2648-მდე, 2648-იდან

15 სექ

ოთხ დღეში 120 კილომეტრის გავლის შემდეგ, სახლში გაღვიძებულს მხოლოდ ფეხის  მტკივანი კუნთები რომ გახსენებენ ლაშქრობის შესახებ, ყველაზე უცნაური გრძნობა ესაა. დადიხარ ოთახიდან-ოთახში ნელი, ინვალიდური ნაბიჯით და მაინც არ გჯერა ბოლომდე, რომ შებოლილი თევზის სუნი არ აგდის, ფეხს ფუნაში არ ადგამ, არსად მოცურდები, ტალახიანი, დაგლეჯილი ჯინსები არ გაცვია და სადმე გვერდით კარავი არ არის გაშლილი…

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, წარმოსახვაში მარტო მიზანია, ის რასაც უნდა მიაღწიო, მანამდე მისასვლელი და უკან დასაბრუნებელი გზა, რასაკვირველია, იგულისხმება, ოღონდ გაკვრით. არ ვიცი, დიდი მთამსვლელებისათვის როგორაა, მაგრამ ჩემთვის უკანა გზაზე, სახლში მისვლის მიზანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო გახდა, ვიდრე დასაწყისში ცნობილ ტობავარჩხილამდე (ვერცხლის ტბა) ასვლის. ტობავარჩხილი – მინდოდა, მიხაროდა, მეამაყებოდა, მაგრამ სახლში მობრუნების სურვილს იმდენი ერთმანეთში არეული ემოცია ახლდა თან, რომ ყოველგვარი ალპინისტური სიხარული გადაწონა.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას გავიგე, რომ ჩემი დედულეთის (სამეგრელო) ახალგაზრდობა ლაშქრობისთვის ემზადებოდა. თუ საოცნებო ტბამდე ასვლას ვაპირებდი, ამაზე კარგი შანსი შეიძლება კიდევ დიდხანს არ გამჩენოდა. ჩემი მწირი მთამსვლელური გამოცდილების გამო, ინტერნეტში დავძებნე წასაღები ნივთების სია, რომლის დამსახურებითაც მე და ჩემს მეგობარს ყველაზე მძიმე ზურგჩანთები გვქონდა მთელს 11 კაცში (თუ საგზლის მზიდავს არ ჩავთვლით).

ეს მოგზაურობა ჩემთვის ნათლობასავით იყო, პირველად გავათიე ღამე კარავში. პირველი დღიდან რაც დამამახსოვრდა ეს იყო დაღლილობის აუტანელი შეგრძნება და დაძინების უსაშველო სურვილი. მეორე დღეს კი მეტი ემოცია ახლდა თან. თავად ტბა – ტობავარჩხილი კლდეებს შორისაა მოქცეული, ზღვის დონიდან 2648 მეტრზე. ამ კლდეების ძირას კი, დაახლოებით 3-4 კმ-ის მოშორებით დიდი ქვის ქვეშ ქოხია, მეჯოგეთა საზაფხულო სადგომი, სწორედ მათ გვიმასპინძლეს მოგზაურობის მეორე ღამეს.

ესეც სადგომი ქვის ქვეშ

მაგრამ სანამ ამ სადგომამდე მივიდოდი, მოლაშქრეთა მოწინავე ნაწილმა გადამისწრო,  დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლა მომიწია მარტოს. მდინარეს ვუახლოვდებოდი, როცა წინ ყველა კაცისათვის საოცნებო სანახაობა გადამეშალა, ყველა ასაკის, ზომის, ფორმისა და წონის ნახევრადშიშველი ქალები ჰიგიენურ პროცედურებში გართულიყვნენ. დაღლილობისგან აზროვნების უნარიც წართმეული მქონდა და ჩავთვალე, რომ ხსენებული მწყემსების ქოხის წარმომადგენლებს გადავაწყდი, მაგრამ მალევე მოვედი გონს. სადგომში მისულმა კი საბოლოოდ გავარკვიე, რომ ტურისტები იყვნენ, ქალიან-კაციანად სულ 33-ნი, იმავე მიზნით ამოსულები, რა მიზნითაც ჩვენ. მეჯოგეებს თურმე ძილი გასტეხოდათ მათი უკომპლექსოების შემხედვარეთ.

მწყემსებისა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კი გვჭირდებოდა კარგი გამოძინება, მეორე დილით ტობავარჩხილზე ასვლა გველოდა. გზა რთულიაო, – მოლაშქრეებმა კი გაგვაფრთხილეს, მაგრამ ასეთს მაინც არ ველოდი. სირთულის საზომად ის გამოდგება, რომ ამ სამიოდე კილომეტრის ასვლა-ჩამოსვლის მერე ისეთი ფარული შიში ჩამესახა, რომლისგანაც სახლში მისვლამდე ვერ გავთავისუფლდი. მეჩვენებოდა, რომ სადმე უხერხულად დავდგამდი ფეხს და სოფელში გულზე ხელებდაკრეფილს მიმასვენებდნენ. აღმართი, კი, არა და არ თავდებოდა, ყოველი კლდის მერე ახალი გვხვდებოდა. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ტბამ იმედები ვერ გაამართლა, კი გვპირდებოდნენ მთელს ტანჯვა-წამებას გადაგავიწყებთ მისი ხილვაო, მაგრამ, სამწუხაროდ, სულაც არ მოხდა ასე.

მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ გადაბმულმა მზიანმა დღეებმა, ტბას, რომელიც წვიმით საზრდოობს, წყალიც ამოუშრო და ქვებზე შლამიც მოუდო. შედეგად ვერცხლის კამკამა ტბის ნაცვლად, ვიხილეთ ტბა, რომლის ხილვაც ლისის ტბის ადგილზე კი გაგაოცებს და გესიამოვნება, მაგრამ 60 კმ-ის აღმართ-აღმართ ხოხიალის მერე  ვერაფერი ნუგეშია. როგორ არა, ლამაზი იყო, ძალიან ლამაზიც კი, მაგრამ ისეთი არა, აღფრთოვანებისგან რომ სუნთქვა შემკვროდა.

ისე კი, ლეგენდები არსებობს ტობავარჩხილზე იმდენი, მარტო მათი ხიბლით ახვალ. წმინდა ტბაადაა მიჩნეული და ამბობენ, რომ თუ მასში იბანავებ, სიწმინდის შებღალვისთვის ბუნება დაგსჯის და გაწვიმდება, შედეგად შეიძლება უამინდობის გამო ავსაც გადაეყარო.

ტბიდან ჩამოსულები კიდევ ცოტა ხანს შევყოვნდით სადგომში და სახლში დაბრუნებისთვის დავიწყეთ მზადება. უკვე აშკარა იყო, რომ საკვები გვაკლდებოდა, ეს დილა სტუმართმოყვარე მწყემსების ხარჯზე გადავაგორეთ, მაგრამ სახლამდე კიდევ 2 დღის სავალი გზა რჩებოდა.

ჩვენი ლაშქრობის ხელმძღვანელი შეგვპირდა, ამ ღამესაც ჩემს ნაცნობ მწყემსებთან მივალთ და არაფერს გაგვიჭირვებენო და ამ პირობის იმედით მივდიოდით. ჩვენი მრავალფეროვანი მენიუ საღამოსთვის რამდენიმე პურით, ერთი მოხარშული “მალაკოთი” და საწუწნი კანფეტებით შემოიფარგლებოდა და ამ დროს მეორე მწყემსის სადგომსაც მივაღწიეთ.

კარგს მაშინ აფასებ, როცა ცუდს ნახავო, ხომ გაგიგონიათ, ტბისპირა მეჯოგეების მასპინძლობაც მაშინ დავაფასეთ, როცა ვნახეთ, რას ნიშნავს, როცა ადამიანს შენი სტუმრობა არაფრად ეჭაშნიკება. მწყემსმა სუფრა გაგვიწყო და ჩაიდუდღუნა “რაც არის ეს არის, ქორწილს კი არ ვგეგმავდიო”, ცოტა ხანში, ტაბაკთან (პატარა, საჭმლისთვის განკუთვნილი მაგიდა) მჯდომს რომ პურის ნაჭერი გადმოუვარდა, ისევ გამოსცრა: “ცოტა ფრთხილად, მე აქ პურის თონე კი არ მაქვსო”. ღამე სადღა წავიდოდით, თორემ ვგრძნობდი, ამ კაცისთვის ზედმეტნი ვიყავით. მეორე დილით გზის გაგრძელება გაგვიჯანჯლდა, ჩვენი ხელმძღვანელი მოშორებით ათევდა ღამეს და მის დაბრუნებამდე, ანუ 11 საათამდე, ამავე სადგომში მოგვიწია ყურყუტი. “ყურყუტი” მოლოდინსაც ასახავს ამ შემთხვევაში და ჩვენი კუჭის მდგომარეობასაც, მასპინძელმა ისე გაწელა საუზმის მომზადება, რომ მშივრებს მოგვიხდა წამოსვლა. ბოლოს კი შეგვიპატიჟა ერთი-ორჯერ უგემურად. მაგრამ არც იმდენად გვშიოდა, თავმოყვარეობაც რომ გადაევიწყებინა ჩვენთვის. თავი გამოვიდეთ, ასე უფრო მსუბუქად და ყოჩაღად დავდივართო და 13 საათის უჭმელ-უსმელები გამოვედით ვაიმასპინძლის ქოხიდან.

ეს სურათი ამ მოგზაურობის შედევრია :)

 მავანი იტყვის, 11 კაცი საგზლის გარეშე დაადექით თავზე და აბა რას ელოდითო, მაგრამ აქ არის რამდენიმე “მაგრამ”. ეს მწყემსი დატვირთული ცხენებით შემოგვხვდა მოგზაურობის პირველ დღეს, მთაში სწორედ მაშინ ადიოდა, ასე რომ საკვები არ აკლდა. კიდევ ის, რომ ჩვენი ხელმძღვანელი მისი ნაცნობი იყო, თავადაც მეჯოგე, ეს კი დაუწერელი ვალდებულების წინაშე აყენებდა მასპინძელს, მწყემსების საძმოს კანონით – “მე შენ გეხმარები და სამაგიეროდ, როცა გამიჭირდება, შენც დამეხმარები”. ასე იყო თუ ისე, გამოვაღწიეთ იქიდან და წამოვლასლასდით. ბოლოს წყლის მარაგიც ამოგვეწურა და სული იმით გვედგა, რომ დიდიან-პატარიანად გულიანად ვლანძღავდით დატოვებული ქოხის “უფროსს”. შესვენებების დროს კი, ხატოვნად აღვწერდით ჩვენ-ჩვენ საყვარელ კერძებს.

ერთი საათის მერე, კიდევ ერთ ქოხს მივაღწიეთ, სადაც მოგვეცა “პური ჩვენი არსობისა” და განვაგრძეთ სვლა.

დღის 2 საათი დაიწყო, კიდევ 8 საათის სავალი გზა რჩებოდა, ჩვენს საერთო მარაგს კი შეადგენდა ერთადერთი შედედებული რძე! ხუთი ჩამორჩენილი მოგზაური ამ “მალაკოს”  მის ბედნიერ მფლობელთან ერთად საღამოსთვის დავეძგერეთ, წინ წასულებმა ერთი ორჯერ შემოგვიკურთხეს შორიდან.  ბოლოს ნახევრად ჩათავებული “მალაკო”  კვლავ მისმა მფლობელმა წაიყოლა, გზა და გზა ისე მოულხინა, ეჭვი მეპარება წინ მყოფებს ქილის მეტი რამე შეხვედროდათ იქიდან. გზის ამ მონაკვეთზე ჯერ უკან მივდიოდი, მერე პირველი გავიჭერი, ბოლოს კი, ისე დავაგდე ტემპი, რომ მაშინ, როცა უკვე უკანასკნელ კილომეტრებს ვითვლიდით, მაკე ძროხის ტაატით მივირწეოდი ყველაზე ბოლო. ღამით წამოწვიმა და ტბასთან ჩასახული შიში უკვე პანიკაში გადამივიდა, ყველა ქვაში ასრიალების საფრთხეს ვხედავდი, ფანარი ვერტიკალურად მეჭირა და თითოეულ ნაბიჯს ვწონიდი, როცა შარაზე გავედით, მაშინაც კი ვფრთხილობდი, მეჩვენებოდა რომ ბედის ირონიით, სწორედ აქ, სწორ გზაზე ავსრიალდებოდი და რამეს დავეხეთქებოდი.

მარცხნიდან პირველი, ბედნიერი სახით, ეს მე ვარ :)

 სოფელში შესულებს პირველად ილიჩის ნათურები შემოგვეგებნენ, კულტურის მეორე ნიშანი  კი “ირას ბუტკაში” ნაყიდი პეპსი გახდა! ოთხი დღე ტყე-ღრეში ხოხიალის მერე პეპსი მარტო გამაგრილებელი სასმელი აღარაა, ეს არის სალამი 21-ე საუკუნისა, სიმბოლო ცივილიზაციისა!

პეპსაობის პროცესში ნელ-ნელა ყველა მოლაშქრე ჩამორიგდა თავ-თავის სახლში, ბოლოს მე და ჩემი მეგობარიღა მივუყვებოდით შუკას. მეგობარს დედა დახვდა, მე კი არავინ მელოდა – ჩემი სოფლის სახლი ცარიელი იყო. გასაღები სამალავიდან ამოვაძვრინე, სახლში შევედი, შუქი ავანთე, სავარძელში ჩავჯექი და ავტირდი. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვტიროდი დაღლილობის, დაბრუნების, მარტოდ ყოფნის, განცდილი შიშის, ყველაფრის გამო ერთად.

მე არ ვიცი ზუსტად, რას შვრებიან დიდი ალპინისტები სახლში დაბრუნებისას, მაგრამ ვიცი, რას შვრებიან პატარა, მოყვარული მთამძვრომები… ისინი დიდხანს, გაბმულად ტირიან.

Advertisements

7 Responses to “2648-მდე, 2648-იდან”

  1. netochka3 სექტემბერი 16, 2011 at 7:07 AM #

    მოვიწყინე…ალბათ ეს იმ ცუდი “მასპინძლის”გამოც,თვითონ ფაქტები .ძალიან საინტერესოდ გაქვს ახწერილი,მაგრამ თვითონ ლაშქრობა,რაღაც მოსაწყენი და რომანტიზმს მოკლებული გამოვიდა.შენმა ტირილმაც დამთრგგუნა.

    • kohinor სექტემბერი 16, 2011 at 10:08 AM #

      არ მინდოდა მთლად ასე გამოჩენილიყო, ძალიან ბევრი რამის აღწერა ვერ მოვახერხე, გაიწელა ისედაც უსაშველოდ პოსტი. თორემ თუ რამე ვერ იყო ისეთი, როგორც საჭიროა ეს თვითონ ტბა იყო. არ დამრჩენია საბოლოოდ ცუდი მოგონებები, პირიქით კარგად მახსენდება :) იმ მასპინძელზეც გვეცინება ახლა :)

  2. Givi G. Karchava სექტემბერი 16, 2011 at 8:02 AM #

    ოცნებად გადამექცა უკვე ტობავარჩხილის ნახვა. წელს მინდოდა ასვლა და ის კამპანია, რომელიც უნდა ასულიყო, არ შეიკრიბა. ადრე ბავშვობაში ძალიან ბევრს ვკითხულობდი მეგრულ ზღაპრებს, უფრო მეტს მიყვებოდნენ და ხშირად ვაწყდებოდი ტობავარჩხილს ამ ზღაპრებში…. უკვე ჭაღარაც შემომერია და მაინც მყარად მახსოვს.

    • kohinor სექტემბერი 16, 2011 at 10:04 AM #

      მეც მაგ ოცნებების გამოწავედი, მაგრამ ძალიან სწრაფად ავედით და სწრაფადვე ჩამოვედით, ფაქტობრივად მთელი ლაშქრობა იყო გაუჩერებელი სვლა. როცა წახვალთ, ამინდები უნდა გაითვალისწინოთ და დღეებსაც თუ დაგეგმავთ ისე, რომ შესვენება მოესწროს, იმედია, მართლა ისიამოვნებთ :)

  3. აქსიომა სექტემბერი 16, 2011 at 10:04 PM #

    შემშურდა! ძალიან მაგარია! :)

  4. kevana სექტემბერი 17, 2011 at 4:25 PM #

    ნწუუუ, კი არ უნდა იტირის, უნდა შეწვეს ლოგინში და გამოიძინოს :*

  5. Margalona სექტემბერი 28, 2011 at 3:43 PM #

    არა რა, როგორ არ უნდა ვიყო ნამყოფი აქ მეგრელი კაცი! :) გივი, შენ თუ გაუბერე მაქეთ იცოდე მეც აქა ვარ, ეშმაკმა არ შეგაცდინოს და არ დამტოვო :D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: