Tag Archives: კირკიტი

პერფექციონისტი

1 მარ

ჩემს ყოველ დანაბეჭდს იმდენჯერ ვკითხულობ, რომ ზოგჯერ ახალ პოსტამდე ძველიდან აკვიატებულად დამდევს რომელიმე ფრაზა. ჯერ დრაფტში ყოველ სიტყვაზე კირკიტისას მიწევს ხელახლა წაკითხვა, მერე პრივატულად ვაქვეყნებ, რომ ვნახო, როგორ გამოიყურება ბლოგის გვერდზე. აქაც ორ-სამჯერ გადავიკითხავ და სინონიმებით ვცვლი უგერგილო გამოთქმებს. ოო, მერე სათაურზეც უნდა ვიფიქრო; ცალკე პუნქტუაციაა ჩემი აქილევსის ქუსლი, თუმცა უკვე შევეგუე კიდეც, რომ მძიმე-წერტილები დიდად მზაკვარნი გახლავან (ერთხელ ლექტორმა რეფერატზეც კი მიმიწერა: “არსებობს ასეთი სასვენი ნიშანი – მძიმე!”).
და ასე ყოველთვის: ვფიქრობ, ვწერ, ვშლი, ვაშალაშინებ, ვეძებ, მომწონს, არ მომწონს, ვფიქრობ, ვბეჭდავ, ვშლი…

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე პერფექციონისტი ვარ! არ უარვყოფ, არის ამ განცხადებაში ჩაქსოვილი სიამაყე, მაგრამ ის, ამავე დროს, სამწუხარო დიაგნოზის ტონით არის ნათქვამი, რადგან მუდმივი თვითცენზურა და სრულყოფილებისთვის ბრძოლა ბოლოს და ბოლოს ძალიან დამღლელია. (პერფექციონიზმი – ეს არის პროგრესულად მზარდი მოთხოვნილებები საკუთარი თავისადმი, როცა შეცდომა და არასრულყოფილება უპატიებელი ხდება ნებისმიერ ასპექტში: სამუშაოზე, ქცევაში, გარეგნობაში…)

პერფექციონისტი ზედმეტად მგრძნობიარეა კრიტიკისადმი და იმას, რომ რამე გააკეთოს უბრალოდ დამაკმაყოფილებელ დონეზე, ურჩევნია ის საერთოდ არ გააკეთოს. მარტივი ლოგიკაა, რაც არ არსებობს, ვერავინ დაიწუნებს. ამ პრინციპის გამოისობით, მე არასოდეს ვცეკვავ დღესასწაულებზე, თავს ვარიდებ ბურთით გასართობ თამაშებს, არ ვთამაშობ ჯოკერს და ძალიან მთრგუნავს ინგლისურის გაკვეთილი. მე ვიცი, რომ ამ სფეროებში ვერ ვბრწყინავ და მაგალითისთვის, მირჩევნია მარტო ვიჯდე სუფრასთან, ვიდრე ავდგე და “ისე რა”, ან მითუმეტეს ცუდად(!) ვიცეკვო.

პერფექციონიზმის ფესვებიც, სხვა ყველა დარღვევის მსგავსად, თურმე ბავშვობაშია საძიებელი. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გარშემომყოფთაგან სიყვარულსა და აღიარებას მხოლოდ უზადო შედეგების მიღწევით თუ მოიპოვებს, რადგან ბავშვობაში მხოლოდ მაშინ აქებდნენ, როცა ფრიადებს იღებდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, უნაკლოდ შესრულების მტკივნეული მოთხოვნილება რაღაც სხვა უცნობი მიზეზებით ჩამომიყალიბდა, თორემ ჩემს მშობლებს ჩემი ფრიადები, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ. ჩემთვის ნებისმიერი გადახვევა იდეალურობის მკაცრად განსაზღვრული სქემებიდან ტრაგედიაა. მე პანიკაში ვვარდები: როცა ვაგვიანებ, როცა პირობას ვერ ვასრულებ, როცა დიეტას ვარღვევ, როცა ამობეჭდილ თემაში გამორჩენილ ასოს ვამჩნევ…

ვხვდები, რომ საბოლოოდ ეს პედანტური კირკიტი სხვებისთვის დამღლელი და გამაღიზიანებელი ხდება. მაგალითად ჩემმა თანამშრომელმა, მას შემდეგ, რაც რაღაც წვრილმანების გამო სადისტურად ვტანჯე, ჩუმად “ზადიანი პროდუქტიც” შემომაპარა და მხოლოდ იმის მერე, რაც თვითკმაყოფილმა მოვიწონე, მითხრა, რომ გამაცურა. სინამდვილეში დეტალები იმიტომაცაა დეტალები, რომ ისინი შედეგს ვერ ცვლიან, მაგრამ პერფექციონისტებს ეს არ (გვ)ესმით.

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ იდეალურთან შესატყვისობას მარტო საკუთარ თავს კი არ ვთხოვთ, უნებურად სხვების ნაკლოვანებებსაც ვუსაფრდებით. ასე ვაგებთ იდეალური მეგობრის, თანამშრომლის, ხელმძღვანელის, ლექტორის, იდეალური ქალის, კაცის, ბავშვის, იდეალური ცხოვრების და თვით იდეალური სიკვდილის სქემებსაც კი. ზადაღმოჩენილი ადამიანები კი ავტომატურად “ჩამოლაბორანტდებიან”.

გამოთქმა – ყველას თავისი იდეალი ჰყავს; პერფექციონისტთან მიმართებაში ორმაგ მნიშვნელობას იღებს, ჯერ ერთიც, ეს ფრაზა თითქოს რეაბილიტირებაშიც უნდა დაეხმაროს – ქვეტექსტით: “დამშვიდდი! ის, რაც შენ შენს თავში არ გაკმაყოფილებს, სხვებისთვის აბსოლუტურად მისაღებია” და მეორეც, თავად პერფექციონისტის წარმოდგენები იდეალურზე, შესაძლოა, სულაც არ შეესატყვისებოდეს ამა თუ იმ მოვლენის ეტალონზე ტრადიციულ წარმოდგენას.

უტრირება რომ მოვახდინოთ: თუ მავანისათვის მამიკოს ფულებით “მოგულავე” თეთრ რაშზე ამხედრებული, უპრინციპო და ქარაფშუტა პრინცია იდეალი, ჩემი იდეალური ცხოვრების იდეალური თანამგზავრი ვეჭვობ არასპორტული და ახლომხედველი უნდა იყოს და (ვაჰმე) სხვა ნაკლებთან ერთად, შეიძლება ჭურჭლის რეცხვაც კი იცოდეს! ოღონდ პრობლემა აქ სწორედ ისაა, რომ პრინცის მოყვარულები შავ რაშიანსაც აიტანენ, მე კი სწორედ ახლომხედველი და არასპორტული მინდა და არავინ სხვა!!!

ისწავლო – იყო არასრულყოფილი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მართლაც შესანიშნავია. მაგრამ მე აღარც მჯერა, რომ ამას შევძლებ. და ალბათ არც მინდა, თქვენ წადით საითაც მიდიოდით, მე ისევ მარჯვნივ გავუყვები, აი, იმ ქალაქისკენ :)