Archive | Free topic RSS feed for this section

კონტრაქტი

6 ნოე

speak of the devil… and you hear the rustle of his wings.

Fredric Brown 

#000000738912026513

– დავიწყო უკვე?

– უკანა მხრიდან დავაწერეთ, თვალის ფანქრით. პირველ ბილეთზე, გადანაკეცამდე, დიდი, აცა-ბაცა ასოებით დაწერილი „ჩუქების ხელშეკრულება“ და კონტრაქტის დასაწყისი დაეტია ვიდრე სიტყვებამდე „საკუთრებაში არსებული“, მეორე ბილეთზე კი, განსაკუთრებული გარემოებებიც იყო გათვალისწინებული, თუ მე ბოროტი განზრახვით დავმალავდი გაჩუქებული ქონების ნაკლს, ვალდებული ვიყავი დასაჩუქრებულისთვის მიყენებული ზიანი ამენაზღაურებინა. ვიმსჯელეთ კიდეც და ვერაფრით წარმოვიდგინე, ჩემი საჩუქრის ნაკლი რა შეიძლება ყოფილიყო და როგორ უნდა შეეფასებინა, მაგრამ მარწმუნებდა, სტანდარტი ასეთიაო და კონტრაქტიც მისი კარნახით შევადგინე.

1283969575-theatre-tickets

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ანტრაქტზე მკითხა: ღმერთის თუ გწამსო? ხომ გესმით, ჭკუა მაქვს ნასწავლი, ამ კითხვაზე პასუხს სანამ გასცემ, კარგად უნდა დაფიქრდე, ვის ესაუბრები. თუ რადიკალი ქრისტიანია, ჯობია არ გარისკო. აუცილებელი არ არის, ტყუილი თქვა, უბრალოდ უხერხულად შეიშმუშნები და თავად მასვე დაელოდები, რა თქმა უნდა, დარწმუნებული იქნება, რომ გარშემო ყველა მორწმუნეა, ამიტომ ეს კითხვაც თავისთვის, რიტორიკულად ექნება დასმული და ცოტა ხანში პასუხის მოსმენის გარეშეც გააგრძელებს საუბარს, თუ „უბრალოდ“ მართლმადიდებელია, შეგიძლია უპასუხო, რომ რაღაცის გწამს, თუმცა დიდად რელიგიური არ ხარ. ზოგიერთთან კი, შეგიძლია, თავს უფლება მისცე და სიმართლე თქვა… სიტყვა გამექცა, რაზე გავჩერდი? ჰო, იმას გეუბნებოდით, მკითხა – ღმერთის თუ გწამსო? რატომ უნდა მომეტყუებინა, არა-მეთქი, ვუთხარი. – სულისო? – სულის რანაირადღა უნდა მწამდეს-მეთქი?

სპექტაკლის გაგრძელებას ველოდებოდით და მეგონა, უბრალოდ სასაუბრო თემა გამოელია და უხერხულობამ გაახსენდა ღმერთი, მაგრამ სული როგორც კი ვახსენეთ, მაშინვე თვალები გაუბრწყინდა და საწერი მთხოვა, სხვა რომ ვერაფერი მოვნახე, თვალის ფანქარი მივეცი. მერე ბილეთები გადმოაბრუნა და თავადვე დაასათაურა, ტყუილს ვერ ვიტყვი, დანარჩენი ნაწილი მე თვითონ დავწერე, ჩემი ხელით. სული მაჩუქებინა – ჩემი საკუთარი. თუ არაფრის არ გჯერაო, ჩუქებას რა უნდაო და ჩემი სიკვდილის შემდეგ მისთვის სულის გადაცემაზე შევთანხმდით. კონტრაქტში დავწერეთ, რომ შეეძლო, ისე მოეხმარა, როგორც მოუნდებოდა. სიცილით მითხრა, – სიკვდილი რომ მოვა, ჩემს ნაცვლად შენს სულს გავატანო. ერთი წამით რაღაცამ კი გამკრა გულში, იქნებ მართლა არსებობს ეს სული და ერთი თვის გაცნობილ ადამიანს როგორ ვჩუქნი-მეთქი? მაგრამ ისეთი ეშმაკური სახით მიყურებდა (რა ორაზროვანად ჟღერს ხანდახან ეს „ეშმაკური“, ხომ?), ვერაფრით დავანახებდი, რომ ვყოყმანობდი, ამიტომ ხელიც მოვაწერე და თარიღიც ჩემი ხელით დავსვი. თქვენც იცით, არ მჩვევია ასეთ გადამწყვეტ მომენტებში უკან დახევა და სისულელეები.

IMG_4824

#000000738912026514

– ეგ რა საკითხავია, რა თქმა უნდა, მიყვარდა! სულ თავიდან მიყვარდა თუ მინდოდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მერე და მერე ალბათ შემიყვარდა. გაცნობისთანავე მომეწონა. განა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ საკმარისი იყო მის გვერდით ყოფნა და ჭლექიანივით ხვნეშა-ხვნეშით, მძიმე სუნთქვა დამეწყებოდა ხოლმე, თავში ერთი ჭკვიანური აზრი არ მიჭაჭანდებოდა და ტუჩებგამომშრალი ბლუყუნს ვიწყებდი. ეგეც ხვდებოდა და სპეციალურად მაღიზიანებდა, შემპარავად და დახვეწილად. აი, ხომ ხვდებით, რომ არ იმჩნევენ, ვითომ აქ არაფერიაო და სასწაულებს რომ სჩადიან, კი გეცოდინებათ ქალების ამბავი. ისე მეპრანჭებოდა, ვითომ-ვითომ და შეუმჩნევლად. მე თვითონ თუ გავიწევდი მისკენ, უკან იხევდა, ლამის ჭკუაზე შემშალა. ის თეატრის ამბავიც თვითონ გამიჩალიჩა, რომელი დიდი მესპექტაკლე მე ვარ, მაგრამ რაც ეგ რეკლამა დაიწყო „სურვილების ტრამვაიზე“, შანსს არ უშვებდა, არ ეხსენებინა და თვალები არ მიენაბა იმის ნიშნად, როგორ ძალიან უნდოდა იქ წასვლა. ქვეყნის ფული მივათხლიშე ორ ქეციან ბილეთს, მაგრამ მეტის მოთმენა არ შემეძლო, ეს ქალი მაგიჟებდა და რას არ ვიზამდი მაგის გამო. ანტრაქტზე უცებ დამარტყა, ნეტავ მორწმუნე ხომ არ არის და იმიტომ ხომ არ იხევს რაღაც-რაღაცეებზე უკან-მეთქი? მაგიტომ ვკითხე ღმერთზეც და სულზეც, არაფერი გეგმა არ მქონია წინასწარ, რა სისულელეა! მერე უბრალოდ შევყევით და ეგ კონტრაქტიც ეგრე ხუმრობა-ხუმრობაში დავწერეთ. არ დაიჯერებთ და მგონი ზუსტად ამან გაჭრა. სულის გაჩუქებამ აღაგზნო თუ რა დაემართა, არ ვიცი, მაგრამ თეატრიდან სახლამდე მიმაცილებინა თავი და მერე ხომ გესმით, ყველაფრის მოყოლა ისედაც რა საჭიროა.

1286623827278748

#000000738912026513

– რატომ მეკითხებით მაგას? არ იყო თავის დროზე ცუდი ბიჭი, სიმპატიურიც კი ეთქმოდა, თან ვხედავდი, რომ ჩემზე გიჟდებოდა. ისიც მომწონდა ცხვირით რომ დავატარებდი და გამოვალენჩე. რა ვი, რატომ ხდება ხოლმე ეგრე, თვითშეფასება გეზრდება, თუ რაც არის, მაგრამ გსიამოვნებს ხოლმე ადამიანს, სხვას რომ გამოალაყებ. კი მიზიდავდა, მაგრამ საერთოდ არ ვიმჩნევდი, ისე ტექნიკურად ვაბამდი. ხანდახან ერთი სიამოვნებაა ქალობა, თქვენ ხომ გესმით, რას ვგულისხმობ? მერე ერთად დავიწყეთ ცხოვრება, დიდხანს არ ვორსულდებოდი და ანალიზები გავიკეთეთ, მაშინ გავიგეთ, რაც სჭირდა. რამდენიმე თვეში დაილია, ჩამოხმა და მაგის გამჭვირვალე კანსმიღმა ლამის სისხლის დინებას ვხედავდი. რა მკურნალობაზე იყო ლაპარაკი, შუბლზე ეწერა, რომ განწირული იყო. მეცოდებოდა და ვუვლიდი როგორც შემეძლო ისე, მაგრამ ეჭვიანობა რომ დაიწყო და ხასიათი დაუმჟავდა, მაშინ კი ყელში ამომივიდა. გავიდოდი ან მეგობართან, ან ამის წამალზე და სახლში დაბრუნებულს უხმოდ დამხვდებოდა თავის საყვარელ სავარძელში ჩასვენებული, პულტით ხელში. უხმოდ მაკვირდებოდა ხოლმე, ზიზღით თუ რაღაც აუხსნელი გრძნობებით სავსე ყვითელი თვალებით. შიგნეულს მიწვავდა ეგ მზერა, მაგრამ ხმას არ იღებდა და მე რა უნდა მეთქვა? ასე რატომ მიყურებ-მეთქი, ხომ არ ავუშარდებოდი?

ერთ დღეს კიდევ ეტყობა ამოასხა, თუ რაც იყო, ღამით სახლში დაბრუნებულმა კარები რომ გამოვაღე, უკვე იქ მელოდა, ყვირილი დამიწყო, სულ წაეშალა ეგ ყვითელი სახე. მიყვიროდა – მღალატობო, ბოზი ხარო, ყოველთვის ბოზი იყავიო. ვინ იცის როდინდელი ამბები და დაგვიანებები გაიხსენა. ხელები საცოდავად უკანკალებდა და ეგ მელოტი თავიც ისე სასაცილოდ უქიცინებდა, კინაღამ გული ამერია და მაშინ მივახალე, საწყალი ხარ-მეთქი, ვითომ ძლიერი და საშიში ხარ და სინამდვილეში ლაჩარი-მეთქი, მარტო ილანძღები და შხეფებს უშვებ, წყლის თოფივით-მეთქი. ნეტავ თუ ხვდებოდა მაშინ, რომ მთელი გულით მძულდა. არ ვიცი, მოისმენს თუ არა ამ ჩანაწერს, მაგრამ მინდა, რომ მოასმენინოთ, მინდა იცოდეს, რომ დავასწარი და მე თავიდანვე მძულდა, იქამდე მძულდა, სანამ თვითონ შემიძულებდა, უთხარით, რომ მე უფრო ადრე დავიწყე მაგის სიკვდილზე ფიქრი, მაგან უბრალოდ ცოტათი დამასწრო.

people-watching-tv

#000000738912026514

რამ დამაბრმავა აზრზე არა ვარ, თავიდანვე ბოზი იყო, რა მიხვედრა მაგას უნდოდა. ბოლოს ჩემი ავადმყოფობით სარგებლობდა და ვითომ ჩემს ექიმებთან და წამლებზე დადიოდა, ეგ ავხორცი და გახრწნილი ქალი. იმ დღეს 100 ჯერ დავურეკე და ერთხელ არ აიღო, სახლში დაბრუნებულმა მომახალა – ვიბრაციაზე მქონდა და არ მესმოდაო, ეგ თქვა და ტვინში ამასხა, სულ ბოზი და გათახსირებული ვეძახე. ეგ ნაგავი ქალი ეგა! მომაკვდავი ქმარი რომ გყავს და დაბოზაობ, სხვა რა უნდა გერქვას, კიდევ კეთილად მოვექეცი, მე თუ მკითხავთ.

იმ დღეს ვუსმენდი დისქავერიზე, თურმე შავი ფერისადმი მოკრძალებისა და აღსასრულთან მისი დაკავშირების საფუძველი ქვის ხანის ადამიანების ღამისა და სიბნელისადმი შიში ყოფილა, მისი მოულოდნელობებით, საფრთხითა და სიკვდილით სავსე წიაღიო. მაგრამ მე რომ ვიცნობ, ის სიკვდილი ყვითელია, თვალის გარსში გიძვრება და კანში გიფუთფუთებს, იქამდე, სანამ კანი გამჭვირვალე მოყვითალო არ გაგიხდება, კბილებს კი, მონაცრისფრო ყვითელი ნალექი არ დაედება და მერე უკვე აღარ იცი, ვის უყურებ, შენს საკუთარ თავს თუ შენში დაბუდებულ ყვითელ სიკვდილს.

Wasting02

მომაკვდავი კი მერქვა, მაგრამ მარტოს სიკვდილიც არ მაფიქრებდა უკვე, ოღონდ ეს ქალი არ მენახა, უკვე დაშორებაზე ვფიქრობდი და ჩემი ნივთებისა და საბუთების გადალაგებაზე. ეგ კონტრაქტიც მაშინ ვიპოვე, ძველ წერილებსა და საბუთებში ჩაკარგული, 2 წლის წინ, „სურვილების ტრამვაის“ წარმოდგენის ანტრაქტისას დადებული. დავინახე თუ არა ეგრევე ვიცანი რაც იყო და მაშინვე თითქოს რაღაცამ დამკრა თავში. გქონიათ ეგეთი შეგრძნება? თითქოს ტვინში გასაღები გადაგიტრიალდება და რომელიღაც უჯრაში აქამდე ჩაკეტილი აზრები ნელ-ნელა, ფრთხილად და შემპარავად იწყებენ ამოსვლას. ხვდები, რომ ეს სისულელეა, რომ ამ ბილეთებზე მინაჯღაბნ სიბრიყვეს ძალა არ აქვს, რომ კვდები და სხვისგან ნაჩუქარი სული ვერ გადაგარჩენს, რომ სიკვდილს საკუთარი ცოლის სულის შეთავაზებით ვერ შეაბამ. იცი ეს ყველაფერი, მაგრამ ღამით, როდესაც წვები და გვერდიდან შენი ცოლის მშვიდი სუნთქვა გესმის, თავში თითქოს საიდანღაც ხელახლა მოძვრებიან ეგ აზრები, ცდილობ, არ იფიქრო, რაც ძალი და ღონე გაქვს თვალებს ხუჭავ, და უხმოდ ღიღინსაც კი იწყებ, რომ ეს ფიქრები გაიფანტოს. მაგრამ არაფერი გშველის და შენში კითხვის ნიშნად ისევ ფეთქავს ერთადერთი სიტყვა: იქნებ? იქნებ?

20u376b

თვითონ ის დღე თუ გაინტერესებთ, როგორ იყო და საღამოს მისი საყვარელი სალათი გავუმზადე, სოუსში ჩემივე საძილე წამლების აბები ჩავუფშხვენი, ჯერ ვფიქრობდი, რომ 8 საკმარისი იქნებოდა, მერე შემეშინდა და დავამატე, კიდევ 4, მერე კიდევ 2 და ბოლოს დამატებით 6, წამლის გამოზოგვა და გარისკვა ნამდვილად არ ღირდა. თეფში წინ დავუდე, მე კი, ვითომ ტელევიზორს მივუჯექი და ყავის სმა დავიწყე. თან თვალი მისკენ მეჭირა და ვზვერავდი, ხომ კარგად ჭამდა. როდესაც ყოვნდებოდა, სული მელეოდა, მეშინოდა, არ გადაიფიქროს, ჭამა არ შეწყვიტოს-მეთქი და ამას რომ წარმოვიდგენდი, ვგრძნობდი, რომ უკვე ვეღარაფერი შემაჩერებდა, რომ თუ ჭამას მიატოვებდა, სახეს დავუჭერდი და ძალით ჩავტენიდი პირში ამ დახეხილ სტაფილოებსა და მწვანე ფოთლებს, იქამდე ჩავტენიდი, სანამ ყველაფერს არ მოვასუფთავებინებდი, სანამ სოუსის უკანასკნელ წვეთებსაც არ მივაგლესდი პურს და ძალით არ შევთხრიდი პირში. მაგრამ არ მომიწია ამის გაკეთება, მშვიდად ჭამდა. ღამენათევი იყო და თვალების გარშემო მოლურჯო წრეები ეტყობოდა. მთელი წინა ღამე ვბორგავდი და ჩემს გამო არ ეძინა, ვიცოდი. ისე ეს ამბავი მამშვიდებდა კიდეც, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ აწი ღამის გათენება აღარ მოუწევდა, რომ შეეძლო მშვიდად დაეძინა უკუნისამდე. ჯიბეში კი, კონტრაქტს ვსინჯავდი ხელით, აი, გული რომ გებერება ღელვისგან და ლამის ტკივილად გრძნობ მკერდთან მოწოლილ ემოციებს, ხომ გამოგიცდიათ? ეგრე ვიყავი, ისე ვბღუჯავდი ამ ბილეთს, როგორც ხსნის ერთადერთ იმედს. მთავარია იმას მალე ჩასძინებოდა და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ნაჩუქარი სული საკუთარის სანაცვლოდ, მაინც როგორ მოვიფიქრე ეს ყველაფერი? ნეტავ გული ხომ არ მიგრძნობდა იმ სპექტაკლზე რამეს, ეშმაკმა იცის, რა იყო და როგორ. რას გეუბნებოდით? მოკლედ, თითქმის ბოლომდე შეჭამა ეგ სალათი, და მალევე ჩაეძინა, ჩემი ხელით დავაფარე პლედი. ვიჯექი და ხან ტელევიზორს ვუყურებდი, ხან ამას გავხედავდი, ვხედავდი როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი სუნთქვის დროს, ოღონდ ეგ ცოტა ხანი იყო, მალევე გაჩერდა. ღამის 2-ზე დავწექი, ასე კარგად კარგა ხანია არ მიძინია, მგონი სიზმარში ვიფრინე კიდეც. არ ვიცი, ახალი სუნთქვა გამეხსნა თუ რა იყო, მეორე დღეს თითქოს სიყვითლემაც იკლო და მეტი ვჭამე, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი, მესამე დღეს ვერანდაზე გავედი და ვარჯიშიც კი ვცადე. სახლიც მივალაგე და კატლეტები შევწვი, ამ დამპალ ვეგეტარიანელს ხომ კატლეტს ვერ გააკეთებინებდი… ეგ დღეები ხელახლა დაბადებულივით ვცხოვრობდი. დაიჯერებთ? ღამე არც კი ვახველებდი. მერე თქვენც მოხვედით, არასდროს არ მომწონდა ეგ ჩემი მეზობელი ძაღლის ყნოსვით, ეგ დამპალი კაცი რომ არა ვერავინ ვერაფერს გაიგებდა! ვერაფერს მიხვდებოდით, თქვე დამპალო ღორებო! მოიცა, სად მიდიხართ? ის კი არ მიგულისხმია, რომ დავამთავრე, დიქტოფონს რატომ მირთავთ? ხომ შეიძლება თავის გასამართლებლად რამე კიდევ ვთქვა, მომაკვდავი ადამიანი ვარ, ისედაც მალე ვკვდები, ციხეში ვერ გავძლებ, ეს უნდა გესმოდეთ…

– მოიცა პოლიციელი არ ხართ? აბა ვინ ჯანდაბა ხართ? ხმა გამეცით!

– არა, შუქი არ ჩააქროთ! შუქი არ ჩააქროთ-მეთქი!

tumblr_nchb249nn01u00wswo1_1280

Advertisements

დალოცვილი ძალადობა

16 მაისი

“თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს”… ვაჟა ფშაველა ( „მღვდლების ვინაობა, 1906)

“მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ ჰგვანან” – მაჰათმა განდი

ბავშვობაში მღვდლების მეშინოდა. “მეშინოდა” მაინც არ არის ზუსტი ნათქვამი, მოწიწების, ირაციონალური შიშისა და აღფრთოვანების ნაზავს ვგრძნობდი მათ მიმართ, სრულიად უბრალო მიზეზის გამო. მეგონა, ნათელმხილველური ნიჭით იყვნენ დაჯილდოვებულნი და თუკი მოინდომებდნენ, შეეძლოთ რენტგენივით მიეშუქებინათ ადამიანებისთვის გამჭოლი მზერა და ყველა ცოდვა დაენახათ. არ ვიცი, რამე წავიკითხე ასეთი ნიჭის მქონე წმინდანზე, თუ დამოუკიდებლად დავასკვენი, მაგრამ ასეთი უცნაური გრძნობა კი მქონდა. რომ გავიზარდე და ყველანაირ არარაციონალურ რწმენაზე უარი ვთქვი, ღვთის რწმენის ჩათვლით, მათ მიმართ სრულიად ნეიტრალურად განვეწყვე. იყვნენ რა, თავიანთ საქმეს აკეთებდნენ მეტ-ნაკლები წარმატებით.

2013 წლის 17 მაისს კი ყველაფერი შეიცვალა. იმ დროინდელმა ამბებმა გვარიანად შეანჯღრიეს ჩემი ღირებულებები და მეორე უკიდურესობაში გადავვარდი. დავდიოდი და თუ სადმე ანაფორიან და წვერიან მღვდელს გადავეყრებოდი, ყველას ეჭვის თვალით ვუმზერდი, ვფიქრობდი: ნეტავ ისიც სიძულვილსა და შეუწყნარებლობას ქადაგებს-მეთქი? ნეტავ მასაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს ახალ აღთქმაზე და სოდომ-გომორის გარდა არაფერი ახსენდება, როცა საკუთარი თავისგან განსხვავებულზე უწევს მსჯელობა-მეთქი? ნეტავ მასაც ჯვაროსნული მისიის წარმომადგენელი ჰგონია თავი, ცეცხლითა და მახვილით რომ უნდა შეებრძოლოს მანკიერ ადამიანებს და თუ საჭირო გახდა, თავიც გაუჩეჩქვოს ქრისტეს სახელით-მეთქი?

ფოტოს ავტორი ??? წყარო: http://enpijournalism.wordpress.com/
ფოტოს ავტორი ??? წყარო: http://enpijournalism.wordpress.com/

17 მაისის მერე, ჯერ ფეისბუქის გვერდზე ვაზიარე ძალადობის მგმობი ონლაინ-პუბლიკაციები, მერე ჩემს ამხანაგს ვეკამათე ტაბურეტიანი მამაოს თემაზე, ვიყავი თეოკრატიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, „ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობ“ დარდიც გამოვცადე საკუთარ თავზე, ვინერვიულე და ვიღელვე. მერე თითქოს დავწყნარდი. მაგრამ არა, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ დავწყნარდი და ბოლომდე მაინც ვერ მოვისვენე, ამიტომაც ვერ ვპატიობ იქნებ სრულიად უდანაშაულო მღვდლებსაც. სხვა კი არაფერს, უბრალოდ „მღვდლობას“ ვერ ვპატიობ. იმიტომ რომ, ყველამ ერთხმად და უსიტყვოდ მოაწერა ხელი ძალადობის აქტს, როცა მის გასაპროტესტებლად არაფერი მოიმოქმედა. ყველას დაეკისრა პასუხისმგებლობის წილი 17 მაისის უმსგავსობაზე. თითო ოროლას გარდა არავინ გამოსულა და არ უთქვამს: ბოდიშს ვიხდით, იმ ინსტიტუტს რომ წარმოვადგენთ, ასე რომ შეირცხვინა თავიო, ეს რა დაგვემართაო… პირიქით, ასე გვითხრეს, რომ ქრისტე იყო ამ აქციის ორგანიზატორი და საერთოდაც ჭკვიანად იყავით, ვინა გგონივართო – დააყოლეს.

ღმერთის კი არ მწამს, მაგრამ რელიგიების დებულებების მწამს, სიყვარულს, ერთგულებას, პატიოსნებასა და სიკეთეს რომ ქადაგებს… საყოველთაო, ადამიანური და დიადი ღირებულებების, ეს კი საკმარისია, რომ ადამიანებისაც მჯეროდეს. იმიტომ რომ მგონია, ადამიანები ძირითადად სწორედ ასეთი კეთილი, პატიოსანი და მოსიყვარულეები არიან. ასე რომ არ მეგონოს, მათს კეთილსინდისირებაში დაეჭვებაც ისევე მომიწევდა, როგორც ახლა მღვდლებისაში მიწევს.

მაგრამ ბოლო დროს უმცირესობაში მყოფის კომპლექსი დამჩემდა, ათეისტები ისედაც უმცირესობაში ვართ, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა. იმაზე ვლაპარაკობ, 2013 წლის ივნისის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი ეკლესიას რომ უპირობოდ ენდობოდა. და ეს იმ თვის მონაცემებია, 17 მაისს რომ მოსდევდა. იმაზე ვლაპარაკობ, საქართველოში მორწმუნეთა 81 % მოძღვარი რომ ჰყავს თურმე  და იმაზე, ამ მოძღვრებს რომ არ ვენდობი, მრევლზე მათი კეთილისმყოფელი გავლენა რომ მაეჭვებს ძალიან.

გურამ მურადოვის ფოტო/Civil.ge
გურამ მურადოვის ფოტო/Civil.ge

17 მაისის მოვლენების შემდეგ, რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე დაიწყეს საუბარი. პოლიტიკის ფილოსოფოსი ერიკ ვოგელინი ფუნდამენტალიზმის რამდენიმე ნიშანს გამოჰყოფდა და მათ შორის იყო: რწმენა იმისა, რომ  არასრულყოფილებისგან სამყაროს განთავისუფლება შეიძლება და რომ სამყაროს წესრიგის შეცვლა ადამიანის მოვალეობაა. სწორედ ამგვარ პოზიციას გამოხატავდნენ 17 მაისის კონტრაქციის მონაწილეები, რომლებსაც „დაავადებული“ და „გარყვნილი“ ადამიანებისგან ეროვნული იდენტობის დაცვა საკუთარ წმინდა მოვალეობად მიაჩნდათ.

ფოტოს ავტორი ??? წყარო: http://enpijournalism.wordpress.com/
ფოტოს ავტორი ??? წყარო: http://enpijournalism.wordpress.com/

ეჭვი არ მეპარება და ვიცი კიდეც, ბევრი მორწმუნეც ძალადობად და უმსგავსობად რომ აღიქვამდა იქ დატრიალებულ განუკითხაობას, მაგრამ მღვდლების მოქმედების გამართლებას რომ ცდილობდნენ, ისეთ მორწმუნეებსაც ბლომად ვიცნობ და ძალიან ვბრაზობ ასეთებზე. არ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობის გასამართლებელი გზები ეძიო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისეთ რთულ მისიას ხარ შეჭიდებული, ეკლესიურად ცხოვრება რომ ჰქვია. უბრალოდ საკუთარ თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში, საკუთარ თავსაც ატყუებ და სხვებსაც.

გიორგი გოგუას ფოტო/წყარო: http://www.liberali.ge/
გიორგი გოგუას ფოტო/წყარო: http://www.liberali.ge/

ადრე ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ სულ სხვაა თეოლოგია და სულ სხვა ის პრაქტიკული რელიგია, გაუნათლებელი მღვდლებითა და გაუცნობიერებელი სწავლებებით გაშუალებული რომ ვრცელდება ხალხშიო. მე არ მომწონს და არ შემიძლია მწამდეს  საზოგადოებრივი გონის პროდუქტი, ბოროტი ღმერთის. მჯერა, რომ თუ ღმერთი არსებობს, ის სიკეთისა და სიყვარულის ის უმაღლესი გამოხატულება უნდა იყოს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ძალადობას ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანზე. თუ ადამიანთა ნაწილისთვის არის ამგვარი ძალადობა მიუღებელი, თუ ადამიანთა ეს ნაწილი სიკეთეს უპირისპირებს ამგვარ ძალადობას, როგორ შეიძლება ღვთისთვის სხვაგვარად იყოს? როგორ შეიძლება უბრალო ადამიანები იყვნენ ღმერთზე კეთილები?

Καρκίνος

23 ნოე

ოთახში შესულს პირველად ხატების კუთხე მომხვდა თვალში, ყველანაირი ზომის გამოსახულებით, შუაში უზარმაზარი ჯვარცმით. ალბათ ეს ადგილი საგანგებოდ იყო შერჩეული, რელიგიურებს ზღურბლზევე რომ დაეტოვებინათ სინდისის ქენჯნა ეშმაკეულ საქციელთან დაკავშირებით. კარების მარჯვნივ ტაბლა იდგა, პატარა ელექტროქურით. იქვე მრგვალი მაგიდა სკამებით. მაგიდის მარცხნივ, სავარაუდოდ სამზარეულოსგან გამყოფი ხავერდის ფარდები. ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში გვეკიდა ხოლმე მსგავსი. ქალმა მაგიდისკენ მიმითითა, თვითონ კი ყავის მოდუღებას შეუდგა.

ფინჯანი თეთრია, ოდესღაც ფერადი, ახლა გაცრეცილი ყვავილების არშიით, ყავა  – გემრიელი. მიყვარს თურქული ყავის არომატის ყნოსვა და პაწაწინა ფინჯნის საათობით წრუპვა, მაგრამ ახლა ვჩქარობ, დრო მეც ცოტა მაქვს და როგორც ჩანს მასპინძელსაც. როცა უკვე ოდნავღა ფარავს სითხე ნალექს, როგორც მეუბნება ისე, საათის ისრის საწინააღმდეგოდ შვიდჯერ შევაქანებ და ლამბაქზე პირუკუღმა ვდებ. 15 წუთში მკითხაობას დავიწყებთ.


ვიცი, ასეთი რაღაცები არ შემეფერება. მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი ისეთი ხდება ჩემს თავს, რაც არაფრით შემეფერება. თუ რამეა, თავს იმით ვიმართლებ, რომ მორიგ გამოკვლევამდე დარჩენილი საათები უნდა გამეყვანა და ამიტომ მოვედი აქ, ასე რომ წყალგაუვალი ალიბიც მაქვს. მე ხომ ჭკვიანი გოგო ვარ, მისნების, ნათელმხილველების და ასტროლოგიის რომ არ უნდა სწამდეს ისეთი. ამიტომაც ქურდბაცაცობაზე წასწრებულივით ვიღიმები და სანამ ჩემს ფინჯანს „ცრემლი“ შეშრობია, ამ ქალზე დაკვირვებით ვირთობ თავს.

პეკინესს ჰგავს, მოკუჭული სახით, აი, თითქოს შუბლი და ნიკაპი ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ და შუაში ცხვირი შემოეჭყლიტათო, ისეთი. მწვანე თვალები აქვს და დიდი ძუძუები, დეკოლტის არეზე შებერებული კანით. ვფიქრობ ახალგაზრდა ლამაზი იქნებოდა თუ არა და ვასკვნი, რომ ახალგაზრდაც პეკინესს ემსგავსებოდა ალბათ, ნორჩ პეკინესს. ახლა მჭმუნვარე სახით ჩაჰყურებს ჭიქაში ჩემს ცხოვრებას, მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ. ნეტავ რამდენი ხანი სწავლობდა სარკეში ასე ყურებას, საკუთარი ღირსებით აღსავსე პროფესიონალის მზერას?..

ჩაახველა და თითით მიმანიშნა ფინჯნის ყურთან. ეს შენ ხარ და შენი საახლობლოო, ორი ერთგული ადამიანი მოჩანს შენ გვერდითო (?), ყველანაირად გვერდით გიდგანან, როგორც ჩანს ხიფათიანი ცხოვრება გაქვს და არ გტოვებენ მარტოო. მერე ფინჯნის ქვედა მხარეს დაუწყო “ჭვრეტა”, ეს შენი წარსულია, ამაზე ბევრს არ შევჩერდებიო, ვიღაცის თვალი ახსენა, ავი თვალით გიყურებდა, მაგრამ გაქრა შენი ცხოვრებიდანო და მერე რამდენიმეწამიანი პაუზა… მაღალ ბიჭს ვხედავ, დიდი ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში, მთელს ჭიქას ჰკვეთს მისი გამოსახულებაო, – მითხრა და გვერდულად გადმომხედა, ალბათ ჩემი რეაქციის დასაფიქსირებლად. წარბშეუხრელად ვზივარ და ცივად შევყურებ, თუ ამ ქალს და სულელურ ფიგურებს რამის თქმა მართლა შეუძლიათ, ეს ბიჭი საბა უნდა იყოს.

*   *   *

რომ იცოდე, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენი ყოველი ნახვისას სინდისის ქენჯნით დაიტანჯება, რომ იცოდე, რომ შენთან ურთიერთობა ამიერიდან მხოლოდ ატკენს, რომ თქვენი წარსულის ყველა მოგონება ერთადერთი  მძიმე ფიქრით ჩანაცვლდება. და იცოდე, რომ აწი ვერაფრით მიხვდები, შენთან იმიტომ რჩება, რომ ისევ უყვარხარ, თუ უბრალოდ მოვალეობის გრძნობა და სიმხდალე აჩერებს, ერთადერთი სწორი გამოსავალი თავისთავად ჩნდება ასეთ დროს, და ეს – მისი ცხოვრებიდან წასვლაა.

ჩემი საქციელი ორნაირად შეიძლება აიხსნას, როგორც გმირობა და როგორც სისულელე. და რადგან ოთხი თვე სრულდება, რაც გადაწყვეტილება მივიღე, ვერაფრით ვერ გამოვტყდები, რომ ეს ამდენი თვეა, მხოლოდ ვსულელობ. მირჩევნია ისევ გმირი ვიყო. ან ის, ვინც “გმირულად” გაიქცა. იმის აღიარებაც მომიწევს, რომ ეტყობა არ ვიყავი საბაში ბოლომდე დარწმუნებული. თავიდანვე ზედმეტად გავაღმერთე და თავს იღბლიანად ვთვლიდი, ასეთმა შესანიშნავმა ადამიანმა პატივი რომ დამდო და შემიყვარა.

ალბათ ყველა სხვადასხვანაირად ხვდება, რომ შეყვარებულია, ვიღაცა სიზმრების უცვლელი პერსონაჟის გამოჩენით ასკვნის, ვიღაც მუდმივი მონატრებით, ვიღაც კუჭთან სპაზმებით… ხვდება ზოგი ერთი ნახვით, ზოგი მრავალწლიანი მეგობრობის თავზე. მე გაცნობიდან თვენახევარი და ერთი პატარა შემთხვევა დამჭირდა ამის აღმოსაჩენად.

ერთხელ ლანჩის დროს ახალმა თანამშრომელმა საბამ  თავზე რომ შემოიჭდო ხელი და გამხდარ მკლავებზე ასე საგულდაგულოდ „გადამალული“ ბიცეფსის კუნთები გამოუჩნდა, მოცისფრო, ამობურცული ძარღვის კლაკნილით – მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი მაგარი აქამდე არაფერი მენახა! და იმასაც მივხვდი, რომ ამ ბიცეფსიანი (თუ უბიცეფსო) ბიჭის შეყვარება მომესწრო თურმე. შეუმჩნევლად შემომყვარებია მისი გამხდარი მკლავები და შეუსაბამოდ დიდი ხელის მტევნები, ღერძიდან რამოდენიმე მილიმეტრით გადახრილი  – ცხვირიც, სწორი წარბებიც, ჩაწიკწიკებული კბილებიცა და მუდამდღე დასავარცხნი თმებიც. მოკლედ ყველაფერი – მის სხეულში ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, ყოველი სანტიმეტრი და ყოველი უჯრედი.

უფრო გვიან ამას რომ ვიხსენებდი და ვეკითხებოდი, შენ თვითონ როდისღა მიხვდი, რომ გიყვარდი მეთქი? მეშაყირებოდა, – მე შენს ტრიცეფსებზე გავგიჟდი ერთ დღესაცო. არ ვიცი, მართლა ტრიცეფსებმა მოხიბლეს თუ წვივის კუნთებმა, მაგრამ მალევე, მთვრალმა და აბლუკუნებულმა, ღია ცისქვეშა კორპორაციულიდან ზღვის პირას გამიყვანა და შეეცადა, რაც შეიძლება, რომანტიკულად აეხსნა, რასაც განიცდიდა.

ცოტა ხანში კი მარკერებით დავინიშნეთ, ჩვეულებრივი ფლიპ-ჩარტის მარკერებით, მორიგი პრეზენტაციის წინ, ორი კოლეგა-მოწმის თანდასწრებით. საბამ მწვანე მარკერით შემომიხაზა მარჯვენა არათითი, მე – ლურჯით. მერე რა, რომ ჩვენმა ბეჭდებმა ხელის ორ გადაბანასაც ვერ გაუძლეს, ნეტავ ასეთი სიხარულით ბაჯაღლოთიც ინიშნებოდეს ბევრი.

*  *  *

აღმართი და დაღმართი, დაღმართი და აღმართი. ბოლოს და ბოლოს აზრზე უნდა მოხვიდე და მიხვდე, რომ ერთს მეორე მოჰყვება, იმასაც უნდა მიხვდე, რომ თუ მეტისმეტად მაღლა ახვედი, თუ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმართი აათავე და ზღვარს ზედმეტად ასცილდი, დაშვებაც მალე მოგიწევს. წარმოუდგენლად მალე.

უკვე ნახევარ წელი ხდებოდა, რაც საბას ვხვდებოდი, ერთ დღესაც, მისი დამსახურებით საკუთარ თავზე  ხელახლა შეყვარებულმა სარკესთან რომ მოვინდომე სხეულის შეთვალიერება. ცვლილებაც მაშინ შევნიშნე,  მაგრამ არც მიფიქრია მისთვის მეთქვა, არ შემშინებია და იმიტომ. როცა ასე ბედნიერად გრძნობ თავს, გესირცხვილება უმნიშვნელო პრობლემების და კანის ჩაბრუნების გამო აღელდე, უხერხულიც კია. ექიმთანაც ყოველი შემთხვევისთვის შევირბინე, დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მჭირდა და კონსულტაციისთვის დახარჯულ ფულზე წინასწარ მეთანაღრებოდა გული. ჯერ მისმა სერიოზულმა სახემ ჩამაფიქრა გასინჯვის დროს, 2  დღის მერე მამოგრაფიის შედეგმა. არ მინდა იმ საშინელების ხსენება, თუ არ ვახსენებ, ისე ყურისმომჭრელად საშიშად აღარ აღიქმება თითქოს. Καρκίνος – ფეხსასხსრიანთია ტიპის უხერხემლო. ასე გაცილებით მარტივია.

ახლა აღარც ვიცი, რაც საბას მიმართ შემომრჩა იმას, ისევ სიყვარული უნდა ვეძახო თუ არა, იმიტომ რომ ჩემი მოგონებები უკვე გადაიფარა ერთადერთი მტანჯველი ფიქრითა და შიშით. იმ შიშით, ტანზე ოფლად რომ გღვრის, პირს რომ გიშრობს, ყელში გიჭერს და მზად გხდის, პატარა ბიძგზეც კი აღრიალდე.

საბა სადღაც ტვინის ინფორმაციულ ხვეულებში ფაქტადღაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, მე ისევ მახსოვს, რომ მიყვარს, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ ამას, უბრალოდ აღარ მაქვს ამის თავი. ალბათ სხეულის მოჭრილ ნაწილთან ერთად დავკარგე. მაშინ  ნახევარ ქალად რომ ვიქეცი, ან უფრო გვიან, ადამიანადყოფილს რომ დავემსგავსე, ამოღამებული თვალებითა და ძველი თაბახისფერი კანით.

ვიცი, რომ ძალიან ვატკინე, მაგრამ შემეშინდა, რომ უფრო გვიან მეტად ვატკენდი. შეიძლება უბრალოდაც ეგოიზმი ჰქვია ამ ყველაფერს და თავის მართლებასავით გამომდის, დიდი სიყვარულის სახელით რომ ვფუთავ. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.

ავდექი და  მივატოვე, თბილისში გადმობარგებამდე სამსახურის მაგიდაზე დავუტოვე გრძელი, ბილწი წერილი და ვუთხარი როგორ მიშლიდა ნერვებს, ვუთხარი რომ ვეღარ ვიტანდი მის ვერც ერთ ჩვევას და არ მინდოდა მქონოდა მასთან არანაირი კავშირი. ყველაზე გულდასაწყვეტი დეტალები წამოვაძახე და ყველა მტკივნეულ წერტილს გადავწვდი. ისეთი საზიზღრობები დავწერე, თვითონვე რომ გამიკვირდა საკუთარი ფანტაზიის. უკანმოსაბრუნებელი გზა კი არ მოვიჭერი, გავიუქმე და გავინადგურე. დემონსტრაციულად გადავტეხე საკუთარი მობილურის სიმ-ბარათიც, სულს რომ არ წაეძლია და ზარზე არ მეპასუხა, ან სხვა რომელიმე თანამშრომელს არ მოეგნო ჩემთვის. ამოვიშალე თავი ინტერნეტ-სივრციდან. ერთად მოვაქუჩე მისი ყველა საჩუქარი და სანაგვეში მოვისროლე, დავხიე სურათები და დავიწყე დავიწყება, რომელიც ვერა და ვერ მივიყვანე ბოლომდე.

საბას როგორც ჩანს არც მოუნდომებია, რამის გარკვევა და გამოძიება. ერთხელაც არ უცდია, მიმხვდარიყო, რა ჯანდაბა დამემართა. კი, ვიცოდი, რომ ამაყი იყო, ისიც ვიცოდი, ასე შელახულ თავმოყვარეობას რომ არაფრით მაპატიებდა, მაგრამ შიგნით, სულ ღრმად და ერთი ბეწოთი, მაინც მრჩებოდა იმედი, რომ რაღაც სასწაულით მიხვდებოდა ჩემი საქციელის ნამდვილ მიზეზს. მომძებნიდა ჩვენი ქალაქიდან ასე შორსაც, შუბლზე თმას გადამიწევდა და ჩემს თვალებს ჩაჩერებული იტყოდა:

– რა სულელი ხარ და როგორ მიყვარხარ, როგორ იფიქრე რომ დაგტოვებდი ასეთ დროსო? მეგონა მარკერით მონიშნული სიყვარული მართლა განსაკუთრებულად გვაკავშირებდა, მაგრამ სულაც არ ყოფილა ასე. ზუსტად ახლახანს შევიტყვე, საბა რომ მარტო აღარ არის.

ალბათ უბრალოდ სადღაც ჰაერში ჩამოკიდებული დავტოვე ეს ახალი ამბავი, იმიტომ რომ მეტი ახალი ამბის დატევა აღარ შემიძლია, ისედაც ახალ-ახალი სამედიცინო ტერმინებით, ინტერნეტში მოქექილი ინფორმაციითა და გამყინავი შიშით ვარ გაჟღენთილი.

*   *   *

ფიქრებიდან ისევ პეკინესის ხმას გამოვყავარ, ახლა უკვე უახლოეს მომავალზე მესაუბრება, რაღაცებს მიხსნის კომბოსტოს გამოსახულებაზე, რომელიც ეჭვიანობას ნიშნავს თურმე, ზარზე – უსიამოვნო ამბავს გაიგებო და ნავზე – დიდი გზა გელისო. მერე ერთხელაც დაიყენებს ყოვლისმცოდნე იერს, წაწვეტებულ ფრჩხილიან თითს ფინჯნის შუაგულს მიუშვერს და იდუმალი ხმით მეჩურჩულება:

–  ერთი წლის შემდეგ მოსახდენ ამბებს აჩვენებს ძირი, წრეში ჩახატული გადაჯვარედინებული ხაზები კი ქორწილის  ნიშანია. ერთ წელიწადში ნამდვილად თხოვდებიო…

 * * *

საწყალი ქალი, ნეტავ როგორ გაიხსენებს მერე ჩემს ამბავს? იმ კლიენტის ამბავს, მოულოდნელად რომ წამოუხტა სკამიდან, ფინჯანი ხელიდან გამოსტაცა და პირდაპირ ხატების კუთხისკენ მოისროლა, როგორ გაისმა წკრიალ-ბზრიალის ხმა და როგორ დაემჩნა შპალერს სამუდამო ლაქად ყავისფერი წინწკლები. როგორ თავშეუკავებლად გაჰკიოდა უცნაური კლიენტი რაღაცას დაკარგულ სიყვარულზე, ნახევარ ქალობაზე, თითებზე და მარკერებზე. და სიბრაზისგან როგორ კანკალებდა მთელი სხეულით მაგიდას ჩაჭიდებული.

თუმცა ისიც მეეჭვება, ამდენი რამე შეემჩნია, ისეთი გაოგნებული მომჩერებოდა, ვიფიქრე, სადაცაა წკავწკავს დაიწყებს-მეთქი, ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.

ცრემლები  ხელს მიშლიან ტაქსის ნიშნები გავარჩიო და ვერც ვხვდები, როგორ ვესვენები მძღოლის გვერდით სავარძელზე, ონკოლოგიურთან მიმიყვანეთ-მეთქი ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. ლოყები მიხურს და ვგრძნობ როგორ დაუსრულებლად მიერთდება ნიკაპქვეშ ორი თბილი ნაკადი.

ექვსი თვე დამრჩა.

პეპელა სახელად – კამპა

9 ივლ

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა.”.

დღე პირველი

დგას ტუალეტის სარკმლიდან შემომავალი სავსე მთვარის შუქით ნახევრად განათებული და გახდას იწყებს. მოძრაობები გამოზომილი აქვს, ამის მერე ის, ამის მერე ეს, ჯერ შარვალს ჩაიწევს კოჭებამდე, მერე ხალათის უზარმაზარი გულისპირიდან მხრებს ამოწურავს და თითქოს პარკუჭიდან ძვრებოდეს, ისე იკლაკნება. როცა უკვე ყველაფერი იატაკზე უცურდება, ერთხელაც ამოსწევს, ოდნავ აიქნევს ტერფებს და ფეხშიშველა გადის დერეფანში. ნახევარრკალად მოკუმშული ხელებით ვარდისფერკერტიან კონუსებს იფარავს და კაფელის ხაზიდან გადაუხვევლად მიემართება დარბაზისკენ, ვიწრო დერეფანს თავისუფლად გადის, ღია ჰოლში გასულს კი უკვე ჩასაფრებული სანიტრები ესხმიან თავს. პირველ რიგში, პატარა შავ სამკუთხედს უფარავენ პირსახოცის მოკლე სახვევით, მერე დიდ, თეთრ მაისურსაც გადააცვამენ და სანამ კივის, შპრიცით წამლის შეყვანასაც ასწრებენ. დარბაზიდან ისმის თავშეუკავებელი ხითხითი, აღგზნებული ბღავილი და ქალის წყევლა. ნახევარ საათში ყველაფერი წყნარდება და ისიც დილამდე ჭერსმიშტერებული გაოცებული თვალებით წევს გახამებულ თეთრეულზე.

* * *

კამილა ერთი წლის წინ მოიყვანეს, იმ ფაშფაშა ქალმა, პარკში ჩახუთული ხორცის სუნი რომ ასდიოდა, თქვა, რომ გოგოს ღამეული შიშველი ვოიაჟები მთელი უბნის მყუდროებას არღვევდა. ის, რასაკვირველია, არც უხსენებია, როგორ შეუსწრო მინასაკრულ საკუთარ ქმარს, კიდევ ბევრი მისნაირის მსგავსად რომ უთვალთვალებდა გოგოს და რაღაცას სცრიდა კბილებში.

ასე ხდებოდა დაახლოებით თვეში ერთხელ, “ჭუპრობისას”, როგორც ჩაინიშნა სათვალინმა ფსიქიატრმა ტყავისყდიან დავთარში. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მთელს მეორე და მესამე დღეს გოგო “იფრენდა”, ანუ, უტყვად ირბენდა ოთახიდან-ოთახში ხელების ქნევით, ასე 11 საათამდე.

მერე რამდენიმე წუთით ტუალეტში შეიკეტებოდა და ისევ სრულიად შიშველი გამოდიოდა გარეთ.

სათვალიანმა ფსიქიატრმა ფსიქიკური აშლილობებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე თქვა, რომ გოგო, სავარაუდოდ, ტუალეტში გადამალულს ტოვებდა წარმოსახულ ფრთებს, ღამით ფრენა არ შეეძლო.

დღე მეორე

აქამდე არასოდეს უნახავს. საავადმყოფოში იყო ქალი, სულ რომ იწყევლებოდა ისეთი, 4 მოხუცი კაცი, მუდამ დომინოს რომ თამაშობდნენ, იყო ლურჯთვალება სტუდენტი (ყოფილი) და სხვებიც ბლომად იყვნენ. მაგრამ ის აქამდე არ ყოფილა, ნამდვილად იცოდა. არც საღებავების სუნი ყოფილა აქამდე 26-ე პალატაში, აქ ერთი თეთრთმიანი მოხუცი იწვა, რომელიც წინა კვირას მიწაში ჩაფლეს, საავადმყოფოს უკანა ეზოში.

ხომ პირველად ხედავდა, მაგრამ თავი ვერაფრით შეიკავა, მიუახლოვდა და ყურში ჩაჰყვირა – მე კამილა ვარო! არადა, ის არც აქცევდა ყურადღებას, საღებავში მოთხვრილ თითებს უზარმაზარ ტილოს უტყაპუნებდა. ბიჭი გაჩერდა, ხელები ჯერ მაღლა აიშვირა, მერე რაღაც შემოხაზა ჰაერში, ბოლოს კი მკერდზე დაალაგა გოგოს.

– კამილა არ ვიცი, შენ ჩემი კამპა იქნები, პატარა კამპა.

ორივემ შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს და ჩაიცინეს. ასე დაიბადა კამპა.

ამის მერე წუთითაც არ დარჩენილა მარტო, ოთახიდან-ოთახში ისევ ხელების ქნევით დარბოდა, მაგრამ მარტო აღარ იყო, საღებავებით მოთხვრილი არსება ხარხარით დასდევდა და სადაც მოიმწყვდევდა, იქვე სვრიდა ფერადი ხელებით კამილას თეთრ ხალათს. სხვა რომ ყოფილიყო კამილა გაბრაზდებოდა, არ უყვარდა როცა ფრენაში ხელს უშლიდნენ. მაგრამ ამას დაჰყვა, თმაგაწეწილ, საღებავებისსუნიან, ამოთხვრილ ველურს. ის კი არა, განგებ ნელა დარბოდა, რომ ბიჭს უფრო ადვილად დაეჭირა. დაიჭერდა და კამილასაც მთელს სხეულში აჟრჟოლებდა. ჟრჟოლ-ჟრჟოლ… დუგ-დუგ, დუგ-დუგ!

ღამით ისევ უნიტაზის უკან გადამალა ფრთები და დერეფანში გამოვიდა, თვალებით ბიჭს დაეძებდა და რატომღაც პირველად არ დაიფარა ნახევარრკალად მოკუმშული ხელებით ვარდისფერკერტიანი კონუსები. არც უკივლია, როცა სანიტრებმა დაიჭირეს და შპრიცი შეუშხაპუნეს. ბიჭი იქ იდგა, იდგა და უცინოდა.

ღამით ფანჯრის საკეტის ტკაცუნმა გამოაღვიძა, სიბნელეში ძლივს გაარჩია – ბიჭი რომ იყო. ბიჭმა ტუჩებზე თითი დაიდო, ჩუო, ჩუო…

მაშინ საბოლოოდ მოკვდა კამილა.

დღე მესამე

კამილა რომ ყოფილიყო, ფეხებზე ეკიდებოდა, კამილას ჰქონდა ფრთები, დიდი, ფერადი, მოხატული ფრთები და იცოდა ფრენა, ისიც იცოდა, რომ მის ფრთებს ვერავინ ხედავდა, მაგრამ ესეც ფეხებზე ეკიდა.

მაგრამ კამილა აღარ იყო, იყო კამპა. კამპა კი ღელავდა, ფანჯარასთან იდგა, გრძელ თითებზე ფრჩხილებს იკვნეტდა, ტუჩები სისხლით ესვრებოდა და ამას ვერ გრძნობდა. კამპას არ შეეძლო ბიჭის გარეშე, კამპა ბიჭის გარეშე ვერ იფრენდა.

როგორ იყო? ბიჭს საღებავის სუნი ასდიოდა და ჩხვლეტია წვერები ჰქონდა. კამპას ლოყებს და ძუძუებს უკაწრავდნენ წვერები, მაგრამ ჩუმად იყო, თვალებგახელილი იწვა და ხელებს ფრჩხილების დალურჯებამდე უჭერდა ზურგზე. კამპას მაშინაც არ ამოუღია ხმა, როცა ბიჭს მის მკერდზე დაეძინა, ბიჭის სიმძიმისგან სუნთქვა უჭირდა, მაგრამ საერთოდაც არ ისუნთქებდა, ოღონდ არ შეეწუხებინა. კამპას უნდოდა, სულ ასე ყოფილიყო, კამპა ფრთებსაც დათმობდა ბიჭისთვის, დატოვებდა ერთხელაც ტუალეტში და აღარასოდეს მოიკითხავდა.

მაგრამ კამპამ ვერ გათვალა და მაინც შეცდა, სანიტრების შემოვლამდე რომ არ გააპარა ბიჭი ფანჯრიდან…

დილით მჭრელმა შუქმა და ლოყაზე სილამ გამოაღვიძეს. წამოიწია, ძილისგან გაბრუებული ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ ცხვირიდან წამსკდარმა სისხლმა და ზურგსუკან ხელებგაკავებულმა ბიჭმა მიახვედრეს, რომ არ ეძინა. კამპა აბაზანაში შეაგდეს, უხეში ღრუბლით კანის გაწითლებამდე ხეხეს, მერე ექთანმა ფეხები გააშლევინა და რაღაც შეუშხაპუნა იმ ადგილას, ბიჭის რომ იყო წინა ღამით. ბოლოს აბები გადააყლაპეს, ერთი თეთრი, ერთი წითელი და ნახევარიც მწვანე და კამპას ჩაეძინა…

“ჰო, ის სულ დაფრინავდა, ახლაც სწრაფად დაეშვა მაღლიდან, გული გამეტებით უცემს და სადღაც დაბლა-დაბლა ჩასდის, იცის რომ მიწას არ დაასკდება, მაგრამ მაინც ეშინია ცოტათი. აი, ცოტაც, ცოტაც და მიწამდე რამდენიმე სანტიმეტრში ისევ მაღლა აიჭრება. დუგ-დუგ, დუგ-დუგ! მაგრამ რაღაც მაინც არ არის ისე, როგორც წინათ, ისეა, ანუ არის კამილა და არის ფრთები, მაგრამ კიდევ სხვაც არის ამ სიზმარში, სიზმარში ბიჭია, საღებავით მოთხვრილი დიდი ხელებით, გაუპარსავი წვერებით და გოგოს პირველად უნდება, არ ჰქონდეს ფრთები. ბიჭი მიწაზე დგას, ბიჭს ფრენა არ შეუძლია, კამპა დაიმსხვრევს ფრთებს, კამპას აღარ უნდა ფრთები. ოღონდ ბიჭი ნუ წავა! ოღონდ ბიჭი ნუ წავა! დუგ-დუგ, დუგ-დუგ!”

გაფითრებულს გამოეღვიძა და მაშინვე ფანჯარას მივარდა. გარეთ ბნელოდა, მარტო მანქანის თეთრი სილუეტი მოჩანდა ბუნდოვნად. საავადმყოფოს კარი გაჯახუნდა და ეზოში გამოვიდნენ, ბიჭს აღარ ჰქონდა ხელები გაკავებული, ბიჭი თავაწეული მიდიოდა.
– წავა, წავა,წავა…
გრძელ თითებზე ფრჩხილებს იკვნეტდა და ტუჩები სისხლით ეთხვრებოდა.
– წავა, წავა, წავა…

…და უცებ ბიჭმა ამოიხედა.
ბნელოდა, მაგრამ კამპამ მაინც დაინახა, რომ ბიჭმა გაიცინა, მერე ხელები ამოიშვირა მისკენ და თავი დაუქნია. კამპა მიხვდა, ბიჭს უნდოდა, კამპას ეფრინა. კამპა იფრენს, კამპა იფრენს!

კამპა რაფაზე აძვრა, დაბლა ექთანი აკივლდა, ზორბა სანიტრები საავადმყოფოში შეცვივდნენ, ახლა ამოვლენ, კამპას თითქოს ესმის კიდეც ფეხსაცმლის ლანჩების ბრაგუნი კიბეებზე.

კამპამ უნდა მოასწროს! ჩქარა, ჩქარა!

უკან კარი მოწყვეტით გაჯახუნდა.

კამპამ კი ხელები გაშალა…

* * *

როცა რაფას ფეხები მოსწყვიტა, მაშინღა გაახსენდა, ფრთები რომ ტუალეტში დატოვა დამალული.

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა.”.

ვირჯინი(ა)ს წერილი

30 ივნ

გუშინ 25-ის გავხდი, ანუ უკვე იმ ზღვარს მივაღწიე, როცა ის, რომ უკოცნელი ვარ არასრულფასოვნებას უფრო ნიშნავს, ვიდრე უმანკოებას (აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ლირიკული წიაღსვლა: ყველა კაცის ერთნაირობაზე, შესაფერისი ადამიანების დეფიციტზე და მისთ. მაგრამ მოკლედ მოვჭრი: მე თვითონ მაქვს დაჩლუნგებული მამრების მოხიბვლის უნარი). გუშინ 25-ის გავხდი, დღეს კი ვიწყებ წერილის წერას, რომელსაც მაშინ დავასრულებ, როცა სათაურად საგანგებოდ შერჩეული სახელი ჩემი შესატყვისი აღარ იქნება.

არ ვიცი, სპორტული აზარტი ჰქვია ამას, მობეზრება, განსაკუთრებულობის კომპლექსი, თუ გარშემომყოფთა არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობით დავიღალე და დაქალების შემბრალებლურ-ირონიული შენიშვნები ამომივიდა ყელში.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ჩემი ქალწულობა ხომ ისედაც ფიქციაა. უბიწობა, ასე ვთქვათ, წარუყვნელ სულსაც გულისხმობს. D-დისკი ეროტიკული ფილმების არქივით, გულმოდგინედ შესწავლილი გინეკოლოგიურ-ანდროლოგიური ლიტერატურა, ამაზონიდან 13 დოლარად გამოწერილი კამა სუტრა და მტაცებლური მზერა ყოველი საპირისპირო სქესის ადამიანის დანახვისას – უმანკოების ჩემეული დეფინიციიდან ისედაც შორსაა. ჰოდა, სადაც წვრილია, იქ გაწყდესო, უთქვამთ ძველებს!

გაწყვეტით კი გავწყვიტე და გადავწყვიტე კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაც უნდა გადამეჭრა: კერძოდ, მაინც ვინ უნდა ყოფილიყო ის, ვინც რუბიკონს პირველი გადალახავდა? სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ რაღაც გრძნობა, ელემენტარული ნდობა მაინც ხომ მჭირდება? ვეჭვობ, ვინც არ უნდა დაბრიცოს ზიზღით ტუჩები ამ ტექსტზე, საზოგადოებაში ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ფრქვევაში ვერ გამეჯიბრება და მაღალი იდეალების აქტიურ დამცველს გადაეყრება ჩემი სახით. მაგრამ აქ მაინც არაფერში მჭირდება ეს პირფერობა.

პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით, სიყვარული რაღაც სოციალური ფენომენია, ერთ-ერთი ნორმა საზოგადოების წევრებისთვის. ისიც ძალისხმევას არ იშურებს, რომ საბავშვო ზღაპრებშივე გაუმზადოს ამ ნორმას ძლიერი ნიადაგი. სულაც არ მიმაჩნია ჯანსაღ აზრად ის, რომ რაღაც კულტურული სტერეოტიპის გამო ამ სტერეოტიპზე გაცილებით ძლიერი სურვილი ვთრგუნო! ბოლოსდაბოლოს, ავადსახსენებელი თუ კეთილადხსენებული სექსი ამ ნორმების მნერგავი საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაცაა.

ფილოსოფიაშიც კი გადავიჭერი საკუთარი არჩევანის გასამართლებლად, რამეთუ მიწა… უფრო სწორად სხეული, თავისას მოითხოვს!

* * *

კანდიდატი # 1. დაბალი, ჭკვიანი და ქვეშ-ქვეშა. ერთ დროს ერთმანეთი მოგვწონდა, ოღონდ ხელის ხელზე ცაცუნსა და ერთმანეთის ტუჩებზე დაკვირვებაზე შორს არ წავსულვართ. რატომღაც არ მოინდომა, თორემ მე გაშლილი ხელებითა და სხვა მძიმე არტილერიითაც ვიყავი აღჭურვილი, – უძილობით, ცრემლებით, გრძნობების პოეტური აღწერით, რომლებშიც სჭარბობდა: მენატრები, გელოდები, მარადის და მისთ. “აღარ მინდა” სრულად გამოხატავს იმას, რასაც ახლა ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ და საერთოდ, კანდიდატადაც წარსული დამსახურების წყალობით თუ განიხილება.

კანდიდატი # 2. აწოწილი, გამხდარი, შავი… ერთმანეთთან მსუბუქი მეგობრობა გვაკავშირებს. კი, არსებობს ასეთი მეგობრობაც. ინტერნეტმოკითხვებით, პერიოდულად რაღაც საკითხებზე მსჯელობით და დაბადების დღეების მილოცვით რომ შემოიფარგლება. ანუ ნაცნობზე მეტი და მეგობარზე ნაკლები. ეს კანდიდატიც სარეზერვოა, მგონი, მსუბუქ საყვარელს ისევ მსუბუქი მეგობარი სჯობს.

კანდიდატი # 3. ფართო მხარბეჭით, წვრილი ხმით, მაღალი თვითრწმენით… ეჰ, საბა! მგონი, საბა მართლა მიყვარდა. უცნობია რატომ, მაგრამ ასე იყო. უცნობია რატომ-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს, საბა იმ ადამიანების კატეგორიაშია, რომელთა ცუდიც ბევრად სჭარბობს კარგს. აი, ისეთია, ხალხი რომ “ნწუ, ნწუ” შორისდებულითა და თავის დანანებით ქნევით გამოხატავს განცვიფრებას: “ნეტავ რამ მოაწონა ამ ანგელოზივით გოგოს ეს ბიჭიო?!”.

საბა კანდიდატი # 3-ია, მაგრამ სასურველობის მიხედვით პირველი. არა იმიტომ, რომ მე შემომრჩა რამე და მე მინდა ძალიან, არამედ იმიტომ, რომ ეს მას უნდა ყოველთვის, ყველასთან, ყველგან და ყოველნაირად. ასე ვიტყოდი, ტაქტიკა-სტრატეგიისთვის არ მომიწევს ზრუნვა და დროს დავზოგავ. დანარჩენ ორს ისევ ეს მირჩევნია, ახლა ღრმად ჩავისუნთქავ და ნომერს ავკრეფ…

* * *

ზარს ვაყურადებ და ვიცი, უპასუხებს და ხმას შეიცვლის, სასოწარკვეთილი ცდილობს ცოტათი მაინც დაიბოხოს. ფუჰ, არადა ერთ დროს ამ ჩვევას “საყვარლობის” გამოვლინებად ვთვლიდი. აჰა, იღებს… მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ერთხელაც ჩავისუნთქე და სხაპა-სხუპით მივაყარე:
– არ გინდა, ყავაზე დაგპატიჟო დღეს საღამოს? მარტო ვარ.
“ახლა მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მარად აღგზნებული გონებით ჩემი ნათქვამის სათანადო ინტერპრეტაციას მოახდენს, ყელში მოწოლილი ბურთი უნდა შევაკავო, თორემ უარს არავითარ შემთხვევაში რომ არ იტყვის, ნამდვილად ვიცი. მაინც რატომ მიყვარდა ეს კაცი?” ბინგო! რა თქმა უნდა, დამთანხმდა!

დამშვიდობებისას კიდევ უფრო შეიპარა ხმაში ხრინწი და თავს დავდებ თვალიც კი ჩამიპაჭუნა ყურმილს მიღმა. კაცებზე არ ამბობენ, თორემ ზედგამოჭრილი ბოზია.

ყურმილი დავკიდე და თავი ხელებში ჩავრგე. არადა თითქოს კარგად დავიწყე, სია გავწერე, დახვეწილად ვიცინიკოსე, მაგრამ ეს ყველაფერი ისე არარომანტიკულია, ისე ბანალურად გულისამრევი, საგანგებოდ მობილიზებული სიმტკიცეც კი მერყევა. დღეს საღამოს სექსი კი არ მექნება, მიხმარენ, გამჟიმავენ, მიმქინძავენ… ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან, მთავარია, რომ საბა მომავალში ასე გაიხსენებს ამ მოვლენას.

* * *

შვიდი დამთავრდა და 8 დაიწყო. ყავა გაცივდა. სარკესთან საცვლების შესათვალიერებლად მეექვსეჯერ მივედი, საბა კი არ ჩანს. და მხოლოდ მას მერე, რაც პულტით შემოვიხტუნე 51 არხი, წამგამოტოვებით ვარეფრეშე ფეისბუქი და დავათვალიერე სამი წლის წინანდელი მოდების ჟურნალი, კარზე ზარის ხმა გაისმა.

დერეფანს ვკვეთდი და ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო. “ყავას დავალევინებ და გავუშვებ… არა, ცოტა ხნით შემოვუშვებ ყავის გარეშე, ვითომ რაღაც მაინტერესებდა და საკითხავად დავუძახე! არა, არც შემოვუშვებ, ვეტყვი რომ ცუდად ვარ და მივუხურავ… საერთოდ რომ არ გავუღო? ვითომ სახლში არ ვარ! რა სისულელეა, შუქი რომ მინთია? რატომ არ გამოვრთე? ჩლუნგი! ჩლუნგი!”

ერთი, ორი, სამი, თვალები დავხუჭე და გავაღე. გაისმება ახლა გულისგამაწვრილებელი ჭყიპინი. არა, კიდევ არა? რა ხდება?

თვალები გავახილე და ამოვისუნთქე. კარებთან ბიჭი იდგა თაიგულით, როგორც მწვანე კედები და ფერიმჭამელები მამცნობდნენ შუბლზე, ასე 17 წლის. ყვავილები ხელიდან გამოვტაცე და ბარათი გავხსენი. გადავრჩი! საბა წერილობით მებოდიშებოდა და მპირდებოდა, ხვალ აუცილებლად მოვალო. გულზე საბოლოოდ მომეშვა და ლაწირაკს შევღიმე: – გინდა ყავა?

უზარმაზარი პირი მოერღვა და ბგერების რაღაც კომბინაცია ამოუშვა, ისევე ჩასათვლელი თანხმობად, როგორც უარად. სახელოში ხელი ჩავკიდე, ფაქტიურად შემოვათრიე, სკამზეც ძალით დავაგდე და გაცივებული ყავა მივუჩოჩე.

ვპულტაობ და ხვალამდე დარჩენილ ბედნიერ საათებზე ვფიქრობ. უცებ ტელევიზორს თვალი მოვაცილე, ვგრძნობ, რომ თვითგამორკვევის ეტაპზე შემორჩენილი უცნაურად მაკვირდება. ჩემი მეტისმეტი მონდომების ბრალი იყო ყველაფერი, წითელი, დეკოლტიანი ჟაკეტი და ულტრამოკლე კაბა აბნევდნენ.

ამას მაინც წავემაიმუნები-მეთქი და ანცობის გუნებაზე დავდექი. ვითომ პულტი გამივარდა და ასაღებად გადავიხარე, უფრო კარგად რომ შეათვალიეროს ჩემი ღირსებები. შეიშმუშნა. ახლა ტუჩებს ვიკვნეტ, სახეში ვაშტერდები და სავარძლის სახელურს ვსრეს ნელა. თვალს მარიდებს და ვხედავ, რომ გრძელი თითები უთრთის. როცა თავი უკან გადავიგდე და ფეხები გადავიჯვარედინე, ვეღარ მოითმინა, წამოფრინდა და რა გგონიათ? თავქუდმოგლეჯილი გავარდა დერეფნისკენ. კარს ეჯაჯგურება და კბილებში გინებას ცრის. კარს აგინებ თუ მე?

ტუჩის კიდეებს ძლივს მოვუყარე თავი და კართან მივედი, რომ გამეღო. ახლაღა გამისწორა თვალი შეცბუნებულმა და დაბნეულმა. “მგონი, არასდროს ყოფილა ქალთან, ვერც იქნებოდა, მეტისმეტად მორცხვია.” ვფიქრობ და გადატრიალებულ საკეტს ისევ უკან ვატრიალებ. როგორღაც ისევ გაბედა და შემომხედა. დიდი თვალები აქვს, წყალში გახსნილითაფლისფერი და მორღვეული პირი სამღერად გამზადებულს მიუგავს. სახელურს ჩაფრენილ ხელზე ხელი მოვკიდე, წინ გავუძეხი, უსიტყვოდ გავიყვანე ოთახში და თმები გავიშალე. ახლა საერთოდ აღარ მაცილებდა თვალს და ღიად დარჩენილი პირი უშრებოდა. ხელები გამოიწვდინა და თითო-თითოდ ნელა გამიხსნა ჟაკეტის ღილები, თვალები დახუჭული მქონდა და მარტო თითების შეუმჩნეველ ბიძგს ვგრძნობდი მუცელზე. მერე ქვედაბოლოც გამიხსნა და გაჩერდა.

თვალები გავახილე და შევხედე. მე აღარ მიყურებდა. არა, ისევ მე მიყურებდა, ოღონდ სახეზე აღარ. რაღაც ენითაუწერელი აღტაცებით მაკვირდებოდა მკერდზე და ისევ სამღერად გამზადებულს მიუგავდა პირი. ხელი გამოიშვირა და მარჯვენა მხარეს მკერდზე დამადო (ვიტყოდი ძუძუზე-მეთქი, მაგრამ საიმედოდ იცავდა ლიფის ჯავშანი). საწოლზე ჩამოჯდა, წელზე ხელები მომხვია და ასე დამდგარივე მიმწია თავისკენ, ისე, რომ სახით ჩემს მკერდს გაუსწორდა. მერე პირდაპირ ლიფის ბალიშებს შორის ჩარგო თავი და… უცებ ამოიხვნეშა!

აი, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდა ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… ეგ იყო რა, რაც ჩვიდმეტი წელი ტვირთი და ლოდი აგროვა, ყველა ამ ერთ წამში ჩამოყარა ჩემს მკერდში თავჩარგულმა. ერთი პატარა, სულელი ბიჭი იყო ფერიმჭამელებით, რამ მომაფიქრა ეს იდიოტობა?

მოვკიდე ქოჩორზე ხელი და თავი გადავუწიე, ამომხედა წყალში გახსნილ თაფლისფერთვალებში სხივჩამდგარმა და შემომცინა მორღვეული პირით. შუბლზე ვაკოცე და წამოვაყენე. შემოვიცვი ჩემი ჟაკეტი და ჩავკიდე ისევ ხელი, მიმყავს გასასვლელისკენ და ესეც მორჩილად მომყვება. გავაღე კარი და გავიყვანე. ახლა მე აღარ მინდა შეხედვა, მაგრამ კარის მიხურვამდე მაინც ვერ შევიკავე თავი. განა რამე? ისევ ასე თვალებში სხივჩამდგარი და სულელურად მოცინარი იდგა.

მეც გავუღიმე და კარი ჩავკეტე.

* * *

არც – თემური, არც – აჩიკო და მითუმეტეს არც – საბა!

ეს დღე (ღამე) რომ მოვა და იმ ჯერარგაცნობილ ადამიანს მკერდზე პირველად დავადებ თავს, მინდა ამოვიხვნეშო. ისე, რომ იფიქროს, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდაო ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… იფიქროს, რომ რაც დაბადებიდან ლოდი და ტვირთი მიგროვებია, ყველა ამ ერთ წამში ჩამოვყარე მის მკერდს მიყრდნობილმა. მინდა, ეს ყველაფერი სიყვარულს ჰგავდეს, ან ბავშვობაში წაკითხულ ზღაპარს… ცოტათი მაინც.

კლავიატურული რომანტიკა

8 ივნ

ყველა სახელი გამოგონილია, ყოველგვარი მსგავსება რეალურ ადამიანთან შემთხვევითია.

მე უჩას 8 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ ჩემი – 27. ჩვენ ერთმანეთის სტატუსებს “ვალაიქებთ” ფეისბუქზე, კედელზე ატვირთულ ვიდეოებს ვუყურებთ, ჩანაწერებს ვუკომენტარებთ და დილის 4 საათამდე ვწერთ ჩათის ჩარჩოში… ეს ვიწრო სარკმელი იტევს ნააზრევს ლიტერატურაზე, რელიგიაზე, სექსზე, ცხოვრებაზე… ზოგჯერ კი უბრალოდ “სიტყვობანათი” ვერთობით: ასო-ბგერა – ტ!

             ის: – ტაფა

            მე: – ტრენაჟორი

            ის: – ტრაქტორი

            …

            …

            ის: – ტუფლი

            მე: – “ტუფლი” რუსულია!

            ის: – ტიტლიკანა?

* * *

მე ვიცი, რომ უჩას ლიმონათი და ლუდი უყვარს, რომ ღამ-ღამობით ბევრს ეწევა, რომ ათეისტია და ძალიან მოსწონს კონსტანტინე გამსახურდია. უჩამ იცის, რომ მე ლიტრობით ვსვამ ყავას, ვიტარებ ვარცხნილობაზე ექსპერიმენტებს, რომ არც მე მწამს ღმერთის და მომწონს მასთან ლაპარაკი. ლაპარაკი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე კლავიატურაზე თითების წკაპუნით მასთან ჭკვიანური აზრების ფრქვევა მომწონს, მერე ამ აზრების გამო ქათინაურების მოსმენა და ლათინური შრიფტის მთავრული ასოებით სიხარულის გამომხატველი ღიმილაკების გზავნა.

ჩვენ ორი საათის საავტომობილე გზა გვაშორებს და ცოცხალი თავით არ ვცვლით მობილურის ნომრებს, ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ მიკროფონ-ყურსასმენით და არასდროს ვრთავთ ვიდეოთვალს. რა საჭიროა? მე უჩას 8 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ საერთოდაც – 27!


* * *

უჩა მომიყვა, რომ ერთ დროს უყვარდა გოგო, რომელსაც თიხის ქოთნით ნუშაყვავებულ თბილისში თოვლი ჩამოუტანა მთიდან, რომ ის გოგო მერე გათხოვდა, უჩა კი ახლობელგარდაცვლილივით წვერმოშვებული დადიოდა კარგა ხანს. მე უშვერი სიტყვებით ვლანძღავ თოვლიანი სიყვარულის უარმყოფელს და მერე ვუყვები, რომ მეც მიყვარდა ერთი ბიჭი. როცა შემთხვევით გამკრავდა მხარზე მკლავს ელექტრონივით მივლიდა ტანში. რომ ამ ბიჭის გამო სამსახურიდან დავეთხოვე, იმიტომ რომ შემეშინდა ერთხელაც ხელში არ ავფეთქოდი, არათითზე ბეჭდიან ხელში. მერე ჩვენ ვგმობთ სიყვარულს, ვასკვნით, რომ არსებობს მხოლოდ მეგობრობა, პასუხისმგებლობა, ან ვნება და აქედან რომელიმეს სიყვარულში ურევენ უბრალოდ.

ღამის სამ საათზე კომპიუტერს ვრთავთ… და მე მესიზმრება რომ მაცვია თეთრი კაბა, ირგვლივ აყვავებული ნუშის ხეებია, მიახლოვდება ბიჭი და მიწვდის თიხის ქოთანს: ცივი, სველი, თეთრი გუნდებით სავსე ქოთანს!

* * *

ჩვენი ლიტერატურული გემოვნება ძალიან განსხვავებულია. უჩას ვერლიბრები და ალტერნატიული პოეზია მოსწონს, პროზაში კი – კლასიკა. მე რითმების ტრფიალი ვარ და თანამედროვე რომანების მოყვარული. მე დავცინი მის გამოგზავნილ ფრაზების რახა-რუხა ლექსებს და ვუკრიტიკებ ფილოსოფიით ტყვიასავით დამძიმებულ რომანებს. არ მესმის, რატომ მოსწონს ეს გატყლარჭული, მაღალფარდოვანი სტილი და დიალოგები, რომელიც შეუძლებელია რომელიმე ეპოქის ჯანსაღ ადამიანებს შორის არსებულიყო. წინადადებები, რომლებიც მწერლის ტვინის ჭყლეტის ნაყოფია და მხოლოდ იმიტომ, რომ მახვილგონივრულად მიაჩნია და ამოღება ენანება, ხან ერთ გმირს მიაწერს მათს ავტორობას, ხანაც მეორეს. ვუმტკიცებ რომ ლიტერატურა გულწრფელი და ნაღდი უნდა იყოს და არა ინტელექტუალური წიაღსვლების კიდობანი…

 უჩა სამაგიეროს მიხდის და ჩემს რითმებზე დამოკიდებულებას ექილიკება, მეუბნება, რომ რაც შეეხება ჩემს მოწონებულ რომანებს, ისინი მშრალი და მატერიალისტურია, რომ მათი გმირები მხოლოდ ჭამენ და სექსი აქვთ. ამაზე ვპასუხობ, რომ ისინი ძალით ფილოსოფოსობას მაინც არ ჩემულობენ. მერე ჩვენ ვჩხუბობთ და უჩა მაყვედრის, რომ სულაც არ უკვირს, კაცები რომ ვერ მიძლებენ. და მიუხედავად იმისა, რომ არც მათი თანამდევი ირონიული ტონი მესმის და ვერც წარმომთქმელის დამცინავ სახეს ვხედავ, ჩათის ფანჯარაში ამომხტარი ეს სიტყვები ისე მიკუმშავენ შიგნეულს, რომ დაუფიქრებლად ვშლი უჩას მეგობრების სიიდან.

რა ადვილია ადამიანებისგან გათავისუფლება ინტერნეტში.

* * *

ერთი კვირის განმავლობაში მეზობლის ბოსტანში გადაპარული ბავშვივით ჩუმად ვუთვალთვალებ უჩას გვერდს, მინდა მის სტატუსებში ჩემი მონატრება ვიპოვო, მის ატვირთულ ვიდეოებში შერიგებაზე მინიშნება. თითქოს ვპოულობ კიდეც, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ მივწერ, თვითონ მომწეროს, თუ კარგია!

დარწმუნებული ვარ, ისიც იპარება ჩემთან და მეც გამომწვევად მხიარულ ჩანაწერებს ვაკეთებ, ვდებ საცეკვაო-კლუბური მუსიკის ვიდეოებს, რომელთაც სინამდვილეში არ ვუსმენ. კომენტარებში ვეფლირტავები ყველა კაცს და სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ, როცა წარმოვიდგენ როგორ ხედავს ამ ყველაფერს და როგორ მწარდება…

ჩემი ვირტუალური მამაკაცი!

მაინც გატყდა კვირის თავზე, უმწეო და გაცვეთილი “როგორ ხარ?” მომწერა და მეც დიდსულოვნად შევუნდე. შერიგება რამეთი აღვნიშნოთო და ჩვენც “კინოში წავედით”. მე ჩემს კომპიუტერში გადმოვწერე გერმანული მელოდრამა, იმან თავისაში, დრო დავთქვით და ერთად დავაჭირეთ START-ის ღილაკს. ფილმის განმავლობაში შთაბეჭდილებების გაზიარებაც მოვასწარით, ბოლოს კი დავასკვენით, რომ კარგი ფილმი იყო, მხლოდ მთავარი გმირი მამაკაცი მოიკოჭლებდა სამსახიობო ოსტატობაში, მაგრამ ყურებად ნამდვილად ღირდა.

ფილმის დიალოგებიდან ნაწყვეტები გავიხსენეთ და ვიცინეთ, ანუ ორწერტილები და ლათინური D-ები გავცვალ-გამოვცვალეთ. უჩა მეუბნება, რომ კინოს ბილეთის შენახვა არ დამავიწყდეს სახსოვრად, მე ვპასუხობ, რომ მისი იუმორი აღმაგზნებს და არღვეული პირით ვხურავ ლეპტოპს. ძილითაც ასე ვიძინებ, სულელურად მომღიმარი.

* * *

დათოზეც პირველმა უჩამ გაიგო. მოვუყევი, რომ მეგობართან გავიცანი, რომ საინტერესო ადამიანი ჩანს და მისი კედლიდან მოპარული სურათიც გავუგზავნე. კარგი ბიჭიაო, – მითხრა, მომწონსო. მე, რა თქმა უნდა, მიხარია, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, მაგრამ რატომღაც ადრე ვემშვიდობები და თვითონ მიკვირს, რატომ ვქვითინებ ლოგინში თავზე საბანწამოხურული და მოკუნტული.

 * * *

უჩას ჩვენს პირველ პაემანზეც მოვუყევი და დათოს ჭამის მანერას გამოვაჯავრე, კიდევ მის ჩვევას, სნობური თავდაჯერებით ატკაცუნოს თითები ოფიციანტის გამოძახებისას. უჩა მსაყვედუროს, რომ მეტისმეტად პრეტენზიული ვარ, მაგრამ სიცილს მაინც ვერ იკავებს. მე ვეუბნები რომ ასე პირწკლაპუნა მჭამელთან ცხოვრება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია!

ის მპასუხობს: მოთმინებითა შენითაო! და ჩვენ ისევ ვცვლით ორწერტილებსა და ლათინურ D-ებს.



 * * *

 * * *

 უჩას შევატყობინე, რომ ჩემი და დათოს ქორწილი ორ კვირაში დავთქვით. ძალიან უხარია ჩემი ბედნიერება, ძალიან, ძალიან! ისე, რომ კედელზე სულელური, ბრჭყვიალა ვარდების სურათს მიდებს. ნეტავ მართლა ცოცხალი ვარდები იყოს! თითო-თითოდ დავპუტავდი ჩქარ-ჩქარა, ეკლებიან ღეროებსაც გადავუმტვრევდი და ხუჭუჭა თავზე გადავაყრიდი მათ მომძღვნელს. 8 სურათიდან არც ერთზე არა აქვს მსგავსი სახე და ცოტათი მიჭირს წარმოვიდგინო, მაინც როგორი გამომეტყველება ექნებოდა ამ დროს.

* * *

ქორწილამდე 2 დღით ადრე უჩა ფეისბუქსივრციდან გაქრა, აი, ასე, უბრალოდ… არც ბედნიერება მისურვა ქორწილის დღეს, არც კაბა მომიწონა ჯვრისწერის ალბომიდან. წავიდა და წავიდა.

ექვსი თვის ორსული ვიყავი, სიმსუქნისგან შეწუხებული და ჭამისგან დაღლილი მოწყენილი დავხეტიალობდი საიტიდან საიტზე, როცა მოულოდნელად ამომიხტა ნაცრისფერი ჩარჩო და ისევ ის, ასე უმწეო და გაცვეთილი: “როგორ ხარ?”

და ამ სამი მარცვლის გამო, ისე დამიარა საყლაპავიდან საზარდულამდე, როგორც მაშინ, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი.


* * *

 მე ვიცი, რომ უჩას ლაშქრობები უყვარს, კიდევ უფრო მეტს ეწევა ღამით, რომ საყვარელი გაიჩინა.

მან იცის, რომ ჟურნალისტობა დავიწყე, რომ ორი შვილი მყავს, უფროსი მამას ჰგავს, უმცროსი მე. იცის, რომ ათეისტი ვარ და ამას ჩემს ქმარს ვერ ვუმხელ. იცის, რომ დათოს საერთოდ არ აინტერესებს ლიტერატურა და არ დამყვება კინოთეატრში, ნამდვილში კი არა, კომპიუტერისაშიც კი. იცის, რომ ჩემს ქმარს არ ეცინება, როცა სიტყვობანას თამაშის დროს “წესებს” ვარღვევ და ზედსართავებს, მოგონილ სიტყვებს და უცხო ენებს ვიშველიებ. ამ დროს მაშინვე დამარცხებულად ვცხადდები და მეუბნება, რომ თუ თამაში არ ვიცი, საერთოდაც არ უნდა ვითამაშო.

მე ვიცი, რომ უჩას სტატუსებიდან და ჩანაწერებიდან 10-დან 7 ჩემზეა, მე მგონი, ისიც უნდა ხვდებოდეს, რომ ჩემი ჩანაწერებიდან და სტატუსებიდან 10-დან 6 მაინც მას ეძღვნება.

ჩვენ “ვალაიქებთ” ერთი-მეორის სტატუსებს, ვუკომენტარებთ ჩანაწერებს, ზოგჯერ “დავდივართ კინოში”. ერთმანეთს კი, მხოლოდ 2 საათის საავტომობილო გზა და ინტერნეტპროვაიდერების გაუმართავი მუშაობა გვაშორებს…

* * *

ჰო, მე უკვე უჩას 34 სურათი მაქვს ნანახი, თვითონ ჩემი – 108.

ჭორისტანი

24 მაისი

ჩემი სოფლის ბათქაშჩამოცვენილ კანტორაში ბოლოს როდის ჩატარდა კონცერტი, ბევრს ალბათ არც ახსოვს. აქ ერთ ქუჩაზე 2 კომპიუტერი მოდის და ისიც ინტერნეტის გარეშე. ჩემს სოფელში ზოგჯერ არა აქვთ პური და უფრო ხშირად აკლიათ სანახაობა…

და აი, წელიწადში, წელიწადნახევარში, იშვიათად ნახევარ წელიწადში ერთხელაც ხდება ამბები, რომელიც ასეთ მოსაწყენ, ყოველდღიურ რუტინას ახალისებს: ვიღაც “გაბოზდება”, ვიღაც უქმროდ ორსულდება, ვიღაც ცოლს მიატოვებს… და უკვე მორიგი სერიალის მერე, დასაძინებლად კი აღარ მიდის ხალხი, შეთქმული გამომეტყველებითა და ირონიული ღიმილით განიხილავს ახლადგამსკდარ შემთხვევას უკანასკნელ დეტალებამდე. იქ ვიღაც გაიხსენებს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაეჭვდა, იმიტომ რომ უცნაურ ადგილას გადაეყარა აწ უკვე სახელგატეხილ პერსონას, მეორე სოფლის წარსულიდან ამოქექავს ტყუილ-მართალ ანალოგს, მესამე ბრალდებულის ოჯახს გადასწვდება და არჩევენ, არჩევენ, არჩევენ…

ჩემს სოფელში წარსულს არ ივიწყებენ და არასდროს პატიობენ. ღვარძლიანობის გამო კი არა, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ისტორიული ამბები თაობიდან თაობას გადაეცეს და მათი ცხოვრების მოსაწყენი საღამოებიც გაახალისოს. აი, ის საათები რომ შეუვსოს, კურიერიდან დაწოლამდე რომ არის დარჩენილი (ხუთშაბათის გარდა, ხუთშაბათს პროფილია).

ზეპირსიტყვიერებისადმი ასეთი პატივისცემის გამო, მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე ვინმე გულნარა ნათესავისგან დაორსულდა და სანამ მშობიარობამ არ უწია, ამას ვერავინ მიხვდა. პოლიკლინიკაში მთელი შეშფოთებული მეზობლობა გაჰყოლია ახალგაზრდა გოგოს, რომელიც საშინლად ავად იყო და მიზეზს ვერავინ ხვდებოდა. მაგრამ როცა ექიმმა საიდუმლოს ფარდა ახადა, სოფელიც ნელ-ნელა გაიპარა საავადმყოფოს მისაღებიდან .

მე განაგონი მაქვს, რომ თავადიშვილი ზესლანდარი ისე დაჩაჩანაკებულა, რომ ქოხში მცხოვრები ტანსაც კი არ იბანდა. როცა გოგონა გაუთხოვდა და ახალ მოყვრებს დღე-დღეზე უნდა მოენახულებინათ, მეზობლები მისცვივდნენ და გულმოდგინედ გახეხეს, ამის შემდეგ სუფთა ზესლანდარმა თურმე სამი დღე-ღამე გადაბმულად იძინა.

მე შევიტყვე, რომ ხუთი შვილის დედამ ოჯახი მიატოვა და საყვარელს გაჰყვა, შუა გზაში თავად ის მიატოვეს და მშობლებთან მოუწია დაბრუნება. თურმე მისი უმცროსი ბიჭი ჭიშკარს მიკრული ელოდა და კითხულობდა: “ხომ ქუმუურც დედა?”

მე ვიცი, ახლა რომ ბუზს არ დაისვამს თავზე ის  ნინელი, ადრე ბაბუაჩემის ძმის საყვარელი იყო და გაგანია მუშაობის დროს სატრფოები კისკისით დარბოდნენ მაგიდის გარშემო…

კიდევ ბევრი სხვაც მოუყოლიათ: ადამიანის დაუფიქრებლობის, ქარაფშუტობის, შეცდომების, ნაკლის ნიმუშთა თაიგულები. ისინი მთელმა სოფელმა შეკრიბა, ისინი მთელ სოფელს აერთიანებს! ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს მაინც, თავად რომ არ შეხებია და ამიტომაც თავი უბადრუკ ცოდვილებზე უკეთესი ჰგონია. არადა რომ იცოდეს,  რა უბედურ დღეში ჩავარდებოდა ამ ზადიანი ადამიანების გარეშე.

ჰოი, ქარაფშუტებო, გარყვნილებო, ბოზებო, შვილების გამყიდველებო, მოღალატეებო, ნუ გასწირავთ ამდენ ადამიანს! იბოზეთ, აჩინეთ და ყიდეთ შვილები, ცხოვრება გაუმწარეთ ოჯახს, იქურდეთ, მოკალით… მოისხით მადლი, ჩემს სოფელში ისევ აკლიათ პური და არ ჰყოფნით სანახაობა!