნდა ახასიათებდეს, არაფრით განსხვავდება იმ თვისებებისგან, რაც საერთოდ უნდა მოეთხოვებოდეს ნებისმიერ ადამიანსო. ანუ წესით და რიგით, ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ობიექტური, პატიოსანი, მტკიცე ნებისყოფის და ა.შ.

ალბათ ეს მავანი ლექტორი მართალი იყო, მაგრამ იმის დაყოლება დაავიწყდა, რომ საზოგადოების უბრალო წევრის უპატიოსნებასა, თუ სუბიექტურობას არასოდეს არ მოჰყვება ისეთი შედეგი, როგორიც ჟურნალისტისას.

“მე_ჟურნალისტი” ვერასოდეს იქნებოდა სიმართლისა და სამართლიანობის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დამცველი, უბრალოდ ერთ დღესაც გავტყდებოდი. მე ვიქნებოდი ჩემი ნათესავების და მეგობრების გვერდით, თუ ისინი დააშავებდნენ და ამიტომაც ვერ ვიქნებოდი აბსოლუტურად ობიექტური. მე ვერ გადავლახავდი უამრავ დაბრკოლებას და ვერ გამოვიჩენდი სათანადო სიმტკიცეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მე აუცილებლად შევშინდებოდი თუ დამემუქრებოდნენ და პარანოიად მექცეოდა ცხოვრება. მე არ გავრისკავდი, იმიტომ რომ მეტისმეტად ფრთხილი ვარ და ჭეშმარიტებისთვის ვერ დავუპირისპირდებოდი ყველას და ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სხვების აზრებს.

ამიტომ არ გავხდი ჟურნალისტი მე და აი, თქვენ რატომღა გახდით?

P.S. ცნობისათვის, გიორგი თუხარელი და გიორგი გაბრიჩიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ჟურნალისტები იყვნენ და სწორედ ფეისბუქზე დაწერილი ამ კომენტარების მიზეზით აღარ არიან.
სურათი აღებულია დოდკას პროფილიდან.

წაიღეთ თქვენი სამოთხე

5 მარ

საერთოდ სხვა რამეზე ვაპირებდი დაწერას, ორი დღის განმავლობაში კიდეც დავეძებდი და ვაზუსტებდი რაღაცებს პოსტისთვის. მაგრამ ახლა რაზეც მინდა ვწერო, ის უფრო მაწუხებს და მინდა ბლოგს მაინც შევჩივლო, სანამ გულზე გავმსკდარვარ.

მინდა სიკვდილზე დავწერო. შეიძლება მერე წავშალო კიდეც, როცა დამშვიდებულ გუნებაზე წავიკითხავ და მივხვდები, რომ მივქარე. მაგრამ ახლა ისე მინდა ვიყვირო, ამ ასოებს ხმის ამოღება რომ შეეძლოთ, ნამდვილად დაგაყრუებდათ.

სიკვდილი ჩემთვის გაქრობაა, სახლში დატოვებული დარდი და ცრემლები, გაცამტვერებული იმედები, სისულელედ ქცეული მიზნები, დანგრეული გეგმები, ვერგაჩენილი ბავშვები, აღარ გალეული გზები, ვეღარასოდეს და აღარასოდეს! აი, ეს არის ჩემთვის სიკვდილი!

და ნუ მეუბნებით, რომ ის უკეთეს სამყაროშია, რომ გაოცებული ფიქრობს, ნეტავ რა ატირებთო, რომ მისი სული დაფრინავს და დალივლივებს. ვის რაში უნდა მისი სული?

მე მინდა აქ იყოს, ამ დამპალ დედამიწაზე, იცხოვროს ჭორებში, იდიოტურად დაღამებულ დღეებში, თუნდაც არასოდეს დაფიქრდეს სამყაროს საჭირბოროტო საკითხებზე. ისევე იცხოვროს, როგორც მილიონობით ჩვენნაირი ცხოვრობს. მე მინდა შვილის დაჯღაბნილი ნახატები ახარებდეს, ქმარს ეჩხუბებოდეს და საღამოობით დიეტას არღვევდეს. მე მინდა უყვარდეს და სძულდეს, უხაროდეს და ტიროდეს და… ცოცხლობდეს!

არ მინდა თქვენი აბსტრაქტული სამოთხე, ქნარები და მუდამ მომღიმარი სახეები, უსაზღვრო ბედნიერება, ფრთები და მწვანე ბალახი.

არ მინდა დაპირებები!

არ მინდა იმედები!

არ მინდა ცხონება!

სიცოცხლე მინდა!

პერფექციონისტი

1 მარ

ჩემს ყოველ დანაბეჭდს იმდენჯერ ვკითხულობ, რომ ზოგჯერ ახალ პოსტამდე ძველიდან აკვიატებულად დამდევს რომელიმე ფრაზა. ჯერ დრაფტში ყოველ სიტყვაზე კირკიტისას მიწევს ხელახლა წაკითხვა, მერე პრივატულად ვაქვეყნებ, რომ ვნახო, როგორ გამოიყურება ბლოგის გვერდზე. აქაც ორ-სამჯერ გადავიკითხავ და სინონიმებით ვცვლი უგერგილო გამოთქმებს. ოო, მერე სათაურზეც უნდა ვიფიქრო; ცალკე პუნქტუაციაა ჩემი აქილევსის ქუსლი, თუმცა უკვე შევეგუე კიდეც, რომ მძიმე-წერტილები დიდად მზაკვარნი გახლავან (ერთხელ ლექტორმა რეფერატზეც კი მიმიწერა: “არსებობს ასეთი სასვენი ნიშანი – მძიმე!”).
და ასე ყოველთვის: ვფიქრობ, ვწერ, ვშლი, ვაშალაშინებ, ვეძებ, მომწონს, არ მომწონს, ვფიქრობ, ვბეჭდავ, ვშლი…

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე პერფექციონისტი ვარ! არ უარვყოფ, არის ამ განცხადებაში ჩაქსოვილი სიამაყე, მაგრამ ის, ამავე დროს, სამწუხარო დიაგნოზის ტონით არის ნათქვამი, რადგან მუდმივი თვითცენზურა და სრულყოფილებისთვის ბრძოლა ბოლოს და ბოლოს ძალიან დამღლელია. (პერფექციონიზმი – ეს არის პროგრესულად მზარდი მოთხოვნილებები საკუთარი თავისადმი, როცა შეცდომა და არასრულყოფილება უპატიებელი ხდება ნებისმიერ ასპექტში: სამუშაოზე, ქცევაში, გარეგნობაში…)

პერფექციონისტი ზედმეტად მგრძნობიარეა კრიტიკისადმი და იმას, რომ რამე გააკეთოს უბრალოდ დამაკმაყოფილებელ დონეზე, ურჩევნია ის საერთოდ არ გააკეთოს. მარტივი ლოგიკაა, რაც არ არსებობს, ვერავინ დაიწუნებს. ამ პრინციპის გამოისობით, მე არასოდეს ვცეკვავ დღესასწაულებზე, თავს ვარიდებ ბურთით გასართობ თამაშებს, არ ვთამაშობ ჯოკერს და ძალიან მთრგუნავს ინგლისურის გაკვეთილი. მე ვიცი, რომ ამ სფეროებში ვერ ვბრწყინავ და მაგალითისთვის, მირჩევნია მარტო ვიჯდე სუფრასთან, ვიდრე ავდგე და “ისე რა”, ან მითუმეტეს ცუდად(!) ვიცეკვო.

პერფექციონიზმის ფესვებიც, სხვა ყველა დარღვევის მსგავსად, თურმე ბავშვობაშია საძიებელი. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გარშემომყოფთაგან სიყვარულსა და აღიარებას მხოლოდ უზადო შედეგების მიღწევით თუ მოიპოვებს, რადგან ბავშვობაში მხოლოდ მაშინ აქებდნენ, როცა ფრიადებს იღებდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, უნაკლოდ შესრულების მტკივნეული მოთხოვნილება რაღაც სხვა უცნობი მიზეზებით ჩამომიყალიბდა, თორემ ჩემს მშობლებს ჩემი ფრიადები, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ. ჩემთვის ნებისმიერი გადახვევა იდეალურობის მკაცრად განსაზღვრული სქემებიდან ტრაგედიაა. მე პანიკაში ვვარდები: როცა ვაგვიანებ, როცა პირობას ვერ ვასრულებ, როცა დიეტას ვარღვევ, როცა ამობეჭდილ თემაში გამორჩენილ ასოს ვამჩნევ…

ვხვდები, რომ საბოლოოდ ეს პედანტური კირკიტი სხვებისთვის დამღლელი და გამაღიზიანებელი ხდება. მაგალითად ჩემმა თანამშრომელმა, მას შემდეგ, რაც რაღაც წვრილმანების გამო სადისტურად ვტანჯე, ჩუმად “ზადიანი პროდუქტიც” შემომაპარა და მხოლოდ იმის მერე, რაც თვითკმაყოფილმა მოვიწონე, მითხრა, რომ გამაცურა. სინამდვილეში დეტალები იმიტომაცაა დეტალები, რომ ისინი შედეგს ვერ ცვლიან, მაგრამ პერფექციონისტებს ეს არ (გვ)ესმით.

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ იდეალურთან შესატყვისობას მარტო საკუთარ თავს კი არ ვთხოვთ, უნებურად სხვების ნაკლოვანებებსაც ვუსაფრდებით. ასე ვაგებთ იდეალური მეგობრის, თანამშრომლის, ხელმძღვანელის, ლექტორის, იდეალური ქალის, კაცის, ბავშვის, იდეალური ცხოვრების და თვით იდეალური სიკვდილის სქემებსაც კი. ზადაღმოჩენილი ადამიანები კი ავტომატურად “ჩამოლაბორანტდებიან”.

გამოთქმა – ყველას თავისი იდეალი ჰყავს; პერფექციონისტთან მიმართებაში ორმაგ მნიშვნელობას იღებს, ჯერ ერთიც, ეს ფრაზა თითქოს რეაბილიტირებაშიც უნდა დაეხმაროს – ქვეტექსტით: “დამშვიდდი! ის, რაც შენ შენს თავში არ გაკმაყოფილებს, სხვებისთვის აბსოლუტურად მისაღებია” და მეორეც, თავად პერფექციონისტის წარმოდგენები იდეალურზე, შესაძლოა, სულაც არ შეესატყვისებოდეს ამა თუ იმ მოვლენის ეტალონზე ტრადიციულ წარმოდგენას.

უტრირება რომ მოვახდინოთ: თუ მავანისათვის მამიკოს ფულებით “მოგულავე” თეთრ რაშზე ამხედრებული, უპრინციპო და ქარაფშუტა პრინცია იდეალი, ჩემი იდეალური ცხოვრების იდეალური თანამგზავრი ვეჭვობ არასპორტული და ახლომხედველი უნდა იყოს და (ვაჰმე) სხვა ნაკლებთან ერთად, შეიძლება ჭურჭლის რეცხვაც კი იცოდეს! ოღონდ პრობლემა აქ სწორედ ისაა, რომ პრინცის მოყვარულები შავ რაშიანსაც აიტანენ, მე კი სწორედ ახლომხედველი და არასპორტული მინდა და არავინ სხვა!!!

ისწავლო – იყო არასრულყოფილი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მართლაც შესანიშნავია. მაგრამ მე აღარც მჯერა, რომ ამას შევძლებ. და ალბათ არც მინდა, თქვენ წადით საითაც მიდიოდით, მე ისევ მარჯვნივ გავუყვები, აი, იმ ქალაქისკენ :)