Tag Archives: ბავშვობა

ჩართვა “ნეტოთახიდან”

10 მაისი

ისინი ბევრნი არიან, ჩემს გარშემო სხედან, მონიტორს თვალს არ აცილებენ და მკაცრი სახით კრეფენ ტექსტებს… მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არადა, დარწმუნებული ვარ, ეზოში მუხლებდაკაწრულები რომ დარბოდნენ, მაშინ ყველას მსახიობობა უნდოდა. აი, იმ მაგარ კინოებში ლამაზი ბიჭების კოცნა და თვალების დახუჭვა ამ დროს. მერე ალბათ გადაიფიქრეს და სრულიად უმტკივნეულოდ შეელივნენ ოცნებას. აი, მე კი…

მეექვსე კლასში ჩემში დაფარული არტისტული ნატურის გამოვლენის შანსი მომეცა. უფრო სწორად, მე ჩავთვალე, რომ ტელევიზორში გასული რეკლამა; 4-დან 12 წლამდე ბავშვებს რომ იწვევდა სატელევიზიო ფილმში გადასაღებად, რაღაც ზებუნებრივი ნიშანი იყო, პირველი ნაბიჯი ოსკარისკენ მიმავალ გზაზე. მე ხომ უკვე უამრავი ზღაპრული ისტორია წამეკითხა სინჯებზე შემთხვევით მოხვედრილ გოგონებსა და ბიჭუნებზე, რეჟისორი რომ შეამჩნევდა და ყვირილით შესძრავდა სტუდიას: ევრიკა, აი, ისიც!

ეჰ, რა სათუთი და მეოცნებე ვიყავი…

ტელევიზორში მითითებულ მისამართზე მე და ჩემი და ერთად წავედით, მანამდე კი ვაგზლის ბაზრობაზე კაბა ვიყიდე, უჯრულა, ჯინსისგულმკერდიანი (კაბას, სავარაუდოდ, ჩემი მსახიობური გარეგნობისთვის უნდა გაესვა ხაზი, თუ რა იყო, არ ვიცი). სტუდიაში კაცი დაგვხვდა, ოღონდ ფანტაზიებში წარმოდგენილ რეჟისორს ოდნავადაც არ ჰგავდა. ძალიან უსიმპატიო იყო, ბოროტ ძიებს რომ ასახიერებენ ფილმებში იმდაგვარი, შემაძრწუნებელი ღიმილით. ამ კაცმა ერთი კვირის მერე ჟიურისთან გასაუბრებაზე დაგვიბარა. თან გამაფრთხილა, რომ მათ წინაშე უნდა მეცეკვა,მემღერა და ლექსი წამეკითხა.

გავიდა ის კვირაც როგორც იქნა. გასაუბრებაზე მშობლებთან ერთად მივედი და ცოტა არ იყოს შევცბი, მე ვიყავი ყველაზე უფროსი და ამდენ ხითხითა, კივილა, მხტომელა ბავშვებში ჟირაფივით ამოწვერილი და უდაბნოს ყვავილივით სევდიანი. შეიყვანეს პირველი ოთხეული, მერე მეორე, მერე მესამე… ვზივარ მოსაცდელ ოთახში და გული ყელში მებჯინება, ამ ერთ კვირაში ნასწავლ ლექსს ვიმეორებ და შიშით ველი გამოძახებას. და ეს დროც დადგა.

შევედი 5–6 წლის ბავშვებთან ერთად, ჯერ ერთი გავიდა ჟიურის წინ, მეორემაც წარმოადგინა თავი და მეც ავდექი. სახელი და გვარი ჩაიწერეს და იმღერეო. დარწმუნებული არ ვარ, ვიცოდი თუ არა მაშინ, რა არის სმენა და, საერთოდ, რომ ის საჭიროა სიმღერის დროს. მაგრამ ჟიურიმ “სულიკოს” დაწყებისთანავე მიმახვედრა, რომ ჯობდა ამის შესახებ მცოდნოდა… ახლა ქართული იცეკვეო, ეს როგორღაც გავახერხე და მერე ლექსის სათქმელადაც მოვიღერე ყელი. ლადო ასათიანს რომ გაეგო, რა დღეში ჩამაგდებდა მისი ლექსი, ალბათ არას დიდებით არ დაწერდა “საქართველოშის”. მეორე სტროფს ვამთავრებდი, როცა გონებამ საფრთხის სიგნალი მომცა, მესამე სტროფი ტვინის რომელიღაც ლაბირინთში ჩაკარგულიყო და არაფრით არ მოინდომა იქიდან ამოსვლა. გავჩერდი და სასოწარკვეთილი მივაშტერდი დამსწრეებს. ერთ–ერთმა ქალმა (დაილოცოს მისი გვარი) “ყველაფერი არ დაკარგულას” დასანახვებლად დამიძახა და უკანასკნელი დავალება მომცა, ტაშს შემოვკრავ რიტმულად და გაიმეორეო. აი, ეს კი შევძელი ზედმიწევნით კარგად! (მერე რა, რომ მეორე ცდაზე)

სტუდიიდან განადგურებული გამოვედი, ათი დღის თავზე, მეორე ტურში გადასულთა სიის სანახავადაც მხოლოდ იმიტომ გავუშვი მამა, რომ მეუბნებოდნენ, ისეთი გაოცებული და დაბნეული სახე გქონდა, შეიძლება ასეთი გმირი სჭირდებოდათ და დაგიძახონო . რა თქმა უნდა, სიაში არ ვეწერე.

* * *

უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ინტერნეტ-ოთახში კი ისინი სხედან: მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არც იციან, რომ შუა რიგის მესამე მერხთან ჩამქრალი ვარსკვლავი ზის, არშემდგარი “არტისტკა”!

პერფექციონისტი

1 მარ

ჩემს ყოველ დანაბეჭდს იმდენჯერ ვკითხულობ, რომ ზოგჯერ ახალ პოსტამდე ძველიდან აკვიატებულად დამდევს რომელიმე ფრაზა. ჯერ დრაფტში ყოველ სიტყვაზე კირკიტისას მიწევს ხელახლა წაკითხვა, მერე პრივატულად ვაქვეყნებ, რომ ვნახო, როგორ გამოიყურება ბლოგის გვერდზე. აქაც ორ-სამჯერ გადავიკითხავ და სინონიმებით ვცვლი უგერგილო გამოთქმებს. ოო, მერე სათაურზეც უნდა ვიფიქრო; ცალკე პუნქტუაციაა ჩემი აქილევსის ქუსლი, თუმცა უკვე შევეგუე კიდეც, რომ მძიმე-წერტილები დიდად მზაკვარნი გახლავან (ერთხელ ლექტორმა რეფერატზეც კი მიმიწერა: “არსებობს ასეთი სასვენი ნიშანი – მძიმე!”).
და ასე ყოველთვის: ვფიქრობ, ვწერ, ვშლი, ვაშალაშინებ, ვეძებ, მომწონს, არ მომწონს, ვფიქრობ, ვბეჭდავ, ვშლი…

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე პერფექციონისტი ვარ! არ უარვყოფ, არის ამ განცხადებაში ჩაქსოვილი სიამაყე, მაგრამ ის, ამავე დროს, სამწუხარო დიაგნოზის ტონით არის ნათქვამი, რადგან მუდმივი თვითცენზურა და სრულყოფილებისთვის ბრძოლა ბოლოს და ბოლოს ძალიან დამღლელია. (პერფექციონიზმი – ეს არის პროგრესულად მზარდი მოთხოვნილებები საკუთარი თავისადმი, როცა შეცდომა და არასრულყოფილება უპატიებელი ხდება ნებისმიერ ასპექტში: სამუშაოზე, ქცევაში, გარეგნობაში…)

პერფექციონისტი ზედმეტად მგრძნობიარეა კრიტიკისადმი და იმას, რომ რამე გააკეთოს უბრალოდ დამაკმაყოფილებელ დონეზე, ურჩევნია ის საერთოდ არ გააკეთოს. მარტივი ლოგიკაა, რაც არ არსებობს, ვერავინ დაიწუნებს. ამ პრინციპის გამოისობით, მე არასოდეს ვცეკვავ დღესასწაულებზე, თავს ვარიდებ ბურთით გასართობ თამაშებს, არ ვთამაშობ ჯოკერს და ძალიან მთრგუნავს ინგლისურის გაკვეთილი. მე ვიცი, რომ ამ სფეროებში ვერ ვბრწყინავ და მაგალითისთვის, მირჩევნია მარტო ვიჯდე სუფრასთან, ვიდრე ავდგე და “ისე რა”, ან მითუმეტეს ცუდად(!) ვიცეკვო.

პერფექციონიზმის ფესვებიც, სხვა ყველა დარღვევის მსგავსად, თურმე ბავშვობაშია საძიებელი. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გარშემომყოფთაგან სიყვარულსა და აღიარებას მხოლოდ უზადო შედეგების მიღწევით თუ მოიპოვებს, რადგან ბავშვობაში მხოლოდ მაშინ აქებდნენ, როცა ფრიადებს იღებდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, უნაკლოდ შესრულების მტკივნეული მოთხოვნილება რაღაც სხვა უცნობი მიზეზებით ჩამომიყალიბდა, თორემ ჩემს მშობლებს ჩემი ფრიადები, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ. ჩემთვის ნებისმიერი გადახვევა იდეალურობის მკაცრად განსაზღვრული სქემებიდან ტრაგედიაა. მე პანიკაში ვვარდები: როცა ვაგვიანებ, როცა პირობას ვერ ვასრულებ, როცა დიეტას ვარღვევ, როცა ამობეჭდილ თემაში გამორჩენილ ასოს ვამჩნევ…

ვხვდები, რომ საბოლოოდ ეს პედანტური კირკიტი სხვებისთვის დამღლელი და გამაღიზიანებელი ხდება. მაგალითად ჩემმა თანამშრომელმა, მას შემდეგ, რაც რაღაც წვრილმანების გამო სადისტურად ვტანჯე, ჩუმად “ზადიანი პროდუქტიც” შემომაპარა და მხოლოდ იმის მერე, რაც თვითკმაყოფილმა მოვიწონე, მითხრა, რომ გამაცურა. სინამდვილეში დეტალები იმიტომაცაა დეტალები, რომ ისინი შედეგს ვერ ცვლიან, მაგრამ პერფექციონისტებს ეს არ (გვ)ესმით.

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ იდეალურთან შესატყვისობას მარტო საკუთარ თავს კი არ ვთხოვთ, უნებურად სხვების ნაკლოვანებებსაც ვუსაფრდებით. ასე ვაგებთ იდეალური მეგობრის, თანამშრომლის, ხელმძღვანელის, ლექტორის, იდეალური ქალის, კაცის, ბავშვის, იდეალური ცხოვრების და თვით იდეალური სიკვდილის სქემებსაც კი. ზადაღმოჩენილი ადამიანები კი ავტომატურად “ჩამოლაბორანტდებიან”.

გამოთქმა – ყველას თავისი იდეალი ჰყავს; პერფექციონისტთან მიმართებაში ორმაგ მნიშვნელობას იღებს, ჯერ ერთიც, ეს ფრაზა თითქოს რეაბილიტირებაშიც უნდა დაეხმაროს – ქვეტექსტით: “დამშვიდდი! ის, რაც შენ შენს თავში არ გაკმაყოფილებს, სხვებისთვის აბსოლუტურად მისაღებია” და მეორეც, თავად პერფექციონისტის წარმოდგენები იდეალურზე, შესაძლოა, სულაც არ შეესატყვისებოდეს ამა თუ იმ მოვლენის ეტალონზე ტრადიციულ წარმოდგენას.

უტრირება რომ მოვახდინოთ: თუ მავანისათვის მამიკოს ფულებით “მოგულავე” თეთრ რაშზე ამხედრებული, უპრინციპო და ქარაფშუტა პრინცია იდეალი, ჩემი იდეალური ცხოვრების იდეალური თანამგზავრი ვეჭვობ არასპორტული და ახლომხედველი უნდა იყოს და (ვაჰმე) სხვა ნაკლებთან ერთად, შეიძლება ჭურჭლის რეცხვაც კი იცოდეს! ოღონდ პრობლემა აქ სწორედ ისაა, რომ პრინცის მოყვარულები შავ რაშიანსაც აიტანენ, მე კი სწორედ ახლომხედველი და არასპორტული მინდა და არავინ სხვა!!!

ისწავლო – იყო არასრულყოფილი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მართლაც შესანიშნავია. მაგრამ მე აღარც მჯერა, რომ ამას შევძლებ. და ალბათ არც მინდა, თქვენ წადით საითაც მიდიოდით, მე ისევ მარჯვნივ გავუყვები, აი, იმ ქალაქისკენ :)

საქათმის ჭაღები

23 სექ

ბოლო ჩანაწერი შორეული 30 ივლისით მითარიღდება, გადაჩვევა სცოდნია წერას (ბეჭდვას)…
ამ წუთასაც ვითომ ფსიქოლოგიური პოსტის იდეით გავხსენი ფანჯარა, მაგრამ ჩემს დამრიგებელს უყვარდა თქმა: არდადეგების მერე ყველა ცარიელი თავით ბრუნდებაო და დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვარ, სერიოზული და ტვინისმბურღავ-ინტელექტუალური თემები მოიცდიან. ახლა მინდა ბავშვობაზე მოვყვე, სოფელში გატარებულ ზაფხულებზე.

“ჩემი სოფელი რომ ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია” სამეგრელოში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, “რადგან არ შეიძლება სხვაგან იყოს სოფელი”, რომელშიც ჩემი ცხოვრების 23 წლის ყველა ზაფხული მაქვს გატარებული, რომელშიც ყოველ წელს ვიკრიბებოდით მთელი ნათესაობა, და რომელშიც, აი, ბოლო სამ წლამდე მუდამ მელოდა ნათია (ახლა ხანდახან მე მიწევს მისი ლოდინი).

ის 4-5 წლისამ გავიცანი, როცა მონდომებით ვაცხობდი ტალახის ტორტს მეზობლის ჭიშკრის წინ. მერე ჩვენს ნაცნობობას მცირეხნიანი წყვეტა ჰქონდა… მეორე ყველაზე შორეული, მასთან დაკავშირებული მოგონება კი ქორობიას თამაში იყო, რომლის დროსაც, ხელახლა გაცნობილი ნათია სასტიკად ეჩხუბა ჩემს მეორე მეზობელს და უთხრა ფრაზა, რომელიც ვერარა წელთა მდინარებამ ვერ ამომიშალა მეხსიერებიდან: ჯინა, შენ ტვინის მაგივრად ხაჭო გიდევსო, ხაჭო!

მისი, ჩემი და ჩემი დეიდაშვილი მარის მეგობრობა კი უფუნქციოდ დარჩენილი “ოქოთომეს” სპექტაკლებმა შეადუღაბა საბოლოოდ. ამ განიერი, ფიცრული საქათმის წინ, მე და ნათიამ წიწვებით დავიჩხვლიტეთ თითები და სისხლით შევიფიცეთ დებად. მერე კი იყო მრავაწლოვანი სასიყვარულო დრამების მთელი კასკადი, რომელთაც ძირითადად ჩემი სცენარის მიხედვით ვდგამდით. მე ამ სამკაცა სპექტაკლებში მუდამ კაცის როლს ვასრულებდი, როგორც ყველაზე უფროსი, ყველაზე ნიჭიერი ხმის დაბოხებაში და საერთოდაც ეტყობა, არის ჩემში რაღაც მამაკაცური :D მარი მუდამ სათნო, უწყინარი ქალწულის როლში იყო, რომელიც მე მიყვარდებოდა, ნათიას კი, ან ჩემ მიერ უარყოფილი პირველი შეყვარებულის ამპლუა რჩებოდა, ან სულაც ბოროტი და ინტრიგანი “მესამე” იყო, ჩვენი უმწიკვლო ტრფიალის მტერი! ნეტა ჩამეწერა ეს სცენარები, რომელ საპნის ოპერას არ გავეჯიბრებოდი, თანაც მსახიობთა მინიმალური ოდენობით.

მეექვსეში ვიყავი, როცა მეც და ნათიასაც სიყვარული გვეწვია, ჩვენი დრამების გმირებს სულ უფრო ხშირად ერქვათ გიორგი და გიგა. მარი 8 წლის იყო, მე კი 13-ის, როცა ის, მე და ჩემმა დადნაფიცმა საკმოდ მომწიფებული ჩავთვალეთ სიყვარულისა და ბავშვის გაჩენის საიდუმლოს გასაცნობად და გავუმხილეთ კიდეც ეს ამბავი გასაღებისა და თითების სხვადასხვანაირი კომბინაციების ჩვენებით (შენიშვნა:არ დატოვოთ 8 წლის ბავშვები უმეთვალყუროდ, 5 წლით უფროს მეგობრებთან! :( )

წლების განმავლობაში ჩვენი საქათმის ინვენტარი ნელ-ნელა ჯერ საძინებელი ოთახის რემონტიდან მორჩენილი ფიცრებით შეივსო, რომელსაც ჩემი ძმის გამოთლილი კარადა მოჰყვა, ბოლოს კი, მდინარეში ნაპოვნი, სამსანათურიანი გრძელი ჭაღი. მის დაკიდებასთან ერთად ჩვენ დავიფიცეთ, რომ როგორც კი სიმაღლით ჭაღის სანათურს გავუსწორდებოდით, ეს ზრდასრულობის ნიშანი იქნებოდა და საქათმეში თამაში უნდა შეგვეწყვიტა. მე თხუთმეტის ვიყავი, როცა მომავალში, მოზრდილ საკუთარ თავებს წერილებიც მივწერეთ, რომლებიც რკინის კოლოფით მიწაში ჩავფლეთ; იმ პირობით, რომ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გავხსნიდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მომდევნო წელს მიწიდან ვჩიჩქნიდით და ხელახლა ვმარხავდით, გახსნით მართლაც არ გაგვიხსნია დათქმულ ვადამდე.

ბოლოს ჩვენ გავიზარდეთ და ნათია გახდა ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი, რომელთა თაყვანისმცემლების რაოდენობა პროგრესულად იზრდება და ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო; ხანდახან, როცა რომელიმეს ახსენებს, მე ერთმანეთში მერევა, რომელი ერთია ლევანი, დათო, ბაკური, ზურა… და რომელს რა ისტორია უკავშირდება, ჰოდა, თავს კი ისე ვაჩვენებ, თითქოს შესანიშნავად მახსოვდეს. მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ არის, ამის დამახსოვრება ყოველგვარ შესაძლებლობებს აღემატება :P

მართალია, ჩემი სოფელი ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია სამეგრელოში, მე მაინც არ მიყვარს იგი ისე, როგორც საჭიროა და თუ კი რამე მიყვარს მასში, ეს ზუსტად ეს მოგონებებია: ტალახის ტორტებზე, რკინის კოლოფში ჩაჟანგულ წერილებზე, საქათმის დრამწრეზე, პირველ სიყვარულებზე და სამსანათურიან ჭაღზე, რომლის საკრალურ სიმაღლემდეც, აი, უკვე 23 წლის თინიკოს, 21 წლის ნათიას და 18 წლის მარის დღემდეც არ აგვიღწევია.

Barbie

12 მაისი

ვისაც ბავშვობის აუსრულებელი ოცნება ჰქონია (ანუ ალბათ ყველა), კარგად მიხვდება ჩემს გულისტკივილს, რომელსაც Barbie ჰქვია. რაც გავიგე, რომ არსებობდა ასეთი თოჯინა, მასზე ოცნება დავიწყე. ოღონდ ”პადძელკა” ანალოგებს არ ვგულისხმობ, მე ის ერთადერთი და განუმეორებელი მინდოდა – ეგრედ წოდებული ”ნამდვილი ბარბი”. კი, ”პადძელკები” მქონდა, თინას წითელ ”ბუტკაში” ნაყიდი ორლარიანი, ბარბის მსუქანსახიანი პროფანაციები, მაგრამ ჩემი გული მუდამ იდეალურისკენ მიილტვოდა.

საერთოდაც საკმაოდ გვიან გამოვემშვიდობე ბავშვობას, არ ვამხელდი, თორემ 15 წლამდე ვთამაშობდი თოჯინებით. თან მარტო კი არ ვთამაშობდი, მთელი კონსტრუქცია მქონდა მოწყობილი, ორსართულიანი, კომოდის უჯრებში ჩამონტაჟებულიი ბარბის სახლი: ავეჯით, სავარძლის რბილი ბალიშებით, კარადით, ტანსაცმლით, რომელსაც თავად ვკერავდი: აქ იყო შუბა, ჟაკეტები, ჯინსისა და კლასიკური შარვლები, უამრავი სარაფანა… მოკლედ ყველაფერი მქონდა მის გარდა, ჰოდა, უკეთესი მომავლის იმედით, ჩემი დისთვის ნაჩუქარი, ინდიელი ვაიბარბით ვუმკლავდებოდი დიდ ტკივილს.

ახლაც მახსოვს მისი ფასი, მე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცოდი, რომ ზღაპრულ მხარეში – ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა ის შესანიშნავი მაღაზია, სადაც 40 ლარად შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ასრულება. ყველას ვაბარებდი შეევლოთ და მოეთხროთ, ზუსტად რა ხდებოდა იმ იდუმალ ადგილას და მერე ეს ლეგენდარული გადმოცემები ფრთებს მასხამდა.


ეს ბარბომანია უკვე თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, უფრო სწორად სრულდებოდა იმედი, რომ როდესმე ვიხილავდი; 40 ლარი მაშინ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს. და ამ პერიოდში ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა, უკვე ყველასთვის ყურები მქონდა გამოჭედილი და უნდა ვაღიარო, რაღაც სასწაულს ნამდვილად ველოდი, დილას ახალგაღვიძებულს, ლოგინში რომ მომართვეს შეფუთული ყუთი.

ნუთუ ეს ის იყო, ჩემი ამდენი ხნის ოცნება? თავიდან ყუთის ზომამ დამაეჭვა, ამხელა ყუთში აშხვართული ბარბი ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ იმედის უკანასკნელ ძაფს ჩავებღაუჭე: იქნებ ზის-მეთქი! ჰოდა, გულისკანკალით გავხსენი… კი, ტყუილს ვერ ვიტყვი, იდო იქ ბარბი, ოღონდ დახატული – ლურჯი რვეულის ყდაზე და კიდევ რბილი, სათამაშო დათუნია, შვილითურთ.

მერე სულ ვგეგმავდი, რომ ჩემს მომავალ შვილს ავუსრულებდი ამ ოცნებას, როგორც კი თოჯინის ცნობას ისწავლიდა, ანუ დაახლოებით 3 წლის ასაკში, ვუყიდდი უამრავ ბარბის, რომ ვერასდროს ეგრძნო ის, რაც მე დამაკლდა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, ასე მირთმეულს ვერასდროს დააფასებდა, იმ მოლოდინის გარეშე, არ ერთი ბარბი არ იქნებოდა ისე ძვირფასი.

ვიხსენებდი ახლა 8-10 წლის წინანდელ ამბებს, პოსტისთვის კი გუგლში ვეძებდი მის სურათებს და აღმოვაჩინე, რომ ამ სურათებზე ნერწყვს ვყლაპავ, ახლაც კი გული მწყდება რაღაცნაირად, რომ არასდროს მქონია :)