Archive | ივნისი, 2011

ვირჯინი(ა)ს წერილი

30 ივნ

გუშინ 25-ის გავხდი, ანუ უკვე იმ ზღვარს მივაღწიე, როცა ის, რომ უკოცნელი ვარ არასრულფასოვნებას უფრო ნიშნავს, ვიდრე უმანკოებას (აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ლირიკული წიაღსვლა: ყველა კაცის ერთნაირობაზე, შესაფერისი ადამიანების დეფიციტზე და მისთ. მაგრამ მოკლედ მოვჭრი: მე თვითონ მაქვს დაჩლუნგებული მამრების მოხიბვლის უნარი). გუშინ 25-ის გავხდი, დღეს კი ვიწყებ წერილის წერას, რომელსაც მაშინ დავასრულებ, როცა სათაურად საგანგებოდ შერჩეული სახელი ჩემი შესატყვისი აღარ იქნება.

არ ვიცი, სპორტული აზარტი ჰქვია ამას, მობეზრება, განსაკუთრებულობის კომპლექსი, თუ გარშემომყოფთა არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობით დავიღალე და დაქალების შემბრალებლურ-ირონიული შენიშვნები ამომივიდა ყელში.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ჩემი ქალწულობა ხომ ისედაც ფიქციაა. უბიწობა, ასე ვთქვათ, წარუყვნელ სულსაც გულისხმობს. D-დისკი ეროტიკული ფილმების არქივით, გულმოდგინედ შესწავლილი გინეკოლოგიურ-ანდროლოგიური ლიტერატურა, ამაზონიდან 13 დოლარად გამოწერილი კამა სუტრა და მტაცებლური მზერა ყოველი საპირისპირო სქესის ადამიანის დანახვისას – უმანკოების ჩემეული დეფინიციიდან ისედაც შორსაა. ჰოდა, სადაც წვრილია, იქ გაწყდესო, უთქვამთ ძველებს!

გაწყვეტით კი გავწყვიტე და გადავწყვიტე კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაც უნდა გადამეჭრა: კერძოდ, მაინც ვინ უნდა ყოფილიყო ის, ვინც რუბიკონს პირველი გადალახავდა? სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ რაღაც გრძნობა, ელემენტარული ნდობა მაინც ხომ მჭირდება? ვეჭვობ, ვინც არ უნდა დაბრიცოს ზიზღით ტუჩები ამ ტექსტზე, საზოგადოებაში ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ფრქვევაში ვერ გამეჯიბრება და მაღალი იდეალების აქტიურ დამცველს გადაეყრება ჩემი სახით. მაგრამ აქ მაინც არაფერში მჭირდება ეს პირფერობა.

პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით, სიყვარული რაღაც სოციალური ფენომენია, ერთ-ერთი ნორმა საზოგადოების წევრებისთვის. ისიც ძალისხმევას არ იშურებს, რომ საბავშვო ზღაპრებშივე გაუმზადოს ამ ნორმას ძლიერი ნიადაგი. სულაც არ მიმაჩნია ჯანსაღ აზრად ის, რომ რაღაც კულტურული სტერეოტიპის გამო ამ სტერეოტიპზე გაცილებით ძლიერი სურვილი ვთრგუნო! ბოლოსდაბოლოს, ავადსახსენებელი თუ კეთილადხსენებული სექსი ამ ნორმების მნერგავი საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაცაა.

ფილოსოფიაშიც კი გადავიჭერი საკუთარი არჩევანის გასამართლებლად, რამეთუ მიწა… უფრო სწორად სხეული, თავისას მოითხოვს!

* * *

კანდიდატი # 1. დაბალი, ჭკვიანი და ქვეშ-ქვეშა. ერთ დროს ერთმანეთი მოგვწონდა, ოღონდ ხელის ხელზე ცაცუნსა და ერთმანეთის ტუჩებზე დაკვირვებაზე შორს არ წავსულვართ. რატომღაც არ მოინდომა, თორემ მე გაშლილი ხელებითა და სხვა მძიმე არტილერიითაც ვიყავი აღჭურვილი, – უძილობით, ცრემლებით, გრძნობების პოეტური აღწერით, რომლებშიც სჭარბობდა: მენატრები, გელოდები, მარადის და მისთ. “აღარ მინდა” სრულად გამოხატავს იმას, რასაც ახლა ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ და საერთოდ, კანდიდატადაც წარსული დამსახურების წყალობით თუ განიხილება.

კანდიდატი # 2. აწოწილი, გამხდარი, შავი… ერთმანეთთან მსუბუქი მეგობრობა გვაკავშირებს. კი, არსებობს ასეთი მეგობრობაც. ინტერნეტმოკითხვებით, პერიოდულად რაღაც საკითხებზე მსჯელობით და დაბადების დღეების მილოცვით რომ შემოიფარგლება. ანუ ნაცნობზე მეტი და მეგობარზე ნაკლები. ეს კანდიდატიც სარეზერვოა, მგონი, მსუბუქ საყვარელს ისევ მსუბუქი მეგობარი სჯობს.

კანდიდატი # 3. ფართო მხარბეჭით, წვრილი ხმით, მაღალი თვითრწმენით… ეჰ, საბა! მგონი, საბა მართლა მიყვარდა. უცნობია რატომ, მაგრამ ასე იყო. უცნობია რატომ-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს, საბა იმ ადამიანების კატეგორიაშია, რომელთა ცუდიც ბევრად სჭარბობს კარგს. აი, ისეთია, ხალხი რომ “ნწუ, ნწუ” შორისდებულითა და თავის დანანებით ქნევით გამოხატავს განცვიფრებას: “ნეტავ რამ მოაწონა ამ ანგელოზივით გოგოს ეს ბიჭიო?!”.

საბა კანდიდატი # 3-ია, მაგრამ სასურველობის მიხედვით პირველი. არა იმიტომ, რომ მე შემომრჩა რამე და მე მინდა ძალიან, არამედ იმიტომ, რომ ეს მას უნდა ყოველთვის, ყველასთან, ყველგან და ყოველნაირად. ასე ვიტყოდი, ტაქტიკა-სტრატეგიისთვის არ მომიწევს ზრუნვა და დროს დავზოგავ. დანარჩენ ორს ისევ ეს მირჩევნია, ახლა ღრმად ჩავისუნთქავ და ნომერს ავკრეფ…

* * *

ზარს ვაყურადებ და ვიცი, უპასუხებს და ხმას შეიცვლის, სასოწარკვეთილი ცდილობს ცოტათი მაინც დაიბოხოს. ფუჰ, არადა ერთ დროს ამ ჩვევას “საყვარლობის” გამოვლინებად ვთვლიდი. აჰა, იღებს… მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ერთხელაც ჩავისუნთქე და სხაპა-სხუპით მივაყარე:
– არ გინდა, ყავაზე დაგპატიჟო დღეს საღამოს? მარტო ვარ.
“ახლა მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მარად აღგზნებული გონებით ჩემი ნათქვამის სათანადო ინტერპრეტაციას მოახდენს, ყელში მოწოლილი ბურთი უნდა შევაკავო, თორემ უარს არავითარ შემთხვევაში რომ არ იტყვის, ნამდვილად ვიცი. მაინც რატომ მიყვარდა ეს კაცი?” ბინგო! რა თქმა უნდა, დამთანხმდა!

დამშვიდობებისას კიდევ უფრო შეიპარა ხმაში ხრინწი და თავს დავდებ თვალიც კი ჩამიპაჭუნა ყურმილს მიღმა. კაცებზე არ ამბობენ, თორემ ზედგამოჭრილი ბოზია.

ყურმილი დავკიდე და თავი ხელებში ჩავრგე. არადა თითქოს კარგად დავიწყე, სია გავწერე, დახვეწილად ვიცინიკოსე, მაგრამ ეს ყველაფერი ისე არარომანტიკულია, ისე ბანალურად გულისამრევი, საგანგებოდ მობილიზებული სიმტკიცეც კი მერყევა. დღეს საღამოს სექსი კი არ მექნება, მიხმარენ, გამჟიმავენ, მიმქინძავენ… ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან, მთავარია, რომ საბა მომავალში ასე გაიხსენებს ამ მოვლენას.

* * *

შვიდი დამთავრდა და 8 დაიწყო. ყავა გაცივდა. სარკესთან საცვლების შესათვალიერებლად მეექვსეჯერ მივედი, საბა კი არ ჩანს. და მხოლოდ მას მერე, რაც პულტით შემოვიხტუნე 51 არხი, წამგამოტოვებით ვარეფრეშე ფეისბუქი და დავათვალიერე სამი წლის წინანდელი მოდების ჟურნალი, კარზე ზარის ხმა გაისმა.

დერეფანს ვკვეთდი და ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო. “ყავას დავალევინებ და გავუშვებ… არა, ცოტა ხნით შემოვუშვებ ყავის გარეშე, ვითომ რაღაც მაინტერესებდა და საკითხავად დავუძახე! არა, არც შემოვუშვებ, ვეტყვი რომ ცუდად ვარ და მივუხურავ… საერთოდ რომ არ გავუღო? ვითომ სახლში არ ვარ! რა სისულელეა, შუქი რომ მინთია? რატომ არ გამოვრთე? ჩლუნგი! ჩლუნგი!”

ერთი, ორი, სამი, თვალები დავხუჭე და გავაღე. გაისმება ახლა გულისგამაწვრილებელი ჭყიპინი. არა, კიდევ არა? რა ხდება?

თვალები გავახილე და ამოვისუნთქე. კარებთან ბიჭი იდგა თაიგულით, როგორც მწვანე კედები და ფერიმჭამელები მამცნობდნენ შუბლზე, ასე 17 წლის. ყვავილები ხელიდან გამოვტაცე და ბარათი გავხსენი. გადავრჩი! საბა წერილობით მებოდიშებოდა და მპირდებოდა, ხვალ აუცილებლად მოვალო. გულზე საბოლოოდ მომეშვა და ლაწირაკს შევღიმე: – გინდა ყავა?

უზარმაზარი პირი მოერღვა და ბგერების რაღაც კომბინაცია ამოუშვა, ისევე ჩასათვლელი თანხმობად, როგორც უარად. სახელოში ხელი ჩავკიდე, ფაქტიურად შემოვათრიე, სკამზეც ძალით დავაგდე და გაცივებული ყავა მივუჩოჩე.

ვპულტაობ და ხვალამდე დარჩენილ ბედნიერ საათებზე ვფიქრობ. უცებ ტელევიზორს თვალი მოვაცილე, ვგრძნობ, რომ თვითგამორკვევის ეტაპზე შემორჩენილი უცნაურად მაკვირდება. ჩემი მეტისმეტი მონდომების ბრალი იყო ყველაფერი, წითელი, დეკოლტიანი ჟაკეტი და ულტრამოკლე კაბა აბნევდნენ.

ამას მაინც წავემაიმუნები-მეთქი და ანცობის გუნებაზე დავდექი. ვითომ პულტი გამივარდა და ასაღებად გადავიხარე, უფრო კარგად რომ შეათვალიეროს ჩემი ღირსებები. შეიშმუშნა. ახლა ტუჩებს ვიკვნეტ, სახეში ვაშტერდები და სავარძლის სახელურს ვსრეს ნელა. თვალს მარიდებს და ვხედავ, რომ გრძელი თითები უთრთის. როცა თავი უკან გადავიგდე და ფეხები გადავიჯვარედინე, ვეღარ მოითმინა, წამოფრინდა და რა გგონიათ? თავქუდმოგლეჯილი გავარდა დერეფნისკენ. კარს ეჯაჯგურება და კბილებში გინებას ცრის. კარს აგინებ თუ მე?

ტუჩის კიდეებს ძლივს მოვუყარე თავი და კართან მივედი, რომ გამეღო. ახლაღა გამისწორა თვალი შეცბუნებულმა და დაბნეულმა. “მგონი, არასდროს ყოფილა ქალთან, ვერც იქნებოდა, მეტისმეტად მორცხვია.” ვფიქრობ და გადატრიალებულ საკეტს ისევ უკან ვატრიალებ. როგორღაც ისევ გაბედა და შემომხედა. დიდი თვალები აქვს, წყალში გახსნილითაფლისფერი და მორღვეული პირი სამღერად გამზადებულს მიუგავს. სახელურს ჩაფრენილ ხელზე ხელი მოვკიდე, წინ გავუძეხი, უსიტყვოდ გავიყვანე ოთახში და თმები გავიშალე. ახლა საერთოდ აღარ მაცილებდა თვალს და ღიად დარჩენილი პირი უშრებოდა. ხელები გამოიწვდინა და თითო-თითოდ ნელა გამიხსნა ჟაკეტის ღილები, თვალები დახუჭული მქონდა და მარტო თითების შეუმჩნეველ ბიძგს ვგრძნობდი მუცელზე. მერე ქვედაბოლოც გამიხსნა და გაჩერდა.

თვალები გავახილე და შევხედე. მე აღარ მიყურებდა. არა, ისევ მე მიყურებდა, ოღონდ სახეზე აღარ. რაღაც ენითაუწერელი აღტაცებით მაკვირდებოდა მკერდზე და ისევ სამღერად გამზადებულს მიუგავდა პირი. ხელი გამოიშვირა და მარჯვენა მხარეს მკერდზე დამადო (ვიტყოდი ძუძუზე-მეთქი, მაგრამ საიმედოდ იცავდა ლიფის ჯავშანი). საწოლზე ჩამოჯდა, წელზე ხელები მომხვია და ასე დამდგარივე მიმწია თავისკენ, ისე, რომ სახით ჩემს მკერდს გაუსწორდა. მერე პირდაპირ ლიფის ბალიშებს შორის ჩარგო თავი და… უცებ ამოიხვნეშა!

აი, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდა ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… ეგ იყო რა, რაც ჩვიდმეტი წელი ტვირთი და ლოდი აგროვა, ყველა ამ ერთ წამში ჩამოყარა ჩემს მკერდში თავჩარგულმა. ერთი პატარა, სულელი ბიჭი იყო ფერიმჭამელებით, რამ მომაფიქრა ეს იდიოტობა?

მოვკიდე ქოჩორზე ხელი და თავი გადავუწიე, ამომხედა წყალში გახსნილ თაფლისფერთვალებში სხივჩამდგარმა და შემომცინა მორღვეული პირით. შუბლზე ვაკოცე და წამოვაყენე. შემოვიცვი ჩემი ჟაკეტი და ჩავკიდე ისევ ხელი, მიმყავს გასასვლელისკენ და ესეც მორჩილად მომყვება. გავაღე კარი და გავიყვანე. ახლა მე აღარ მინდა შეხედვა, მაგრამ კარის მიხურვამდე მაინც ვერ შევიკავე თავი. განა რამე? ისევ ასე თვალებში სხივჩამდგარი და სულელურად მოცინარი იდგა.

მეც გავუღიმე და კარი ჩავკეტე.

* * *

არც – თემური, არც – აჩიკო და მითუმეტეს არც – საბა!

ეს დღე (ღამე) რომ მოვა და იმ ჯერარგაცნობილ ადამიანს მკერდზე პირველად დავადებ თავს, მინდა ამოვიხვნეშო. ისე, რომ იფიქროს, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდაო ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… იფიქროს, რომ რაც დაბადებიდან ლოდი და ტვირთი მიგროვებია, ყველა ამ ერთ წამში ჩამოვყარე მის მკერდს მიყრდნობილმა. მინდა, ეს ყველაფერი სიყვარულს ჰგავდეს, ან ბავშვობაში წაკითხულ ზღაპარს… ცოტათი მაინც.

კლავიატურული რომანტიკა

8 ივნ

ყველა სახელი გამოგონილია, ყოველგვარი მსგავსება რეალურ ადამიანთან შემთხვევითია.

მე უჩას 8 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ ჩემი – 27. ჩვენ ერთმანეთის სტატუსებს “ვალაიქებთ” ფეისბუქზე, კედელზე ატვირთულ ვიდეოებს ვუყურებთ, ჩანაწერებს ვუკომენტარებთ და დილის 4 საათამდე ვწერთ ჩათის ჩარჩოში… ეს ვიწრო სარკმელი იტევს ნააზრევს ლიტერატურაზე, რელიგიაზე, სექსზე, ცხოვრებაზე… ზოგჯერ კი უბრალოდ “სიტყვობანათი” ვერთობით: ასო-ბგერა – ტ!

             ის: – ტაფა

            მე: – ტრენაჟორი

            ის: – ტრაქტორი

            …

            …

            ის: – ტუფლი

            მე: – “ტუფლი” რუსულია!

            ის: – ტიტლიკანა?

* * *

მე ვიცი, რომ უჩას ლიმონათი და ლუდი უყვარს, რომ ღამ-ღამობით ბევრს ეწევა, რომ ათეისტია და ძალიან მოსწონს კონსტანტინე გამსახურდია. უჩამ იცის, რომ მე ლიტრობით ვსვამ ყავას, ვიტარებ ვარცხნილობაზე ექსპერიმენტებს, რომ არც მე მწამს ღმერთის და მომწონს მასთან ლაპარაკი. ლაპარაკი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე კლავიატურაზე თითების წკაპუნით მასთან ჭკვიანური აზრების ფრქვევა მომწონს, მერე ამ აზრების გამო ქათინაურების მოსმენა და ლათინური შრიფტის მთავრული ასოებით სიხარულის გამომხატველი ღიმილაკების გზავნა.

ჩვენ ორი საათის საავტომობილე გზა გვაშორებს და ცოცხალი თავით არ ვცვლით მობილურის ნომრებს, ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ მიკროფონ-ყურსასმენით და არასდროს ვრთავთ ვიდეოთვალს. რა საჭიროა? მე უჩას 8 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ საერთოდაც – 27!


* * *

უჩა მომიყვა, რომ ერთ დროს უყვარდა გოგო, რომელსაც თიხის ქოთნით ნუშაყვავებულ თბილისში თოვლი ჩამოუტანა მთიდან, რომ ის გოგო მერე გათხოვდა, უჩა კი ახლობელგარდაცვლილივით წვერმოშვებული დადიოდა კარგა ხანს. მე უშვერი სიტყვებით ვლანძღავ თოვლიანი სიყვარულის უარმყოფელს და მერე ვუყვები, რომ მეც მიყვარდა ერთი ბიჭი. როცა შემთხვევით გამკრავდა მხარზე მკლავს ელექტრონივით მივლიდა ტანში. რომ ამ ბიჭის გამო სამსახურიდან დავეთხოვე, იმიტომ რომ შემეშინდა ერთხელაც ხელში არ ავფეთქოდი, არათითზე ბეჭდიან ხელში. მერე ჩვენ ვგმობთ სიყვარულს, ვასკვნით, რომ არსებობს მხოლოდ მეგობრობა, პასუხისმგებლობა, ან ვნება და აქედან რომელიმეს სიყვარულში ურევენ უბრალოდ.

ღამის სამ საათზე კომპიუტერს ვრთავთ… და მე მესიზმრება რომ მაცვია თეთრი კაბა, ირგვლივ აყვავებული ნუშის ხეებია, მიახლოვდება ბიჭი და მიწვდის თიხის ქოთანს: ცივი, სველი, თეთრი გუნდებით სავსე ქოთანს!

* * *

ჩვენი ლიტერატურული გემოვნება ძალიან განსხვავებულია. უჩას ვერლიბრები და ალტერნატიული პოეზია მოსწონს, პროზაში კი – კლასიკა. მე რითმების ტრფიალი ვარ და თანამედროვე რომანების მოყვარული. მე დავცინი მის გამოგზავნილ ფრაზების რახა-რუხა ლექსებს და ვუკრიტიკებ ფილოსოფიით ტყვიასავით დამძიმებულ რომანებს. არ მესმის, რატომ მოსწონს ეს გატყლარჭული, მაღალფარდოვანი სტილი და დიალოგები, რომელიც შეუძლებელია რომელიმე ეპოქის ჯანსაღ ადამიანებს შორის არსებულიყო. წინადადებები, რომლებიც მწერლის ტვინის ჭყლეტის ნაყოფია და მხოლოდ იმიტომ, რომ მახვილგონივრულად მიაჩნია და ამოღება ენანება, ხან ერთ გმირს მიაწერს მათს ავტორობას, ხანაც მეორეს. ვუმტკიცებ რომ ლიტერატურა გულწრფელი და ნაღდი უნდა იყოს და არა ინტელექტუალური წიაღსვლების კიდობანი…

 უჩა სამაგიეროს მიხდის და ჩემს რითმებზე დამოკიდებულებას ექილიკება, მეუბნება, რომ რაც შეეხება ჩემს მოწონებულ რომანებს, ისინი მშრალი და მატერიალისტურია, რომ მათი გმირები მხოლოდ ჭამენ და სექსი აქვთ. ამაზე ვპასუხობ, რომ ისინი ძალით ფილოსოფოსობას მაინც არ ჩემულობენ. მერე ჩვენ ვჩხუბობთ და უჩა მაყვედრის, რომ სულაც არ უკვირს, კაცები რომ ვერ მიძლებენ. და მიუხედავად იმისა, რომ არც მათი თანამდევი ირონიული ტონი მესმის და ვერც წარმომთქმელის დამცინავ სახეს ვხედავ, ჩათის ფანჯარაში ამომხტარი ეს სიტყვები ისე მიკუმშავენ შიგნეულს, რომ დაუფიქრებლად ვშლი უჩას მეგობრების სიიდან.

რა ადვილია ადამიანებისგან გათავისუფლება ინტერნეტში.

* * *

ერთი კვირის განმავლობაში მეზობლის ბოსტანში გადაპარული ბავშვივით ჩუმად ვუთვალთვალებ უჩას გვერდს, მინდა მის სტატუსებში ჩემი მონატრება ვიპოვო, მის ატვირთულ ვიდეოებში შერიგებაზე მინიშნება. თითქოს ვპოულობ კიდეც, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ მივწერ, თვითონ მომწეროს, თუ კარგია!

დარწმუნებული ვარ, ისიც იპარება ჩემთან და მეც გამომწვევად მხიარულ ჩანაწერებს ვაკეთებ, ვდებ საცეკვაო-კლუბური მუსიკის ვიდეოებს, რომელთაც სინამდვილეში არ ვუსმენ. კომენტარებში ვეფლირტავები ყველა კაცს და სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ, როცა წარმოვიდგენ როგორ ხედავს ამ ყველაფერს და როგორ მწარდება…

ჩემი ვირტუალური მამაკაცი!

მაინც გატყდა კვირის თავზე, უმწეო და გაცვეთილი “როგორ ხარ?” მომწერა და მეც დიდსულოვნად შევუნდე. შერიგება რამეთი აღვნიშნოთო და ჩვენც “კინოში წავედით”. მე ჩემს კომპიუტერში გადმოვწერე გერმანული მელოდრამა, იმან თავისაში, დრო დავთქვით და ერთად დავაჭირეთ START-ის ღილაკს. ფილმის განმავლობაში შთაბეჭდილებების გაზიარებაც მოვასწარით, ბოლოს კი დავასკვენით, რომ კარგი ფილმი იყო, მხლოდ მთავარი გმირი მამაკაცი მოიკოჭლებდა სამსახიობო ოსტატობაში, მაგრამ ყურებად ნამდვილად ღირდა.

ფილმის დიალოგებიდან ნაწყვეტები გავიხსენეთ და ვიცინეთ, ანუ ორწერტილები და ლათინური D-ები გავცვალ-გამოვცვალეთ. უჩა მეუბნება, რომ კინოს ბილეთის შენახვა არ დამავიწყდეს სახსოვრად, მე ვპასუხობ, რომ მისი იუმორი აღმაგზნებს და არღვეული პირით ვხურავ ლეპტოპს. ძილითაც ასე ვიძინებ, სულელურად მომღიმარი.

* * *

დათოზეც პირველმა უჩამ გაიგო. მოვუყევი, რომ მეგობართან გავიცანი, რომ საინტერესო ადამიანი ჩანს და მისი კედლიდან მოპარული სურათიც გავუგზავნე. კარგი ბიჭიაო, – მითხრა, მომწონსო. მე, რა თქმა უნდა, მიხარია, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, მაგრამ რატომღაც ადრე ვემშვიდობები და თვითონ მიკვირს, რატომ ვქვითინებ ლოგინში თავზე საბანწამოხურული და მოკუნტული.

 * * *

უჩას ჩვენს პირველ პაემანზეც მოვუყევი და დათოს ჭამის მანერას გამოვაჯავრე, კიდევ მის ჩვევას, სნობური თავდაჯერებით ატკაცუნოს თითები ოფიციანტის გამოძახებისას. უჩა მსაყვედუროს, რომ მეტისმეტად პრეტენზიული ვარ, მაგრამ სიცილს მაინც ვერ იკავებს. მე ვეუბნები რომ ასე პირწკლაპუნა მჭამელთან ცხოვრება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია!

ის მპასუხობს: მოთმინებითა შენითაო! და ჩვენ ისევ ვცვლით ორწერტილებსა და ლათინურ D-ებს.



 * * *

 * * *

 უჩას შევატყობინე, რომ ჩემი და დათოს ქორწილი ორ კვირაში დავთქვით. ძალიან უხარია ჩემი ბედნიერება, ძალიან, ძალიან! ისე, რომ კედელზე სულელური, ბრჭყვიალა ვარდების სურათს მიდებს. ნეტავ მართლა ცოცხალი ვარდები იყოს! თითო-თითოდ დავპუტავდი ჩქარ-ჩქარა, ეკლებიან ღეროებსაც გადავუმტვრევდი და ხუჭუჭა თავზე გადავაყრიდი მათ მომძღვნელს. 8 სურათიდან არც ერთზე არა აქვს მსგავსი სახე და ცოტათი მიჭირს წარმოვიდგინო, მაინც როგორი გამომეტყველება ექნებოდა ამ დროს.

* * *

ქორწილამდე 2 დღით ადრე უჩა ფეისბუქსივრციდან გაქრა, აი, ასე, უბრალოდ… არც ბედნიერება მისურვა ქორწილის დღეს, არც კაბა მომიწონა ჯვრისწერის ალბომიდან. წავიდა და წავიდა.

ექვსი თვის ორსული ვიყავი, სიმსუქნისგან შეწუხებული და ჭამისგან დაღლილი მოწყენილი დავხეტიალობდი საიტიდან საიტზე, როცა მოულოდნელად ამომიხტა ნაცრისფერი ჩარჩო და ისევ ის, ასე უმწეო და გაცვეთილი: “როგორ ხარ?”

და ამ სამი მარცვლის გამო, ისე დამიარა საყლაპავიდან საზარდულამდე, როგორც მაშინ, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.


* * *

 მე ვიცი, რომ უჩას ლაშქრობები უყვარს, კიდევ უფრო მეტს ეწევა ღამით, რომ საყვარელი გაიჩინა.

მან იცის, რომ ჟურნალისტობა დავიწყე, რომ ორი შვილი მყავს, უფროსი მამას ჰგავს, უმცროსი მე. იცის, რომ ათეისტი ვარ და ამას ჩემს ქმარს ვერ ვუმხელ. იცის, რომ დათოს საერთოდ არ აინტერესებს ლიტერატურა და არ დამყვება კინოთეატრში, ნამდვილში კი არა, კომპიუტერისაშიც კი. იცის, რომ ჩემს ქმარს არ ეცინება, როცა სიტყვობანას თამაშის დროს “წესებს” ვარღვევ და ზედსართავებს, მოგონილ სიტყვებს და უცხო ენებს ვიშველიებ. ამ დროს მაშინვე დამარცხებულად ვცხადდები და მეუბნება, რომ თუ თამაში არ ვიცი, საერთოდაც არ უნდა ვითამაშო.

მე ვიცი, რომ უჩას სტატუსებიდან და ჩანაწერებიდან 10-დან 7 ჩემზეა, მე მგონი, ისიც უნდა ხვდებოდეს, რომ ჩემი ჩანაწერებიდან და სტატუსებიდან 10-დან 6 მაინც მას ეძღვნება.

ჩვენ “ვალაიქებთ” ერთი-მეორის სტატუსებს, ვუკომენტარებთ ჩანაწერებს, ზოგჯერ “დავდივართ კინოში”. ერთმანეთს კი, მხოლოდ 2 საათის საავტომობილო გზა და ინტერნეტპროვაიდერების გაუმართავი მუშაობა გვაშორებს…

* * *

ჰო, მე უკვე უჩას 34 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ ჩემი – 108.