წაწლობა VS სრული განცდა

3 აგვისტო

ამ თემაზე დაწერა ისედაც მინდოდა, მაგრამ წაწლობის შესახებ პოსტზე კომენტარმა უფრო შთამაგონა… საერთოდაც, იდეა გამიჩნდა, გავხსნა ახალი რუბრიკა ბლოგზე, ეს იქნება რუბრიკა: პოსტი კომენტარზე. ამით, ვიმედოვნებ, ჩემი ბლოგის “კომენტატორებს” მეტ სტიმულს მოგცემთ. თავისთავად ცხადია, არც მთლად უანგარო ვარ, კომენტარების მომრავლების იმედი ხომ მაქვს და მაქვს და, თანაც, ამ ხერხით ბლოგზე შემოქმედებითი კრიზისების ეფექტურად დაძლევის მოლოდინიც.

“იღბლიანი” კომენტარი # 1 ეკუთვნის თორნიკეს

თემა კი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ოპონენტ-პროცესუალურ ფსიქოლოგიურ თეორიას ეხება, რომლის მიხედვითაც “როცა ადამიანი იღებს სტიმულს, რომელიც იწვევს ძლიერ და მყისიერ ემოციონალურ რეაქციას, ეს ემოცია მალე ეცვლება საპირისპირო ნიშნის ემოციით. თუ ადამიანი განიცდის ძლიერ უარყოფით ემოციას _ შიშს, მას მალე მოსდევს საპირისპირო ხასიათის ემოცია _ სიხარული. ამ ორი ემოციონალური რეაქციის კომბინაციას მივყავართ სრულ განცდამდე. სწორედ სრული განცდის მიღების სურვილი ამოძრავებს ადამიანს… რაც უფრო ძლიერად გაქანდება ჩვენი ემოციების ქანქარა ერთ მხარეს (მაგ.დადებით), მით უფრო ძლიერად გამოქანდება ის მეორე მხარეს (შეიცვლება უარყოფითით)…

ყველასათვის ალბათ ნაცნობია გრძნობა, რომელიც რამდენიმე მარცვალი მზესუმზირის, ან თხილის გასინჯვისას შემდეგ ჩნდება, ჩვენ მისი ჭამის გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნილება გვიჩნდება, ვიდრე მის გასინჯვამდე გვქონდა. ეს მოვლენა შეიძლება გაგებულ იქნას ოპონენტ-პროცესუალური თეორიით, რომლის თანახმადაც, თუ ძლიერ სიამოვნებას განვიცდით, ჩნდება სურვილი, ეს სიამოვნება გაგრძელდეს მანამ, სანამ უსიამოვნო გრძნობით არ ჩანაცვლდება.

ტკბობა მოყირჭებამდე!

როგორ და რანაირად უკავშირდება ეს თეორია წაწლობის თემას და ზემო კომენტარს? ძალიან მარტივად. ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი წაწლობის შესახებ, მათთვის ციტატა ვაჟა ფშაველას წერილიდან: “(წაწალს) ესმის, არ მოჰყვება კარგი შედეგი სიყვარულის განხორციელებას; ამის შემდეგ ტრფობა, სიყვარული ავადა ხდება, მას ჭლექი ეყრება, სნეულდება და ბოლოს კვდება კიდეც. სიყვარულის განხორციელების შემდეგ ქალი ვაჟის თვალში პირვანდელ მიმზიდველობას ჰკარგავს, მისი დანახვა, ქალთან დაწოლა ვაჟს ცეცხლს აღარ უკიდებს, აღარა სწვავს…”

სწორედ სრული განცდის ფენომენთან უნდა გვქონდეს ამ შემთხვევაში შეხება, სიყვარული იმიტომ ავადდება, რომ თავის პიკს აღწევს და ამ მდგომარეობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, “(თავის შეკავებას) კი შეუძლია ინტერესის შენარჩუნება” ზუსტად იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ემოციების ქანქარა ოპტიმალურ დონეზეა, ისე არ “აქანებულა”, იმხელა გრძნობები არ დაუხარჯავს, რომ მათ გასანეიტრალებლად სავალალო ოპონენტ განცდების მოხმობა ყოფილიყო საჭირო. წაწლები სადღაც შუა გზაში არიან გაჩხერილები, მათი ემოციების არეალიც შეზღუდულია. შეიძლება ასე იხანგრძლივებენ კიდეც გრძნობებს, მაგრამ ვერასოდეს აღწევენ იმ მწვერვალს, რომლის მშვენიერების ხათრით იქნებ მთიდან დანარცხებაც არ ყოფილიყო ისეთი საშინელი…

თუ ძველ ხალხურ სიბრძნეს დავესესხებით – (რამეთუ, ხალხი ბრძენია!) სიცილს ტირილი მოსდევსო, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო… როგორც ჩანს, ჩვენი ემოციები ძლიერი სიყვარულისას (ზოგადად, ნებისმიერი ძლიერი გრძნობისას) ისე მაღლდებიან, რომ ამხელა სიმაღლეს ვერ უძლებენ და უჟანგბადობისგან იხოცებიან!

მაშინ დავწერე, “თუ მარადიული სიყვარულის შენარჩუნება გინდა, ქორწინებით ყველაფერს გააფუჭებ. ვინ იცის, იქნებ ჯობია, იდეალური სიყვარულით უყვარდე “წაწალს” და არასდროს გახდე მისი-მეთქი.” მაგრამ ახლა მე თვითონვე გეკითხებით, იქნებ უკეთესია ადამიანი ადრე მოკვდეს ევერესტის  დამპყრობი, ვიდრე თბილ გუბეში მოჭყუმპალავემ გაატაროს ხანგრძლივი ცხოვრება?!

Advertisements

4 Responses to “წაწლობა VS სრული განცდა”

  1. თორნიკე აგვისტო 4, 2011 at 6:21 AM #

    მე სუფთა ფიზიოლოგიურ-მეცნიერულად ვხედავ მაგ ამბავს – ფიზიოლოგიურად ცნობილი პროცესია, რომ ორგაზმიდან რაღაც დროის (დაახლოებით 30 წუთი-1 საათი, ინდივიდუალურია) განმავლობაში სურვილი ნაკლებია, პლიუს ხშირი ორგაზმის დროსაც ნაკლებია, ვიდრე იშვიათის (ვთქვათ კვირაში ერთხელ).

    “მწვერვალებს” რაც შეეხება, საერთოდ ყველაფერში ზომიერება მიყვარს და არც ურთიერთობაა გამონაკლისი – ჯობია მუდმივად გქონდეს საკმაოდ ძლიერი ემოცია, ვიდრე “მწვერვალებს” და უკიდურესად ძლიერ შედეგებს სდიო და ემოციისგან დაიცალო, რასაც ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა მოჰყვება. საერთოდ მაგ “მწვერვალების” თეორია თინეიჯერი გოგოების თემა მგონია, სიყვარულზე რომ იდეინი ციტატებს აძრობენ ხოლმე : ))

    • kohinor აგვისტო 7, 2011 at 7:23 AM #

      მარტო ფიზიოლოგიით რომ იხსნებოდეს ადამიანური ამბები ფსიქოლოგიის შექმნა არც იქნებოდა საჭირო :P (შეურაცხყოფილი ფსიქოლოგის გამოსვლა!) პრინციპში ეს ფიზიოლოგია და ფსიქოლოგიური თეორია სულაც არ გამორიცხავს ერთმანეთს, პირიქით – ხსნიან და ავსებენ ერთმანეთს. უბრალოდ მე პროფესიიდან გამომდინარე მირჩევნია პასუხები უფრო ფსიქოლოგიურ განზომილებაში ვეძებო, ფიზიოლოგია სიყვარულისა და სხვა “მაღალი” გრძნობების ასახსნელად მეცოტავება, ეგ შეიძლება სექსუალურ პროცესებს ხსნის კარგად ;)

  2. donne აგვისტო 4, 2011 at 12:08 PM #

    წავიკითხე ორივე პოსტი. თავიდან ისი ის იყო, უნდა დაგთანხმებოდით თქვენებურ ლოგიკას და გონება მიმეყუჩებინა, რომ ერთი ლექსი ამომიტივტივდა თავში. ეს თავის მხრივ გამოიწვია საკითხის ამგვარმა დაბოლოებამ:
    “მაშინ დავწერე, “თუ მარადიული სიყვარულის შენარჩუნება გინდა, ქორწინებით ყველაფერს გააფუჭებ. ვინ იცის, იქნებ ჯობია, იდეალური სიყვარულით უყვარდე “წაწალს” და არასდროს გახდე მისი-მეთქი.” მაგრამ ახლა მე თვითონვე გეკითხებით, იქნებ უკეთესია ადამიანი ადრე მოკვდეს ევერესტის დამპყრობი, ვიდრე თბილ გუბეში მოჭყუმპალავემ გაატაროს ხანგრძლივი ცხოვრება?!”
    იმისი თქმა მინდა, რომ გამოსავლის ძიებაში თქვენ ძალიან არ გარჯილხართ და ფიქრს მალევე მიანებეთ თავი.

    როდესაც სიყვარულს განიხილავთ, აწმყოზეც და მომავალზეც ფიქრობთ (მის გაგრძელებაზე), მაგრამ თავად რატომღაც აწმყოში ტოვებთ საკუთარ თავს, ახალგაზრდა რჩებით.
    ადამიანი მუდამ ახალგაზრდა არაა და მის ცხოვრებაში ახლოა ჟამი, რომელიც ახალგაზრდობიდან ზრდასრულობაში, იქიდან კი სიბერეში გადასტყორცნის. სიყვარული მომავალში, ესაა სიყვარული სიბერეში, როცა სექსი უბრალოდ აღარ არსებობს. ეს კანონზომიერებაა.

    თქვენებური ლოგიკით, შეიძლება იმ დასკვნამდეც კი მივიდეთ, რომ სიყვარული სიბერეში, ესაა ჭეშმარიტი სიყვარული (მე ვთვი, რომ ყველაზე მშვენიერი უნდა იყოს), მაგრამ რთულია შეადარო რამეს, სიყვარული ხომ აწმყოშია. ამიტომაცაა მშვენიერი.

    უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ

    უსიყვარულოდ
    მზე არ სუფევს ცის კამარაზე
    სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება
    სასიხარულოდ…
    უსიყვარულოდ არ არსებობს
    არც სილამაზე,
    არც უკვდავება არ არსებობს
    უსიყვარულოდ.

    მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული
    უკანასკნელი,
    როგორც ყვავილი შემოდგომის
    ხშირად პირველს სჯობს,
    იგი არ უხმობს ქარიშხლიან
    უმიზნო ვნებებს,
    არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
    იგი არ უხმობს…
    და შემოდგომის სიცივეში
    ველად გაზრდილი,
    ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს
    სულაც არა ჰგავს…
    სიოს მაგივრად ქარიშხალი
    ეალერსება
    და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
    გარემოუცავს.
    და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
    უკანასკნელი,
    ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
    უსიხარულოდ.
    და არ არსებობს ქვეყანაზე
    თვით უკვდავება,
    თვით უკვდავებაც არ არსებობს
    უსიყვარულოდ.

    • kohinor აგვისტო 7, 2011 at 7:30 AM #

      მართალი რომ გითხრა, ცოტა დავიბენი, რას ეთანხმები და რაზე მეწინააღმდეგები ვერ მივხვდი კარგად. ანუ ჩემი პოსტი მარადიული ახალგაზრდობის შემთხვევაშია სწორი? მწვერვალების გამოდევნება მაშინაა კარგი, თუ ახალგაზრდა ხარ? მაგრამ თუ მომავალში იხედები, ჯობია სტაბილური მაგრამ ნელ-თბილი გრძნობები გქონდეს? ამას ამბობ? და კიდევ, მინდა შენობით მომმართო, ეს ბლოგია და ოფიციალურად საუბარი არ უხდება :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: