ასეთ ხასიათზე რომ არ ვიყო, როგორზეც ვარ, უფრო კეთილშობილურსა და ანგელოსურ პოსტს დავწერდი, ვარდისფერ-მოფარფატე საპნის ბუშტებითა და მელანქოლიური მუსიკით, რომლის ბოლო ნოტები მაინც დამაიდებლად ჟღერს! ახლა, თემის სათაურის მიუხედავად, მცირე აგრესიას მიმოვაფრქვევ და გაუძელით.
რა მიყვარს?
1. ძალიან მიყვარს ჩემს ძმასთან ლაპარაკი, იმ ადამიანების კატეგორიას ლიდერობს, რომლებთანაც საუბარი სიამოვნებას მანიჭებს. ვიცი, რომ რომელ წიგნზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი, მას ის წაკითხული აქვს და აუცილებლად ამყვება, მერე ჩამოვუვლით და ერთმანეთს ვახსენებთ საკვანძო მომენტებს. მსიამოვნებს, რომ ერთნაირად გვიყვარს ანიმაციები და მათი გარჩევა (ანიმეებამდე ჯერ ვერ ავმაღლდით :P ), კიდევ _ ფსიქოლოგიაზე ბაასი და ნაცნობების ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენა, ერიკსონ-ფროიდული ანალიზები; ვის როგორი ბავშვობა ჰქონდა და ვინ ტირის ღამე ბალიშში თავჩარგული…
ჩემი ძმა მეუბნება, რომ რადგან პირადი ცხოვრება რაღაც ვერ მეწყობა, თავი მეცნიერებასა და ხელოვნებას უნდა მივუძღვნა, როგორც ყველა არასაკმარისად ლამაზმა გოგომ :P ზოგჯერ ნერვებს მიშლის, მაგრამ მაინც მიყვარს მისი ირონიულ-დამანგრეველი შენიშვნები (დათ, გამაგრდი და ემოციებისგან არ ატირდე!).
2. მიყვარს როცა დაწყებულ საქმეს ძირისძირობამდე უკანასკნელ მძიმე-წერტილამდე სრულყოფილად ვამთავრებ და ვერ ვიტან კომპრომისებს ამ დროს. ყველა პროექტი, პრეზენტაცია, ნახატი, სადაც პატარა კრახი მაინც მქონდა, გულში ხინჯად მაქვს ჩარჩენილი. ხუთოსნის კომპლექსი ჰქვია ამას, როცა რაიმეს წარვადგენ, ჩემი გამოსვლა ტაშის გრიალით თუ არ დამთავრდა და ლამის ავტოგრაფის ჩამოსართმევად არ მომვარდა ხალხი, ეს ჩემთვის დიდ ჩავარდნად აღიქმება.
3.მიყვარს სიყვარული, საკუთარი თავი შეყვარებულის ამპლუაში, სიყვარულზე ლაპარაკი (ჩემი თეგების ღრუბლისკენ გაიხედეთ ერთი :P), ჩემს შეგრძნებებზე დაკვირვება ამ დროს, ტონობით ცრემლიანი წერილების წერა, ვაი-ვიში, რომანტიკა, მელოდრამებზე ბღავილი, ოღონდ ცოტა “დონე” მელოდრამებზე (A walk to remember და The notebook-ი ძალიან “მესოპლისახარება” ანუ “მეცინგლშაქრება”).
4. მიყვარს სასიამოვნოდ დაღლა ხატვით და წერით. საკუთარი თავის გამოწურულ ლიმონად შეგრძნებაც კი მიყვარს, თუ ვგრძნობ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავედი, რომ რაღაც გამომდის, რომ ვვითარდები და ვიზრდები. (ზოდიაქოში მიწერია, რომ “ტრუდაგოლიკი” უნდა ვიყო წესით, ჯერ ვერ “ვქაჩავ”, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქამდეც მივაღწევ :P)
5.მეხუთე პუნქტად უამრავი რამ გამახსენდა, რაც მიყვარს, რომ არ მიწყინონ და პერსპექტივაშიც არ დავკარგო, ერთად გავაერთიანებ, ერთ წინადადებაში: მიყვარს ცალ ხელში ყავის ჭიქით, მეორეში ფანქრით, ხატვა-ხატვის დროს, ფუმფულა-ნაკეცება ბავშვებით გარშემორტყმულს, ინტელექტუალურ-ოჯახური საუბრები ზღვის სანაპიროზე.
ბოლო კომენტარები