მე და რელიგია

7 ოქტ

(დიდხანს ვიფიქრე, დამედო თუ არა და გადავწყვიტე, რომ უნდა დამედო)

(ბავშვობა)

11 წლის ვიქნებოდი მაშინ, რელიგიის მასწავლებელი რომ ჯოჯოხეთის საშინელებებზე და იმ ცოდვილ ადამიანებზე გვესაუბრა, იქ რომ უნდა მოხვედრილიყვნენ. დიდხანს ვფიქრობდი და ძლივს გავუბედე კითხვა, ის კეთილი და კარგი ადამიანები სად მიდიან, რომელთაც ღმერთის არ სწამთ-მეთქი? შემომხედა და ხაზგასმული დარწმუნებულობით მითხრა, ასეთი ადამიანი კეთილი და კარგი ვერ იქნებაო. მახსოვს, ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. მასწავლებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი სიტყვები სანდოდ მეჩვენებოდა, მაგრამ მე ხომ მყავდა და, რომელსაც არ სწამდა ღმერთის. მისი ნათქვამით კი გამოდიოდა, რომ  არც კარგი ადამიანი არ იყო და თან ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის იყო განწირული. სახლში დაბრუნებული ირიბი კითხვებით ვცდილობდი გამომეტეხა ჩემი და, სწამდა თუ არა ოდესმე ღმერთის, ან თუ ჰქონდა შემორჩენილი პატარა ეჭვი მაინც, რომ ის არსებობდა? უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, იქნებ კიდევ აქვს შანსი-მეთქი…

Image

ჯერ სკოლაშიც არ ვსწავლობდი. მახსოვს, როგორ მოგვივიდა ოჯახში სტუმრად ახლობელი, მე კი საძინებელში გამისტუმრეს. იქიდან მესმოდა ტირილით რომ უყვებოდა დედაჩემს საკუთარ დედაზე, მკერდის კიბოთი რომ ეღუპებოდა. პატარა ვიყავი და მართლმადიდებლური ხატების იკონოგრაფიაზე არაფერი მსმენოდა. უბრალოდ ის ვიცოდი, რომ და ვინჩის ოქროსფერჩარჩოიანი  ნახატი კედელზე ღვთისმშობელსა და იესოს გამოსახავდა. ამიტომ საწოლზე ავძვერი და მადონას მუხლებზე დაჩოქილმა, მთელი გულით ვთხოვე დახმარება იმ ქალის გადასარჩენად, თვალითაც რომ არ მენახა. არ იყო ამ სიტყვებში არცერთი დაწერილი ლოცვის სიტყვები, ისე ვთხოვე, ბავშვურად და გულუბრყვილოდ. როგორც იმ ადამიანს ვთხოვდი, რომელიც ჩემზე დიდი და ძლიერი იყო და ამიტომ ჩემზე გაცილებით მეტი შეეძლო.

***

ბავშვობაში ჩემი ღმერთი რუსული, დასურათებული ბიბლიის ღმერთი იყო. რუსულად კითხვა არ ვიცოდი (საერთოდაც არც ერთ ენაზე არ ვიცოდი კითხვა), მაგრამ ხატვა მიყვარდა და საათობით ვათვალიერებდი ბიბლიის გვერდებზე კაროლსფელდის შავ-თეთრ გრავიურებს. ახლაც კი როცა ღმერთს ახსენებენ, ხშირად ის ლამაზი მოხუცი წარმომიდგება ღრუბლების ფონზე; ნაოჭებასხმული გრძელი კვართით, დატალღული ჭაღარა თმა-წვერითა და მშვიდი სახით.

Image

(მოზარდობა)

ათეისტებთან უაზრო კამათში მოზარდობისას ბევრჯერ ჩავრთულვარ, ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხელშესახებ ფაქტებს ითხოვდნენ, რწმენა კი არ არის ასეთ ფაქტებზე დამყარებული. მათი არგუმენტების გასაბათილებელი განათლება არ მქონდა, საბავშვო ბიბლიით შორს ვერ წავიდოდი, ამიტომ ხშირად დამარცხებულად ვგრძნობდი თავს.

რადგან შინდისფერყდიან, უზარმაზარ ბიბლიასთან შეჭიდება ასე მიჭირდა, ღმერთთან დასაახლოვებლად უფრო მარტივ გზად მარხვა მეჩვენა. ოღონდ ღირსეული მოძღვრის არჩევა რთულად გადასაწყვეტი საკითხი იყო ჩემთვის, ბევრ ძიებას რომ მოითხოვს ისეთი და სამომავლოდ გადავდე. ისე ვმარხულობდი, ჩემთვის, ჩუმად. არავისთვის გამიმხელია, რომ მარხვაზე ვიყავი, ამიტომ პატარა ტყუილების თქმაც მიწევდა და როცა შოკოლადს მთავაზობდნენ, – არ მინდა-მეთქი, ვუარობდი. ამ მარხვისას სულ სიამაყის განცდა მახლდა თან, თითქოს რაღაც გამორჩეულსა და მნიშვნელოვანს ვაკეთებდი.

***

იყო ასეთი უხერხული მომენტებიც, სამხატვრო სასწავლებლიდან გამოსულები სადმე ეკლესიას რომ ჩავუვლიდით, ჩემი მეგობრები პირჯვარს იწერდნენ. მე კი ვთვლიდი, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გადაიწერო პირჯვარი, როცა ეკლესია გეძახის. მართლა აქვს ზოგ ტაძარს ასეთი ძალა, მაგალითად მცხეთის ჯვარს. დაგყურებს ზემოდან ზვიადად, მთას შერწყმული სასწაულივით და ამ თავისი ძალით „გაიძულებს“ პირჯვარი გამოისახო. ასეთი პირჯვრის მწამდა, მაგრამ ჯგუფელების მიბაძვით მაინც ვისახავდი პირჯვარს სხვა ეკლესიებთანაც. ოღონდ სინდისი მქენჯნიდა, მექანიკური იყო ეს ყველაფერი და არაგულწრფელი. ამიტომ ცოტა ხანში მივატოვე. მახსოვს როგორ იჭვნეულად გადმომხედავდნენ ხოლმე, როცა მათი პირჯვრის გადაწერის ცერემონიალს უძრავად შევყურებდი, მეშინოდა, რომ ამის გამო შეიძლება ისე აღარ ვყვარებოდი, როგორც უწინ.

Image

(ახალგაზრდობა)

თორნიკე გაცნობიდან ერთ კვირაში შემიყვარდა. არასდროს არ მენახა ასეთი მომხიბვლელი, თბილი, მხიარული ადამიანი. ისეთი, ყველას რომ ადვილად უყვარდება, ყოველთვის შეუძლია გაგაცინოს და ოცდახუთი წლისაც კი ბავშვივით გულახდილი და სუფთაა. დიდხანს მიყვარდა, დიდხანს და უიმედოდ, მარტო მეგობრობას ვიღებდი სანაცვლოდ და ისეთ დღეში ჩავვარდი, თავადვე ავუხსენი სიყვარული და ვთხოვე აღარასდროს შემხმიანებოდა, იმიტომ რომ ძალიან მტანჯავდა ეს უმომავლო ურთიერთობა.

მერეღა, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად გავიგე, რომ თორნიკე იმ აღმსარებლობისა იყო, ასე რომ არ უყვართ საქართველოში. თურმე ჩვენი საკმაოდ ახლო მეგობრობის პერიოდში მუდმივად მალავდა ამას, მალავდა ყველა ხერხით.  თავიდან ძალიან მძაფრად აღვიქვი ეს სიახლე. „ოღონდ ეს არა!“ – მიტრიალებდა თავში. გამიჭირდა მაშინვე შეგუება, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხანი მოვუნდი ამ ამბის გადახარშვას. ცნობის დონეზე კი შემომრჩა, მაგრამ ამ ინფორმაციას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს განცდებთან, ეს მრწამსი ხომ იმ ადამიანისა იყო, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სიყვარულმა გამიარა, ამ მოულოდნელ აღმოჩენას მერეც არაფერი შეუცვლია მის მიმართ დამოკიდებულებაში. თორნიკე დღემდე განსაკუთრებულ ადამიანად რჩება ჩემს ნაცნობებში, ყველასთან მხიარულება რომ მოაქვს ისეთად.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. პირველად დავფიქრდი, რომ გარკვეული მიზეზების გამო მოძულებული მრწამსის მქონე ადამიანები არ შეიძლება ამ მრწამსის გამო ერთნაირებად მიიჩნიო და მათი დანახვისას მხოლოდ ეს ერთადერთი იარლიყი გახსენდებოდეს. კათოლიკე, მუსლიმი, ბაპტისტი, იეჰოვას მოწმე, ათეისტი… ეს სამედიცინო დიაგნოზი არაა.

კიდევ იმასაც მივხვდი, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი რწმენის დამალვა უწევს, ვერასდროს იქნება ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი და ამ შემთხვევაში პრობლემა მასში კი არა, ჩვენშია. იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი დამოკიდებულების გამო აიძულებს, დამალოს საკუთარი არცთუ ისე პოპულარული აღმსარებლობა. იმიტომ რომ არ გაირიყოს, იმიტომ რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეს და იმიტომ, რომ ისე არ დაუწყონ ყურება, როგორც უცხოს.

Image

* * *

არ მახსოვს, როდის მოხდა ეს, მართლა არ მახსოვს. უბრალოდ ერთ დღეს ღმერთმა ჩემთვის  არსებობა შეწყვიტა. თეთრწვერა, ყოვლისშემძლე მოხუცი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. მხოლოდ შესისხლხორცებული ჩვეულებები დამიტოვა, – ხატებისადმი მოწიწება,  შობისა და აღდგომის აღნიშვნა, შეძახილი „ქრისტე აღსდგა“  თვითონ კი სადღაც მითოსის სამყაროში გადაინაცვალა ზევსის, პოსეიდონისა და ჰადესის გვერდით, თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით, ეშმაკითა და ანგელოზებით. ისტორიული ფაქტებისა მჯეროდა, ოღონდ სანახევროდ. ქრისტე ნამდვილად უნდა არსებულიყო, მაგრამ მთლად ისეთიც არ უნდა ყოფილიყო, როგორსაც ბიბლია აღწერდა.

images

მაგრამ მე ახლაც მეშინია ამის გამხელის, მეშინია იმიტომ, რატომაც პირჯვრის გადაუწერლობისას მეშინოდა,  მეშინია იმიტომ, რატომაც შემეშინდა 11 წლისას, როცა გავიგე, რომ ურწმუნოები არ შეიძლება იყვნენ კეთილები. ვაითუ ბევრი ფიქრობს ასე, ვაითუ ის ფაქტი, რომ მე ღმერთის არ მწამს, შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ ადამიანებმა აღარ მიმიჩნიონ თავისიანად. დამიწესონ ლიმიტები და საზღვრები, რომლის იქითაც ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია გამოთქვას აზრი, ჩაერთოს რელიგიურ საკითხებზე კამათში და ისაუბროს სიკეთეზე

***

14 წლით უკან რომ დავბრუნდე, ჩემს მასწავლებელს ვეტყოდი, რომ ცდება. რომ მისმა ღმერთმა უმნიშვნელოვანესი ღირებულება დაგვიტოვა – არჩევანის თავისუფლება. რომ ერთი სახის არჩევანი ავტომატურად არ გულისხმობს სხვა არჩევნების კომპლექტს. რომ ის, რომ ადამიანი ათეისტია, არ ნიშნავს მანკიერი თვისებების ნაკრების ფლობას. ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. რადგან ადამიანობა არ იზომება ერთადერთი საზომი ერთეულით, რომელსაც რწმენა ჰქვია.

ვეტყოდი, რომ ადამიანები მრავალფეროვანნი და განსხვავებულები არიან, რომ არსებობს უამრავი ღმერთი, რელიგია და მრწამსი და თითოეული მათგანის მიმდევრებში იყვნენ გმირები, ქველმოქმედები, სამშობლოსთვის შეწირულები… უბრალოდ კარგი მამები და დედები, ღირსეული მეგობრები და ერთგული მეუღლეები… რომ ღმერთი, თუ ის არსებობს, ასეთ ადამიანებს თვლის მისი მცნებების ერთგულად. რომ მართლმადიდებლური წესით მონათვლა სულაც არ არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისა და ნათლისაკენ. იმასაც ვეტყოდი,  რომ შოკოლადის ჭამა-არჭამა სინამდვილეში არაფერს წყვეტს და რელიგია არ დაიყვანება ასეთ წვრილმანებზე. ღმერთი (თუ ის არსებობს) გაცილებით დიდი უნდა იყოს, ამ დეტალებზე ამაღლებული. რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულის უნარი უნდა იყოს, როგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი და რას აკეთებენ ამ სიყვარულის ძალით.

kindness-480

მე ასეთი ადამიანების მჯერა, სხვადასხვა რელიგიისა და მრწამსის მიმდევრების, განსხვავებულების, ფერადების, იმათი, ვისთვისაც სიყვარული, თავისუფლება და სიკეთე ცარიელი სიტყვები არაა. ვინც ამისთვის შრომობს, იღვწის და იბრძვის და თუ ოდესმე ისევ ვიწამებ, მხოლოდ მათ საერთო ღმერთს. რადგან ის იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მე ასეთი ღმერთის მინდა მჯეროდეს.

Advertisements

7 Responses to “მე და რელიგია”

  1. tamar ოქტომბერი 7, 2013 at 7:02 PM #

    თიკო, ძალიან სულშიჩამოწვდომი სტატიაა. სამწუხაროდ, რელიგია, როგორც ფილოსოფია რელიგიის პრაქტიკისგან შორს დგას. ჩვენში ამისი მიზეზი თეოლოგიური განათებლის ინსტიტუტების ობსკურანტიზმის კერებად ჩამოყალიებებაა. ნეტავი ავგუსტინე საფლავში ტრიალებს ალბათ ამდენი უმეცარი რომ ქადაგებს ჭეშმარიტებას. გამოსავალი ფართო მასებისთვის არა მგონია, იყოს. ბევრი მიზეზის გამო. თუმცა, ვისაც ხარისხიანი განათლება აქვს მიღებული, მათთვის არსებობს თეოლოგია და მისი თანამედროვე მიმართულებები.

    • kohinor ოქტომბერი 9, 2013 at 8:20 PM #

      ეს წინათაც მითხარით მახსოვს, არ მიფიქრია იქამდე, რომ მართლა სხვადასხვა რაღაცაა ფილოსოფია და პრაქტიკაში რაც გვაქვს ის. :)

  2. გორგასალი ოქტომბერი 9, 2013 at 6:03 PM #

    ადამიანო… ადამიანო… ადამოანო… გირჩევ ერთხელ დაელაპარაკო არა ჩვეულებრივ მღვდელს, ბერს ან მონაზონს, არამედ მეტად განათლებულ მოძღვარს მართმადიდებლობაში. დაელაპარაკო და შენი ფიქრები გაუზიარო. მიიღებ პასუხს… გთხოვ დამიჯერე

    • kohinor ოქტომბერი 9, 2013 at 8:18 PM #

      განათლებული მოძღვარი მართლმადიდებლობაში მე არავინ ვიცი, ეჭვი არ მეპარება რომ სადმე არსებობს, მაგრამ მე არ გადავყრივარ. ვინმე უბრალოს რომ დაველაპარაკო, იქნებ შემაჩვენოს ან რამე გამომიქანოს თავში, რა ვიცი. არ ღირს გარისკვა :)))

      • გორგასალი ოქტომბერი 9, 2013 at 8:25 PM #

        ცუდი წარმოდგენა დაგრჩენია და ძალიან ცუდია. ჩემი მოძღვარი საერთოდ სატანისტ ბავშვებთან მიდიოდა და ისინი გამოასწორა. უბრალოდ შენც უნდა მოინდომო მისვლა ღმერთთან. მღვდელს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია სულით და გულით გინდოდეს ღმერთთან მისვლა. შენ კარგად აღწერ გულით სურვილის მნიშვნელობას და არ უნდა შეგეშალოს სწორედ შენ თავში ის რომ თავად მოინდომო და ღმერთი შეუშვა შენ გულში

  3. გორგასალი ოქტომბერი 9, 2013 at 6:07 PM #

    ხო კიდევ იმ მასწავლებელმა თვითონ არ იცოდა რელიგია და მასწავლებლად ვინ დანიშნა :3

  4. ialo ივნისი 12, 2014 at 8:42 PM #

    მამა თეოდორე გიგნაძე საკმაოდ განათლებული მოძღვარია ასევე მამა ილია ვაშაკიძე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: