გინახავს კაშხალი? თუ კი, მაშინ უკეთ მიხვდები. წარმოიდგინე, 24 წლის განმავლობაში, სადღაც შიგნით, ტვინთან თუ გულთან გრძნობების უზარმაზარი კაშხალი რომ გქონოდა. ჰოდა, გეგროვებინა და გეგროვებინა ეს შენი გრძნობები, გულმოდგინედ დაგემატებინა ერთი-მეორესთვის, მეორე მესამესთვის… მოზომილად გამოგეშვა აგრესია, მოზომილად გამოგეშვა სითბოც, იქ პატარ-პატარა სისასტიკეც და ცოტ-ცოტა სიყვარულიც გამოგერია მრავალფეროვნებისთვის და ყოფილიყავი შენთვის მშვიდად და თავშეკავებულად. მერე კი, მოულოდნელად, გამოჩენილიყო ვიღაცა, არც ეკითხა, ისე მოსდგომოდა ამ შენს კაშხალს და გამეტებით დაეწყო უროს რტყმევა. თავიდან, რასაკვირველია, არაფერიც არ გამოსვლოდა, იმიტომ რომ კაშხალი მიუდგომელი და მტკიცედ ნაშენი ყოფილიყო. მაგრამ ეს ვიღაცა მოთრეული არაფრით არ დანებებულიყო, გაეგრძელებინა, ერტყა და ერტყა. ჰა, ჰა, როგორღაც პატარა ღრიჭოც გამოეტეხა. და რომ გეგონებოდა, აი, ახლა მაინც დამანებებს თავსო, ისევ ისე თავგამეტებით გაეგრძელებინა დაგადუგი და ბრახაბრუხი. ბოლოსდაბოლოს ამ შენს ნაგებობასაც ვეღარ გაეძლო და ნალოლიავები კაშხალიც ლაწანით ჩამონგრეულიყო. ჰოდა ასე…
გამოჩნდა, მომადგა და ზღვრულ ნორმაზე იმდენად გადამეტებული სითბო გამოუშვა ჩემი მიმართულებით, მართლა რკინა-ბეტონით ნაგები უნდა ვყოფილიყავი, რომ გამეძლო. ვაღიარებ, რომ გავტყდი. სულ ნაფშხვენებად მიქცია ჩემი გულმოდგინედ დაგეგმილი და ნაგები კონსტრუქცია. გამოანგრია და მას მერე მოდის და მოხეთქავს შეკავებული სიყვარულები, შეკავებული სითბოები. მოანგრევს გარშემო ყველაფერს და აი, შენც კი, ამ ბლოგის რიგითი მკითხველი, ახლა რომ ფიქრობ მე რაღა შუაში ვარ და აქ სად მოვხვდიო, ამ ჩემი წყალდიდობის მორიგი მსხვერპლი ხარ.
ეს კაშხლის კატასტროფა რაც მოხდა, მას მერე ხან სიცილა და ხითხითა დავდივარ, მგონია, რომ ყველა მიყვარს და ეს “ყველანიც” იხსნიან ვენებს ჩემი გულისთვის, ხან პირიქით, მომაწვება მსოფლიო სევდა და ვაღვარღვარებ ცრემლებს. ვიძინებ ყურებში “ნაუშნიკგაჩრილი” და ვუსმენ სულ “ლავ სონგებს” და მსგავსს. და კიდევ, პირველად არ მრცხვენია, რომ სულაც არ ვარ იდეალური, იმიტომ რომ, თუ იდეალურად გახდომას ისევ მოვინდომებ, ხელახლა მომიწევს შენობების აგება, ოღონდ ახლა ბეტონიც კი მეტისმეტად სუსტი იქნება ამისთვის.
შენობების ვანდალურად მტვრეველმა სულ თავდაყირა დამიყენა გულდაგულ გაწერილი ცხოვრება. ჩემს გეგმებში უახლოესი ერთი წლის მანძილზე არანაირი მოწონება/გატაცება/სიყვარულის მინამსგავსი გრძნობა არ განიხილებოდა, მინიმუმ იმიტომ, რომ არ მცალია ამისთვის. მაგრამ ეს გეგმა ვისღა ახსოვს, ან ის ვის ახსოვს, სერიოზული, ჭკუადამჯდარი და მხარბეჭიანი ბიჭები რომ მომწონს ზოგადად? მოცერცეტდა ამ თავისი უროთი, კაშხალთან ერთად ყველა იდეალური მამაკაცის ხატიც მიმილეწ-მომილეწა და თვითონღა შემომრჩა… თვითონ და კაშხლის დიდი კატასტროფა.
wow:D
magari lamazi adgilia…
მიყვარს ეს ბლოგი!
საკუთარი თავი გამახსენდა, ოღონდ იმიტომ, რომ ჩემი ნაგებობა შესაშური, წარმოუდგენელი სიმტკიცით დგას და მცირე ბზარიც კი არ აქვს გაჩენილი, თან ამ ნაგებობის მეპატრონე ანუ მე გაიძახის, რომ ასე ჯობია.
ამის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე “რა კარგია, როცა ამ ნაგებობას ანგრევენ მეთქი” დიდი ხანია ეს გულშიც კი არ გამივლია.
სულ ველი, რომ რაღაცას დამიწერ ახალს. დაჩვეული ვარ შენს კომენტარებს უკვე ;))) კი, კარგია, როცა ანგრევენ, მთელი ცხოვრება გეცვლება, თითქოს ხელახლა აღმოაჩენ შენს თავს :D