კლავიატურული რომანტიკა

8 ივნ

ყველა სახელი გამოგონილია, ყოველგვარი მსგავსება რეალურ ადამიანთან შემთხვევითია.

მე უჩას 8 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ ჩემი – 27. ჩვენ ერთმანეთის სტატუსებს “ვალაიქებთ” ფეისბუქზე, კედელზე ატვირთულ ვიდეოებს ვუყურებთ, ჩანაწერებს ვუკომენტარებთ და დილის 4 საათამდე ვწერთ ჩათის ჩარჩოში… ეს ვიწრო სარკმელი იტევს ნააზრევს ლიტერატურაზე, რელიგიაზე, სექსზე, ცხოვრებაზე… ზოგჯერ კი უბრალოდ “სიტყვობანათი” ვერთობით: ასო-ბგერა – ტ!

             ის: – ტაფა

            მე: – ტრენაჟორი

            ის: – ტრაქტორი

            …

            …

            ის: – ტუფლი

            მე: – “ტუფლი” რუსულია!

            ის: – ტიტლიკანა?

* * *

მე ვიცი, რომ უჩას ლიმონათი და ლუდი უყვარს, რომ ღამ-ღამობით ბევრს ეწევა, რომ ათეისტია და ძალიან მოსწონს კონსტანტინე გამსახურდია. უჩამ იცის, რომ მე ლიტრობით ვსვამ ყავას, ვიტარებ ვარცხნილობაზე ექსპერიმენტებს, რომ არც მე მწამს ღმერთის და მომწონს მასთან ლაპარაკი. ლაპარაკი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე კლავიატურაზე თითების წკაპუნით მასთან ჭკვიანური აზრების ფრქვევა მომწონს, მერე ამ აზრების გამო ქათინაურების მოსმენა და ლათინური შრიფტის მთავრული ასოებით სიხარულის გამომხატველი ღიმილაკების გზავნა.

ჩვენ ორი საათის საავტომობილე გზა გვაშორებს და ცოცხალი თავით არ ვცვლით მობილურის ნომრებს, ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ მიკროფონ-ყურსასმენით და არასდროს ვრთავთ ვიდეოთვალს. რა საჭიროა? მე უჩას 8 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ საერთოდაც – 27!


* * *

უჩა მომიყვა, რომ ერთ დროს უყვარდა გოგო, რომელსაც თიხის ქოთნით ნუშაყვავებულ თბილისში თოვლი ჩამოუტანა მთიდან, რომ ის გოგო მერე გათხოვდა, უჩა კი ახლობელგარდაცვლილივით წვერმოშვებული დადიოდა კარგა ხანს. მე უშვერი სიტყვებით ვლანძღავ თოვლიანი სიყვარულის უარმყოფელს და მერე ვუყვები, რომ მეც მიყვარდა ერთი ბიჭი. როცა შემთხვევით გამკრავდა მხარზე მკლავს ელექტრონივით მივლიდა ტანში. რომ ამ ბიჭის გამო სამსახურიდან დავეთხოვე, იმიტომ რომ შემეშინდა ერთხელაც ხელში არ ავფეთქოდი, არათითზე ბეჭდიან ხელში. მერე ჩვენ ვგმობთ სიყვარულს, ვასკვნით, რომ არსებობს მხოლოდ მეგობრობა, პასუხისმგებლობა, ან ვნება და აქედან რომელიმეს სიყვარულში ურევენ უბრალოდ.

ღამის სამ საათზე კომპიუტერს ვრთავთ… და მე მესიზმრება რომ მაცვია თეთრი კაბა, ირგვლივ აყვავებული ნუშის ხეებია, მიახლოვდება ბიჭი და მიწვდის თიხის ქოთანს: ცივი, სველი, თეთრი გუნდებით სავსე ქოთანს!

* * *

ჩვენი ლიტერატურული გემოვნება ძალიან განსხვავებულია. უჩას ვერლიბრები და ალტერნატიული პოეზია მოსწონს, პროზაში კი – კლასიკა. მე რითმების ტრფიალი ვარ და თანამედროვე რომანების მოყვარული. მე დავცინი მის გამოგზავნილ ფრაზების რახა-რუხა ლექსებს და ვუკრიტიკებ ფილოსოფიით ტყვიასავით დამძიმებულ რომანებს. არ მესმის, რატომ მოსწონს ეს გატყლარჭული, მაღალფარდოვანი სტილი და დიალოგები, რომელიც შეუძლებელია რომელიმე ეპოქის ჯანსაღ ადამიანებს შორის არსებულიყო. წინადადებები, რომლებიც მწერლის ტვინის ჭყლეტის ნაყოფია და მხოლოდ იმიტომ, რომ მახვილგონივრულად მიაჩნია და ამოღება ენანება, ხან ერთ გმირს მიაწერს მათს ავტორობას, ხანაც მეორეს. ვუმტკიცებ რომ ლიტერატურა გულწრფელი და ნაღდი უნდა იყოს და არა ინტელექტუალური წიაღსვლების კიდობანი…

 უჩა სამაგიეროს მიხდის და ჩემს რითმებზე დამოკიდებულებას ექილიკება, მეუბნება, რომ რაც შეეხება ჩემს მოწონებულ რომანებს, ისინი მშრალი და მატერიალისტურია, რომ მათი გმირები მხოლოდ ჭამენ და სექსი აქვთ. ამაზე ვპასუხობ, რომ ისინი ძალით ფილოსოფოსობას მაინც არ ჩემულობენ. მერე ჩვენ ვჩხუბობთ და უჩა მაყვედრის, რომ სულაც არ უკვირს, კაცები რომ ვერ მიძლებენ. და მიუხედავად იმისა, რომ არც მათი თანამდევი ირონიული ტონი მესმის და ვერც წარმომთქმელის დამცინავ სახეს ვხედავ, ჩათის ფანჯარაში ამომხტარი ეს სიტყვები ისე მიკუმშავენ შიგნეულს, რომ დაუფიქრებლად ვშლი უჩას მეგობრების სიიდან.

რა ადვილია ადამიანებისგან გათავისუფლება ინტერნეტში.

* * *

ერთი კვირის განმავლობაში მეზობლის ბოსტანში გადაპარული ბავშვივით ჩუმად ვუთვალთვალებ უჩას გვერდს, მინდა მის სტატუსებში ჩემი მონატრება ვიპოვო, მის ატვირთულ ვიდეოებში შერიგებაზე მინიშნება. თითქოს ვპოულობ კიდეც, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ მივწერ, თვითონ მომწეროს, თუ კარგია!

დარწმუნებული ვარ, ისიც იპარება ჩემთან და მეც გამომწვევად მხიარულ ჩანაწერებს ვაკეთებ, ვდებ საცეკვაო-კლუბური მუსიკის ვიდეოებს, რომელთაც სინამდვილეში არ ვუსმენ. კომენტარებში ვეფლირტავები ყველა კაცს და სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ, როცა წარმოვიდგენ როგორ ხედავს ამ ყველაფერს და როგორ მწარდება…

ჩემი ვირტუალური მამაკაცი!

მაინც გატყდა კვირის თავზე, უმწეო და გაცვეთილი “როგორ ხარ?” მომწერა და მეც დიდსულოვნად შევუნდე. შერიგება რამეთი აღვნიშნოთო და ჩვენც “კინოში წავედით”. მე ჩემს კომპიუტერში გადმოვწერე გერმანული მელოდრამა, იმან თავისაში, დრო დავთქვით და ერთად დავაჭირეთ START-ის ღილაკს. ფილმის განმავლობაში შთაბეჭდილებების გაზიარებაც მოვასწარით, ბოლოს კი დავასკვენით, რომ კარგი ფილმი იყო, მხლოდ მთავარი გმირი მამაკაცი მოიკოჭლებდა სამსახიობო ოსტატობაში, მაგრამ ყურებად ნამდვილად ღირდა.

ფილმის დიალოგებიდან ნაწყვეტები გავიხსენეთ და ვიცინეთ, ანუ ორწერტილები და ლათინური D-ები გავცვალ-გამოვცვალეთ. უჩა მეუბნება, რომ კინოს ბილეთის შენახვა არ დამავიწყდეს სახსოვრად, მე ვპასუხობ, რომ მისი იუმორი აღმაგზნებს და არღვეული პირით ვხურავ ლეპტოპს. ძილითაც ასე ვიძინებ, სულელურად მომღიმარი.

* * *

დათოზეც პირველმა უჩამ გაიგო. მოვუყევი, რომ მეგობართან გავიცანი, რომ საინტერესო ადამიანი ჩანს და მისი კედლიდან მოპარული სურათიც გავუგზავნე. კარგი ბიჭიაო, – მითხრა, მომწონსო. მე, რა თქმა უნდა, მიხარია, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, მაგრამ რატომღაც ადრე ვემშვიდობები და თვითონ მიკვირს, რატომ ვქვითინებ ლოგინში თავზე საბანწამოხურული და მოკუნტული.

 * * *

უჩას ჩვენს პირველ პაემანზეც მოვუყევი და დათოს ჭამის მანერას გამოვაჯავრე, კიდევ მის ჩვევას, სნობური თავდაჯერებით ატკაცუნოს თითები ოფიციანტის გამოძახებისას. უჩა მსაყვედუროს, რომ მეტისმეტად პრეტენზიული ვარ, მაგრამ სიცილს მაინც ვერ იკავებს. მე ვეუბნები რომ ასე პირწკლაპუნა მჭამელთან ცხოვრება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია!

ის მპასუხობს: მოთმინებითა შენითაო! და ჩვენ ისევ ვცვლით ორწერტილებსა და ლათინურ D-ებს.



 * * *

 * * *

 უჩას შევატყობინე, რომ ჩემი და დათოს ქორწილი ორ კვირაში დავთქვით. ძალიან უხარია ჩემი ბედნიერება, ძალიან, ძალიან! ისე, რომ კედელზე სულელური, ბრჭყვიალა ვარდების სურათს მიდებს. ნეტავ მართლა ცოცხალი ვარდები იყოს! თითო-თითოდ დავპუტავდი ჩქარ-ჩქარა, ეკლებიან ღეროებსაც გადავუმტვრევდი და ხუჭუჭა თავზე გადავაყრიდი მათ მომძღვნელს. 8 სურათიდან არც ერთზე არა აქვს მსგავსი სახე და ცოტათი მიჭირს წარმოვიდგინო, მაინც როგორი გამომეტყველება ექნებოდა ამ დროს.

* * *

ქორწილამდე 2 დღით ადრე უჩა ფეისბუქსივრციდან გაქრა, აი, ასე, უბრალოდ… არც ბედნიერება მისურვა ქორწილის დღეს, არც კაბა მომიწონა ჯვრისწერის ალბომიდან. წავიდა და წავიდა.

ექვსი თვის ორსული ვიყავი, სიმსუქნისგან შეწუხებული და ჭამისგან დაღლილი მოწყენილი დავხეტიალობდი საიტიდან საიტზე, როცა მოულოდნელად ამომიხტა ნაცრისფერი ჩარჩო და ისევ ის, ასე უმწეო და გაცვეთილი: “როგორ ხარ?”

და ამ სამი მარცვლის გამო, ისე დამიარა საყლაპავიდან საზარდულამდე, როგორც მაშინ, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.


* * *

 მე ვიცი, რომ უჩას ლაშქრობები უყვარს, კიდევ უფრო მეტს ეწევა ღამით, რომ საყვარელი გაიჩინა.

მან იცის, რომ ჟურნალისტობა დავიწყე, რომ ორი შვილი მყავს, უფროსი მამას ჰგავს, უმცროსი მე. იცის, რომ ათეისტი ვარ და ამას ჩემს ქმარს ვერ ვუმხელ. იცის, რომ დათოს საერთოდ არ აინტერესებს ლიტერატურა და არ დამყვება კინოთეატრში, ნამდვილში კი არა, კომპიუტერისაშიც კი. იცის, რომ ჩემს ქმარს არ ეცინება, როცა სიტყვობანას თამაშის დროს “წესებს” ვარღვევ და ზედსართავებს, მოგონილ სიტყვებს და უცხო ენებს ვიშველიებ. ამ დროს მაშინვე დამარცხებულად ვცხადდები და მეუბნება, რომ თუ თამაში არ ვიცი, საერთოდაც არ უნდა ვითამაშო.

მე ვიცი, რომ უჩას სტატუსებიდან და ჩანაწერებიდან 10-დან 7 ჩემზეა, მე მგონი, ისიც უნდა ხვდებოდეს, რომ ჩემი ჩანაწერებიდან და სტატუსებიდან 10-დან 6 მაინც მას ეძღვნება.

ჩვენ “ვალაიქებთ” ერთი-მეორის სტატუსებს, ვუკომენტარებთ ჩანაწერებს, ზოგჯერ “დავდივართ კინოში”. ერთმანეთს კი, მხოლოდ 2 საათის საავტომობილო გზა და ინტერნეტპროვაიდერების გაუმართავი მუშაობა გვაშორებს…

* * *

ჰო, მე უკვე უჩას 34 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ ჩემი – 108.

Advertisements

31 Responses to “კლავიატურული რომანტიკა”

  1. finiki ივნისი 8, 2011 at 11:55 AM #

    დიდი ხანია ასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს. მარტივი და სასიამოვნო იყო

  2. kevana ივნისი 8, 2011 at 1:10 PM #

    ^_^ სატირაა ხომ?

  3. sashka ივნისი 8, 2011 at 1:59 PM #

    ძალიან კარგია, მომეწონა :)

  4. Juns ივნისი 8, 2011 at 2:10 PM #

    შესანიშნავია : )

    თუმცა იმ გერმანული ფილმის მთავარი პერსონაჟი ზუსტადაც რომ იდეალურად ასრულებას თავის როლს და სულაც არ მოიკოჭლებს სამსახიობო ოსტატობაში. მისი (პერსონაჟის) საქმიანობა ეგეთად აქცევს ადამიანს. : )

    კარგი იყო გმადლობ

    • kohinor ივნისი 9, 2011 at 9:28 AM #

      romel films gulisxmob da romel personajs? :D ucha, shen xar? :)))

  5. კიწი ივნისი 8, 2011 at 2:56 PM #

    მართლა ძალიან მომეწონა, ცხოვრებისეულიცაა, საინტერესოდ წასაკითხიც და 1 ამოსუნთქვითაც იკითხება

    და პ.ს “მეგობრობა, პასუხისმგებლობა, ან ვნება” < სწორედ ეს სამი რაღაც არის ერთადაღებული სიყვარული, პატარ-პატარა +იკი რაღაცებით : )

    • kohinor ივნისი 9, 2011 at 9:30 AM #

      axla ver movityuebi, eg me movigone-metqi, fsiqologiur teorias davesesxe, amisgan shedgeba siyvaruli ert-erti socialur-fsiqologiuri teoriis mixedvit :)

  6. გვირილა ივნისი 8, 2011 at 3:10 PM #

    ვაი… კაი იყო.

  7. Teaa ივნისი 8, 2011 at 3:41 PM #

    აი ძალიან გემრიელად იკითხება. კარგი იყო.

  8. ten minutes older ივნისი 9, 2011 at 8:40 AM #

    ძალიან კარგი იყო, მომეწონა )))

  9. kohinor ივნისი 9, 2011 at 9:27 AM #

    yvelas cal-calke da yvelas ertad gixdit did madlobas. internetis arqonis gamo dagvianebuls, magram sjobs gvian, vidre arasdroso :))

  10. salolas ივნისი 10, 2011 at 9:20 AM #

    ჯანდაბას, ვიქნები ბანალური და მეც აი ასე უბრალოდ ვიტყვი, რომ კარგი იყო!
    მარტივი, უბრალო და კარგი…
    ბოლოს რომ დამბურძგლა ისეთი.

  11. akunkula ივნისი 10, 2011 at 12:33 PM #

    მართლა კარგი იყო
    და არც მთლად ბანალური :)

  12. Lula ივნისი 10, 2011 at 1:27 PM #

    ძალიან ვისიამოვნე, აიიიიიიიიიიიი, ძალიან! თან ძალიან ნამდვილია :*

  13. kohinor ივნისი 10, 2011 at 7:55 PM #

    salolas, akunkula, lula… feisbuqi rom iyos dagilaiqebdit, axla unralod madlobas gadagixdit :)))

  14. niniTo ივნისი 12, 2011 at 3:01 PM #

    დამბურძგლა :დ რატომ, არ დავკონკრეტდები: ))
    მომეწონა ძალიან, რეალობასთანაა საკმაოდ ახლოს. ყველა ჩემ მეგობარსაც ვურჩიე წაეკითხა, დამიჯერეს: ))

    ”კარგია! კარგია და 10000ჯერ კარგია!”

  15. Mari-ami ივნისი 17, 2011 at 1:47 PM #

    Dzalian momecona.. aii dzaaalian.. samcuxarod xandaxan chventvis sul ucxo adamianebi ufro metad gvigeben vidre dzalian axloblebi : (

    • hummanoid ივნისი 17, 2011 at 2:48 PM #

      ოტიას “ქალი გამოვიდა საღალატოდ” :D

      • kohinor ივნისი 25, 2011 at 7:55 AM #

        არ მაქვს წაკითხული და უკავშირდება ეს რამეთი, თუ როგორ?

    • kohinor ივნისი 25, 2011 at 7:56 AM #

      Mari-ami

      უჩაა უცხო? გაგიგოს ერთი! :d მადლობა

  16. მოხეტიალე ივნისი 28, 2011 at 9:58 AM #

    კარგი იყო:)
    უფრო კარგი კი ისაა რომ მოულოდნელად აღმოგაჩნე.
    წაგიკითხავხოლმე დღეიდან:)

    • kohinor ივნისი 30, 2011 at 7:41 AM #

      ისეთი სახელი გქვია, კი აღმომაჩენდი ოდესმე :D წამიკითხე, წამიკითხე, გამახარებ ძალიან :)))

  17. aniuta55 ივლისი 3, 2011 at 8:15 AM #

    chemia…erti amosuntqvit wavikitxe :D dzalian momewona…. dzalian dzalian :) <3

    • kohinor ივლისი 3, 2011 at 11:54 PM #

      მადლობა და ორწერტილი + ლათინური D შენ!

  18. Ia Robaqidze ივლისი 5, 2011 at 4:32 PM #

    sayvareli motxrobaa….zalian namdvili……..

  19. Tamuna Turdzeladze ივლისი 6, 2011 at 4:52 PM #

    visiamovne, zalian kargia, ai ragacnairi, sxvanairi…

  20. kohinor ივლისი 6, 2011 at 8:06 PM #

    Ia Robaqidze
    Tamuna Turdzeladze

    მიყვარს ეს მოთხრობა და მიხარია როცა მოსწონთ, მადლობა :)

  21. Kate_AlukaЯD ივლისი 25, 2012 at 1:22 AM #

    ოოოოფ ::შ:შშ

  22. nino ნოემბერი 20, 2013 at 9:07 PM #

    momewona,sxvagan gadavardi axla,sxva samyaroshi..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: