ჩართვა “ნეტოთახიდან”

10 მაისი

ისინი ბევრნი არიან, ჩემს გარშემო სხედან, მონიტორს თვალს არ აცილებენ და მკაცრი სახით კრეფენ ტექსტებს… მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არადა, დარწმუნებული ვარ, ეზოში მუხლებდაკაწრულები რომ დარბოდნენ, მაშინ ყველას მსახიობობა უნდოდა. აი, იმ მაგარ კინოებში ლამაზი ბიჭების კოცნა და თვალების დახუჭვა ამ დროს. მერე ალბათ გადაიფიქრეს და სრულიად უმტკივნეულოდ შეელივნენ ოცნებას. აი, მე კი…

მეექვსე კლასში ჩემში დაფარული არტისტული ნატურის გამოვლენის შანსი მომეცა. უფრო სწორად, მე ჩავთვალე, რომ ტელევიზორში გასული რეკლამა; 4-დან 12 წლამდე ბავშვებს რომ იწვევდა სატელევიზიო ფილმში გადასაღებად, რაღაც ზებუნებრივი ნიშანი იყო, პირველი ნაბიჯი ოსკარისკენ მიმავალ გზაზე. მე ხომ უკვე უამრავი ზღაპრული ისტორია წამეკითხა სინჯებზე შემთხვევით მოხვედრილ გოგონებსა და ბიჭუნებზე, რეჟისორი რომ შეამჩნევდა და ყვირილით შესძრავდა სტუდიას: ევრიკა, აი, ისიც!

ეჰ, რა სათუთი და მეოცნებე ვიყავი…

ტელევიზორში მითითებულ მისამართზე მე და ჩემი და ერთად წავედით, მანამდე კი ვაგზლის ბაზრობაზე კაბა ვიყიდე, უჯრულა, ჯინსისგულმკერდიანი (კაბას, სავარაუდოდ, ჩემი მსახიობური გარეგნობისთვის უნდა გაესვა ხაზი, თუ რა იყო, არ ვიცი). სტუდიაში კაცი დაგვხვდა, ოღონდ ფანტაზიებში წარმოდგენილ რეჟისორს ოდნავადაც არ ჰგავდა. ძალიან უსიმპატიო იყო, ბოროტ ძიებს რომ ასახიერებენ ფილმებში იმდაგვარი, შემაძრწუნებელი ღიმილით. ამ კაცმა ერთი კვირის მერე ჟიურისთან გასაუბრებაზე დაგვიბარა. თან გამაფრთხილა, რომ მათ წინაშე უნდა მეცეკვა,მემღერა და ლექსი წამეკითხა.

გავიდა ის კვირაც როგორც იქნა. გასაუბრებაზე მშობლებთან ერთად მივედი და ცოტა არ იყოს შევცბი, მე ვიყავი ყველაზე უფროსი და ამდენ ხითხითა, კივილა, მხტომელა ბავშვებში ჟირაფივით ამოწვერილი და უდაბნოს ყვავილივით სევდიანი. შეიყვანეს პირველი ოთხეული, მერე მეორე, მერე მესამე… ვზივარ მოსაცდელ ოთახში და გული ყელში მებჯინება, ამ ერთ კვირაში ნასწავლ ლექსს ვიმეორებ და შიშით ველი გამოძახებას. და ეს დროც დადგა.

შევედი 5–6 წლის ბავშვებთან ერთად, ჯერ ერთი გავიდა ჟიურის წინ, მეორემაც წარმოადგინა თავი და მეც ავდექი. სახელი და გვარი ჩაიწერეს და იმღერეო. დარწმუნებული არ ვარ, ვიცოდი თუ არა მაშინ, რა არის სმენა და, საერთოდ, რომ ის საჭიროა სიმღერის დროს. მაგრამ ჟიურიმ “სულიკოს” დაწყებისთანავე მიმახვედრა, რომ ჯობდა ამის შესახებ მცოდნოდა… ახლა ქართული იცეკვეო, ეს როგორღაც გავახერხე და მერე ლექსის სათქმელადაც მოვიღერე ყელი. ლადო ასათიანს რომ გაეგო, რა დღეში ჩამაგდებდა მისი ლექსი, ალბათ არას დიდებით არ დაწერდა “საქართველოშის”. მეორე სტროფს ვამთავრებდი, როცა გონებამ საფრთხის სიგნალი მომცა, მესამე სტროფი ტვინის რომელიღაც ლაბირინთში ჩაკარგულიყო და არაფრით არ მოინდომა იქიდან ამოსვლა. გავჩერდი და სასოწარკვეთილი მივაშტერდი დამსწრეებს. ერთ–ერთმა ქალმა (დაილოცოს მისი გვარი) “ყველაფერი არ დაკარგულას” დასანახვებლად დამიძახა და უკანასკნელი დავალება მომცა, ტაშს შემოვკრავ რიტმულად და გაიმეორეო. აი, ეს კი შევძელი ზედმიწევნით კარგად! (მერე რა, რომ მეორე ცდაზე)

სტუდიიდან განადგურებული გამოვედი, ათი დღის თავზე, მეორე ტურში გადასულთა სიის სანახავადაც მხოლოდ იმიტომ გავუშვი მამა, რომ მეუბნებოდნენ, ისეთი გაოცებული და დაბნეული სახე გქონდა, შეიძლება ასეთი გმირი სჭირდებოდათ და დაგიძახონო . რა თქმა უნდა, სიაში არ ვეწერე.

* * *

უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ინტერნეტ-ოთახში კი ისინი სხედან: მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არც იციან, რომ შუა რიგის მესამე მერხთან ჩამქრალი ვარსკვლავი ზის, არშემდგარი “არტისტკა”!

4 Responses to “ჩართვა “ნეტოთახიდან””

  1. kevana მაისი 12, 2011 at 8:57 AM #

    ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ და დიდ სცენაზე ვთამაშობთ…

    მე ბავშვობაში დეტექტივი მინდოდა ვყოფილიყავი :( :( მაგრამ როცა მეზობლის უბედური შემთხვევის “გამოძიებისას” (ჩემებურად გამოძიებისას) ჩავიჭერი ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მივხვდი, რომ ეეეჰ, არ გამოვიდოდა ჩემგან დიდი შერლოკ ჰოლმსი :დ

    • kohinor მაისი 12, 2011 at 11:51 PM #

      ნუ იტყვი, მძიმეა ოცნების პროფესიას შეელიო :( :P

  2. salolas მაისი 23, 2011 at 9:26 AM #

    უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ინტერნეტ-ოთახში კი სხედან მომავალი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ფსიქოლოგები…

    და კიდევ ერთი, რომელიც ჩამქვრალი ვარსკვლავის ისტორიას კითხულობს და გიჟივით იცინის : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: