Archive | დეკემბერი, 2011

მზიანი შაბათები

17 დეკ

უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ფეისბუქ-ფრენდის მორიგი სტატუსი გიცვლის. იგებ, რომ იგეგმება   ყოველკვირეული ტრენინგი – “მზიანი სახლის” ხელმძღვანელობით, ფსიქოლოგისათვის ძალიან მიმზიდველი სათაურით, რომელშიც ნახსენებია “პიროვნული” და “განვითარება”. მართალია, არასდროს არაფერი გსმენია ამ უკანასკნელ მზიან სახლზე, მაგრამ გულში მაინც გაივლებ, რომ იქნებ მაინც ღირს, სცადო. გადაწყვეტ, რომ ნეტთან ღამეების თენებას და “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ცხრა-ცხრა სერიის ყოველდღიურ ხილვას მაინც აჯობებს, სხვა თუ არაფერი. ამიტომ ეწერები და ერთ ჩვეულებრივ შაბათ დღესაც დათქმული ადგილისკენ მიეშურები…

ვაღიარებ, რომ ვღელავდი, ერთი გაფიქრები ისიც ვიფიქრე გზაში, იქნებ სისულელეა ეს იდეა-მეთქი. ვყოფილვარ სხვა ტრენინგებზეც, მაგრამ ერთი ნაცნობი მაინც მეგულებოდა იქ. ამ შემთხვევაში კი ზუსტად ვიცოდი, ვირტუალურ და თანაც შორეულ ვირტუალურ ნაცნობობას თუ არ ჩავთვლით, ჩემი არც ერთი ახლობელი იქ არ იქნებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, დიდად არც მინდოდა ნაცნობების ნახვა. მგონია, რომ ისინი,  მითუმეტეს, თუ მეგობრები არიან, ასეთ სიტუაციაში  გბორკავენ. რეალურ ცხოვრებაში თქვენ უკვე ჩამოყალიბებული როლები გაქვთ, იცით, რას უნდა ელოდოთ ერთმანეთისგან, ისიც იცით, ვინ რა დროსაა წამყვანი და ვინ რა დროს დაქვემდებარებული. არ მინდოდა, ტრენინგზე უკვე განსაზღვრული როლით მივსულიყავი. ასეთ დროს ზუსტად სიახლეები და ჩემს თავში ახალი თვისებების აღმოჩენა მხიბლავს. ესეც რომ არ იყოს, არის სფეროები, რომლებზეც უცნობს უფრო გულწრფელად დაველაპარაკები, ვიდრე ოჯახის წევრს. ყველაფერი ეს სწორედ ისაა, რაც მომწონს უცნობებთან ერთად ტრენინგში მონაწილეობისას.

 

უარყოფითი კი ის აქვს, რომ, ზოგადად, ახალ ადამიანთა ჯგუფში მოხვედრილი ვიძაბები და თუ თავიდანვე ვერ შევძელი თავის წარმოჩენა, თავიდანვე არ ვენდე და საერთოდაც, თუ ჩავთვალე, რომ იქ და იმათთან არ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ამ ურთიერთობის მთელი შემდგომი პერიოდი თავს უბედურ მუდოდ მივიჩნევ. ეს როგორც ვთქვი ცუდ შემთხვევებში და რა ხდება მაშინ, როცა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს?

და-რა-რა-რამ!

დღეს ტრენინგში მონაწილეობის მეხუთე შაბათია და სახლში მობრუნებულს ახლაც სიხარულისგან მიელავს თვალები. მართლა არ ვაჭარბებ, მოვდივარ სახლში და დას და მეგობარს ყურებამდე გაღიმებული ვუყვები, რა მაგარი როლური თამაშები გვქონდა, როგორ გავითამაშეთ სცენა რეალურ და ამაღლებულ სიყვარულზე, რომ ამასწინ ვიმსჯელეთ უხერხულობაზე გაცნობის მომენტში, რომ გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც წარმატებით შევასრულე თვალებში ცქერის სავარჯიშო…

ოღონდ ეს  “მზიანი შაბათები” არაა მხოლოდ. შაბათობით სხვადასხვა თემების გარჩევა, პრობლემების და სისუსტეების განხილვა, საინტერესო ადამიანების ნახვა, რაღაც სცენების გათამაშება კარგია, ძალიან კარგიც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერი შაბათიდან მეორე შაბათამდეც სხვანაირი ხდება და იცვლება. არც იმას ვიტყვი, რომ ყველა ტრენინგულ დავალებას ზედმიწევნით ვასრულებ, რომ თუნდაც წინა კვირას მოცემული რეკომენდაციები გავითვალისწინე და თავს ვიკავებდი უხეშობისგან, ისეთი სიტყვიერი ნაგავის გამოყენებისგან როგორიც – აუ, ნუუ, ჰოდა…  და მსგავსნია.

თუმცა მგონია, რომ ამ დავალებების ზედმიწევნით შესრულება არცაა გადამწყვეტი. მაგალითად საკუთარი თავისთვის სამი კვირის წინ დასახული გეგმა, რომ ყველა შემხვედრისთვის თვალებში მეყურებინა და თან გამეღიმა, კრახით დასრულდა და არც წინა ერთი კვირა ვიქცეოდი “ბულკივით”. მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ ჩემი თვალებში ყურებადობის კოეფიციენტი 50 % -ით მაინც გაიზარდა და  თუნდაც მაშინ როცა ვუხეშობ, შიგნით პატარა სინდისიკოები დამირბიან და მანიშნებენ, რომ ეს ცუდია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, გარშემო ვინმე რამეს მატყობს თუ ვერა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შიგნიდან უკეთესი გავხდი, უკეთესი თუ არა, ცოტათი უფრო სხვანაირი მაინც…

Advertisements