10.10.2012… მდე
შემოსავლების სამსახურის აქცია და ჩეკების ისტერია რომ დაიწყო, რა დასამალია და მეც ავყევი. ლატარიის ბილეთების არასდროს მჯეროდა, მაგრამ უსასყიდლოდ რომ გაძლევენ მოგების შანსის მქონე ბარათს, ვინ სულელი იტყვის უარს? დავიწყებდი დილიდან და საღამომდე ვიტენიდი ჩეკებით, სხვა ხარა-ხურითაც მრავლად გამოტენილ ჯიბეებს. მერე დავჯდებოდი გვიან და ყავის წრუპვის პარალელურად ვიღებდი სმს-მისამძიმრებებს, წკაპ-წკაპ, “სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ”, “სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ”…
უცნაური ჰობის სახე კი ამ ყველაფერს მერე მიეცა. აი, შოთასთან პირველი კოშმარული პაემნისას, ანგარიში რომ გაასწორა და ხურდასთან ერთად ამონაბეჭდიც მოუტანეს. ჯერ ხომ შვებით ამოვისუნთქე და მერე ინსტინქტურად ჩეკსაც წავატანე ხელი, ვაიდა, მომეგო და ამითი მაინც გამემართლებინა მასთან ერთად ყავის დალევის სულელური იდეა. ამ მოშტერო ბიჭმა – მთელი ერთი საათი საპნის დამზადების ტექნოლოგიაზე საუბრით, თინეიჯერული ხუმრობებითა და მსგავსი ბრიყვობებით რომ ქანცავდა ტვინს, მოულოდნელი მახვილგონიერება გამოიჩინა.
– კი ვერ მოიგებ, მაგრამ შეგიძლია დააწერო – „ყველაზე საშინელი პაემანი“ და სახსოვრად შეინახოო, და გაიცინა, ისე უდარდელად, თავისი თეთრი კბილების ისეთი გულუხვი დემონსტრირებით და ისე თბილად, რომ მომინდა, ეს შეხვედრა უკანასკნელი სულაც არ ყოფილიყო…
10.10.2012 შემდეგ…
არ ვიცი, როგორ შველიან სხვები აუტანელი სიცარიელის შეგრძნებას, თან ეს სიცარიელე არაადეკვატურიც კია, იმიტომ რომ რეალურად შოთა არსად არ წასულა. ის არის იქ სადაც მე, სააბაზანოში – როცა კბილებს ვიხეხავ, სამზარეულოში – როცა ვჭამ, საძინებელში – როცა ვიხდი, საწოლში – როცა მძინავს. შოთას სახელი და გვარი გასდევს ყველა ჩემს ფიქრს, გასდევს როგორც კანტი, როგორც ქვეფიქრი – ფიქრში. და ამიტომ თითქოს გაუგებარიც კია, თუ ის ყოველთვის და ყველგან ჩემთან არის, თუ მე მუდამ თან დამაქვს მისი 74 კილოგრამი, მაშინ რატომ ვარ ასე ცარიელი? რატომ არ ვიცი, ნახევარ ადამიანად დარჩენილმა რა უნდა ვაკეთო და როცა ვცდილობ რაღაცის კეთებას, ეს სიხარულს არ მანიჭებს? არ მიხარია კითხვა, იმიტომ რომ არ მაქვს სურვილი და ძალა, გავიზიარო სხვისი დარდი, მითუმეტეს გამოგონილი გმირის. არ შემიძლია ვუყურო ფილმებს, იმიტომ რომ იქ ძველებურად უყვართ ერთმანეთი და რაც მთავარია უყვართ ბედნიერი დასასრულით, თუ ბედნიერი დაუსრულებლობით. არ შემიძლია ხატვა, ჩემს ანიმაციურ პერსონაჟებს ისეთი სასოწარკვეთილი სახეები აქვთ, რომ მეცოდებიან ბავშვები, რომლებმაც მომავალში ისინი უნდა ნახონ. არ შემიძლია მეგობრებთან შეხვედრა და მათი ნუგეშის მოსმენა, ისინი ხომ ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს იყო მხოლოდ ნახევარი, იყო ცალ ყურ-, ხელ- და ფეხმოკვეთილი. იყო ჩაი, წყეული ჩაი _ შაქრის გარეშე.
10.10.2012… მდე
რაც მითხრა, სწორედ ის დავაწერე იმ პირველს, და ამის შემდეგაც, წავიდოდით ერთად სადმე, ან ვიყიდდით რამეს – ამოგვიბეჭდავდნენ ჩეკს და დღიურებივით ვავსებდი უკანა მხრიდან იმ დღესთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ისტორიით:
შპს ალიონი, ჯამი: 21.70 – ვიყავით ლაშქრობაზე ბეთანიაში, გზა აგვებნა.
შპს პრიმა, ჯამი: 6.00 – ატრაქციონი, შოთას ღრიალი სცოდნია!..
შპს ლა ბელ, ჯამი: 14.30 კაფეში ვართ, წვიმს;
შპს გიორგი მანჯგალაძე, ჯამი: 9.45 – სიურპრიზს გავუკეთებ მეთქი და სახლში არ დამხვდა, ვსვამ ლუდს მარტო და მოწყენილი;
შპს მარიამი, ჯამი 3.60 -არაფერი ისეთი, ძალიან საყვარელია.
შპს გოლი, ჯამი: 45.25 – ვინ არის ლელა?
შპს ალიონი, ჯამი: 14.00- და-ძმა გამაცნო, დას მგონი მოვეწონე, ძმა მიბღვერს – ეს სულ ასეთიაო :/
შპს თბილისის ავტოსადგური, ჯამი: 20.00 -რაჭაში გაუშვეს ტრენინგზე-მენატრება;
შპს ორიონი, ჯამი: 18.80 -მთელი დღე არც მოუწერია, არც დაურეკავს;
შპს ორბი, ჯამი: 3. 60 – დააგვიანა, ჩამიდნა ნაყინი;
შპს ქეთი და მზია, ჯამი: 12.15 – ვიჩხუბეთ;
შპს კობი, ჯამი: 34.50 შოთა, შეეშვი ჩემს ჩეკებს!
და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…
იქნებ ზედმეტად რომანტიკულიც იყო ეს გატაცება, სამაგიეროდ თარიღებს არ გვავიწყებდა და კარგადაც გვართობდა. შოთამ მარკების ალბომიც მაჩუქა, თავფურცელზე მსხვილშრიფტიანი წარწერით: „ყველაზე საყვარელ ჩეკისტს“, ცოტათი ვიწროგანყოფილებიანი, მაგრამ როგორღაც ვატევდი გადაკეცილ ჩეკებსაც. რას ვიზამთ, ჩემნაირებისთვის ალბომების გამოშვებაზე არავის ეზრუნა აქამდე.
სულ, სულ პირველად რომ ვნახე შოთა, იმ პაემნამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთი ის ვიფიქრე, ეს დარტყმული ჩემთან ერთად რომ აიყვანონ სამსახურში, თავს რითი უნდა ვუშველო-მეთქი? დალაყუნებდა ანიმატორის ვაკანსიაზე გასაუბრების მომლოდინეთა შორის აწოწილი, გამხდარ-გამხდარი ბიჭი (სულაც რომ არ შეეფერებოდა მოგვიანებით ლიტერატურულ გმირად ქცევა), ყველაფერზე აღფრთოვანებას გამოთქვამდა, ყველას ეცნობოდა და სიცილით იჭაჭებოდა. იყო ერთი ცერცეტი, ჭკუამხიარული და ზედმეტად ზედაპირული აყლაყუდა. ამ დროს კი მე, სათვალიანი, სერიოზული გოგო მიდი ქვედაბოლოთი, აღელვებული ვფიქრობდი ჩემს პორტფოლიოზე და იმ შეკითხვებზე, რაც შეიძლებოდა დაესვათ. ასე ხომ არ მომეწონა, მაგრამ ოფისიდან გამოსული კაფეში მაინც გავყევი რატომღაც, სხვა თუ არაფერი, ლამაზი ცხვირ-პირი ჰქონდა, მეც გულწრფელად მშიოდა და მარტო წასვლაც მეზარებოდა.
რომ შემიყვარდა, სიტყვა „ცერცეტი“ -დაუდეგარმა შეცვალა, „ზედაპირული“ – მხიარულმა და გახსნილმა. მთავარია სწორი კუთხიდან შეხედო, თორემ ყველა მოვლენა და ობიექტი შეიძლება ლამაზი ჩანდეს. ამ კუთხეებს კი ისე ოსტატურად არაფერი გარჩევინებს, როგორც სიყვარული. სხვები რომ სიყვარულით დაბრმავებას ეძახდნენ ამას, ძალიან მწყინდა, რა ჯობდა, აბა? ისევ ჩემი მიუკარებლისა და ამქვეყნიურ ამაოებაზე მაღლა მდგომის ჯავშნით მემოძრავა და მაღალი სტანდარტებისადმი შესაბამისობა მომეთხოვა ყველასთვის? სისულელეა ეგ თქვენი მაღალი სტანდარტები! სიყვარულისთვის ერთადერთი რამაა საჭირო, შენს რჩეულთან ისე ბედნიერად უნდა გრძნობდე თავს, როგორც სხვა არავისთან. ამ ერთადერთ მოთხოვნას კი შოთა 100 %-ით ერგება. იმიტომ, რომ შოთა თვითონაა ჩემი 186 სანტიმეტრში ჩატეული ბედნიერება, იმიტომ რომ, შოთა და მე იანი და ინი ვართ, ანი და ჰოე… ყველი და პური, კოკა-კოლა და ჰამბურგერი, ჩაი და შაქარი.
10.10.2012 შემდეგ…
ნეტავ სად არის მეხსიერების ზღვარი, ის უკანასკნელი წვეთი, რომლის შემდეგაც ტვინი უარს აცხადებს იმეოროს და იმეოროს დეტალები იმ ადამიანთან შენი შეხვედრებიდან, რომელიც ასე გიყვარდა? მე ვებღაუჭები ამ მოგონებებს, მემეორებინება თავისთავად და ვიმეორებ ძალდატანებითაც, ვიმეორებ როგორც გაკვეთილებს, როგორც საგამოცდო საკითხებს, როგორც სავალდებულო ისტორიულ ცნობებს… იმისთვის, რომ ხატებად და ფერებად თუ არა, საგულდაგულოდ დამახსოვრებულ სიტყვებად მაინც შევინახო მეხსიერებაში. ჩემს თავს ყოველდღიურად ვახსენებ, რომ იმ დღეს შოთას უჯრულა პერანგი ეცვა, სხვა დღეს ლურჯი მაისური, ვიმეორებ, რა ვჭამეთ და სად იდგა, ვიმეორებ როდის რა მითხრა, როდის მოიწყინა, რაზე გამიბრაზდა… აღვიდგენ მის ჟესტებს და ლაპარაკის მანერას და ძალიან მწყდება გული, როცა რამეს ბოლომდე ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ მეშინია. მოგონებებში იცრიცება ფერები და ადგილები, იცრიცება შეგრძნებები და ერთხელაც, როცა გავიხსენებ როგორ მეხვეოდა, იმ ყოვლისმომცველი ჟრუანტელის ნაცვლად, ამაზე ფიქრს ყოველთვის თან რომ სდევს, მეშინია, რომ უკვე ვეღარაფერს ვიგრძნობ.
10.10.2012
ამ დღეზე ალბათ ბევრი უნდა მეწერა, დამეწყო თავიდან და აღმეწერა როგორი შესანიშნავი დილა გათენდა ათ ოქტომბერს, როგორ ვისაუზმეთ ყავით და ფუნთუშებით მე და შოთამ, როგორ უხდებოდა მას ზოლიანი მაისური და რომ რასაკვირველია, ბევრს ვიცინოდით, თუმცა ამ მხიარულებას თითქოს რაღაც ბუნდოვანი გრძნობაც ჩრდილავდა. მომეყოლა, რომ ბევრი ვისეირნეთ და ირგვლივ ყველა და ყველაფერი ბედნიერებას ასხივებდა, რომ შოთა ჩვეულებრივიც იყო, მაგრამ ამავდროულად თითქოს არაჩვეულებრივიც, რომ სხვანაირად იღიმებოდა, თითოეულ მის სიტყვას უბედურების დაღი ესვა და მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა კი მგონია, რომ გული რაღაცას უგრძნობდა…
მაგრამ არ დავწერ ამას, იმიტომ რომ სრული სისულელეა. რაღას არ დავწერ, უკვე დავწერე, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ უაზრობაა ადამიანის სიცოცხლის ბოლო დღის ყველა დეტალში განსაკუთრებული დატვირთვა ეძიო, მისი ქცევები კი შარავანდედით მოსო. რა აზრი აქვს იმის განხილვას, როგორ და რას უგრძნობდა გული? დავიფიცებ, რომ არაფერსაც არ უგრძნობდა! ბოლო თხუთმეტი წუთი ისეთი მიწიერი თემის განხილვას შევალიეთ, როგორიც ჩემი აივნის მორყეული მოაჯირის შეკეთების აუცილებლობა იყო. რომელ წინასასიკვდილო განცდაზეა ლაპარაკი? ნუ მაცინებთ.
შემოდგომის რიგითი დღე იყო, აქამდეც რომ მრავლად ყოფილა ისეთი. გამორჩეული არც იმაში ჩანდა რამე, ქუჩაში მოსეირნეებმა გზის მეორე მხარეს სათამაშოების მაღაზია რომ შევნიშნეთ და ვიფიქრე, იქნებ იქ მაინც აღმოგვეჩინა ტვისტერის სათამაშო, ამდენი ხანი უიმედოდ რომ ვეძებდით. შოთამ სწრაფად გადაირბინა, ათ წუთში კი ბედნიერსახიანი და ფერადპარკჩაბღუჯული გამოიწოწა მაღაზიიდან და ისევ გამოიქცა. გამოიქცა, ოღონდ ჩემამდე აღარ მოსულა.
10.10.2012 შემდეგ…
შოთას სისხლმიმხმარ ჯინსში ჩაკუჭული ჩეკი ორი კვირის მერე აღმოვაჩინე, ყავისფრად დალაქავებული, საბედისწერო თარიღიანი და ასე უსირცხვილოდ პრაგმატული…
შპს ინდიგო
ს/ნ: 404865760
მოლარე 01,
განყოფილება 01… 50.00A
ჯამი: 50.00,
ნაღდი 50.00…
025691… 10.10.2012… 14.48…
DY00065300… FM00065626
და შუაშიც შავად გმადლობთ! ჯერ ტანში გამცრა და ისე ძნელი გახდა სუნთქვა, მიჭერდა ყელში, მიჭერდა მკერდთან, კეფაში კი ჩაქუჩივით – დაგ, დაგ, დაგ! მინდოდა გადამეგდო, მაგრამ ვერ შეველიე… გადმოვაბრუნე და დავაპირე დამეწერა. ოღონდ რა? რა შეიძლება დამეწერა? იქნებ ის დამეწერა, როგორ მენატრება? ან დამეწერა – როგორ მიყვარს? ან დამეწერა – რომ მესიზმრება, ოფლში გახვითქული ვიღვიძებ, ხელით ვამოწმებ გვერდით ბალიშს და ის კი ისე ცივია, უსაშველოდ ცივი და ცარიელი. ან დამეწერა, რომ ქუჩაში ვხედავ შორიდან, ვხედავ მის მაისურებს, ვხედავ ჩანთებს, რომელიც მისას ჰგავს, მის თმებს და ვარცხნილობას სხვებს რომ უსინდისოდ მოურგიათ. დამეწერა, როგორ ვგრძნობ შუა გზაში გაჩერებული ქარის მიერ მოტანილ მის სურნელს. ან იქნებ ის დამეწერა, რომ ღამით სმს-ის ხმა მაღვიძებს და მობილურს გაშმაგებული ვეტანები, იქ კი არაფერია, საერთოდ არაფერი. იქნებ ის დამეწერა, რომ ვნანობ, რომ შემიყვარდა, მერე კი ვნანობ, რომ ასე ვიფიქრე. ან იქნებ ის დამეწერა…
არ ვიცი, რა შეიძლება დავაწერო, ეს მართკუთხედი ნაგლეჯი ისე პატარაა, დასაწერი კი იმდენი. ამიტომ, ვკეცავ და ასევე ვინახავ, ცარიელს. ბოლო ჩეკს ალბომში, პირველ უწარწერო ჩეკს ექვსი თვის განმავლობაში.
OMG :(((
სულ ბოლოს მივხვდი, რომ 10.10.12 ჯერ არ დამდგარა…
ზუსტად მაგაზე გავთვალე, ჯერ რომ არ დამდგარა 10.10.2012 ;) თან ჩეკების აქციიდან 6 თვე ხომ უნდა ყოფილიყო გასული, ჯერ მარტო 3-ია :)
Good one. მაგარი იდეაა ჩეკებზე წარწერები. ნაწერიც კარგია. :)
თევზობაა :)
თევზობა კარგია ხო? :დდ
^_^ <3 მადლობა :)))
ძალიან კარგი, ემოციური ჩანაწერია ♥
momewona:)
სანამ კომენტარი არ ვნახე 10/10/12 ჯერ არ დამდგარაო, არ დავკვირვებივარ, მართალი მეგონა.:/
უფ, ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი.
არ დადგე ცუდ ხასიათზე, რაც კარგი წერია მაგ პოსტში, ეგაა ნამდვილი ;)
გენიალური პოსტია! ყოველთვის კარგად წერდი, წერ და 100% დარწმუნებული ვარ რომ ასეც დაწერ მომავალში :*
ჩემი რაღაც შევნიშნე ამ პოსტში – მეხსიერება… მე მაქვს გართულება მეხსიერებაზე :) ვინახავ ბარათებს, კინოთეატრის ბილეთებს, ქვითრებს, ვავასებ დღიურებს, ვინახავ სკოლის რვეულებს, იმიტომ რომ როცა დავხედავ, ბუნდოვნად მაინც გამახსენდეს ის ემოცია, შთაბეჭდილება, თუნდაც წამიერი რომ იყო.. ამიტომ მიყვარს სურათების გადაღება ან თვალიერება, კადრების, წამების დაჭერა… გიჟი ხარო, მაგრამ გაუშვი ვიყო გიჟი, ოღონდ ჯერ ნორმალური დამანახეთ :)
მე განსაკუთრებით ნაწერებს ვინახავ, ყველასას, ყველა დროისას :) წინად ნამდვილი მენაგვე ვიყავი, ახლა გამიარა :დ და კიდევ დიდი მადლობა ^_^
kide kargi ar iyio realoba, dzalian ganvicade
ადო
Teko Mevlupishvili
გმადლობები :)))
ჭინკა
tami
არც რეალობაა, მაგრამ არც ბოლომდე მოგონილი, თუმცა ეს მაააგარი ქათინაურია, თუ რეალობა გეგონათ :)
გვეგონა? ://// გული მქონდა მანამ აჩქარებული სანამ არ გავიაზრე რომ 10.10.2012 ჯერ არ დამდგარა :////
ეს თარიღი უნდა გადავაკეთო რა, მალე ვიყიდები და მთელი ეფექტი იკარგება :)))
რას ამბობ რომ არ მცოდნოდა რომ მოგონილია დეპრესია დამეწყებოდა ://///
ერთი შოთა რა გახდა? ერთი შოთა იქით, ერთი შოთა აქეთ :დ. :შავი იუმორი:
ამ გმირის პროტოტიპი კი ჯან-ღონით სავსე და ისევ ისეთი ხითხითაა, არ იდარდო :* უბრალოდ ჩემთან არ არის :))))
იშვიათად წერ და ლამის სული მხდება ხოლმე ლოდინისგან, ერთი პირობა ვფიქრობ აღარ დაწერს მეთქი და მერე ბრახ, რაღაც ახალი და “ლოდინად ღირდა”…
ძალიან მაგარია, ზედა კომენტარებს რაღა უნდა დავამატო :)
ამ პოსტის კომენტარები უნდა ამოვბეჭდო და სადმე გავიკრა, ისეთ კარგობებს მეუბნებით :*** მადლობა, რომ მკითხულობ და რომ მოგწონს <3
მე არ ვთამაშობ…რატომ უნდა გამიცრუვდეს იმედი მილიონსამასიათასჯერ?! :))
ნე ვინოვატა ია! :დ
ალბათ შენი მუდმივი მკითხველი უნდა იყოს ადამიანი, რომ იცოდეს, შენი წერის სტილი ასეთია – ნამდვილი დამაჯერებელი..
და სწორედ ამიტომ კითხვისას სადღაც შუაში უკვე მიხვდება, რომ ეს რეალობა სულაც არაა :)))
ეს უბრალოდ შენი სტილია – ჩემთვის ასე ძალიან საყვარელი…
პ.ს. არადა, ერთი კი ვიფიქრე რა კარგია თინათინს თავისი ’’ავთანდილი’’ უპოვიათქო :დ :დ
თინათინს ეგონა, რომ იპოვნა, ოღონდ “ავთანდილს” არ ეგონა იგივე! :დდდ მადლობა ჩემს მუდმივ მკითხველს შენი სახით :*
ძალიან, ძალიან კარგი პოსტია. <3 ძალაინ მომეწონა და რაღაცებში ჩემი თავიც ამოვიცანი
მადლობა დიდი, დიდი :)))