Archive | ფსიქე RSS feed for this section

ფსიქოლოგის ფსიქოლოგია

31 ოქტ

… ვიმყოფებოდი ჩვეულ შემოვლაზე ინტერნეტში (აქ თარიღი)… და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სტატიას „ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგებზე“. სტატიაში ის პროფესიულ-ტიპიური თვისებები და მახასიათებლები მიმოიხილება, რომლებიც ავტორის თქმით, ფსიქოლოგების უმეტესობას ახასიათებს. ნაშრომი უფრო უარყოფითზეა აქცენტირებული, ასე ვთქვათ, „პროფესიული დეფორმაციის“ ნიშნებზე. ბევრი რამ საკუთარი თავიდან, ბევრიც ნაცნობებიდან გამომდინარე მეცნო…

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გულღია და გულწრფელი ურთიერთობისკენ აქეზებენ კლიენტებს „თავად ფსიქოლოგების უმეტესობა – შინაგანად შებოჭილი, დაურწმუნებელი, გულჩათხრობილია სოციალური კონტაქტისას და იძულებულია ურთიერთობის მანიპულატორულ სტილს მიმართოს.“ სამაგიეროდ, საკუთარი პროფესიის აღმატებულობის განცდა პროფესიული სნობიზმშიც კი გადა(გვ)დის თურმე: „მას (ფსიქოლოგს) არ შეუძლია იმ აზრის დაშვებაც კი, რომ ფსიქოლოგია, რომელიც თავად ისე აინტერესებს, რომ მზად არის ცხოვრებაც მიუძღვნას, სხვა ადამიანისათვის შესაძლოა არათუ უინტერესო, მოსაწყენიც კი იყოს.“ ამ ციტატამ ერთი შემთხვევა მომაგონა. ერთხელ ნათესავთან დავრჩი, მე „სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის“ სემინარისთვის ვემზადებოდი, ის კი სკაიპში თუ „ოდნოებში“ ჩათაობდა… უცებ სახელმძღვანელოში „პირდაპირ საოცარი“ ფსიქოლოგიური ნიუანსი აღმოვაჩინე, სასწრაფოდ შევაწყვეტინე საქმიანობა და ვაიძულე ჩემთვის მოესმინა… სანაცვლოდ უგემური შორისდებულების მეტი ვერაფერი მივიღე, აღფრთოვანების მაგივრად თავი შეაბრუნა და ისევ ჩათაობა განაგრძო. იარლიყი წამიერად ავაკარი: იდიოტი!

ცალკე პუნქტი ეძღვნებოდა დაუოკებელ მისწრაფებას ყოველივე არსებულის ფსიქოლოგიური ანალიზისა და პრობლემატიზაციისკენ. „გარკვეული ხნის შემდეგ ფსიქოლოგი იმ დეტექტივს ემსგავსება, რომელიც მძიმე დანაშაულს იძიებს. როგორც გამომძიებელი, მუდმივად დამნაშავეებთან ურთიერთობის გავლენით, იწყებს ეჭვის მიტანას ყველა გარშემომყოფზე, ფსიქოლოგიც, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, იწყებს პრობლემების გამოვლენას ყველგან – მეგობრებთან, ახლობლებთან, შემთხვევით თანამგზავრებთან, გამყიდველებთან და ა.შ. შესაძლოა, პროფესიული ურთიერთობის ფსიქოტექნიკამ – „ფსიქოთერაპევტი-კლიენტი“ დაჩრდილოს და დროთა განმავლობაში გამოდევნოს სხვა ჩვეული, მარტივი, „ნორმალური“ და ცოცხალი ადამიანური ურთიერთობის ფორმები.“ ამავე დროს ფსიქოლოგი ხშირად ცდილობს გადმოიტანოს პროფესიული ჩვევები და ცოდნა პირად ცხოვრებაში, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობისას. ეს მისწრაფება ვლინდება ერთგვარი „ფსიქოლოგიური ინტოქსიკაციის“ სახით – ფსიქოლოგის მოთხოვნილებაში დაუსვას დიაგნოზი ყველას (საკუთარ თავსაც კი).

დეფორმაციის კიდევ ერთი ნიშანია ყოველგვარი ქცევის ნეიტრალური, შეფასებისგან თავისუფალი აღქმა. „ბევრ ფსიქოთერაპევტულ ჯგუფში არსებობს წესი, რომელიც ითხოვს მონაწილეთაგან იყვნენ უპირობოდ მიმღებლები და თავი შეიკავონ სხვა ადამიანების ქცევების შეფასებისაგან… თანდათან, საკუთარი თავისგან შეუმჩნევლად შეიძლება ფსიქოლოგმა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ვეღარ გააცნობიეროს, როგორი საქციელის მიღება შეუძლია და როგორის – არა, სად უნდა გამოიჩინოს მოთმინება და სად, პირიქით, პრინციპულობა, რისხვა და გაღიზიანება. ხდება ფსიქოლოგის ინდივიდუალიზმის ერთგვარი “გადარეცხვა”.“ ვერ ვიტყვი რომ ამ დებულებას სრულად შევესაბამები, მაგრამ ზოგჯერ, როცა ადამიანის საშინელი ქცევის შესახებ ვიგებ, გაკრიტიკებას კი არ ვიწყებ, ქცევის გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზის ძიების ხიბლში ვვარდები და ფრაზა – ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის, სულ უფრო და უფრო ორგანული ხდება ჩემთვის.

და კიდევ ერთიც: საკუთარი პროფესიის გამო სიამაყე და ფსიქოლოგიური ეგოცენტრიზმი, რომელიც ფაქტების და მოვლენების ჭარბ ფსიქოლოგიზებაში ვლინდება. ფსიქოლოგი ხედავს და აღიქვამს მოვლენებს მხოლოდ ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის პრიზმაში. ავტორის თქმით, ის ემსგავსება ბრძენს იგავიდან, რომელსაც სპილოს კუდი ეჭირა ხელში და მხოლოდ ამ კუდით ცდილობდა შეეცნო: რას წარმოადგენს სპილო. არსებული მოვლენებისა და ფაქტების მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარის გამოყოფით, ფსიქოლოგი მიამიტად ვარაუდობს, რომ აკვირდება და წვდება ცხოვრებას, მის სიღრმისეულ და მთლიან გამოხატულებას. მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი არა ფსიქოლოგიურ, არამედ იურიდიულ, ეკონომიკურ, რელიგიურ და ა.შ სფეროებთან დაკავშირებული ფაქტორი იყოს.

ამ სტატიამ მართლაც მოახდინა ჩემზე მნიშვნელოვანი გავლენა, მაგრამ რადგან საწყისი აღფრთოვანება უკვე მიმინელდა, შემიძლია გარკვეული კრიტიკული დასკვნებიც გამოვიტანო, კერძოდ: ზემოთ აღნიშნული, მოვლენების ჭარბი ფსიქოლოგიზებისაკენ მიდრეკილება თავად ამ სტატიაზეც ხომ არ აღიბეჭდა? ყოველგვარი პროფესია (და არამარტო ფსიქოლოგიური) ცვლის გარესამყაროს აღქმის სქემას, უბრალოდ გამოვლენის ხერხებია განსხვავებული და არათვალსაჩინო: ფილოლოგებს „ პროფესიული დეფორმაცია“ არასწორი გრამატიკული კონსტრუქციების მტკივნეულად აღქმაში უვლინდებათ, და ეს ვრცელდება როგორც ოჯახში, ისე მის გარეთ, იურისტები კანონების მიმართ ავლენენ ნარკოდამოკიდებულებას, ჟურნალისტებს ყველგან სტატიები ელანდებათ… და იქნებ სულაც არ არის საჭირო ამაში პარადოქსი და კონკრეტული ფსიქოლოგის პროფესიის გადახრა ვეძიოთ?

ცოტა არ იყოს ჰიპერბოლიზებულია ფსიქოლოგიზებით გატაცების მასშტაბები, შესაძლებელია მოღალატე ქმარს ფსიქოლოგი ცოლი მართლაც ფსიქოთერაპევტივით შეხვდეს, შეკითხვებით: „რატომ გადაწყვიტე რომ გეღალატა? იქნებ მამაშენი ღალატობდა დედაშენს? იქნებ ფსიქოტრამვა გადაიტანე ბავშვობაში?“ მაგრამ ზუსტად ასევე, შესაძლებელია, ჟურნალისტი ცოლი, მომავალი სტატიის ხიბლით, დეტალებით დაინტერესდეს; იურისტი ცოლი მაშინვე ალიმენტის საკითხის გარკვევაზე გადავიდეს; ფოტოგრაფ ცოლს კი, ქმრის გამომეტყველება იმდენად შთამბეჭდავად მოეჩვენოს, რომ სკანდალიც შეწყვიტოს და ფოტოაპარატის მოსატანად გავარდეს… გაზვიადებულად ნაჩვენები ფაქტები უფრო ადვილად აღსაქმელია, მაგრამ ამასთანავე ზღაპრულობამდე არარეალურიც.

“მებუნდოვნა” ის აზრიც, რომ: „შეიძლება ადამიანების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი არა ფსიქოლოგიურ, არამედ იურიდიულ, ეკონომიკურ, რელიგიურ და ა.შ სფეროებთან დაკავშირებული ფაქტორი იყოს.“ ფსიქოლოგია განყენებული მოვლენა ხომ არ არის, იურიდიული, ეკონომიკური და რელიგიური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად არსებული „მხოლოდ-მეცნიერება“, ის სწორედ ის თანამდევი პროცესია, რომელიც არამარტო იურიდიულ, ეკონომიკურ და რელიგიურ, არამედ „ა.შ“ სფეროებშიც მიმდინარეობს.

და ბოლოს, ბევრი კი ვიმსჯელეთ სამოუკინა ნ. ვ.-ს ფსიქოლოგებისადმი მიმართულ სტატიაზე, მაგრამ იქნებ საჭიროა თავად მასაც დაესვას შეკითხვები? კერძოდ: გასარკვევია, რატომ გაქვთ ფსიქოლოგების მიმართ ასეთი ნეგატივიზმი დაგროვილი? რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა? და საერთოდ, იქნებ გაიხსენოთ, რა შეგემთხვათ 5 წლამდე…

წაწლობა: მარადიული სიყვარული

19 ივლ

ახლახან წავიკითხე ვაჟას, ზუსტად საუკუნის წინანდელი, წერილი წაწლობაზე. პირველ რიგში სქესის მიხედვით სიყვარულის განსხვავებული ხედვა ხომ ზუსტად აქვს დაჭერილი (“ქალი ცდილობს დროშა სიყვარულისა მაღლა ეჭიროს, სიყვარული იდეალური იყოს… მამაკაცი ცდილობს სიყვარული რეალობად აქციოს, განახორციელოს…”), მეორეც, ცოლ-ქმრის პოსტთაფლობისწლის თანამდევ მარადიულ პრობლემასაც ხსნის თავისდაუნებურად.

არა მგონია, მხოლოდ მე ვიყო ის გამონაკლისი, რომელსაც მოუსმენია ან უკვე მრავალწლოვან ცოლ-ქმრულ უღელში მყოფი, ან უკვე ცოლგაყრილი კაცებისგან, რომ თანაცხოვრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ცოლი აღარ იზიდავდათ როგორც სექსუალური ობიექტი. ერთმა თქვა, რომ როცა ეს ჟამი ჩამოჰკრავს, ის უბრალოდ როგორც ნათესავი ისე გიყვარს; პრობლემის ასეთი ინტერპრეტაციაც მოვისმინე: წარმოიდგინე, ყოველდღე შემწვარი წიწილა გედოს სუფრაზე, რაც არ უნდა საყვარელი კერძი იყოს, ოდესმე ხომ მოგბეზრდებაო? (შემწვარ წიწილაში თავისთავად გასაგებია, რომ აწ უკვე მოყირჭებული ცოლი იგულისხმებოდა.)

ისევ ვაჟას თუ დავესესხები: “ქალი კი მუდამ ამის მონატურია (მსურველია), ვაჟი ქალის სიყვარულით იწვებოდეს.”


ყვითელ პრესაში, ლიტერატურაში, ფსიქოლოგიაში ამ კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებელ რჩევებს უხვად არიგებენ: რომ “ცეცხლის” შესანარჩუნებლად ხშირ-ხშირად უნდა იცვალო იმიჯი, რომ არ უნდა გაიხსნა ბოლომდე (ამის ვარიაცია_შეინარჩუნო იდუმალება), უნდა იცვალო როლები, მოკლედ ძალისხმევა არ უნდა დაიშურო. რა თქმა უნდა, ეს რჩევები ქალებისთვის არის განკუთვნილი, ეს ხომ მათ უნდათ, ქმარი მათი ვნებით “იწვებოდეს”.

მაგრამ, საინტერესოა, გათხოვების ერთი წლის თავზე დაწყებული ეს დაუსრულებელი ბრძოლა ქმრის აღგზნების ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად, ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დამთავრდეს? ან თუ არ დასრულდება, საერთოდ არსებობს კი ამოუწურავი რესურსი ამ ხერხების მარადიული გამოყენებისთვის, სხვანაირად რომ ავხსნათ: იმიჯის შეცვლის მიზნით შეიძლება: გახდე, გასუქდე; გადაიპარსო თმა, შეიღებო: შავად, ქერად, წითლად, იისფრად, მწვანედ, ლურჯად… გაიკეთო და მოიშორო ტატუ, პირსინგი… იარო სპორტული, კლასიკური, როკერული სტილით ჩაცმულმა; დაინტერესდე ჯერ ფეხბურთით, მერე კალათბურთით, მერე ცხენბურთით; ჯერ პოპით, მერე როკით, მერე კლასიკით… საბოლოოდ კი ეს შესაძლებლობები ოდესმე მაინც ამოიწურება, რაღა უნდა შესთავაზო ქმარს ახალი, როცა ყველა შესაძლო და შეუძლებელ “იმიჯს” მოირგებ, იმის მერე, რაც ნობელის პრემიასაც მიიღებ, პარაშუტითაც გადმოხტები და კოსმოსშიც აიჭრები?! ანუ იმიჯის ცვლისა და იდუმალების შენარჩუნების გზას ადრე თუ გვიან უპირობო ჩიხში შევყავართ.

იდეალური სიყვარულის რეცეპტი კი წაწლობის ტრადიციაში შეგვიძლია ვიპოვოთ, რეცეპტი ასეთია: გინდა მარადიული სიყვარული? მოუსმინე ვაჟას :P

“(წაწალს) ესმის, არ მოჰყვება კარგი შედეგი სიყვარულის განხორციელებას; ამის შემდეგ ტრფობა, სიყვარული ავადა ხდება, მას ჭლექი ეყრება, სნეულდება და ბოლოს კვდება კიდეც. სიყვარულის განხორციელების შემდეგ ქალი ვაჟის თვალში პირვანდელ მიმზიდველობას ჰკარგავს, მისი დანახვა, ქალთან დაწოლა ვაჟს ცეცხლს აღარ უკიდებს, აღარა სწვავს (რა იგულისხმება განხორციელებაში, მგონი, დაკონკრეტებას არ საჭიროებს).

ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ სიყვარულს ფიზიოლოგიური, სქესობრივი ვნებათა ღელვა უდევს საფუძვლად. ფესვები ტრფობისა იქ იმალება, ხოლო თუ ეს ვნებათა ღელვა შეაჩერა მოთმინებამ, მაშინ ეს გრძნობა სიყვარულისა უფრო ძლიერია, იგი იღებს იდეალურ ფორმას…”

ანუ, რადგან წაწლობა უკვე ძველმოდურია, ხსნა პეტინგშია :D

“(ბუნებამ სთქვა) მოდი ფშაველ ქალს ამ ტურფა იას, რადგან სილამაზისა მოკლე ვადა აქვს… ეს ცოტა დრო სიამოვნებით გავატარებინოთ. ჩაუდვა მოსიყვარულე, პლატონური სიყვარულით გამსჭვალული გული ვაჟკაცისადმი, ვინც იმას მოეწონება, ვიზედაც თვალი მიუვა; ხოლო მის მშობლებს, ნათესავებს მივცე ისეთი ხასიათი, მოუთმინონ ქალ-ვაჟს ერთად ყოფნა, ერთად წოლა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუშიო… ვაჟს წაწალს ხშირად მოუნდება ქალთან წაწალთან ღამე, ბნელაში წანწალი, მაგრამ ინუგეშებს იმით, ქალი მას სიყვარულით მიიღებს, მკლავზე დაიწვენს, ბევრს, ძალიან ბევრს ალერსიან სიტყვას ეტყვის:” გენაცვალე, ვენაცვალე შენს თვალთა, ვენაცვალე შენს მკლავთა. მოიტა შენი ენა პირში ჩამიდე, მოიტა შენი ნერწყვი ჩავყლაპო”. საქმეს ხორციელ ჩხირკედელეობამდე არ მიიყვანს, ამ მხრივ ძალიან ბრთხილია და გამოცდილი…

წაწლობის წყალობით ქალ-ვაჟი ბევრს სულიერ ტანჯვას და სიამოვნებას განიცდიან. დიდს ვარჯიშობაშია იმათი გრძნობა-გონება და თუ ფშაველები პოეტური ხალხია, რაშიც ყველა, ვინც ფშაველებს იცნობს, დამეთანხნება, _ ფშავლის მოლექსეობის ბრალი, სხვათა შორის, წაწლობაც არი.”

მარადიულ სიყვარულთან ერთად, შეიძლება პოეტობასაც გამოეკრას ხელი…

ჩემ მიერ მრავალჯერ ნახსენებ გურუსაც არაერთხელ უთქვამს: გინდა, შენს შეყვარებულს სიცოცხლის ბოლომდე ისე უნდოდე, როგორც თავიდან? შეხვდი მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ და არასდროს დაწვე მასთან!

დასკვნა: დაოჯახება შთამომავლობის გაჩენის მიზნით თუა გამართლებული, თორემ თუ მარადიული სიყვარულის შენარჩუნება გინდა, ქორწინებით ყველაფერს გააფუჭებ. ვინ იცის, იქნებ ჯობია, იდეალური სიყვარულით უყვარდე “წაწალს” და არასდროს გახდე მისი, ვიდრე იმისთვის, ვინც ასე გაღმერთებდა, ბოლოს “შემწვარ წიწილად” იქცე.

ჩემი მიზანი ასე ვთქვათ წაწლობის ტრადიციის ფსიქოლოგიური კუთხით დანახვა იყო, რაც შეეხება ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ინფორმაციას, დაინტერესებულ მკითხველს ეს მასალები უფრო წაადგება: Civil ენციკლოპედიური ლექსიკონიდან წაწლობა, ვასასის პოსტი წაწლობა – ფშავური ტრადიცია, სტატია presa.ge-დან წაწლობა და სწორფერობა მთაში,

ინტერვიუ ქვეცნობიერთან!

19 ივნ

რადგან სიყვარულზე ტირილი და მოთქმა თქვენდა და ჩემდა სასიხარულოდ დავასრულე, ბლოგის პირველსაწყისებთან, ანუ ფსიქოლოგიასთან დაბრუნების ჟამმა ჩამოჰკრა. ლევან ზარდალიშვილის ლექციას დავესწარი ერთი კვირის წინ; ჰიპნოზები, თვითშთაგონება, შთაგონება და ა. შ. იყო მთავარი თემები, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა და ჩემი 4 დღიანი ბათუმური ვოიაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასართობი გახდა (ამ ვოიაჟზეც დავწერ ცოტა ხანში), ეს იყო “საუბარი ქვეცნობიერთან”.

თუ თქვენ საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების სურვილი გაქვთ, დაგჭირდებათ:
1. პასტა
2. ფურცელი
3. ძაფი ან ძეწკვი რომელზეც ჩამოკიდებთ ჭანჭიკს (ან რამე ნივთს, რომელსაც საკმარისი სიმძიმე ექნება, რომ ძეწკვი დაჭიმოს და არც ისე მსუბუქი იქნება, რომ ჰაერზე იფარფატოს). ამის მერე ფურცელზე ხატავთ ამ სქემას:

და ბოლო ეტაპზე, ხაზების გადაკვეთის ადგილის თავზე გიჭირავთ ძეწკვზე ჩამოკიდებული ჭანჭიკი და საკუთარ ქვეცნობიერს უსვამთ შეკითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელი გაჩერებული უნდა გქონდეთ, ძეწკვი თავისით იქანავებს იმ მიმართულებით, რასაც ქვეცნობიერი გპასუხობთ შეკითხვაზე.

შეკითხვები ნებისმიერი სახისაა, ოღონდ თქვენ და თქვენს მიმდინარე გრძნობებს უნდა ეხებოდეს. (გავხდები მილიონერი? ასეთ შეკითხვაზე პასუხი ქვეცნობიერმა არ იცის და ვერც გიპასუხებთ.)

მაგრამ თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, საკუთარი გრძნობების გადამოწმება და განცდებში დარწმუნება გინდათ, მართლაც უალტერნატივო საშუალებაა! :P

4 დღის განმავლობაში ქვეცნობიერს დავუსვი და მივიღე პასუხი ამ და მსგავს კითხვებზე:

1. მიყვარს “ის”? არა (თან რა გამეტებით უარყოფდა, ერთი გენახათ!)
2. მენატრება? კი
3. ვარ ამბიციური? კი
4. მინდა უცხოეთში ცხოვრება? არა
5. ვარ კარიერისტი? კი

სცადეთ, არ ინანებთ! ;)

ფსიქოდრამა – ღალატი

1 ივნ

დღეს მეორედ ვიყავი ფსიქოდრამის მონაწილე. სამსახურში რომ დიდი გაუგებრობა და ბურუსით მოცული მომავალი მაქვს, უკვე მითქვამს (ირიბად მაინც). პირად ცხოვრებაშიც გულგატეხილი შეყვარებულის როლში (ფსიქოდრამის მერე ამეკვიატა ეს სიტყვა) ვარ დარჩენილი. ასე რომ, მჭირდებოდა ზუსტად ეს: ახალი ხალხი, ახალი გარემო და ფსიქოლოგია!

ფსიქოდრამის წმინდა მეცნიერული განსაზღვრება ესაა:
ფსიქოდრამა ფსიქოთერაპიის მორენოსეული (იაკობ ლევი მორენო 1892-1974) ჯგუფური მუშაობის მეთოდია, დაკავშირებული „სპონტანურ თეატრთან“. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევა, საკუთარი თავი განსხვავებულ როლებში განიცადო, როლებს იმჟამად აქტუალური სიტუაციიდან (ან თავად შენთვის, ან ზოგადსაკაცობრიობოდ აქტუალური) გამომდინარე ირგებ. ფსიქოდრამის მიზანია საკუთარი ცხოვრებისეული რეალობის გაცნობიერება. ის ხელს უწყობს პიროვნებას, გვერდიდან დაინახოს საკუთარი მდგომარეობა გათამაშების და როლური გაცვლის მეშვეობით. ფსიქოდრამული გათამაშების დროს ადამიანი ერთდროულად არის საკუთარი დრამის მთავარი გმირი და მისი შემქმნელი (რეჟისორი).

სიტუაცია არის ასეთი: მონაწილეები ვსხდებით წრეზე, ვეცნობით ერთმანეთს, ვამბობთ საკუთარ თითო დადებით თვისებას, ვამატებთ რაიმე ჟესტს და ფსიქოდრამა გახსნილად ცხადდება:

პირველი შეხვედრა მოთელვითი ხასიათის იყო, დღეს კი როლებიც მოვირგეთ. ყველასათვის აქტუალური პრობლემა უნდა შეგვერჩია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვესაუბრა მასზე და შემდეგ ამ პრობლემის ამსახველი პატარა სცენა დაგვედგა. შევარჩიეთ ჩემ მიერ შეთავაზებული თემა: ღალატი (ეს ყველაფერი კონფიდენციალურობის ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომაც მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც მე მეხება).

ზოგადი საუბარი ამ საკითხზე ყველას გვთხოვეს: პირადად მე, ჩემთვის აქტუალურ ორ თემაზე ვისაუბრე: პირველი, ეს იყო _ ცოლ-ქმრული ღალატი, მაშინ როცა ცოლი ღმერთქალიდან უკვე მოკვდავ ადამიანთა რიგებშია ჩამოქვეითებული, ქმარს კი ახალი თავგადასავლები და ახალი ღმერთქალი სჭირდება (ეს უშუალოდ მე არ მეხებოდა, მაგრამ მაინც…) და მეორე: როცა ”წამგლეჯის” როლში სხვა კი არა, თავად შენ აღმოჩნდები და მხოლოდ იმიტომ რომ მშიშარა ხარ (ანუ რაღაც მორალური კანონები კი არ გაბრკოლებს ისე ძლიერ, როგორც შიში) და პრობლემებს გაურბიხარ, თავს ანებებ სარისკო თამაშს (ეს უკვე ჩემი თავიდან გამომდინარე).

არ ვიცი, რატომ ვილაპარაკე ამაზე იქ და ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ აქ, მაგრამ ეს ისაა რაც მაწუხებს და ალბათ გამართლებას ველოდი მაშინაც და ახლაც. ასეთი საქციელის დიდი სიყვარულით, ან თუნდაც უარყოფით კონტექსტში, სხვა რაიმე სახელით მონათვლას. როცა ყველაფერი უკანასკნელ წვრილმანებამდე გარკვეულია, სრული სიმშვიდე მომიცავს ხოლმე, ეს გამომძიებლური სული კი, საკუთარ თავში ქექვისას მიაქტიურდება განსაკუთრებით.

როცა უკვე სცენაც დავდგით, ანუ გავანაწილეთ შეყვარებულებისა და კიდევ საბედისწერო მესამის (ქალი) როლი, ამ ყველაფრის განხილვაზე მიდგა საქმე და მე ”მესამეს” რასაც ჰქვია გადავუარე. პრინციპში ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი: რომ ის უბრალოდ უსინდისოა, ასეთი ადამიანი კი წაგებული არასდროს არ რჩება. რაც შეეხება მოტყუებულ შეყვარებულს, ის საბრალოა, ღალატის დროსაც შესაბრალისია და თუ ამ ღალატს მიტოვება მოჰყვა, მაშინაც საწყალი იქნება. ბიჭმა თვითონ არ იცის, რა უნდა. მაგრამ ბოლოს მაინც ყველა დავინდე (ჩემში ფილანტროპმა გაიღვიძა!), დამნაშავის ძიების არეალი გავაფართოვე და დავასკვენი რომ: ბიჭი დამნაშავეა იმიტომ, რომ იმ ”მესამეს” თვალებს უჟუჟუნებდა და ”დიდი სიყვარულის” იმედი ჩაუსახა, შეყვარებული გოგო იმიტომ, რომ თვალებს იბრმავებდა და თავს იტყუებდა, და ის ”მესამე” იმიტომ, რომ ”ინტრიჟკაზე” უარი არ თქვა.

საბოლოოდ ვიტყვი, რომ ზეშთაგონება არ მწვევია, მაგრამ საკუთარი პრობლემის გაზიარებამ ცოტა გამათავისუფლა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მიყვარს პუბლიკის წინაშე გამოსვლა და პლუს ამას, მიყვარს გულახდილობა, თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე (პირიქით, მათთან უფრო მეტადაც კი).