Tag Archives: ბიჭი

Καρκίνος

23 ნოე

ოთახში შესულს პირველად ხატების კუთხე მომხვდა თვალში, ყველანაირი ზომის გამოსახულებით, შუაში უზარმაზარი ჯვარცმით. ალბათ ეს ადგილი საგანგებოდ იყო შერჩეული, რელიგიურებს ზღურბლზევე რომ დაეტოვებინათ სინდისის ქენჯნა ეშმაკეულ საქციელთან დაკავშირებით. კარების მარჯვნივ ტაბლა იდგა, პატარა ელექტროქურით. იქვე მრგვალი მაგიდა სკამებით. მაგიდის მარცხნივ, სავარაუდოდ სამზარეულოსგან გამყოფი ხავერდის ფარდები. ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში გვეკიდა ხოლმე მსგავსი. ქალმა მაგიდისკენ მიმითითა, თვითონ კი ყავის მოდუღებას შეუდგა.

ფინჯანი თეთრია, ოდესღაც ფერადი, ახლა გაცრეცილი ყვავილების არშიით, ყავა  – გემრიელი. მიყვარს თურქული ყავის არომატის ყნოსვა და პაწაწინა ფინჯნის საათობით წრუპვა, მაგრამ ახლა ვჩქარობ, დრო მეც ცოტა მაქვს და როგორც ჩანს მასპინძელსაც. როცა უკვე ოდნავღა ფარავს სითხე ნალექს, როგორც მეუბნება ისე, საათის ისრის საწინააღმდეგოდ შვიდჯერ შევაქანებ და ლამბაქზე პირუკუღმა ვდებ. 15 წუთში მკითხაობას დავიწყებთ.


ვიცი, ასეთი რაღაცები არ შემეფერება. მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი ისეთი ხდება ჩემს თავს, რაც არაფრით შემეფერება. თუ რამეა, თავს იმით ვიმართლებ, რომ მორიგ გამოკვლევამდე დარჩენილი საათები უნდა გამეყვანა და ამიტომ მოვედი აქ, ასე რომ წყალგაუვალი ალიბიც მაქვს. მე ხომ ჭკვიანი გოგო ვარ, მისნების, ნათელმხილველების და ასტროლოგიის რომ არ უნდა სწამდეს ისეთი. ამიტომაც ქურდბაცაცობაზე წასწრებულივით ვიღიმები და სანამ ჩემს ფინჯანს „ცრემლი“ შეშრობია, ამ ქალზე დაკვირვებით ვირთობ თავს.

პეკინესს ჰგავს, მოკუჭული სახით, აი, თითქოს შუბლი და ნიკაპი ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ და შუაში ცხვირი შემოეჭყლიტათო, ისეთი. მწვანე თვალები აქვს და დიდი ძუძუები, დეკოლტის არეზე შებერებული კანით. ვფიქრობ ახალგაზრდა ლამაზი იქნებოდა თუ არა და ვასკვნი, რომ ახალგაზრდაც პეკინესს ემსგავსებოდა ალბათ, ნორჩ პეკინესს. ახლა მჭმუნვარე სახით ჩაჰყურებს ჭიქაში ჩემს ცხოვრებას, მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ. ნეტავ რამდენი ხანი სწავლობდა სარკეში ასე ყურებას, საკუთარი ღირსებით აღსავსე პროფესიონალის მზერას?..

ჩაახველა და თითით მიმანიშნა ფინჯნის ყურთან. ეს შენ ხარ და შენი საახლობლოო, ორი ერთგული ადამიანი მოჩანს შენ გვერდითო (?), ყველანაირად გვერდით გიდგანან, როგორც ჩანს ხიფათიანი ცხოვრება გაქვს და არ გტოვებენ მარტოო. მერე ფინჯნის ქვედა მხარეს დაუწყო “ჭვრეტა”, ეს შენი წარსულია, ამაზე ბევრს არ შევჩერდებიო, ვიღაცის თვალი ახსენა, ავი თვალით გიყურებდა, მაგრამ გაქრა შენი ცხოვრებიდანო და მერე რამდენიმეწამიანი პაუზა… მაღალ ბიჭს ვხედავ, დიდი ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში, მთელს ჭიქას ჰკვეთს მისი გამოსახულებაო, – მითხრა და გვერდულად გადმომხედა, ალბათ ჩემი რეაქციის დასაფიქსირებლად. წარბშეუხრელად ვზივარ და ცივად შევყურებ, თუ ამ ქალს და სულელურ ფიგურებს რამის თქმა მართლა შეუძლიათ, ეს ბიჭი საბა უნდა იყოს.

*   *   *

რომ იცოდე, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენი ყოველი ნახვისას სინდისის ქენჯნით დაიტანჯება, რომ იცოდე, რომ შენთან ურთიერთობა ამიერიდან მხოლოდ ატკენს, რომ თქვენი წარსულის ყველა მოგონება ერთადერთი  მძიმე ფიქრით ჩანაცვლდება. და იცოდე, რომ აწი ვერაფრით მიხვდები, შენთან იმიტომ რჩება, რომ ისევ უყვარხარ, თუ უბრალოდ მოვალეობის გრძნობა და სიმხდალე აჩერებს, ერთადერთი სწორი გამოსავალი თავისთავად ჩნდება ასეთ დროს, და ეს – მისი ცხოვრებიდან წასვლაა.

ჩემი საქციელი ორნაირად შეიძლება აიხსნას, როგორც გმირობა და როგორც სისულელე. და რადგან ოთხი თვე სრულდება, რაც გადაწყვეტილება მივიღე, ვერაფრით ვერ გამოვტყდები, რომ ეს ამდენი თვეა, მხოლოდ ვსულელობ. მირჩევნია ისევ გმირი ვიყო. ან ის, ვინც “გმირულად” გაიქცა. იმის აღიარებაც მომიწევს, რომ ეტყობა არ ვიყავი საბაში ბოლომდე დარწმუნებული. თავიდანვე ზედმეტად გავაღმერთე და თავს იღბლიანად ვთვლიდი, ასეთმა შესანიშნავმა ადამიანმა პატივი რომ დამდო და შემიყვარა.

ალბათ ყველა სხვადასხვანაირად ხვდება, რომ შეყვარებულია, ვიღაცა სიზმრების უცვლელი პერსონაჟის გამოჩენით ასკვნის, ვიღაც მუდმივი მონატრებით, ვიღაც კუჭთან სპაზმებით… ხვდება ზოგი ერთი ნახვით, ზოგი მრავალწლიანი მეგობრობის თავზე. მე გაცნობიდან თვენახევარი და ერთი პატარა შემთხვევა დამჭირდა ამის აღმოსაჩენად.

ერთხელ ლანჩის დროს ახალმა თანამშრომელმა საბამ  თავზე რომ შემოიჭდო ხელი და გამხდარ მკლავებზე ასე საგულდაგულოდ „გადამალული“ ბიცეფსის კუნთები გამოუჩნდა, მოცისფრო, ამობურცული ძარღვის კლაკნილით – მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი მაგარი აქამდე არაფერი მენახა! და იმასაც მივხვდი, რომ ამ ბიცეფსიანი (თუ უბიცეფსო) ბიჭის შეყვარება მომესწრო თურმე. შეუმჩნევლად შემომყვარებია მისი გამხდარი მკლავები და შეუსაბამოდ დიდი ხელის მტევნები, ღერძიდან რამოდენიმე მილიმეტრით გადახრილი  – ცხვირიც, სწორი წარბებიც, ჩაწიკწიკებული კბილებიცა და მუდამდღე დასავარცხნი თმებიც. მოკლედ ყველაფერი – მის სხეულში ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, ყოველი სანტიმეტრი და ყოველი უჯრედი.

უფრო გვიან ამას რომ ვიხსენებდი და ვეკითხებოდი, შენ თვითონ როდისღა მიხვდი, რომ გიყვარდი მეთქი? მეშაყირებოდა, – მე შენს ტრიცეფსებზე გავგიჟდი ერთ დღესაცო. არ ვიცი, მართლა ტრიცეფსებმა მოხიბლეს თუ წვივის კუნთებმა, მაგრამ მალევე, მთვრალმა და აბლუკუნებულმა, ღია ცისქვეშა კორპორაციულიდან ზღვის პირას გამიყვანა და შეეცადა, რაც შეიძლება, რომანტიკულად აეხსნა, რასაც განიცდიდა.

ცოტა ხანში კი მარკერებით დავინიშნეთ, ჩვეულებრივი ფლიპ-ჩარტის მარკერებით, მორიგი პრეზენტაციის წინ, ორი კოლეგა-მოწმის თანდასწრებით. საბამ მწვანე მარკერით შემომიხაზა მარჯვენა არათითი, მე – ლურჯით. მერე რა, რომ ჩვენმა ბეჭდებმა ხელის ორ გადაბანასაც ვერ გაუძლეს, ნეტავ ასეთი სიხარულით ბაჯაღლოთიც ინიშნებოდეს ბევრი.

*  *  *

აღმართი და დაღმართი, დაღმართი და აღმართი. ბოლოს და ბოლოს აზრზე უნდა მოხვიდე და მიხვდე, რომ ერთს მეორე მოჰყვება, იმასაც უნდა მიხვდე, რომ თუ მეტისმეტად მაღლა ახვედი, თუ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმართი აათავე და ზღვარს ზედმეტად ასცილდი, დაშვებაც მალე მოგიწევს. წარმოუდგენლად მალე.

უკვე ნახევარ წელი ხდებოდა, რაც საბას ვხვდებოდი, ერთ დღესაც, მისი დამსახურებით საკუთარ თავზე  ხელახლა შეყვარებულმა სარკესთან რომ მოვინდომე სხეულის შეთვალიერება. ცვლილებაც მაშინ შევნიშნე,  მაგრამ არც მიფიქრია მისთვის მეთქვა, არ შემშინებია და იმიტომ. როცა ასე ბედნიერად გრძნობ თავს, გესირცხვილება უმნიშვნელო პრობლემების და კანის ჩაბრუნების გამო აღელდე, უხერხულიც კია. ექიმთანაც ყოველი შემთხვევისთვის შევირბინე, დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მჭირდა და კონსულტაციისთვის დახარჯულ ფულზე წინასწარ მეთანაღრებოდა გული. ჯერ მისმა სერიოზულმა სახემ ჩამაფიქრა გასინჯვის დროს, 2  დღის მერე მამოგრაფიის შედეგმა. არ მინდა იმ საშინელების ხსენება, თუ არ ვახსენებ, ისე ყურისმომჭრელად საშიშად აღარ აღიქმება თითქოს. Καρκίνος – ფეხსასხსრიანთია ტიპის უხერხემლო. ასე გაცილებით მარტივია.

ახლა აღარც ვიცი, რაც საბას მიმართ შემომრჩა იმას, ისევ სიყვარული უნდა ვეძახო თუ არა, იმიტომ რომ ჩემი მოგონებები უკვე გადაიფარა ერთადერთი მტანჯველი ფიქრითა და შიშით. იმ შიშით, ტანზე ოფლად რომ გღვრის, პირს რომ გიშრობს, ყელში გიჭერს და მზად გხდის, პატარა ბიძგზეც კი აღრიალდე.

საბა სადღაც ტვინის ინფორმაციულ ხვეულებში ფაქტადღაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, მე ისევ მახსოვს, რომ მიყვარს, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ ამას, უბრალოდ აღარ მაქვს ამის თავი. ალბათ სხეულის მოჭრილ ნაწილთან ერთად დავკარგე. მაშინ  ნახევარ ქალად რომ ვიქეცი, ან უფრო გვიან, ადამიანადყოფილს რომ დავემსგავსე, ამოღამებული თვალებითა და ძველი თაბახისფერი კანით.

ვიცი, რომ ძალიან ვატკინე, მაგრამ შემეშინდა, რომ უფრო გვიან მეტად ვატკენდი. შეიძლება უბრალოდაც ეგოიზმი ჰქვია ამ ყველაფერს და თავის მართლებასავით გამომდის, დიდი სიყვარულის სახელით რომ ვფუთავ. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.

ავდექი და  მივატოვე, თბილისში გადმობარგებამდე სამსახურის მაგიდაზე დავუტოვე გრძელი, ბილწი წერილი და ვუთხარი როგორ მიშლიდა ნერვებს, ვუთხარი რომ ვეღარ ვიტანდი მის ვერც ერთ ჩვევას და არ მინდოდა მქონოდა მასთან არანაირი კავშირი. ყველაზე გულდასაწყვეტი დეტალები წამოვაძახე და ყველა მტკივნეულ წერტილს გადავწვდი. ისეთი საზიზღრობები დავწერე, თვითონვე რომ გამიკვირდა საკუთარი ფანტაზიის. უკანმოსაბრუნებელი გზა კი არ მოვიჭერი, გავიუქმე და გავინადგურე. დემონსტრაციულად გადავტეხე საკუთარი მობილურის სიმ-ბარათიც, სულს რომ არ წაეძლია და ზარზე არ მეპასუხა, ან სხვა რომელიმე თანამშრომელს არ მოეგნო ჩემთვის. ამოვიშალე თავი ინტერნეტ-სივრციდან. ერთად მოვაქუჩე მისი ყველა საჩუქარი და სანაგვეში მოვისროლე, დავხიე სურათები და დავიწყე დავიწყება, რომელიც ვერა და ვერ მივიყვანე ბოლომდე.

საბას როგორც ჩანს არც მოუნდომებია, რამის გარკვევა და გამოძიება. ერთხელაც არ უცდია, მიმხვდარიყო, რა ჯანდაბა დამემართა. კი, ვიცოდი, რომ ამაყი იყო, ისიც ვიცოდი, ასე შელახულ თავმოყვარეობას რომ არაფრით მაპატიებდა, მაგრამ შიგნით, სულ ღრმად და ერთი ბეწოთი, მაინც მრჩებოდა იმედი, რომ რაღაც სასწაულით მიხვდებოდა ჩემი საქციელის ნამდვილ მიზეზს. მომძებნიდა ჩვენი ქალაქიდან ასე შორსაც, შუბლზე თმას გადამიწევდა და ჩემს თვალებს ჩაჩერებული იტყოდა:

– რა სულელი ხარ და როგორ მიყვარხარ, როგორ იფიქრე რომ დაგტოვებდი ასეთ დროსო? მეგონა მარკერით მონიშნული სიყვარული მართლა განსაკუთრებულად გვაკავშირებდა, მაგრამ სულაც არ ყოფილა ასე. ზუსტად ახლახანს შევიტყვე, საბა რომ მარტო აღარ არის.

ალბათ უბრალოდ სადღაც ჰაერში ჩამოკიდებული დავტოვე ეს ახალი ამბავი, იმიტომ რომ მეტი ახალი ამბის დატევა აღარ შემიძლია, ისედაც ახალ-ახალი სამედიცინო ტერმინებით, ინტერნეტში მოქექილი ინფორმაციითა და გამყინავი შიშით ვარ გაჟღენთილი.

*   *   *

ფიქრებიდან ისევ პეკინესის ხმას გამოვყავარ, ახლა უკვე უახლოეს მომავალზე მესაუბრება, რაღაცებს მიხსნის კომბოსტოს გამოსახულებაზე, რომელიც ეჭვიანობას ნიშნავს თურმე, ზარზე – უსიამოვნო ამბავს გაიგებო და ნავზე – დიდი გზა გელისო. მერე ერთხელაც დაიყენებს ყოვლისმცოდნე იერს, წაწვეტებულ ფრჩხილიან თითს ფინჯნის შუაგულს მიუშვერს და იდუმალი ხმით მეჩურჩულება:

–  ერთი წლის შემდეგ მოსახდენ ამბებს აჩვენებს ძირი, წრეში ჩახატული გადაჯვარედინებული ხაზები კი ქორწილის  ნიშანია. ერთ წელიწადში ნამდვილად თხოვდებიო…

 * * *

საწყალი ქალი, ნეტავ როგორ გაიხსენებს მერე ჩემს ამბავს? იმ კლიენტის ამბავს, მოულოდნელად რომ წამოუხტა სკამიდან, ფინჯანი ხელიდან გამოსტაცა და პირდაპირ ხატების კუთხისკენ მოისროლა, როგორ გაისმა წკრიალ-ბზრიალის ხმა და როგორ დაემჩნა შპალერს სამუდამო ლაქად ყავისფერი წინწკლები. როგორ თავშეუკავებლად გაჰკიოდა უცნაური კლიენტი რაღაცას დაკარგულ სიყვარულზე, ნახევარ ქალობაზე, თითებზე და მარკერებზე. და სიბრაზისგან როგორ კანკალებდა მთელი სხეულით მაგიდას ჩაჭიდებული.

თუმცა ისიც მეეჭვება, ამდენი რამე შეემჩნია, ისეთი გაოგნებული მომჩერებოდა, ვიფიქრე, სადაცაა წკავწკავს დაიწყებს-მეთქი, ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.

ცრემლები  ხელს მიშლიან ტაქსის ნიშნები გავარჩიო და ვერც ვხვდები, როგორ ვესვენები მძღოლის გვერდით სავარძელზე, ონკოლოგიურთან მიმიყვანეთ-მეთქი ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. ლოყები მიხურს და ვგრძნობ როგორ დაუსრულებლად მიერთდება ნიკაპქვეშ ორი თბილი ნაკადი.

ექვსი თვე დამრჩა.

დიდი კატასტროფა

9 თებ

გინახავს კაშხალი? თუ კი, მაშინ უკეთ მიხვდები. წარმოიდგინე, 24 წლის განმავლობაში, სადღაც შიგნით, ტვინთან თუ გულთან გრძნობების უზარმაზარი კაშხალი რომ გქონოდა. ჰოდა, გეგროვებინა და გეგროვებინა ეს შენი გრძნობები, გულმოდგინედ დაგემატებინა ერთი-მეორესთვის, მეორე მესამესთვის… მოზომილად გამოგეშვა აგრესია, მოზომილად გამოგეშვა სითბოც, იქ პატარ-პატარა სისასტიკეც და ცოტ-ცოტა სიყვარულიც გამოგერია მრავალფეროვნებისთვის და ყოფილიყავი შენთვის მშვიდად და თავშეკავებულად. მერე კი, მოულოდნელად, გამოჩენილიყო ვიღაცა, არც ეკითხა, ისე მოსდგომოდა ამ შენს კაშხალს და გამეტებით დაეწყო უროს რტყმევა. თავიდან, რასაკვირველია, არაფერიც არ გამოსვლოდა, იმიტომ რომ კაშხალი მიუდგომელი და მტკიცედ ნაშენი ყოფილიყო. მაგრამ ეს ვიღაცა მოთრეული არაფრით არ დანებებულიყო, გაეგრძელებინა, ერტყა და ერტყა. ჰა, ჰა, როგორღაც პატარა ღრიჭოც გამოეტეხა. და რომ გეგონებოდა, აი, ახლა მაინც დამანებებს თავსო, ისევ ისე თავგამეტებით გაეგრძელებინა დაგადუგი და ბრახაბრუხი. ბოლოსდაბოლოს ამ შენს ნაგებობასაც ვეღარ გაეძლო და ნალოლიავები კაშხალიც ლაწანით ჩამონგრეულიყო. ჰოდა ასე…

გამოჩნდა, მომადგა და ზღვრულ ნორმაზე იმდენად გადამეტებული სითბო გამოუშვა ჩემი მიმართულებით, მართლა რკინა-ბეტონით ნაგები უნდა ვყოფილიყავი, რომ გამეძლო. ვაღიარებ, რომ გავტყდი. სულ ნაფშხვენებად მიქცია ჩემი გულმოდგინედ დაგეგმილი და ნაგები კონსტრუქცია. გამოანგრია და მას მერე მოდის და მოხეთქავს შეკავებული სიყვარულები, შეკავებული სითბოები. მოანგრევს გარშემო ყველაფერს და აი, შენც კი, ამ ბლოგის რიგითი მკითხველი, ახლა რომ ფიქრობ მე რაღა შუაში ვარ და აქ სად მოვხვდიო, ამ ჩემი წყალდიდობის მორიგი მსხვერპლი ხარ.

ეს კაშხლის კატასტროფა რაც მოხდა, მას მერე ხან სიცილა და ხითხითა დავდივარ, მგონია, რომ ყველა მიყვარს და ეს “ყველანიც”  იხსნიან ვენებს ჩემი გულისთვის, ხან პირიქით, მომაწვება მსოფლიო სევდა და ვაღვარღვარებ ცრემლებს. ვიძინებ ყურებში “ნაუშნიკგაჩრილი” და ვუსმენ სულ “ლავ სონგებს” და მსგავსს. და კიდევ, პირველად არ მრცხვენია, რომ სულაც არ ვარ იდეალური, იმიტომ რომ, თუ იდეალურად გახდომას ისევ მოვინდომებ, ხელახლა მომიწევს შენობების აგება, ოღონდ ახლა ბეტონიც კი მეტისმეტად სუსტი იქნება ამისთვის.

შენობების ვანდალურად მტვრეველმა სულ თავდაყირა დამიყენა გულდაგულ გაწერილი ცხოვრება.  ჩემს გეგმებში  უახლოესი ერთი წლის მანძილზე არანაირი მოწონება/გატაცება/სიყვარულის მინამსგავსი გრძნობა არ განიხილებოდა, მინიმუმ იმიტომ, რომ არ მცალია ამისთვის. მაგრამ ეს გეგმა ვისღა ახსოვს, ან ის ვის ახსოვს, სერიოზული, ჭკუადამჯდარი და მხარბეჭიანი ბიჭები რომ მომწონს ზოგადად? მოცერცეტდა ამ თავისი უროთი, კაშხალთან ერთად ყველა იდეალური მამაკაცის ხატიც მიმილეწ-მომილეწა და თვითონღა შემომრჩა… თვითონ და კაშხლის დიდი კატასტროფა.

პეპელა სახელად – კამპა

9 ივლ

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა.”.

დღე პირველი

დგას ტუალეტის სარკმლიდან შემომავალი სავსე მთვარის შუქით ნახევრად განათებული და გახდას იწყებს. მოძრაობები გამოზომილი აქვს, ამის მერე ის, ამის მერე ეს, ჯერ შარვალს ჩაიწევს კოჭებამდე, მერე ხალათის უზარმაზარი გულისპირიდან მხრებს ამოწურავს და თითქოს პარკუჭიდან ძვრებოდეს, ისე იკლაკნება. როცა უკვე ყველაფერი იატაკზე უცურდება, ერთხელაც ამოსწევს, ოდნავ აიქნევს ტერფებს და ფეხშიშველა გადის დერეფანში. ნახევარრკალად მოკუმშული ხელებით ვარდისფერკერტიან კონუსებს იფარავს და კაფელის ხაზიდან გადაუხვევლად მიემართება დარბაზისკენ, ვიწრო დერეფანს თავისუფლად გადის, ღია ჰოლში გასულს კი უკვე ჩასაფრებული სანიტრები ესხმიან თავს. პირველ რიგში, პატარა შავ სამკუთხედს უფარავენ პირსახოცის მოკლე სახვევით, მერე დიდ, თეთრ მაისურსაც გადააცვამენ და სანამ კივის, შპრიცით წამლის შეყვანასაც ასწრებენ. დარბაზიდან ისმის თავშეუკავებელი ხითხითი, აღგზნებული ბღავილი და ქალის წყევლა. ნახევარ საათში ყველაფერი წყნარდება და ისიც დილამდე ჭერსმიშტერებული გაოცებული თვალებით წევს გახამებულ თეთრეულზე.

* * *

კამილა ერთი წლის წინ მოიყვანეს, იმ ფაშფაშა ქალმა, პარკში ჩახუთული ხორცის სუნი რომ ასდიოდა, თქვა, რომ გოგოს ღამეული შიშველი ვოიაჟები მთელი უბნის მყუდროებას არღვევდა. ის, რასაკვირველია, არც უხსენებია, როგორ შეუსწრო მინასაკრულ საკუთარ ქმარს, კიდევ ბევრი მისნაირის მსგავსად რომ უთვალთვალებდა გოგოს და რაღაცას სცრიდა კბილებში.

ასე ხდებოდა დაახლოებით თვეში ერთხელ, “ჭუპრობისას”, როგორც ჩაინიშნა სათვალინმა ფსიქიატრმა ტყავისყდიან დავთარში. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მთელს მეორე და მესამე დღეს გოგო “იფრენდა”, ანუ, უტყვად ირბენდა ოთახიდან-ოთახში ხელების ქნევით, ასე 11 საათამდე.

მერე რამდენიმე წუთით ტუალეტში შეიკეტებოდა და ისევ სრულიად შიშველი გამოდიოდა გარეთ.

სათვალიანმა ფსიქიატრმა ფსიქიკური აშლილობებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე თქვა, რომ გოგო, სავარაუდოდ, ტუალეტში გადამალულს ტოვებდა წარმოსახულ ფრთებს, ღამით ფრენა არ შეეძლო.

დღე მეორე

აქამდე არასოდეს უნახავს. საავადმყოფოში იყო ქალი, სულ რომ იწყევლებოდა ისეთი, 4 მოხუცი კაცი, მუდამ დომინოს რომ თამაშობდნენ, იყო ლურჯთვალება სტუდენტი (ყოფილი) და სხვებიც ბლომად იყვნენ. მაგრამ ის აქამდე არ ყოფილა, ნამდვილად იცოდა. არც საღებავების სუნი ყოფილა აქამდე 26-ე პალატაში, აქ ერთი თეთრთმიანი მოხუცი იწვა, რომელიც წინა კვირას მიწაში ჩაფლეს, საავადმყოფოს უკანა ეზოში.

ხომ პირველად ხედავდა, მაგრამ თავი ვერაფრით შეიკავა, მიუახლოვდა და ყურში ჩაჰყვირა – მე კამილა ვარო! არადა, ის არც აქცევდა ყურადღებას, საღებავში მოთხვრილ თითებს უზარმაზარ ტილოს უტყაპუნებდა. ბიჭი გაჩერდა, ხელები ჯერ მაღლა აიშვირა, მერე რაღაც შემოხაზა ჰაერში, ბოლოს კი მკერდზე დაალაგა გოგოს.

– კამილა არ ვიცი, შენ ჩემი კამპა იქნები, პატარა კამპა.

ორივემ შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს და ჩაიცინეს. ასე დაიბადა კამპა.

ამის მერე წუთითაც არ დარჩენილა მარტო, ოთახიდან-ოთახში ისევ ხელების ქნევით დარბოდა, მაგრამ მარტო აღარ იყო, საღებავებით მოთხვრილი არსება ხარხარით დასდევდა და სადაც მოიმწყვდევდა, იქვე სვრიდა ფერადი ხელებით კამილას თეთრ ხალათს. სხვა რომ ყოფილიყო კამილა გაბრაზდებოდა, არ უყვარდა როცა ფრენაში ხელს უშლიდნენ. მაგრამ ამას დაჰყვა, თმაგაწეწილ, საღებავებისსუნიან, ამოთხვრილ ველურს. ის კი არა, განგებ ნელა დარბოდა, რომ ბიჭს უფრო ადვილად დაეჭირა. დაიჭერდა და კამილასაც მთელს სხეულში აჟრჟოლებდა. ჟრჟოლ-ჟრჟოლ… დუგ-დუგ, დუგ-დუგ!

ღამით ისევ უნიტაზის უკან გადამალა ფრთები და დერეფანში გამოვიდა, თვალებით ბიჭს დაეძებდა და რატომღაც პირველად არ დაიფარა ნახევარრკალად მოკუმშული ხელებით ვარდისფერკერტიანი კონუსები. არც უკივლია, როცა სანიტრებმა დაიჭირეს და შპრიცი შეუშხაპუნეს. ბიჭი იქ იდგა, იდგა და უცინოდა.

ღამით ფანჯრის საკეტის ტკაცუნმა გამოაღვიძა, სიბნელეში ძლივს გაარჩია – ბიჭი რომ იყო. ბიჭმა ტუჩებზე თითი დაიდო, ჩუო, ჩუო…

მაშინ საბოლოოდ მოკვდა კამილა.

დღე მესამე

კამილა რომ ყოფილიყო, ფეხებზე ეკიდებოდა, კამილას ჰქონდა ფრთები, დიდი, ფერადი, მოხატული ფრთები და იცოდა ფრენა, ისიც იცოდა, რომ მის ფრთებს ვერავინ ხედავდა, მაგრამ ესეც ფეხებზე ეკიდა.

მაგრამ კამილა აღარ იყო, იყო კამპა. კამპა კი ღელავდა, ფანჯარასთან იდგა, გრძელ თითებზე ფრჩხილებს იკვნეტდა, ტუჩები სისხლით ესვრებოდა და ამას ვერ გრძნობდა. კამპას არ შეეძლო ბიჭის გარეშე, კამპა ბიჭის გარეშე ვერ იფრენდა.

როგორ იყო? ბიჭს საღებავის სუნი ასდიოდა და ჩხვლეტია წვერები ჰქონდა. კამპას ლოყებს და ძუძუებს უკაწრავდნენ წვერები, მაგრამ ჩუმად იყო, თვალებგახელილი იწვა და ხელებს ფრჩხილების დალურჯებამდე უჭერდა ზურგზე. კამპას მაშინაც არ ამოუღია ხმა, როცა ბიჭს მის მკერდზე დაეძინა, ბიჭის სიმძიმისგან სუნთქვა უჭირდა, მაგრამ საერთოდაც არ ისუნთქებდა, ოღონდ არ შეეწუხებინა. კამპას უნდოდა, სულ ასე ყოფილიყო, კამპა ფრთებსაც დათმობდა ბიჭისთვის, დატოვებდა ერთხელაც ტუალეტში და აღარასოდეს მოიკითხავდა.

მაგრამ კამპამ ვერ გათვალა და მაინც შეცდა, სანიტრების შემოვლამდე რომ არ გააპარა ბიჭი ფანჯრიდან…

დილით მჭრელმა შუქმა და ლოყაზე სილამ გამოაღვიძეს. წამოიწია, ძილისგან გაბრუებული ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ ცხვირიდან წამსკდარმა სისხლმა და ზურგსუკან ხელებგაკავებულმა ბიჭმა მიახვედრეს, რომ არ ეძინა. კამპა აბაზანაში შეაგდეს, უხეში ღრუბლით კანის გაწითლებამდე ხეხეს, მერე ექთანმა ფეხები გააშლევინა და რაღაც შეუშხაპუნა იმ ადგილას, ბიჭის რომ იყო წინა ღამით. ბოლოს აბები გადააყლაპეს, ერთი თეთრი, ერთი წითელი და ნახევარიც მწვანე და კამპას ჩაეძინა…

“ჰო, ის სულ დაფრინავდა, ახლაც სწრაფად დაეშვა მაღლიდან, გული გამეტებით უცემს და სადღაც დაბლა-დაბლა ჩასდის, იცის რომ მიწას არ დაასკდება, მაგრამ მაინც ეშინია ცოტათი. აი, ცოტაც, ცოტაც და მიწამდე რამდენიმე სანტიმეტრში ისევ მაღლა აიჭრება. დუგ-დუგ, დუგ-დუგ! მაგრამ რაღაც მაინც არ არის ისე, როგორც წინათ, ისეა, ანუ არის კამილა და არის ფრთები, მაგრამ კიდევ სხვაც არის ამ სიზმარში, სიზმარში ბიჭია, საღებავით მოთხვრილი დიდი ხელებით, გაუპარსავი წვერებით და გოგოს პირველად უნდება, არ ჰქონდეს ფრთები. ბიჭი მიწაზე დგას, ბიჭს ფრენა არ შეუძლია, კამპა დაიმსხვრევს ფრთებს, კამპას აღარ უნდა ფრთები. ოღონდ ბიჭი ნუ წავა! ოღონდ ბიჭი ნუ წავა! დუგ-დუგ, დუგ-დუგ!”

გაფითრებულს გამოეღვიძა და მაშინვე ფანჯარას მივარდა. გარეთ ბნელოდა, მარტო მანქანის თეთრი სილუეტი მოჩანდა ბუნდოვნად. საავადმყოფოს კარი გაჯახუნდა და ეზოში გამოვიდნენ, ბიჭს აღარ ჰქონდა ხელები გაკავებული, ბიჭი თავაწეული მიდიოდა.
– წავა, წავა,წავა…
გრძელ თითებზე ფრჩხილებს იკვნეტდა და ტუჩები სისხლით ეთხვრებოდა.
– წავა, წავა, წავა…

…და უცებ ბიჭმა ამოიხედა.
ბნელოდა, მაგრამ კამპამ მაინც დაინახა, რომ ბიჭმა გაიცინა, მერე ხელები ამოიშვირა მისკენ და თავი დაუქნია. კამპა მიხვდა, ბიჭს უნდოდა, კამპას ეფრინა. კამპა იფრენს, კამპა იფრენს!

კამპა რაფაზე აძვრა, დაბლა ექთანი აკივლდა, ზორბა სანიტრები საავადმყოფოში შეცვივდნენ, ახლა ამოვლენ, კამპას თითქოს ესმის კიდეც ფეხსაცმლის ლანჩების ბრაგუნი კიბეებზე.

კამპამ უნდა მოასწროს! ჩქარა, ჩქარა!

უკან კარი მოწყვეტით გაჯახუნდა.

კამპამ კი ხელები გაშალა…

* * *

როცა რაფას ფეხები მოსწყვიტა, მაშინღა გაახსენდა, ფრთები რომ ტუალეტში დატოვა დამალული.

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა.”.

ვირჯინი(ა)ს წერილი

30 ივნ

გუშინ 25-ის გავხდი, ანუ უკვე იმ ზღვარს მივაღწიე, როცა ის, რომ უკოცნელი ვარ არასრულფასოვნებას უფრო ნიშნავს, ვიდრე უმანკოებას (აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ლირიკული წიაღსვლა: ყველა კაცის ერთნაირობაზე, შესაფერისი ადამიანების დეფიციტზე და მისთ. მაგრამ მოკლედ მოვჭრი: მე თვითონ მაქვს დაჩლუნგებული მამრების მოხიბვლის უნარი). გუშინ 25-ის გავხდი, დღეს კი ვიწყებ წერილის წერას, რომელსაც მაშინ დავასრულებ, როცა სათაურად საგანგებოდ შერჩეული სახელი ჩემი შესატყვისი აღარ იქნება.

არ ვიცი, სპორტული აზარტი ჰქვია ამას, მობეზრება, განსაკუთრებულობის კომპლექსი, თუ გარშემომყოფთა არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობით დავიღალე და დაქალების შემბრალებლურ-ირონიული შენიშვნები ამომივიდა ყელში.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ჩემი ქალწულობა ხომ ისედაც ფიქციაა. უბიწობა, ასე ვთქვათ, წარუყვნელ სულსაც გულისხმობს. D-დისკი ეროტიკული ფილმების არქივით, გულმოდგინედ შესწავლილი გინეკოლოგიურ-ანდროლოგიური ლიტერატურა, ამაზონიდან 13 დოლარად გამოწერილი კამა სუტრა და მტაცებლური მზერა ყოველი საპირისპირო სქესის ადამიანის დანახვისას – უმანკოების ჩემეული დეფინიციიდან ისედაც შორსაა. ჰოდა, სადაც წვრილია, იქ გაწყდესო, უთქვამთ ძველებს!

გაწყვეტით კი გავწყვიტე და გადავწყვიტე კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა სხვა პრობლემაც უნდა გადამეჭრა: კერძოდ, მაინც ვინ უნდა ყოფილიყო ის, ვინც რუბიკონს პირველი გადალახავდა? სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ რაღაც გრძნობა, ელემენტარული ნდობა მაინც ხომ მჭირდება? ვეჭვობ, ვინც არ უნდა დაბრიცოს ზიზღით ტუჩები ამ ტექსტზე, საზოგადოებაში ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ფრქვევაში ვერ გამეჯიბრება და მაღალი იდეალების აქტიურ დამცველს გადაეყრება ჩემი სახით. მაგრამ აქ მაინც არაფერში მჭირდება ეს პირფერობა.

პირდაპირ ვიტყვი, ჩემი აზრით, სიყვარული რაღაც სოციალური ფენომენია, ერთ-ერთი ნორმა საზოგადოების წევრებისთვის. ისიც ძალისხმევას არ იშურებს, რომ საბავშვო ზღაპრებშივე გაუმზადოს ამ ნორმას ძლიერი ნიადაგი. სულაც არ მიმაჩნია ჯანსაღ აზრად ის, რომ რაღაც კულტურული სტერეოტიპის გამო ამ სტერეოტიპზე გაცილებით ძლიერი სურვილი ვთრგუნო! ბოლოსდაბოლოს, ავადსახსენებელი თუ კეთილადხსენებული სექსი ამ ნორმების მნერგავი საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაცაა.

ფილოსოფიაშიც კი გადავიჭერი საკუთარი არჩევანის გასამართლებლად, რამეთუ მიწა… უფრო სწორად სხეული, თავისას მოითხოვს!

* * *

კანდიდატი # 1. დაბალი, ჭკვიანი და ქვეშ-ქვეშა. ერთ დროს ერთმანეთი მოგვწონდა, ოღონდ ხელის ხელზე ცაცუნსა და ერთმანეთის ტუჩებზე დაკვირვებაზე შორს არ წავსულვართ. რატომღაც არ მოინდომა, თორემ მე გაშლილი ხელებითა და სხვა მძიმე არტილერიითაც ვიყავი აღჭურვილი, – უძილობით, ცრემლებით, გრძნობების პოეტური აღწერით, რომლებშიც სჭარბობდა: მენატრები, გელოდები, მარადის და მისთ. “აღარ მინდა” სრულად გამოხატავს იმას, რასაც ახლა ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ და საერთოდ, კანდიდატადაც წარსული დამსახურების წყალობით თუ განიხილება.

კანდიდატი # 2. აწოწილი, გამხდარი, შავი… ერთმანეთთან მსუბუქი მეგობრობა გვაკავშირებს. კი, არსებობს ასეთი მეგობრობაც. ინტერნეტმოკითხვებით, პერიოდულად რაღაც საკითხებზე მსჯელობით და დაბადების დღეების მილოცვით რომ შემოიფარგლება. ანუ ნაცნობზე მეტი და მეგობარზე ნაკლები. ეს კანდიდატიც სარეზერვოა, მგონი, მსუბუქ საყვარელს ისევ მსუბუქი მეგობარი სჯობს.

კანდიდატი # 3. ფართო მხარბეჭით, წვრილი ხმით, მაღალი თვითრწმენით… ეჰ, საბა! მგონი, საბა მართლა მიყვარდა. უცნობია რატომ, მაგრამ ასე იყო. უცნობია რატომ-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს, საბა იმ ადამიანების კატეგორიაშია, რომელთა ცუდიც ბევრად სჭარბობს კარგს. აი, ისეთია, ხალხი რომ “ნწუ, ნწუ” შორისდებულითა და თავის დანანებით ქნევით გამოხატავს განცვიფრებას: “ნეტავ რამ მოაწონა ამ ანგელოზივით გოგოს ეს ბიჭიო?!”.

საბა კანდიდატი # 3-ია, მაგრამ სასურველობის მიხედვით პირველი. არა იმიტომ, რომ მე შემომრჩა რამე და მე მინდა ძალიან, არამედ იმიტომ, რომ ეს მას უნდა ყოველთვის, ყველასთან, ყველგან და ყოველნაირად. ასე ვიტყოდი, ტაქტიკა-სტრატეგიისთვის არ მომიწევს ზრუნვა და დროს დავზოგავ. დანარჩენ ორს ისევ ეს მირჩევნია, ახლა ღრმად ჩავისუნთქავ და ნომერს ავკრეფ…

* * *

ზარს ვაყურადებ და ვიცი, უპასუხებს და ხმას შეიცვლის, სასოწარკვეთილი ცდილობს ცოტათი მაინც დაიბოხოს. ფუჰ, არადა ერთ დროს ამ ჩვევას “საყვარლობის” გამოვლინებად ვთვლიდი. აჰა, იღებს… მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ერთხელაც ჩავისუნთქე და სხაპა-სხუპით მივაყარე:
– არ გინდა, ყავაზე დაგპატიჟო დღეს საღამოს? მარტო ვარ.
“ახლა მხოლოდ იქამდე, სანამ თავისი მარად აღგზნებული გონებით ჩემი ნათქვამის სათანადო ინტერპრეტაციას მოახდენს, ყელში მოწოლილი ბურთი უნდა შევაკავო, თორემ უარს არავითარ შემთხვევაში რომ არ იტყვის, ნამდვილად ვიცი. მაინც რატომ მიყვარდა ეს კაცი?” ბინგო! რა თქმა უნდა, დამთანხმდა!

დამშვიდობებისას კიდევ უფრო შეიპარა ხმაში ხრინწი და თავს დავდებ თვალიც კი ჩამიპაჭუნა ყურმილს მიღმა. კაცებზე არ ამბობენ, თორემ ზედგამოჭრილი ბოზია.

ყურმილი დავკიდე და თავი ხელებში ჩავრგე. არადა თითქოს კარგად დავიწყე, სია გავწერე, დახვეწილად ვიცინიკოსე, მაგრამ ეს ყველაფერი ისე არარომანტიკულია, ისე ბანალურად გულისამრევი, საგანგებოდ მობილიზებული სიმტკიცეც კი მერყევა. დღეს საღამოს სექსი კი არ მექნება, მიხმარენ, გამჟიმავენ, მიმქინძავენ… ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან, მთავარია, რომ საბა მომავალში ასე გაიხსენებს ამ მოვლენას.

* * *

შვიდი დამთავრდა და 8 დაიწყო. ყავა გაცივდა. სარკესთან საცვლების შესათვალიერებლად მეექვსეჯერ მივედი, საბა კი არ ჩანს. და მხოლოდ მას მერე, რაც პულტით შემოვიხტუნე 51 არხი, წამგამოტოვებით ვარეფრეშე ფეისბუქი და დავათვალიერე სამი წლის წინანდელი მოდების ჟურნალი, კარზე ზარის ხმა გაისმა.

დერეფანს ვკვეთდი და ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო. “ყავას დავალევინებ და გავუშვებ… არა, ცოტა ხნით შემოვუშვებ ყავის გარეშე, ვითომ რაღაც მაინტერესებდა და საკითხავად დავუძახე! არა, არც შემოვუშვებ, ვეტყვი რომ ცუდად ვარ და მივუხურავ… საერთოდ რომ არ გავუღო? ვითომ სახლში არ ვარ! რა სისულელეა, შუქი რომ მინთია? რატომ არ გამოვრთე? ჩლუნგი! ჩლუნგი!”

ერთი, ორი, სამი, თვალები დავხუჭე და გავაღე. გაისმება ახლა გულისგამაწვრილებელი ჭყიპინი. არა, კიდევ არა? რა ხდება?

თვალები გავახილე და ამოვისუნთქე. კარებთან ბიჭი იდგა თაიგულით, როგორც მწვანე კედები და ფერიმჭამელები მამცნობდნენ შუბლზე, ასე 17 წლის. ყვავილები ხელიდან გამოვტაცე და ბარათი გავხსენი. გადავრჩი! საბა წერილობით მებოდიშებოდა და მპირდებოდა, ხვალ აუცილებლად მოვალო. გულზე საბოლოოდ მომეშვა და ლაწირაკს შევღიმე: – გინდა ყავა?

უზარმაზარი პირი მოერღვა და ბგერების რაღაც კომბინაცია ამოუშვა, ისევე ჩასათვლელი თანხმობად, როგორც უარად. სახელოში ხელი ჩავკიდე, ფაქტიურად შემოვათრიე, სკამზეც ძალით დავაგდე და გაცივებული ყავა მივუჩოჩე.

ვპულტაობ და ხვალამდე დარჩენილ ბედნიერ საათებზე ვფიქრობ. უცებ ტელევიზორს თვალი მოვაცილე, ვგრძნობ, რომ თვითგამორკვევის ეტაპზე შემორჩენილი უცნაურად მაკვირდება. ჩემი მეტისმეტი მონდომების ბრალი იყო ყველაფერი, წითელი, დეკოლტიანი ჟაკეტი და ულტრამოკლე კაბა აბნევდნენ.

ამას მაინც წავემაიმუნები-მეთქი და ანცობის გუნებაზე დავდექი. ვითომ პულტი გამივარდა და ასაღებად გადავიხარე, უფრო კარგად რომ შეათვალიეროს ჩემი ღირსებები. შეიშმუშნა. ახლა ტუჩებს ვიკვნეტ, სახეში ვაშტერდები და სავარძლის სახელურს ვსრეს ნელა. თვალს მარიდებს და ვხედავ, რომ გრძელი თითები უთრთის. როცა თავი უკან გადავიგდე და ფეხები გადავიჯვარედინე, ვეღარ მოითმინა, წამოფრინდა და რა გგონიათ? თავქუდმოგლეჯილი გავარდა დერეფნისკენ. კარს ეჯაჯგურება და კბილებში გინებას ცრის. კარს აგინებ თუ მე?

ტუჩის კიდეებს ძლივს მოვუყარე თავი და კართან მივედი, რომ გამეღო. ახლაღა გამისწორა თვალი შეცბუნებულმა და დაბნეულმა. “მგონი, არასდროს ყოფილა ქალთან, ვერც იქნებოდა, მეტისმეტად მორცხვია.” ვფიქრობ და გადატრიალებულ საკეტს ისევ უკან ვატრიალებ. როგორღაც ისევ გაბედა და შემომხედა. დიდი თვალები აქვს, წყალში გახსნილითაფლისფერი და მორღვეული პირი სამღერად გამზადებულს მიუგავს. სახელურს ჩაფრენილ ხელზე ხელი მოვკიდე, წინ გავუძეხი, უსიტყვოდ გავიყვანე ოთახში და თმები გავიშალე. ახლა საერთოდ აღარ მაცილებდა თვალს და ღიად დარჩენილი პირი უშრებოდა. ხელები გამოიწვდინა და თითო-თითოდ ნელა გამიხსნა ჟაკეტის ღილები, თვალები დახუჭული მქონდა და მარტო თითების შეუმჩნეველ ბიძგს ვგრძნობდი მუცელზე. მერე ქვედაბოლოც გამიხსნა და გაჩერდა.

თვალები გავახილე და შევხედე. მე აღარ მიყურებდა. არა, ისევ მე მიყურებდა, ოღონდ სახეზე აღარ. რაღაც ენითაუწერელი აღტაცებით მაკვირდებოდა მკერდზე და ისევ სამღერად გამზადებულს მიუგავდა პირი. ხელი გამოიშვირა და მარჯვენა მხარეს მკერდზე დამადო (ვიტყოდი ძუძუზე-მეთქი, მაგრამ საიმედოდ იცავდა ლიფის ჯავშანი). საწოლზე ჩამოჯდა, წელზე ხელები მომხვია და ასე დამდგარივე მიმწია თავისკენ, ისე, რომ სახით ჩემს მკერდს გაუსწორდა. მერე პირდაპირ ლიფის ბალიშებს შორის ჩარგო თავი და… უცებ ამოიხვნეშა!

აი, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდა ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… ეგ იყო რა, რაც ჩვიდმეტი წელი ტვირთი და ლოდი აგროვა, ყველა ამ ერთ წამში ჩამოყარა ჩემს მკერდში თავჩარგულმა. ერთი პატარა, სულელი ბიჭი იყო ფერიმჭამელებით, რამ მომაფიქრა ეს იდიოტობა?

მოვკიდე ქოჩორზე ხელი და თავი გადავუწიე, ამომხედა წყალში გახსნილ თაფლისფერთვალებში სხივჩამდგარმა და შემომცინა მორღვეული პირით. შუბლზე ვაკოცე და წამოვაყენე. შემოვიცვი ჩემი ჟაკეტი და ჩავკიდე ისევ ხელი, მიმყავს გასასვლელისკენ და ესეც მორჩილად მომყვება. გავაღე კარი და გავიყვანე. ახლა მე აღარ მინდა შეხედვა, მაგრამ კარის მიხურვამდე მაინც ვერ შევიკავე თავი. განა რამე? ისევ ასე თვალებში სხივჩამდგარი და სულელურად მოცინარი იდგა.

მეც გავუღიმე და კარი ჩავკეტე.

* * *

არც – თემური, არც – აჩიკო და მითუმეტეს არც – საბა!

ეს დღე (ღამე) რომ მოვა და იმ ჯერარგაცნობილ ადამიანს მკერდზე პირველად დავადებ თავს, მინდა ამოვიხვნეშო. ისე, რომ იფიქროს, ის მეტაფორები ამის მსგავს მომენტებში იქმნებოდაო ალბათ: გულიდან თითქოს ლოდი გადავარდაო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოხსნეს მხრებიდანო, გულზე მოეშვაო… იფიქროს, რომ რაც დაბადებიდან ლოდი და ტვირთი მიგროვებია, ყველა ამ ერთ წამში ჩამოვყარე მის მკერდს მიყრდნობილმა. მინდა, ეს ყველაფერი სიყვარულს ჰგავდეს, ან ბავშვობაში წაკითხულ ზღაპარს… ცოტათი მაინც.