Archive | About RSS feed for this section

ნეტარ არიან ურწმუნონი(ც)

14 ნოე

„…ჯონათან ბალტიმორი მე-19 საუკუნეში მცხოვრები ბრიტანელი პასტორი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქრისტიანები თავიანთი ქცევით მეტისმეტად დაშორდნენ ღმერთს. იმისათვის, რომ ადამიანები უნებურ ცდუნებებს არ აჰყოლოდნენ, ბალტიმორმა მათი ცხოვრების ყველა ასპექტი მკაცრად გაწერა, თანამოაზრეები შეკრიბა და „ქრისტეს მისიონერთა“ სახელით 1870 წლიდან ქადაგება დაიწყო. მეტისმეტი აუღელვებლობისა და  უშფოთველობის გამო მის მიმდევრებს ადგილობრივები quietest-ებად (ინგლ. ყველაზე მშვიდი) იხსენიებდნენ“ (რელიგიები საქართველოში, 1998, გვ. 319, ქვითესთები)

ადრე

აღსარებაზე რომ გავედი, მისიონერებში ერთი თვის მისული ვიყავი. როგორც დამწყები დამინდეს და ოთახში ჩვეულებრივზე ნაკლები ხალხი დამახვედრეს – ოცდაათამდე. საღამოვდებოდა, მუქი შინდისფერი ფარდების გამო კიდევ უფრო ბნელოდა და საბედნიეროდ ერთმანეთს კარგად ვერ ვხედავდით. არ მინდოდა, ჩემი აწითლებული ლოყები ყველას შეენიშნა, თორემ მე სინათლეშიც არავის შევხედავდი. მახსოვს, მოუხერხებელ  სკამზე ვიჯექი საკუთარ მუხლებს მიჩერებული, გადაჭდობილი თითები მიკანკალებდა და მეხსიერებაში შემონახულ თითოეულ ცოდვას ხმამაღლა ვიმეორებდი. მართალია, ზოგი ნახევრად გავამხილე, ზოგი – შევალამაზე, ზოგი – მივაფუჩეჩე, ის ერთი საერთოდ გამოვტოვე, მაგრამ მაინც იმ საშინელ სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი, უნიტაზზე რომ ზიხარ სახალხოდ, სირცხვილით იწვი და გაქცევა გინდა, მაგრამ ნახევრადჩახდილს ადგომისაც გერიდება და რჩები ასე, ორ ცეცხლს შუა. გარშემო კი მიდი-მოდიან და გულგრილად შესცქერიან შენს ტანჯვას.

anderson-black-chair-girl-hair-Favim.com-427755

ახლა

კარდაკარ საქადაგოდ ძირითადად წყვილ-წყვილად დავდივართ, ქალები ერთად, კაცები ერთად. თუმცა გამონაკლისის სახით ცოლ-ქმარს შეუძლია ერთად იქადაგოს, პასტორ ჯონათანს სწამდა, რომ ოჯახური მადლი კარგად მოქმედებს დაკარგულ სულებზე და ისინი უფრო მალე მოექცევიან, ამიტომ მე და საბო ერთად ვარჩევთ სიარულს.

ცხრასართულიანებში მაღლიდან ვიწყებთ, მეცხრედან, მერე დაბლა ვეშვებით. დაკაკუნების შემდეგ ოთახის სიღრმიდან ფლოსტების ფრატუნის ხმა გვესმის, კარს მიღმა სათვალურიც ჩამობნელდება წამით, მაგრამ მაინც არ აღებენ – ვითომ არ არიან! იშვიათად გვიშვებენ კიდეც სახლში, მაგრამ უფრო ხშირად გაგვიღებენ, წინადადების დასრულებასაც არ გვაცლიან, არ გვაინტერესებსო,- მოგვახლიან და კარს მოგვიხურავენ, ზოგიერთი უშვერი სიტყვებითაც მიგვალანძღავს. ოო, ამ დროს ძლივს ვიკავებ ყელში მოწოლილ ბოღმას, მაგრამ სახეზე ღიმმოუშორებლად ვბრუნდები და ჩემთვის ვსკდები გულზე.

closed_doors_by_miraccoon-d5rr908

ვიცი, რომ საბო არასდროს ფიქრობს ასე. პირიქით, რაც უფრო უხეშად გვიშორებენ, მით მეტ სიბრალულს გრძნობს და მით მეტს ლოცულობს დაწოლის წინ მათი სულებისთვის. ხანდახან ვღიზიანდები კიდეც, ვერ დავმალავ. მიკვირს, ასე უდრტვინველად რომ ხვდება ამდენ შეურაცხყოფას, მაგრამ თან ვერც წარმომიდგენია სხვანაირი საბო, გაბრაზებული, დაბოღმილი, გადაღლილი ან გულაცრუებული. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, ალბათ „ქრისტეს მისიაშია“ ის ჭეშმარიტება, რომელსაც ახლა ვერ ვხედავ, მაგრამ თუ შევიცნობ, საბოსავით ხალისიანსა და ბედნიერს გამხდის-მეთქი. მაგრამ მერე თავადვე უარვყოფ ამ აზრს, საბო არავის ჰგავს, საერთოდ არავის! არც – „მისიონერებში“ და არც მის გარეთ.

უფრო ადრე

თავიდანვე ასეთი მეჩვენა, საეჭვოდ განსხვავებული. ყოველთვის მეგონა, რომ ზედმეტად კეთილშობილი ადამიანები კარადებში, ჩონჩხს თუ არა, გამხმარი ხელის მტევნებს მაინც მალავდნენ. რაც არ უნდა მეკითხა, თითქოს ყველაფერზე სიმართლეს მპასუხობდა, მაგრამ ზუსტად ეს იყო საეჭვო. აქამდე არაფრითაც რომ არ მოვეტყუებინე, ესე იგი უბრალოდ მე არ დამისვამს ის შეკითხვა, რომლითაც ყველაფერს  გავარკვევდი. მაგრამ რომ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეკითხა?  პირდაპირ ხომ ვერ ვაჯახებდი, – რატომ ხარ ასე ბედნიერი-მეთქი? ეჭვებს კი აღძრავს, მაგრამ ზედმეტი ბედნიერება დანაშაული მაინც არ არის. როგორც ჩანს, შევეგუე თუ არა ამ ფაქტს, ამ მუდმივი სიხარულებისა და ბედნიერებების წყაროს ხელიდან გაშვება აღარ მომინდა. მომინდა, ჩემი უღიმღამო ცხოვრება თავისი ფეიერვერკებით გაეხალისებინა. მგონი ამის გამო შემიყვარდა.

Girl_Laughing_by_wishonpinkcars1

მინდოდა, თვითონაც მიმხვდარიყო, რომ  მის გვერდით ჩემი საუკეთესო თვისებები საფუარმოყრილივით თვალსა და ხელს შუა იზრდებოდნენ და ბევრდებოდნენ, რომ მარტო მასთან არ მრცხვენოდა, ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ვიყავი და რომ ისე მიყვარდა, როგორც არავინ და არაფერი სხვა. არ დავიჯერებ, რომ ვერ ხვდებოდა.

როცა ვინმეს, რაც კი რამ გაგაჩნია  იმათგან, ყველაზე ძვირფას რამეს სთავაზობ – „ზე-მეს“- საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას, ყველა საიდუმლო ფიქრს, განცდასა და აზრს…   საერთოდ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს, რაც შენს გარშემოწერილობაში ეტევა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე და ის კი ამ ამბავს არაფრად აგდებს, აბა, როგორ იგრძნობ თავს? ხანდახან მინდებოდა ცუდად მომქცეოდა, ღირსება გაეთელა, თავმოყვარეობა შეელახა ჩემთვის… იმის მიზეზი მაინც მქონოდა, რომ შემძულებოდა. იმიტომ რომ ნამდვილი უსამართლობა იყო ჩემი შეთავაზებულის სანაცვლოდ, მისგან ნაწყალობევი „მეგობრობის” ნასუფრალის კენკვა.

ადრე

საბო ქადაგებაზე დავინახე, მისიონერებში გაწევრიანების შვიდი თვის თავზე. ძალიან გამიკვირდა: – არ ვიცოდი მისიონერი თუ იყავი, არასდროს გითქვამს-მეთქი. არც მე ვიცოდიო, – გაუხარდა და პირველად შემომხედა ისე – სხვანაირად. იქ ხომ არ მომცილებია, მერე გასაცილებლადაც გამომყვა. ჩემს სახლამდე ცოტაღა გვაკლდა, ხელი რომ ხელზე ჩამჭიდა და იმ თავისი ღვთაებრივი ღიმილით შემომღიმა.

ჩვენი შეხვედრიდან თვენახევარში „ღვთის შვილად“ მაკურთხეს და მქადაგებლების მოსამზადებელ ლექციებზე დავიწყე სიარული. წელიწადნახევარში მქადაგებელი გავხდი და კიდევ ნახევარ წელიწადში საბოზე დავქორწინდი. ღიმილით ამბობს ხოლმე – მაშინ ღმერთმა შეგვახვედრაო. მეც ვუღიმი და ვკოცნი, და ამ დროს  ყოველთვის მაწუხებს სინდისი, რომ  საბომ არაფერი იცის.

boy-couple-cute-girl-hands-holding-hands-Favim.com-69905

ახლა

დღესასწაულებს არ აღვნიშნავთ. პასტორი ჯონათანი მიიჩნევდა, რომ უსაგნო სიხარული, ნაყროვანება და დროსტარება ღმერთთან დაახლოებაში გვიშლის ხელს. მე უკვე შევეჩვიე, მაგრამ ვგრძნობ, რომ პატარებს უჭირთ. გოგოების ყველა კლასელს სახლში ნაძვის ხე რომ უდგას და ახალ წელსა და საჩუქრებზე ლაპარაკობს, ამ დროს ჩვენი ბინა ისევ ისე გამოიყურება, როგორც ყოველთვის. ჩვენი „როგორც ყოველთვის“ დასაწუნი სულაც არ არის, მაგრამ ამასთანავე, ეს მაინც როგორც ყოველთვისაა. ამ დროს ძალიან მწყდება გული, რომ ჩემს გოგოებს ჩვეულებრივი ცხოვრება არა აქვთ; რომ ვერასდროს აღნიშნავენ საკუთარ დაბადების დღეებს დიდი ტორტებით, ვერ ივლიან მუხლებზე გამოგლეჯილი ჯინსებით, ვერ იცეკვებენ ქანცის გაწყვეტამდე, როკ-კონცერტებზეც ვერ იყვირებენ ხმის ჩახრინწვამდე და სიყვარულითაც მხოლოდ მისიონერებს შეიყვარებენ -თითქოს ამის შეკვეთაც შეიძლებოდეს. ცოტათი დამნაშავე ამ ყველაფერში ჩემი თავიც მგონია, მაგრამ ეს  განცდა მხოლოდ დროებით, მდუმარე ლოცვის დადგომამდე მიგრძელდება…

2092397164_eb519afacc_z

ყველაზე მეტად ეს ლოცვები მომწონს! საღამოს მცირე ქადაგების შემდეგ  ისევ ოთახში რომ ვბრუნდებით, უკვე დაღამებას იწყებს. ამიტომ ერთმანეთის გამომეტყველებას მხოლოდ გვერდი-გვერდ მსხდომები თუ ვარჩევთ. ჩემ გვერდით კი ყოველთვის საბო ზის. ცოტა ხანში ყველანი ვჩუმდებით და ვცდილობთ ღმერთს გულით ველაპარაკოთ – უსიტყვოდ. ამ დროს საბო თვალებს ხუჭავს. ამით ვსარგებლობ და თვალს ვაპარებ – თხელ ქუთუთოებზე, ოდნავ შესამჩნევად აზიდულ ტუჩის კიდეებზე, ყელის გაყოლებაზე მფეთქავ ძარღვის კლაკნილზე ვაკვირდები და ღმერთის ნაცვლად მასზე ვფიქრობ. მერე ვგრძნობ, როგორ იზრდება, დიდდება და მაწვება მკერდთან რაღაც. და მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ მანაღვლებს არანაირი მისია, მიუხედავად იმისა, რომ მერვე წელია კარდაკარ იმის საქადაგოდ დავდივარ, რისი ერთი სიტყვისაც არ მწამს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შვილებს არასდროს ექნებათ საკმარისი თავისუფლება, ასეთ წუთებში არაფერს ვნანობ! ვიცი, რომ მაშინ ნამდვილად სწორად მოვიქეცი.

უფრო ადრე

განსაკუთრებით მაშინ დავეჭვდი, დაბადების დღე რომ არ მომილოცა. საბოს არაფერი ავიწყდებოდა. კი არ დაავიწყდა, ადგა და არ მომილოცა. რომ ვნახე, ენის წვერზე შევიჩერე საყვედური და რატომღაც არაფერი ვკითხე.

სახლში დაბრუნებულმა კი ისევ იმაზე დავიწყე ფიქრი, რატომ არ ჰგავდა საბო არავის. იქნებ იმიტომ, თვეში ერთხელ გაურკვეველ ადგილას რომ იკარგებოდა? იქნებ იმიტომ, ჩემი დაბადების დღე რომ დაივიწყა? ან იმიტომ, წარმოუდგენლად ბედნიერი რომ იყო?.. ყველა საეჭვო მახასიათებელი გულდაგულ ჩამოვწერე და ამჯერად კითხვებით  საბოს კი არა, პირდაპირ ინტერნეტის საძიებო სისტემას  მივადექი.

Google-Search-Tips-Internet-Users

ღმერთს ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. იმდენად იშვიათად მახსენდებოდა და მაღელვებდა მისი არსებობა-არარსებობის საკითხი, რომ ფიქრადაც არ გამივლია, საბოს უცნაურობა რამენაირად მისთვის დამეკავშირებინა. იმ დღეს კი, ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რაშიც იყო საქმე. საბო „ქრისტეს მისიონერის“ განსახიერება აღმოჩნდა, სრულად ერგებოდა მორჩილი „ქვაითესთის“ პორტრეტს. არ მსახურობდა ჯარში, არ ეწეოდა, არ სვამდა, არ სცნობდა დღესასწაულებს… ყოველთვიური გაუჩინარებისას, როგორც ჩანს, დიდ ქადაგებებსა და საჯარო აღსარებებზე დადიოდა, კვირაში სამ დღეს კი, არასდროს რომ  არ ეცალა საღამოობით, თურმე თვითონ დადიოდა საქადაგოდ…

და რაც ყველაზე სასოწარმკვეთი იყო ამ ყველაფერში, ქრისტეს მისიონერი საბო არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდებოდა ქალს, „ოჯახის შექმნის მიზნის“ გარეშე – ცოლად კი მხოლოდ თავისნაირს თუ შეირთავდა, მხოლოდ წმინდა წყლის ქვაითესთს! ასეთ დროს ბევრი არჩევანი არ არსებობს, ან ხელს ჩაიქნევ და ღმერთსა და სხვა მისიონერებს შეატოვებ შენი ოცნების მამაკაცს, ან მის მოქცევას ეცდები, ან…

ადრე

მისიონერთა ყოველთვიური, დიდი ქადაგების უახლოესი თარიღი მეორე დღეს გავარკვიე. ექვსი თვის განმავლობაში ქადაგებაზე დასასწრებად ყოველთვის სხვადასხვა ადგილას მივდიოდი და მეშვიდე თვეს, როგორც იქნა, იქ მოვხვდი, სადაც საჭირო იყო! შესვლისთანავე შევნიშნე საბო, ცოტა ხანში კი თვითონაც დამინახა. თვითონ ხომ გაიოცა ჩემი დანახვა, მაგრამ მე უფრო გავიკვირვე, – არ ვიცოდი მისიონერი თუ იყავი, არასდროს გითქვამს-მეთქი…

2gb

ახლა

პირველადაა ძნელი, თორემ მერე აღსარებებზე გასვლა დიდად არავის უჭირს, ერთ თვეში, აბა, იმდენ რა ცოდვას ჩაიდენ? მეც ვზივარ და მშვიდად ჩამოვთვლი, როგორ ვეჩხუბე შვილებს, როგორ ვიეჭვიანე საბოზე, ან როგორ გავივლე გონებაში უწმინდური აზრი. იმ მთავარ ცოდვას, ჩემს ცხოვრებას უკვე ათი წელი რომ გასდევს, რასაკვირველია, არასდროს ვახსენებ. საბოს დაკარგვისა მეშინია, თორემ სხვისი რატომ უნდა შემრცხვეს? განა ქვაითესთები ადამიანების მარადიული ნეტარებისთვის არ დავდივართ კარდაკარ? სამარცხვინო რა არის იმაში, თუ ჩემი ბედნიერებისთვის ცოტათი ვიცრუე, ქრისტეს მისიონერებსაც ჩემი საუკუნო  ნეტარება არ უნდოდათ?

მე ქვაითესთებს საერთოდ არ ვატყუებ. მართალია, არც მათი ღმერთის მწამს და არც იმ თაღლითი ბალტიმორის, მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს, ჩემი მოვალეობა პირნათლად ვასრულო და კვირაში სამი დღის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით ვიქადაგო მრავალი უაზრობა. დავდივარ საბოსთან ერთად, მიხარია, რომ ჩემ გვერდით არის, მიხარია, რომ ჩემთვის გაუგებარი  იდეები აღაფრთოვანებს, რომ რაღაც დიადის სწამს. მიხარია, რომ ასეთი ლაღი და ბედნიერია და დედამიწის ზურგზე არავის არ ჰგავს.

როგორც ჩანს, ღმერთისთვის სრულიად საკმარისია, რომ საბოს მისი სჯერა, მე კი – უბრალოდ საბოსი.

მე და რელიგია

7 ოქტ

(დიდხანს ვიფიქრე, დამედო თუ არა და გადავწყვიტე, რომ უნდა დამედო)

(ბავშვობა)

11 წლის ვიქნებოდი მაშინ, რელიგიის მასწავლებელი რომ ჯოჯოხეთის საშინელებებზე და იმ ცოდვილ ადამიანებზე გვესაუბრა, იქ რომ უნდა მოხვედრილიყვნენ. დიდხანს ვფიქრობდი და ძლივს გავუბედე კითხვა, ის კეთილი და კარგი ადამიანები სად მიდიან, რომელთაც ღმერთის არ სწამთ-მეთქი? შემომხედა და ხაზგასმული დარწმუნებულობით მითხრა, ასეთი ადამიანი კეთილი და კარგი ვერ იქნებაო. მახსოვს, ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. მასწავლებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი სიტყვები სანდოდ მეჩვენებოდა, მაგრამ მე ხომ მყავდა და, რომელსაც არ სწამდა ღმერთის. მისი ნათქვამით კი გამოდიოდა, რომ  არც კარგი ადამიანი არ იყო და თან ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის იყო განწირული. სახლში დაბრუნებული ირიბი კითხვებით ვცდილობდი გამომეტეხა ჩემი და, სწამდა თუ არა ოდესმე ღმერთის, ან თუ ჰქონდა შემორჩენილი პატარა ეჭვი მაინც, რომ ის არსებობდა? უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, იქნებ კიდევ აქვს შანსი-მეთქი…

Image

ჯერ სკოლაშიც არ ვსწავლობდი. მახსოვს, როგორ მოგვივიდა ოჯახში სტუმრად ახლობელი, მე კი საძინებელში გამისტუმრეს. იქიდან მესმოდა ტირილით რომ უყვებოდა დედაჩემს საკუთარ დედაზე, მკერდის კიბოთი რომ ეღუპებოდა. პატარა ვიყავი და მართლმადიდებლური ხატების იკონოგრაფიაზე არაფერი მსმენოდა. უბრალოდ ის ვიცოდი, რომ და ვინჩის ოქროსფერჩარჩოიანი  ნახატი კედელზე ღვთისმშობელსა და იესოს გამოსახავდა. ამიტომ საწოლზე ავძვერი და მადონას მუხლებზე დაჩოქილმა, მთელი გულით ვთხოვე დახმარება იმ ქალის გადასარჩენად, თვალითაც რომ არ მენახა. არ იყო ამ სიტყვებში არცერთი დაწერილი ლოცვის სიტყვები, ისე ვთხოვე, ბავშვურად და გულუბრყვილოდ. როგორც იმ ადამიანს ვთხოვდი, რომელიც ჩემზე დიდი და ძლიერი იყო და ამიტომ ჩემზე გაცილებით მეტი შეეძლო.

***

ბავშვობაში ჩემი ღმერთი რუსული, დასურათებული ბიბლიის ღმერთი იყო. რუსულად კითხვა არ ვიცოდი (საერთოდაც არც ერთ ენაზე არ ვიცოდი კითხვა), მაგრამ ხატვა მიყვარდა და საათობით ვათვალიერებდი ბიბლიის გვერდებზე კაროლსფელდის შავ-თეთრ გრავიურებს. ახლაც კი როცა ღმერთს ახსენებენ, ხშირად ის ლამაზი მოხუცი წარმომიდგება ღრუბლების ფონზე; ნაოჭებასხმული გრძელი კვართით, დატალღული ჭაღარა თმა-წვერითა და მშვიდი სახით.

Image

(მოზარდობა)

ათეისტებთან უაზრო კამათში მოზარდობისას ბევრჯერ ჩავრთულვარ, ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხელშესახებ ფაქტებს ითხოვდნენ, რწმენა კი არ არის ასეთ ფაქტებზე დამყარებული. მათი არგუმენტების გასაბათილებელი განათლება არ მქონდა, საბავშვო ბიბლიით შორს ვერ წავიდოდი, ამიტომ ხშირად დამარცხებულად ვგრძნობდი თავს.

რადგან შინდისფერყდიან, უზარმაზარ ბიბლიასთან შეჭიდება ასე მიჭირდა, ღმერთთან დასაახლოვებლად უფრო მარტივ გზად მარხვა მეჩვენა. ოღონდ ღირსეული მოძღვრის არჩევა რთულად გადასაწყვეტი საკითხი იყო ჩემთვის, ბევრ ძიებას რომ მოითხოვს ისეთი და სამომავლოდ გადავდე. ისე ვმარხულობდი, ჩემთვის, ჩუმად. არავისთვის გამიმხელია, რომ მარხვაზე ვიყავი, ამიტომ პატარა ტყუილების თქმაც მიწევდა და როცა შოკოლადს მთავაზობდნენ, – არ მინდა-მეთქი, ვუარობდი. ამ მარხვისას სულ სიამაყის განცდა მახლდა თან, თითქოს რაღაც გამორჩეულსა და მნიშვნელოვანს ვაკეთებდი.

***

იყო ასეთი უხერხული მომენტებიც, სამხატვრო სასწავლებლიდან გამოსულები სადმე ეკლესიას რომ ჩავუვლიდით, ჩემი მეგობრები პირჯვარს იწერდნენ. მე კი ვთვლიდი, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გადაიწერო პირჯვარი, როცა ეკლესია გეძახის. მართლა აქვს ზოგ ტაძარს ასეთი ძალა, მაგალითად მცხეთის ჯვარს. დაგყურებს ზემოდან ზვიადად, მთას შერწყმული სასწაულივით და ამ თავისი ძალით „გაიძულებს“ პირჯვარი გამოისახო. ასეთი პირჯვრის მწამდა, მაგრამ ჯგუფელების მიბაძვით მაინც ვისახავდი პირჯვარს სხვა ეკლესიებთანაც. ოღონდ სინდისი მქენჯნიდა, მექანიკური იყო ეს ყველაფერი და არაგულწრფელი. ამიტომ ცოტა ხანში მივატოვე. მახსოვს როგორ იჭვნეულად გადმომხედავდნენ ხოლმე, როცა მათი პირჯვრის გადაწერის ცერემონიალს უძრავად შევყურებდი, მეშინოდა, რომ ამის გამო შეიძლება ისე აღარ ვყვარებოდი, როგორც უწინ.

Image

(ახალგაზრდობა)

თორნიკე გაცნობიდან ერთ კვირაში შემიყვარდა. არასდროს არ მენახა ასეთი მომხიბვლელი, თბილი, მხიარული ადამიანი. ისეთი, ყველას რომ ადვილად უყვარდება, ყოველთვის შეუძლია გაგაცინოს და ოცდახუთი წლისაც კი ბავშვივით გულახდილი და სუფთაა. დიდხანს მიყვარდა, დიდხანს და უიმედოდ, მარტო მეგობრობას ვიღებდი სანაცვლოდ და ისეთ დღეში ჩავვარდი, თავადვე ავუხსენი სიყვარული და ვთხოვე აღარასდროს შემხმიანებოდა, იმიტომ რომ ძალიან მტანჯავდა ეს უმომავლო ურთიერთობა.

მერეღა, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად გავიგე, რომ თორნიკე იმ აღმსარებლობისა იყო, ასე რომ არ უყვართ საქართველოში. თურმე ჩვენი საკმაოდ ახლო მეგობრობის პერიოდში მუდმივად მალავდა ამას, მალავდა ყველა ხერხით.  თავიდან ძალიან მძაფრად აღვიქვი ეს სიახლე. „ოღონდ ეს არა!“ – მიტრიალებდა თავში. გამიჭირდა მაშინვე შეგუება, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხანი მოვუნდი ამ ამბის გადახარშვას. ცნობის დონეზე კი შემომრჩა, მაგრამ ამ ინფორმაციას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს განცდებთან, ეს მრწამსი ხომ იმ ადამიანისა იყო, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სიყვარულმა გამიარა, ამ მოულოდნელ აღმოჩენას მერეც არაფერი შეუცვლია მის მიმართ დამოკიდებულებაში. თორნიკე დღემდე განსაკუთრებულ ადამიანად რჩება ჩემს ნაცნობებში, ყველასთან მხიარულება რომ მოაქვს ისეთად.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. პირველად დავფიქრდი, რომ გარკვეული მიზეზების გამო მოძულებული მრწამსის მქონე ადამიანები არ შეიძლება ამ მრწამსის გამო ერთნაირებად მიიჩნიო და მათი დანახვისას მხოლოდ ეს ერთადერთი იარლიყი გახსენდებოდეს. კათოლიკე, მუსლიმი, ბაპტისტი, იეჰოვას მოწმე, ათეისტი… ეს სამედიცინო დიაგნოზი არაა.

კიდევ იმასაც მივხვდი, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი რწმენის დამალვა უწევს, ვერასდროს იქნება ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი და ამ შემთხვევაში პრობლემა მასში კი არა, ჩვენშია. იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი დამოკიდებულების გამო აიძულებს, დამალოს საკუთარი არცთუ ისე პოპულარული აღმსარებლობა. იმიტომ რომ არ გაირიყოს, იმიტომ რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეს და იმიტომ, რომ ისე არ დაუწყონ ყურება, როგორც უცხოს.

Image

* * *

არ მახსოვს, როდის მოხდა ეს, მართლა არ მახსოვს. უბრალოდ ერთ დღეს ღმერთმა ჩემთვის  არსებობა შეწყვიტა. თეთრწვერა, ყოვლისშემძლე მოხუცი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. მხოლოდ შესისხლხორცებული ჩვეულებები დამიტოვა, – ხატებისადმი მოწიწება,  შობისა და აღდგომის აღნიშვნა, შეძახილი „ქრისტე აღსდგა“  თვითონ კი სადღაც მითოსის სამყაროში გადაინაცვალა ზევსის, პოსეიდონისა და ჰადესის გვერდით, თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით, ეშმაკითა და ანგელოზებით. ისტორიული ფაქტებისა მჯეროდა, ოღონდ სანახევროდ. ქრისტე ნამდვილად უნდა არსებულიყო, მაგრამ მთლად ისეთიც არ უნდა ყოფილიყო, როგორსაც ბიბლია აღწერდა.

images

მაგრამ მე ახლაც მეშინია ამის გამხელის, მეშინია იმიტომ, რატომაც პირჯვრის გადაუწერლობისას მეშინოდა,  მეშინია იმიტომ, რატომაც შემეშინდა 11 წლისას, როცა გავიგე, რომ ურწმუნოები არ შეიძლება იყვნენ კეთილები. ვაითუ ბევრი ფიქრობს ასე, ვაითუ ის ფაქტი, რომ მე ღმერთის არ მწამს, შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ ადამიანებმა აღარ მიმიჩნიონ თავისიანად. დამიწესონ ლიმიტები და საზღვრები, რომლის იქითაც ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია გამოთქვას აზრი, ჩაერთოს რელიგიურ საკითხებზე კამათში და ისაუბროს სიკეთეზე

***

14 წლით უკან რომ დავბრუნდე, ჩემს მასწავლებელს ვეტყოდი, რომ ცდება. რომ მისმა ღმერთმა უმნიშვნელოვანესი ღირებულება დაგვიტოვა – არჩევანის თავისუფლება. რომ ერთი სახის არჩევანი ავტომატურად არ გულისხმობს სხვა არჩევნების კომპლექტს. რომ ის, რომ ადამიანი ათეისტია, არ ნიშნავს მანკიერი თვისებების ნაკრების ფლობას. ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. რადგან ადამიანობა არ იზომება ერთადერთი საზომი ერთეულით, რომელსაც რწმენა ჰქვია.

ვეტყოდი, რომ ადამიანები მრავალფეროვანნი და განსხვავებულები არიან, რომ არსებობს უამრავი ღმერთი, რელიგია და მრწამსი და თითოეული მათგანის მიმდევრებში იყვნენ გმირები, ქველმოქმედები, სამშობლოსთვის შეწირულები… უბრალოდ კარგი მამები და დედები, ღირსეული მეგობრები და ერთგული მეუღლეები… რომ ღმერთი, თუ ის არსებობს, ასეთ ადამიანებს თვლის მისი მცნებების ერთგულად. რომ მართლმადიდებლური წესით მონათვლა სულაც არ არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისა და ნათლისაკენ. იმასაც ვეტყოდი,  რომ შოკოლადის ჭამა-არჭამა სინამდვილეში არაფერს წყვეტს და რელიგია არ დაიყვანება ასეთ წვრილმანებზე. ღმერთი (თუ ის არსებობს) გაცილებით დიდი უნდა იყოს, ამ დეტალებზე ამაღლებული. რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულის უნარი უნდა იყოს, როგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი და რას აკეთებენ ამ სიყვარულის ძალით.

kindness-480

მე ასეთი ადამიანების მჯერა, სხვადასხვა რელიგიისა და მრწამსის მიმდევრების, განსხვავებულების, ფერადების, იმათი, ვისთვისაც სიყვარული, თავისუფლება და სიკეთე ცარიელი სიტყვები არაა. ვინც ამისთვის შრომობს, იღვწის და იბრძვის და თუ ოდესმე ისევ ვიწამებ, მხოლოდ მათ საერთო ღმერთს. რადგან ის იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მე ასეთი ღმერთის მინდა მჯეროდეს.

2012-ზე

30 დეკ

ბრაუზერის ერთ ტაბში ბლოგის ამწლისეული პოსტები მაქვს გახსნილი, მეორეში – ფბ-ს აპლიკაცია “2012 Year in Review”. წესით იმის გახსენებაში უნდა დამხმარებოდნენ, რა ხდებოდა ამ წელს მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, თუ 2012  წლის განმავლობაში დაწერილი ოთხივე პოსტი სიყვარულზეა, გონების დიდად დაძაბვა იმას არ სჭირდება, რომ ბლოგის ავტორმა წლის დიდი ნაწილი რომანტიკული ფილმების ცქერას, ბალიშში თავჩარგულად ქვითინს, მეგობრებისთვის ყურების ჭედვასა და მსგავს უაზრობებს შეალია. ანუ წლის დასაწყისიდან ვიდრე ოქტომბრამდე მთლად სრულ ჭკუაზე ვერ იყო. მადლობა ღმერთსა და X-ს ამ ეტაპმა ჩაიარა. ამჟამად ბლოგის ავტორი იმდენად გამოეთიშა მისთვის ასე სისხლხორცეულ განცდებს, რომ უკვე შინაგანი გაოცებით აღვსილი ისმენს სხვათა მონათხრობებს სიყვარულზე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თუ შენც არ გტკივა იმწუთას კბილი, ვერაფრით თანაუგრძნობ იმ ადამიანს, ტკივილისგან რომ იგრიხება. ვერ თანაუგრძნობ კი არა, იმასაც კი გაივლებ გონებაში, რა გაატრაკა ამ თავისი კბილის ტკივილით, ვის არ სტკენია ერთიო.

წლის დასაწყისში სამუშაოდ მარნეულში განმამწესეს, ყოველი ორშაბათიდან პარასკევამდე სოფელ ალგეთში ვცხოვრობდი და აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულს ვასწავლიდი. უცნაური გრძნობა იყო თავიდან, გაივლი-გამოივლი და ყველგან ჩურჩული: გურჯუ მელიმე (ქართულის მასწავლებელი). თავი მაგარი ტიპი მეგონა. აბა, რა იქნებოდა, სადაც არ უნდა გამევლო, ყველგან ჩემზე იყო ლაპარაკი. როცა ერთი წლის თავზე იქიდან წამოვედი, როგორც მჩვევია ისე, ცრემლები გადმოვყარე. ბავშვობიდან მაქვს ეს მავნე ჩვევა, ყველა გულისამაჩუყებელ მომენტში ვტირი. უკვე მენატრებიან ჩემი პატარა გიჟუები, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ მასწავლებლობა არ არის ჩემი საქმე. საერთოდაც არაფერი არ არის ჩემი საქმე, რისი საბოლოო შედეგიც მთლიანად ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. მასწავლებლობის დროს კი თამაშში ორნი ხართ – შენ და მოსწავლე და იმ იდეალურ შედეგსაც ორივემ ერთად უნდა მიაღწიოთ, რაც არ დაგიმალავთ და საკმაოდ რთულია.

738018_500741766614926_741162254_o

კიდევ იმასაც მივხვდი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ მითი ქართველების უსაზღვრო ტოლერანტობაზე იმავე მასშტაბისაა, როგორისაც მითი მათ ნიჭიერებასა და ამავდროულ სიზარმაცეზე. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – არც ტვინი უდუღს ჩვენს ერს და არც ისეთი კეთილები ვართ, როგორც ისტორია გვასწავლის. აქვე მივმართავ ყველა ჯურის ნაცისტებსა და რასისტებს, წადით, თავები დაიხოცეთ, სამყარო უფრო მშვენიერი გახდება თქვენ გარეშე.

წელსვე მოვასწარი ორი პატარა ლაშქრობა. ერთი იყო ბეთანია, რომლის დროსაც გზა აგვებნა და სულ თავ-ბედი ვიწყევლეთ და მეორე – მარტვილის რაიონი თავისი კანიონით, ვისაც არ გინახავთ, რეკომენდაციას ვუწევ, არც რთული სავალია და თან უღმერთოდ ლამაზია.

406161_464099470267077_335206835_n

548369_464099116933779_1482992963_n

წელსვე გავხდი 25 წლის და უფრო და უფრო ხშირად მეძალება იმის შიში, რომ თუ არ ვიჩქარე, რაღაცას ვერ მოვასწრებ და უღიმღამოდ დავასრულებ სიცოცხლეს. ეს რამდენად შემიწყობს აჩქარებაში ხელს, არ ვიცი, მაგრამ რომ ვშფოთავ, ეგეც საქმეა. იმედი მაქვს, ეს შფოთი იმ სამი გეგმის განხორციელებისთვის მომცემს ბიძგს, ამ წელს რომ დავისახე. თუ არადა, 2013 წლის შემაჯამებელ პოსტში დავწერ, რომ ფუფლო და ჩმო ვარ და არც ღირს ამიერიდან ჩემნაირი ადამიანის პოსტები იკითხოთ-მეთქი.

მალე 2013 დადგება, უკეთესი წლის, წარმატებისა და ქართველი ერის გაკეთილშობილების იმედით აღსავსე გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

პ.ს. დღეს მოვრთეთ ნაძვის ხე და ძლივს ვიგრძენი, რომ ახალი წელი დგება. ბავშვივით მიხარია, ლამის სანტა-კლაუსის მოსვლის იმედიც კი მაქვს. ^_^

ამბები ჩეკებად

23 ივლ

10.10.2012… მდე

შემოსავლების სამსახურის აქცია და ჩეკების ისტერია რომ დაიწყო, რა დასამალია და მეც ავყევი. ლატარიის ბილეთების არასდროს მჯეროდა, მაგრამ უსასყიდლოდ რომ გაძლევენ მოგების შანსის მქონე ბარათს, ვინ სულელი იტყვის უარს? დავიწყებდი დილიდან და საღამომდე ვიტენიდი ჩეკებით, სხვა ხარა-ხურითაც მრავლად გამოტენილ ჯიბეებს. მერე დავჯდებოდი გვიან და ყავის წრუპვის პარალელურად ვიღებდი სმს-მისამძიმრებებს, წკაპ-წკაპ, “სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ”, “სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ”…

უცნაური ჰობის სახე კი ამ ყველაფერს მერე მიეცა. აი, შოთასთან პირველი კოშმარული პაემნისას, ანგარიში რომ გაასწორა და ხურდასთან ერთად ამონაბეჭდიც მოუტანეს. ჯერ ხომ შვებით ამოვისუნთქე და მერე ინსტინქტურად ჩეკსაც წავატანე ხელი, ვაიდა, მომეგო და ამითი მაინც გამემართლებინა მასთან ერთად ყავის დალევის სულელური იდეა. ამ მოშტერო ბიჭმა – მთელი ერთი საათი საპნის დამზადების ტექნოლოგიაზე საუბრით, თინეიჯერული ხუმრობებითა და მსგავსი ბრიყვობებით რომ ქანცავდა ტვინს, მოულოდნელი მახვილგონიერება გამოიჩინა.

– კი ვერ მოიგებ, მაგრამ შეგიძლია დააწერო – „ყველაზე საშინელი პაემანი“ და სახსოვრად შეინახოო, და  გაიცინა, ისე უდარდელად, თავისი თეთრი კბილების ისეთი გულუხვი დემონსტრირებით და ისე თბილად, რომ მომინდა, ეს შეხვედრა უკანასკნელი სულაც არ ყოფილიყო…

10.10.2012 შემდეგ…

არ ვიცი, როგორ შველიან სხვები აუტანელი სიცარიელის შეგრძნებას, თან ეს სიცარიელე არაადეკვატურიც კია, იმიტომ რომ რეალურად შოთა არსად არ წასულა. ის არის იქ სადაც მე, სააბაზანოში – როცა კბილებს ვიხეხავ, სამზარეულოში – როცა ვჭამ, საძინებელში – როცა ვიხდი, საწოლში – როცა მძინავს. შოთას სახელი და გვარი გასდევს ყველა ჩემს ფიქრს, გასდევს როგორც კანტი, როგორც ქვეფიქრი – ფიქრში. და ამიტომ თითქოს გაუგებარიც კია, თუ ის ყოველთვის და ყველგან ჩემთან არის, თუ მე მუდამ თან დამაქვს მისი 74 კილოგრამი, მაშინ რატომ ვარ ასე ცარიელი? რატომ არ ვიცი, ნახევარ ადამიანად დარჩენილმა რა უნდა ვაკეთო და როცა ვცდილობ რაღაცის კეთებას, ეს სიხარულს არ მანიჭებს? არ მიხარია კითხვა, იმიტომ რომ არ მაქვს სურვილი და ძალა, გავიზიარო სხვისი დარდი, მითუმეტეს გამოგონილი გმირის. არ შემიძლია ვუყურო ფილმებს, იმიტომ რომ იქ ძველებურად უყვართ ერთმანეთი და რაც მთავარია უყვართ ბედნიერი დასასრულით, თუ ბედნიერი დაუსრულებლობით. არ შემიძლია ხატვა, ჩემს ანიმაციურ პერსონაჟებს ისეთი სასოწარკვეთილი სახეები აქვთ, რომ მეცოდებიან ბავშვები, რომლებმაც მომავალში ისინი უნდა ნახონ. არ შემიძლია მეგობრებთან შეხვედრა და მათი ნუგეშის მოსმენა, ისინი ხომ ვერ ხვდებიან,  რას ნიშნავს იყო მხოლოდ ნახევარი, იყო ცალ ყურ-, ხელ- და ფეხმოკვეთილი. იყო  ჩაი, წყეული ჩაი _ შაქრის გარეშე.

10.10.2012… მდე

რაც მითხრა,  სწორედ ის დავაწერე იმ პირველს, და ამის შემდეგაც, წავიდოდით ერთად სადმე,  ან ვიყიდდით რამეს – ამოგვიბეჭდავდნენ ჩეკს და დღიურებივით ვავსებდი უკანა მხრიდან იმ დღესთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ისტორიით:

შპს ალიონი, ჯამი: 21.70 – ვიყავით ლაშქრობაზე ბეთანიაში, გზა აგვებნა.

შპს პრიმა, ჯამი: 6.00 – ატრაქციონი, შოთას ღრიალი სცოდნია!..

შპს ლა ბელ, ჯამი: 14.30 კაფეში ვართ, წვიმს;

შპს გიორგი მანჯგალაძე, ჯამი: 9.45 – სიურპრიზს გავუკეთებ მეთქი და სახლში არ დამხვდა, ვსვამ ლუდს მარტო და მოწყენილი;

შპს მარიამი, ჯამი 3.60 -არაფერი ისეთი, ძალიან საყვარელია.

შპს გოლი, ჯამი: 45.25 – ვინ არის ლელა?

შპს ალიონი, ჯამი: 14.00- და-ძმა გამაცნო, დას მგონი მოვეწონე, ძმა მიბღვერს – ეს სულ ასეთიაო :/

შპს თბილისის ავტოსადგური, ჯამი: 20.00 -რაჭაში გაუშვეს ტრენინგზე-მენატრება;

შპს ორიონი, ჯამი: 18.80 -მთელი დღე არც მოუწერია, არც დაურეკავს;

შპს ორბი, ჯამი: 3. 60 – დააგვიანა, ჩამიდნა ნაყინი;

შპს ქეთი და მზია, ჯამი: 12.15 – ვიჩხუბეთ;

შპს კობი, ჯამი: 34.50 შოთა, შეეშვი ჩემს ჩეკებს!

და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…

იქნებ ზედმეტად რომანტიკულიც იყო ეს გატაცება, სამაგიეროდ თარიღებს არ გვავიწყებდა და კარგადაც გვართობდა. შოთამ მარკების ალბომიც მაჩუქა, თავფურცელზე მსხვილშრიფტიანი წარწერით: „ყველაზე საყვარელ ჩეკისტს“, ცოტათი ვიწროგანყოფილებიანი, მაგრამ როგორღაც ვატევდი გადაკეცილ ჩეკებსაც. რას ვიზამთ, ჩემნაირებისთვის ალბომების გამოშვებაზე არავის ეზრუნა აქამდე.

სულ, სულ პირველად რომ ვნახე შოთა, იმ პაემნამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთი ის ვიფიქრე, ეს დარტყმული ჩემთან ერთად რომ აიყვანონ სამსახურში, თავს რითი უნდა ვუშველო-მეთქი? დალაყუნებდა ანიმატორის ვაკანსიაზე გასაუბრების მომლოდინეთა შორის აწოწილი, გამხდარ-გამხდარი ბიჭი (სულაც რომ არ შეეფერებოდა მოგვიანებით ლიტერატურულ გმირად ქცევა), ყველაფერზე აღფრთოვანებას გამოთქვამდა, ყველას ეცნობოდა და სიცილით იჭაჭებოდა. იყო ერთი ცერცეტი, ჭკუამხიარული და ზედმეტად ზედაპირული აყლაყუდა. ამ დროს კი მე, სათვალიანი, სერიოზული გოგო მიდი ქვედაბოლოთი, აღელვებული ვფიქრობდი ჩემს პორტფოლიოზე და იმ შეკითხვებზე, რაც შეიძლებოდა დაესვათ. ასე ხომ არ მომეწონა, მაგრამ ოფისიდან გამოსული კაფეში მაინც გავყევი რატომღაც, სხვა თუ არაფერი, ლამაზი ცხვირ-პირი ჰქონდა, მეც გულწრფელად მშიოდა და მარტო წასვლაც მეზარებოდა.

რომ შემიყვარდა, სიტყვა „ცერცეტი“ -დაუდეგარმა შეცვალა, „ზედაპირული“ – მხიარულმა  და გახსნილმა. მთავარია სწორი კუთხიდან შეხედო, თორემ ყველა მოვლენა და ობიექტი შეიძლება ლამაზი ჩანდეს. ამ კუთხეებს კი ისე ოსტატურად არაფერი გარჩევინებს, როგორც სიყვარული. სხვები რომ სიყვარულით დაბრმავებას ეძახდნენ ამას, ძალიან მწყინდა, რა ჯობდა, აბა? ისევ ჩემი მიუკარებლისა და ამქვეყნიურ ამაოებაზე მაღლა მდგომის ჯავშნით მემოძრავა და მაღალი სტანდარტებისადმი შესაბამისობა მომეთხოვა ყველასთვის? სისულელეა ეგ თქვენი მაღალი სტანდარტები! სიყვარულისთვის ერთადერთი რამაა საჭირო, შენს რჩეულთან ისე ბედნიერად უნდა გრძნობდე თავს, როგორც სხვა არავისთან. ამ ერთადერთ მოთხოვნას კი შოთა 100 %-ით ერგება.  იმიტომ, რომ შოთა თვითონაა ჩემი 186 სანტიმეტრში ჩატეული ბედნიერება, იმიტომ რომ, შოთა და მე იანი და ინი ვართ, ანი და ჰოე… ყველი და პური, კოკა-კოლა და ჰამბურგერი, ჩაი და შაქარი.

10.10.2012 შემდეგ…

ნეტავ სად არის მეხსიერების ზღვარი, ის უკანასკნელი წვეთი, რომლის შემდეგაც ტვინი უარს აცხადებს იმეოროს და იმეოროს დეტალები იმ ადამიანთან შენი შეხვედრებიდან, რომელიც ასე გიყვარდა? მე ვებღაუჭები ამ მოგონებებს, მემეორებინება თავისთავად და ვიმეორებ ძალდატანებითაც, ვიმეორებ როგორც გაკვეთილებს, როგორც საგამოცდო საკითხებს, როგორც სავალდებულო ისტორიულ ცნობებს… იმისთვის, რომ ხატებად და ფერებად თუ არა, საგულდაგულოდ დამახსოვრებულ სიტყვებად მაინც შევინახო მეხსიერებაში. ჩემს თავს ყოველდღიურად ვახსენებ, რომ იმ დღეს შოთას უჯრულა პერანგი ეცვა, სხვა დღეს ლურჯი მაისური, ვიმეორებ, რა ვჭამეთ და სად იდგა, ვიმეორებ როდის რა მითხრა, როდის მოიწყინა, რაზე გამიბრაზდა… აღვიდგენ მის ჟესტებს და ლაპარაკის მანერას და ძალიან მწყდება გული, როცა რამეს ბოლომდე ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ მეშინია. მოგონებებში იცრიცება ფერები და ადგილები, იცრიცება შეგრძნებები და ერთხელაც, როცა გავიხსენებ როგორ მეხვეოდა, იმ ყოვლისმომცველი ჟრუანტელის ნაცვლად, ამაზე ფიქრს ყოველთვის  თან რომ სდევს, მეშინია, რომ უკვე ვეღარაფერს ვიგრძნობ.

 10.10.2012

ამ დღეზე ალბათ ბევრი უნდა მეწერა, დამეწყო თავიდან და აღმეწერა როგორი შესანიშნავი დილა გათენდა ათ ოქტომბერს, როგორ ვისაუზმეთ ყავით და ფუნთუშებით  მე და შოთამ, როგორ უხდებოდა მას ზოლიანი მაისური და რომ რასაკვირველია, ბევრს ვიცინოდით, თუმცა ამ მხიარულებას თითქოს რაღაც ბუნდოვანი გრძნობაც  ჩრდილავდა. მომეყოლა, რომ ბევრი ვისეირნეთ და ირგვლივ ყველა და ყველაფერი ბედნიერებას ასხივებდა, რომ შოთა ჩვეულებრივიც იყო, მაგრამ ამავდროულად თითქოს არაჩვეულებრივიც, რომ სხვანაირად იღიმებოდა, თითოეულ მის სიტყვას უბედურების დაღი ესვა და მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა კი მგონია, რომ გული რაღაცას უგრძნობდა…

მაგრამ არ დავწერ ამას, იმიტომ რომ სრული სისულელეა. რაღას არ დავწერ, უკვე დავწერე, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ უაზრობაა ადამიანის სიცოცხლის ბოლო დღის ყველა დეტალში განსაკუთრებული დატვირთვა ეძიო, მისი ქცევები კი  შარავანდედით მოსო.  რა აზრი აქვს იმის განხილვას, როგორ და რას უგრძნობდა გული? დავიფიცებ, რომ არაფერსაც არ უგრძნობდა! ბოლო  თხუთმეტი წუთი ისეთი მიწიერი თემის განხილვას შევალიეთ, როგორიც  ჩემი აივნის მორყეული მოაჯირის შეკეთების აუცილებლობა იყო. რომელ წინასასიკვდილო განცდაზეა ლაპარაკი? ნუ მაცინებთ.

შემოდგომის რიგითი დღე იყო, აქამდეც რომ მრავლად ყოფილა ისეთი. გამორჩეული არც იმაში ჩანდა რამე, ქუჩაში მოსეირნეებმა გზის მეორე მხარეს სათამაშოების მაღაზია რომ შევნიშნეთ და ვიფიქრე, იქნებ იქ მაინც აღმოგვეჩინა ტვისტერის სათამაშო, ამდენი ხანი უიმედოდ რომ ვეძებდით. შოთამ სწრაფად გადაირბინა, ათ წუთში კი  ბედნიერსახიანი და ფერადპარკჩაბღუჯული გამოიწოწა მაღაზიიდან და ისევ გამოიქცა. გამოიქცა, ოღონდ ჩემამდე აღარ მოსულა.

10.10.2012 შემდეგ…

შოთას სისხლმიმხმარ ჯინსში ჩაკუჭული ჩეკი ორი კვირის მერე აღმოვაჩინე, ყავისფრად დალაქავებული, საბედისწერო თარიღიანი და ასე უსირცხვილოდ პრაგმატული…

შპს ინდიგო

ს/ნ: 404865760

მოლარე 01,

განყოფილება 01… 50.00A

ჯამი: 50.00,

ნაღდი 50.00…

025691… 10.10.2012… 14.48…

DY00065300FM00065626

და შუაშიც შავად გმადლობთ! ჯერ ტანში გამცრა და ისე ძნელი გახდა სუნთქვა, მიჭერდა ყელში, მიჭერდა მკერდთან, კეფაში კი ჩაქუჩივით – დაგ, დაგ, დაგ! მინდოდა გადამეგდო, მაგრამ ვერ შეველიე… გადმოვაბრუნე და დავაპირე დამეწერა. ოღონდ რა? რა შეიძლება დამეწერა? იქნებ ის დამეწერა, როგორ მენატრება? ან დამეწერა – როგორ მიყვარს? ან დამეწერა – რომ მესიზმრება, ოფლში გახვითქული ვიღვიძებ, ხელით ვამოწმებ გვერდით ბალიშს და ის კი ისე ცივია, უსაშველოდ ცივი და ცარიელი. ან დამეწერა, რომ ქუჩაში ვხედავ შორიდან, ვხედავ მის მაისურებს, ვხედავ ჩანთებს, რომელიც მისას ჰგავს, მის თმებს და ვარცხნილობას სხვებს რომ უსინდისოდ მოურგიათ. დამეწერა, როგორ ვგრძნობ შუა გზაში გაჩერებული ქარის მიერ მოტანილ მის სურნელს. ან იქნებ ის დამეწერა, რომ ღამით სმს-ის ხმა მაღვიძებს და მობილურს გაშმაგებული ვეტანები, იქ კი არაფერია, საერთოდ არაფერი. იქნებ ის დამეწერა, რომ ვნანობ, რომ შემიყვარდა, მერე კი ვნანობ, რომ ასე ვიფიქრე. ან იქნებ ის დამეწერა…

არ ვიცი, რა შეიძლება დავაწერო, ეს მართკუთხედი ნაგლეჯი ისე პატარაა, დასაწერი კი იმდენი. ამიტომ, ვკეცავ და ასევე ვინახავ, ცარიელს. ბოლო ჩეკს ალბომში, პირველ უწარწერო ჩეკს ექვსი თვის განმავლობაში.