Tag Archives: ოცნება

ოცნება (არ) ხდება

8 ოქტ

I)

ამას წინ ფილმს ვუყურე, სპორტულს, ფეხბურთზე(!!!), სამი ძახილის ნიშანი კი ამ მოვლენის განსაკუთრებულობის ხაზგასასმელადაა, იმიტომ, რომ ვერც სპორტული თემატიკის ფილმებს ვიტან და ვერც ფეხბურთს. ფილმი ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ მექსიკელ ბიჭზე იყო, რომელსაც იმდენად უყვარდა ფეხბურთი, რომ საზღვარზე გადაპარვის დროსაც კი თან ბურთი მიჰქონდა და როცა შემთხვევით გაუვარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკან პოლიცია მისდევდა, კინაღამ მაინც დაედევნა. მერე ეს პატარა ბიჭი გაიზარდა, გახდა უბნის მასშტაბის ფეხბურთელი ლოს-ანჯელესში, იქ ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ნახა, წაიყვანა ინგლისში (ამას ბიჭის მამა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გაიპარება), შეახვედრა ფეხბურთის მეტრებს, ჯერ სათადარიგოებში ათამაშეს, მერე ძირითადში, მერე პატარ-პატარა სირთულეები… და ფილმის ბოლოს, რასაკვირველია, გადამწყვეტი გოლი…

ანუ შაბლონური სიუჟეტი, მაგრამ მთავარი მაინც, ის, იქნებ გადაღეჭილი თემაცაა, რომ საკუთარი ოცნებებისთვის უნდა იბრძოლო და როგორც ერთი “პაპსავიკი” მწერალი იტყოდა: “თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეითქმევა რათა შენს საწადელს მიაღწიო”. მაგრამ ასე “პაპსავიკი” მწერლები ამბობენ, რეალურად კი… ჩემი 17 წლის დეიდაშვილი წალენჯიხაში ცხოვრობს და მაშინაც კი, როცა მხოლოდ 2 დღით ჩამოდის თბილისში თან მუჭისტოლა ბურთი მოაქვს. ის ფეხბურთელობაზე ოცნებობს და გულდაწყვეტილი მეუბნება, რომ მშობლებს ამაზე ვერაფერს ეუბნება. როგორ უნდა ელაპარაკოს ფეხბურთზე ადამიანებს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რამდენი კაცი დარბის სტადიონზე მატჩის დროს. მერე მიგზავნის ფაილებს, რომლებშიც მე მისი უცნობი, პუტკუნა შეყვარებულის შეპირებული სურათის ნახვას ველი და რომლებზეც ბურთის გამოსახულება მხვდება :) ჩემი 17 წლის დეიდაშვილი ფეხბურთელობაზე ოცნებობს და მომავალ წელს ეკონომიურზე მსწავლელთა და მშობლების არჩეული გზით მავალთა მრავალათასიან არმიას შეუერთდება, იმიტომ, რომ სინამდვილეში ოცნებები არ ხდება!

I I)

არსებობს ასეთი ტერმინი: სენსიტიური პერიოდი, ანუ მეტად მგრძნობიარე პერიოდი ადამიანის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა რაიმე სახის გავლენა ყველაზე უფრო თვალსაჩინო სახით ვლინდება. სენსიტიური პერიოდია ბავშვისთვის მაგალითად ორსულობის პირველი 2 თვე, რომლის განმავლობაშიც დედის არასრულფასოვანი კვება მუცლის მოშლას იწვევს, წითელათი დაავადება – ახალშობილის სიბრმავეს, მოწევით მეტისმეტი გატაცება – ბავშვის ქცევით პრობლემებს და დაბალ ინტელექტს, არადა მგრძნობიარე პერიოდის გავლის შემდეგ, იმავე სახის ზემოქმედება, შეიძლება ასეთი შედეგებით არც დამთავრებულიყო.

მაგრამ არამარტო ადამიანის, გრძნობების განვითარებასაც აქვს სენსიტიური პერიოდი. ამ პერიოდში დაკლებული საკვები და ყურადღება, არასწორი ზემოქმედების ყველა ფორმა კი უდღეურ სიყვარულს აჩენს, შეუქცევადი ავადმყოფობებით დაჭმულს. ჩემსასაც ჩასახვიდან ვიდრე დღემდე სულ რაღაც აკლდა, სულ შიოდა, ჰოდა, დღეს ღრმა მწუხარებით ვიუწყები, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეღაა დამოკიდებული.

მახსოვს, ერთი “პაპსავიკი” მწერალი ირწმუნებოდა: “თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეითქმევა რათა შენს საწადელს მიაღწიოო”.

არადა, სინამდვილეში, ოცნებები არ ხდება! :P

კედელი გაზეთებში

26 მაისი

წუხელ დაწყებული პოსტი კვლავ დრაფტში განისვენებს, არ მაქვს ბავშვობის მოგონების ნერვები. იმაზე დავწერ, რაზეც დიდი ხანი არ არის რაც ვოცნებობ, – ცალკე ცხოვრებაზე.

განმარტოება მჭირდება და მინდა ეს რამდენიმე ხანია, აბსოლუტურად იზოლირებულად ყოფნა და ბევრი ფიქრი, თავისი აწონვებითა და დაწონვებით, ანალიზით და სულში ქექვით. არ მინდა და არ შემიძლია ვინმეს თანავუგრძნო, ვინმეს პრობლემები გავიზიარო, არავის თავი არ მაქვს, ოჯახთან ცხოვრების დროს კი, ეს გარდაუვალია. მინდა ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტო, საათობით ვიწვე ემბრიონის პოზაში საწოლზე და ოსბორნის “Dreamer”-ს ვუსმინო.

ყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ დავიქირავებდი სადმე პაწია ბინას, მოუწყობელს, – საზიზღარი, მწვანე შპალერით. ერთ დღეს ნერვებს ამიშლიდა ეს შპალერი და გაზეთებს ავაკრავდი ჭერამდე, ოღონდ გაზეთის აპოლიტიკურ გვერდებს, ჩემს კედლებზე არც მიშას ესაქმება არაფერი, არც ირაკლის, არც ზვიადს და კიდევ ვინა ხართ მანდ? არც თქვენ!

პარკეტი იქნებოდა ძველი ლაქის ალაგ-ალაგ შერჩენილი ფენებით, მექნებოდა ერთი დიდი მაგიდა დასახატად და საწერად, ჭრიალა, ზამბარებიანი, ძველი საწოლი და შავ-თეთრი ტელევიზორი. სახლში დაბრუნებულს ყოველთვის დამეზარებოდა საჭმლის გაკეთება და ყავის ჭიქითა და ხრაშუნა, მარილიანი ჩხირებით დამაღამდებოდა ეკრანთან. კომპიუტერს ვერ ვუპოვე ადგილი ჩემს ბინაში, იზოლაციაშიც შემიშლის ხელს და ფიქრშიც.


არც ემო გუნებაზე ვწერ ამ ყველაფერს და არც დეპრესია მაქვს, უბრალოდ სიმარტოვე და დამოუკიდებლობა მჭირდება. მეგობრებს ავიტან გაზეთებიან ბინაში, ოღონდ მაქსიმუმ ერთი ღამით, მერე ყველას გავყრი :)

ონკანი გამიფუჭდება ალბათ ხშირად, მაგრამ რამეს მოვუხერხებ (თუ არადა იჩხრიალოს, ერთი მაგისიც). ჩემს პაწია სამზარეულოში, რაფაზე ჩამოვჯდები ხოლმე ცხელი ყავით სავსე ჭიქით და გამვლელებს დავათვალიერებ. არც წიგნების ნერვები არ მაქვს, ჰა და ჰა იქნებ “მისტერიები” წავიყოლო თან.


ვეძებ გაზეთებაკრულ, აქერცლილლაქიან, გაფუჭებულონკანიან, ერთოთახიან ბინას, ძველი, ზამბარებმოშლილი საწოლით.

მარტოობა მინდა.

Barbie

12 მაისი

ვისაც ბავშვობის აუსრულებელი ოცნება ჰქონია (ანუ ალბათ ყველა), კარგად მიხვდება ჩემს გულისტკივილს, რომელსაც Barbie ჰქვია. რაც გავიგე, რომ არსებობდა ასეთი თოჯინა, მასზე ოცნება დავიწყე. ოღონდ ”პადძელკა” ანალოგებს არ ვგულისხმობ, მე ის ერთადერთი და განუმეორებელი მინდოდა – ეგრედ წოდებული ”ნამდვილი ბარბი”. კი, ”პადძელკები” მქონდა, თინას წითელ ”ბუტკაში” ნაყიდი ორლარიანი, ბარბის მსუქანსახიანი პროფანაციები, მაგრამ ჩემი გული მუდამ იდეალურისკენ მიილტვოდა.

საერთოდაც საკმაოდ გვიან გამოვემშვიდობე ბავშვობას, არ ვამხელდი, თორემ 15 წლამდე ვთამაშობდი თოჯინებით. თან მარტო კი არ ვთამაშობდი, მთელი კონსტრუქცია მქონდა მოწყობილი, ორსართულიანი, კომოდის უჯრებში ჩამონტაჟებულიი ბარბის სახლი: ავეჯით, სავარძლის რბილი ბალიშებით, კარადით, ტანსაცმლით, რომელსაც თავად ვკერავდი: აქ იყო შუბა, ჟაკეტები, ჯინსისა და კლასიკური შარვლები, უამრავი სარაფანა… მოკლედ ყველაფერი მქონდა მის გარდა, ჰოდა, უკეთესი მომავლის იმედით, ჩემი დისთვის ნაჩუქარი, ინდიელი ვაიბარბით ვუმკლავდებოდი დიდ ტკივილს.

ახლაც მახსოვს მისი ფასი, მე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცოდი, რომ ზღაპრულ მხარეში – ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა ის შესანიშნავი მაღაზია, სადაც 40 ლარად შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ასრულება. ყველას ვაბარებდი შეევლოთ და მოეთხროთ, ზუსტად რა ხდებოდა იმ იდუმალ ადგილას და მერე ეს ლეგენდარული გადმოცემები ფრთებს მასხამდა.


ეს ბარბომანია უკვე თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, უფრო სწორად სრულდებოდა იმედი, რომ როდესმე ვიხილავდი; 40 ლარი მაშინ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს. და ამ პერიოდში ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა, უკვე ყველასთვის ყურები მქონდა გამოჭედილი და უნდა ვაღიარო, რაღაც სასწაულს ნამდვილად ველოდი, დილას ახალგაღვიძებულს, ლოგინში რომ მომართვეს შეფუთული ყუთი.

ნუთუ ეს ის იყო, ჩემი ამდენი ხნის ოცნება? თავიდან ყუთის ზომამ დამაეჭვა, ამხელა ყუთში აშხვართული ბარბი ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ იმედის უკანასკნელ ძაფს ჩავებღაუჭე: იქნებ ზის-მეთქი! ჰოდა, გულისკანკალით გავხსენი… კი, ტყუილს ვერ ვიტყვი, იდო იქ ბარბი, ოღონდ დახატული – ლურჯი რვეულის ყდაზე და კიდევ რბილი, სათამაშო დათუნია, შვილითურთ.

მერე სულ ვგეგმავდი, რომ ჩემს მომავალ შვილს ავუსრულებდი ამ ოცნებას, როგორც კი თოჯინის ცნობას ისწავლიდა, ანუ დაახლოებით 3 წლის ასაკში, ვუყიდდი უამრავ ბარბის, რომ ვერასდროს ეგრძნო ის, რაც მე დამაკლდა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, ასე მირთმეულს ვერასდროს დააფასებდა, იმ მოლოდინის გარეშე, არ ერთი ბარბი არ იქნებოდა ისე ძვირფასი.

ვიხსენებდი ახლა 8-10 წლის წინანდელ ამბებს, პოსტისთვის კი გუგლში ვეძებდი მის სურათებს და აღმოვაჩინე, რომ ამ სურათებზე ნერწყვს ვყლაპავ, ახლაც კი გული მწყდება რაღაცნაირად, რომ არასდროს მქონია :)