Tag Archives: მარტოსული

ტრაგიკული Forever alone

18 ოქტ

აქამდეც კი ვიცნობდი შორიდან, მაგრამ, ამასწინ, ფეისბუქის შავი იუმორის გვერდზე შემთხვევით მოხვედრილმა, უფრო სრულად გავისიგრძეგანე Forever alone-ს არსებობის მთელი ტრაგიზმი… ვისთვისაც ამ მომენტამდე უცნობი იყო და ჯერაც არ აეჩუყებინა გული თვალცრემლიან, გაურკვეველი სქესისა და ჯიშის არსებას, მათთვის მემე Forever-alone-ს პორტრეტი.

ცნობისათვის, ის დაახლოებით 2010 წლის აპრილ-ივნისის შუალედში დაიბადა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ინტერნეტ-მომხმარებლებს კი თავი იმითი დაამახსოვრა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოხვედრილი საბოლოოდ მუდამ მარტოსული რჩება.

ირონია იქით იყოს, მაგრამ ამ პერსონაჟის პრობლემები იმიტომაც არის ასე «გულშიჩამწვდომი», რომ მისი ისტორიები ადამიანებისთვის ნაცნობია. (მე, პირადად, ამ ქვედაზე შემიძლია ხელი მოვაწერო )

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანის ერთ-ერთი მძლავრი მოთხოვნილება, ეს არის: ჰქონდეს ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობები სხვებთან.

Forever alone-ს მდგომარეობაში მყოფი ტიპი კი რისკის ქვეშ არის. ის გვალვაში მოხვედრილი მცენარეს ჰგავს, ისეა წყალს დახარბებული, დაბრმავებული ბენზინსაც სიხარულით შეისრუტავს.

შედარებისთვის, ცხოველები დაბადების პირველ საათებსა და დღეებში აქტიურად ეძებენ «დედის ხატს». ისინი იმახსოვრებენ ახლოს მყოფ საგნებს და შეიძლება ნებისმიერ მოძრავ არსებაზე, ადამიანის ჩათვლით გადაიტანონ თავიანთი ინსტინქტური რეაქციები — ეს ფენომენი იმპრინტინგის სახელითაა ცნობილი. პატარა ასაკი და ჩამოუყალიბებელი გონება ადამიანის შემთხვევაშიც ყველაზე ადვილად ემორჩილება ზეგავლენას. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს იმპრინტინგის  მსხვერპლი მოზრდილი ადამიანიც შეიძლება გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ვერავის ხედავს ისეთს, ვისი მხარდაჭერის იმედიც ექნებოდა, ნერვული სტრესი აქვს და თავს არაეფექტურად მიიჩნევს.

ესეც ძალიან ტრაგიკულია :(

 ანუ, Forever alone ისეთი მიტოვებული შეყვარებულის როლშია, რომელიც ტკივილის გასაქარვებლად და სიცარიელის შესავსებად პირველივე მოძრავ ობიექტს აეკიდება. ამ ობიექტის თვისებებსაც დამახინჯებულად აღიქვამს და საერთოდ მისი შთაბეჭდილებები არავითარ ლოგიკას არ იქნება დაფუძნებული.

ზოგადად, ადამიანები უფრო გულწრფელები მაშინ ხდებიან, როცა უგუნებობა აწუხებთ. მარტოსული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი უბედურება კი ისიცაა, რომ ვერავისთან ახერხებენ სულის გამოთავისუფლებას. ადამიანი გულახდილობას ავლენს იმასთან, ვისაც იყვარებს (თუნდაც არაჯანსაღი იმპრინტინგის წყალობით) და გულწრფელობის გამოვლენის შემდეგ მეტად უყვარდება ის.

მაგრამ Forever alone-ს პრობლემა კიდევ უფრო გართულდება, თუ გადაწყვეტს, რომ იმაზე მეტს გასცემს (თუნდაც ეს მხოლოდ გულღიაობის ხარისხი იყოს), ვიდრე იღებს. — ეს იმ უსამართლობის განცდას გამოიწვევს, რომელიც საბოლოო ჯამში დისკომფორტისა და ურთიერთობით უკმაყოფილების წყარო გახდება.

ასე რომ, ისიც საკითხავია, ჯობია სამარადჟამო მარტოსულობით იტანჯო, თუ ილუზიებით მოიტყუო თავი…

P.S. პოსტი განგებ არ მოვათავსე ფსიქეს კატეგორიაში, ამისთვის ზედმეტად სუბიექტურია და ის ერთ, კონკრეტული ადამიანს ეძღვნება :)

ფსიქოდრამა – გარიყული

23 ივნ

ეს პოსტი შეიძლება არც დაწერილიყო, რომ არა გუშინდელი ფსიქოდრამა. როდისმე ალბათ დავწერდი, მაგრამ ახლა არა.

თქვენ გიგრძვნიათ ოდესმე, რას ნიშნავს 14 წლის ასაკში იჯდე პირველ მერხზე, შენს გვერდით დაჯდომის სურვილი კი არავის ჰქონდეს?
ასეთი კეთროვანი მე ვიყავი მე-8, მე-9 კლასებში. ჩემთან, ამ სახელგანთქმულ ”ჭკუის კოლოფსა” და მასწავლებლების რჩეულ ხუთოსანთან დაჯდომა არავის უნდოდა. ის კი არა, სიცელქისთვის ბავშვებს წინ გადმოსაჯდომად რომ იხმობდა მასწავლებელი, საშინელი შფოთვა მიპყრობდა, ის საბედისწერო სიტყვები არ გამეგონა: აუ, აქ (ანუ ჩემ გვერდით) არ დავჯდები და სხგაგან სადმე რაო.

დღემდე არ ვიცი, როდის დავუშვი ის შეცდომა, რომლის შემდეგაც ასე გარიყულად ვგრძნობდი თავს. რასაც ჰქვია საკრალური ბავშვური ღალატები, რომლებსაც არასდროს პატიობენ, აქ არ შემიცოდავს: შატალოებზეც დავდიოდი, საკონტროლოებსაც ვაწერინებდი (ამ დროს კი მისხდებოდნენ გვერდით, იცოცხლე!), დახმარებაზეც არ მითქვამს უარი… მაგრამ მოზარდობის ასაკში, როცა თანატოლებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მე ყოველთვის მარტო ვიყავი.

ვნატრობდი ხოლმე, ფიზკულტურის გაკვეთილი მალე დამთავრებულიყო: ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ ამ დროს, გოგოები წყვილ-წყვილად, სამეულებად და ოთხეულებად გადაადგილდებოდნენ, მე კი ერთი დავბორიალობდი სკოლის 4 სართულიან შენობაში და უარყოფილის როლი მტანჯავდა.

მარტო უარყოფას კი არა, აგრესიასაც ვგრძნობდი. კლასის გოგოების უპირობო რჩეულს, სოსოს არ ”ვევასებოდი” რატომღაც, ერთხელ დაფაზე რაღაცას ვჯღაბნიდი, როცა უკნიდან გავიგონე, ყოველგვარი მორიდების გარეშე, მის მიერ ომახიანად ნათქვამი: ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო? (ცოტა ხანი აიტაცეს კიდეც ეს მეტსახელი სხვებმაც)

ახლა როცა ვიხსენებ, ვცდილობ ხოლმე ჩემი ასე მოძულების ობიექტური მიზეზები მოვძებნო, იქნებ ზედმეტად მაქებდნენ მასწავლებლები, იქნებ ეს წყეული ხუთოსნობა იყო ყველაფრის მიზეზი?

ბოლოს წარმატებული მოწაფის სტატუსი ისე მაღიზიანებდა, გულში გადაწყვეტილი მქონდა, უნივერსიტეტში სულ სამებზე მესწავლა.

ფაქტობრივად მე-9 კლასის მერე იმიტომ გადავედი სამხატვრო სასწავლებელში (ნიკოლაძე), რომ ის საძულველი კლასი არასოდეს მენახა.
ბოლო ზარზე მაინც მივედი, მაგრამ ბანკეტზე მოწვევას ოსტატურად ავარიდე თავი, ტყუილი ვთქვი,-ვითომ სოფელში მივდიოდი და ვერაფრით დავესწრებოდი.

არა, განა ყველა მერჩოდა, მაგრამ წყენა ზედმეტად ბევრი დამიგროვდა ერთეულებისკენ მისამართად, ამიტომაც, განურჩევლად, მთელი კლასი ერთ, დიდ, მწარე მოგონებად გავაერთიანე. არცერთთან არ მაქვს და არც მინდა მქონდეს ურთიერთობა. ერთი ფეისბუქზე ”დამიფრიენდდა” ამასწინ, სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ ინტერესი მკლავს ვკითხო: საერთოდ რატომ დამიმატა?

გუშინ ფსიქოდრამაზე მოვყევი ეს ამბები, თან პარალელურ რეჟიმში გულიანად ვღრიალებდი და შემომთავაზეს გამეთამაშებინა რომელიმე სიტუაცია: ავარჩიეთ სოსო და თბილი მეტსახელით მონათვლის ისტორია (მაშინ ვერაფერი ვუთხარი და ხელახლა უნდა განმეცადა ყველაფერი).

… მე ისევ დაფაზე ვჯღაბნიდი რაღაცას, როცა უკნიდან ის საშინელი სიტყვები გავიგონე: ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო?
ცარცი მივაგდე, სოსოს როლის შემსრულებელს მივუახლოვდი და მთელი ძალით გავარტყი სახეში.

იცით, მომეშვა ბევრად.

არა მგონია, იმ თინეიჯერული პრობლემების წინაშე კიდევ დავდგე, თანატოლებს შორის იმიჯის დამკვიდრება ჩემს ასაკში ნაკლებ მნიშვნელოვანია, სხვა საზრუნავიც ბევრი მაქვს. შეიძლება ბევრად არც შევცვლილვარ და წარსულში დაბრუნებული ისევ ჩაგრულის როლში აღმოვჩნდე, მაგრამ ის ვინც ახლა ვარ, საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ მოზრდილის პრობლემებს გაუმკლავდეს.

ჰო, მაშინ ვერ შევძელი, მაგრამ გუშინ, შვიდი წლის მერე, ხომ მაინც გავარტყი სოსოს! :)