Tag Archives: დაბადება

გა2ებული

24 სექ

Kohinor’s Blog-ი მომავალ თვეს 2 წლის ხდება, წესით და რიგით, ამ ჩანაწერსაც 9 ოქტომბერს უნდა ვაქვეყნებდე, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა, არასდროს დამიწერია შემაჯამებელი პოსტები და ასეთ შესანიშნავ ინიციატივას “2 კვირით ადრე, თუ 2 კვირით გვიან” არ უნდა აბრკოლებდეს. არქივის პოსტებს გადავხედე ბლოგის დაბადების ზუსტი თარიღის დასადგენად და მოგონებები ამომიტივტივდა, ძალიან შებოჭილი ვწერდი თავიდან, ყველა სიტყვას ვწონიდი, სურათების ატვირთვა და სიტყვების გაბოლდებაც კი არ ვიცოდი, ჩემი ძველი პოსტები მონოლითური ნაგებობია, ერთ ადგილას ვერ შეასვენებ თვალს.

ორწლიანი სტაჟის მერე, შემიძლია ვთქვა, რომ ბლოგს აქვს გარკვეული მახასიათებლები, კერძოდ: თითოეული კომენტარი და ლაიქი იმ განსაკუთრებული სოციალური ჯგუფის წევრად მაგრძნობინებს თავს, რომელსაც მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობ. ამიტომ ჩემი ბლოგი არასდროს ყოფილა დღიური. რაც უნდა პირადულობაზე ჰქონოდა პრეტენზია, ამ მესამე პირების ნაგულისხმევი არსებობა გარკვეულ ჩარჩოებს და წესებს მაინც დაუდგენდა. აქ შეიძლება ითქვას, პოლარიზებას ვუკეთებ აზრებს, რაღაცას უფრო მეტად გამოვკვეთ და უფრო ვუსვამ ხაზს, რეალურად ასე რადიკალურად არც ვაზროვნებ. ბლოგზე მთავარი მკითხველია, თუ ვყვები ამბავს უცნობი ადამიანებისთვის, არ უნდა გამომრჩეს წვრილმანი დეტალები, რაც ჩემთვის თავისთავად ცხადს, გაუგებარს გახდის სხვისთვის.

კიდევ ერთი შემზღუდავი ფაქტორი არიან ნაცნობები, რომლებიც “Kohinor”-ს კითხულობენ, მე ვერასდროს ვწერ მათზე და Publish-ის ღილაკზე დაჭერამდე, წამით მაინც მიწევს დაფიქრება, რამე ხომ არ მივქარე.

თუმცა, ამ ორ წელიწადში დაგროვილი საუკეთესო პოსტები მაშინ დავწერე, როცა “ვნებებს” გულში ვერ ვაკავებდი და დიდად არ ვფიქრობდი სხვების აზრებზე. ასე მგონია, სხვა დანარჩენებს მაინც ეტყობა შალაშინის კვალი, ესენი კი ბუნებრივად იშვნენ და არა საკეისრო კვეთით. მაგალითად, პოსტი ჩემს ძმაზე ამერიკიდან მისი ჩამოსვლის ღამეს დავწერე, პოსტი ვირტუალურ ურთიერთობებზე მაშინ, როცა ძალიან გამივირტუალურდა ყველაფერი და რაღაცის შეცვლის სურვილი გამიჩნდა. არიან კიდევ ჩემი საყვარელი პოსტები, რომლებიც ფსიქოლოგიის ზეგავლენით დაიბადნენ, ჩანაწერები პერფექციონიზმზე და წაწლობაზე და რა თქმა უნდა პოსტი, რომლითაც პირველი გამარჯვება მოვიპოვე ვირტუალურ სივრცეში (გამარჯობა, “Sweet” !)

მაგრამ ხშირად, როგორც უკვე ვთქვი, ბლოგი ზოგად ტენდენციებს უფრო აღნუსხავს თუ რაზე ვფიქრობ იმ პერიოდში, მაგრამ გაცილებით არაზუსტად გამოხატავს იმას, თუ რას ვფიქრობ. ერთი წლის წინ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ისე მეშინოდა, რომ მას არ წაეკითხა, ან საერთო ნაცნობები არ გადაწყდომოდნენ ბლოგს, რომ ყველაფერი მივალამაზ-მოვალამაზე და გადავაკეთე, რაზეც ვწერდი და საერთოდ ანონიმურობის დაცვის მიზნით მხოლოდ ემოციების აღწერა მიწევდა და არა ფაქტების. ისე არ მინდა, გამოჩნდეს, თითქოს ვმსახიობობ და ვიტყუები, უბრალოდ ჩემთვის პოსტების ლიტერატურულად გამართვა საკმაოდ მნიშვნელოვანია და შეიძლება უფრო ხშირად იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ ვწერ და არა რას. წმინდად გასტრონომიული თვალსაზრისითაც, საჭმლის გემო ცხადია, მთავარია, მაგრამ მნიშვნელოვანია გაფორმებაც.

ჰეფი ბირთდეი, კოჰინორ! :*

ვისთვის როგორ, მაგრამ 2 წლის მერე, შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადი ბლოგი დღიურზე მეტად ეროტიკულ გამოცემას მაგონებს, აქაც შიშვლდები, მაგრამ ლამაზად და თანაც ბოლომდე არა…