რითი უნდა გაერთოს ყავის სახლის 22 წლის ოფიციანტი, თუ მისი კაფე თითქმის სულ ცარიელია? რა თქმა უნდა, ხანმოკლე სიყვარულებით…
ამ ესპრესო-მოკა-კაპუჩინომანებში ზოგჯერ ისეთ ვარსკვლავბიჭუნებს გადავაწყდები ხოლმე, რომლებიც მაფიქრებინებენ, რომ ღიირს…
ჩემი პლატონურ-რომანტიკული გატაცებები რამდენიმე საათიდან ერთ დღე-ღამემდე გრძელდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მორიგი სიმპატიური კლიენტი ჭაბუკის გამოჩენამდე, რომელიც მის წინამორბედს დამავიწყებს.
დღეს ამერიკელი სამხედროებით გადამევსო მაგიდები, უკვეთავენ ლატე-ესპრესო-ამერიკანოებს, გამაქვს ეს ყავები, დაბნეული სახით ვიყურები აქეთ-იქით და ხმამაღლა ვიძახი ყავის სახელს, იქნებ აქეთ მომძებნონ, იმიტომ, რომ ყველა ზუუსტად ერთნაირ ფორმაშია, ერთნაირად ქერა, ერთნაირი ამერიკული სიფათებით. და მხატვრის ნიჭიც კი, თითქოს რომ უნდა მიადვილებდეს სახეების დამახსოვრებას, აქ სრულიად უმწეო აღმოჩნდა, ყველა ისე უსაშველოდ ერთი ამერიკული ჩამოსხმისა იყო.
მაგრამ ბოლოს, აქ საზეიმო მუსიკა…
უცებ ის გამოჩნდა! კინოებშია ხოლმე ეს ეფექტი, ირგვლივ ყველაფერი დაჩუმდება, ხალხი და გარესამყარო ბურუსში ინთქმება, და ის ამ ყველაფერზე ამაღლებული, ამ მოყაყანე ბრბოდან საკუთარი განსაკუთრებულობის ხარჯზე გამოყოფილი, მოემართება შენკენ და შენ კი, ოფიციანტი გოგო უნიფორმაში აღფრ, აღშფრ თვალებ… ვერ არ, ისა…
მას შონი ერქვა, საშუალო სიმაღლის იყო, ჯანმრთელკბილებიანი და შავგრემანი; ამერიკის, ღირსებისა და ლატე მაკიატოს მოყვარული, საკუთარი სამშობლოს ერთგული დამცველი. ის საქართველოში მხოლოდ ერთი ღამით ჩამოვიდა,გარკვეული სამხედრო საწვრთნელი მიზნებით, არც უფიქრია, რომ აქ შეიძლებოდა მე შემხვედროდა, იმ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, კერძოდ 27 წელი (და მსგავსი ბანალური ფრაზების რახა-რუხი)… ბოლოს კი მითხრა, რომ აუცილებლად დაბრუნდება ჩემთან ხვალ და ზეგ თუ არა, პირველი თოვლის მოსვლამდე მაინც…
არადა, არ ყოფილა ყველაფერი ასე, ყველაფერი კი არა, არც არაფერი ყოფილა ასე. ბოლო აბზაცი სრულ სიცრუესა და ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა, მე უბრალოდ ლატე მაკიატო გავუტანე, მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, ეს იყო და ეს…
ხო, არ მოხდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო?
ბოლო კომენტარები