Tag Archives: რეჟისორი

ჩართვა “ნეტოთახიდან”

10 მაისი

ისინი ბევრნი არიან, ჩემს გარშემო სხედან, მონიტორს თვალს არ აცილებენ და მკაცრი სახით კრეფენ ტექსტებს… მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არადა, დარწმუნებული ვარ, ეზოში მუხლებდაკაწრულები რომ დარბოდნენ, მაშინ ყველას მსახიობობა უნდოდა. აი, იმ მაგარ კინოებში ლამაზი ბიჭების კოცნა და თვალების დახუჭვა ამ დროს. მერე ალბათ გადაიფიქრეს და სრულიად უმტკივნეულოდ შეელივნენ ოცნებას. აი, მე კი…

მეექვსე კლასში ჩემში დაფარული არტისტული ნატურის გამოვლენის შანსი მომეცა. უფრო სწორად, მე ჩავთვალე, რომ ტელევიზორში გასული რეკლამა; 4-დან 12 წლამდე ბავშვებს რომ იწვევდა სატელევიზიო ფილმში გადასაღებად, რაღაც ზებუნებრივი ნიშანი იყო, პირველი ნაბიჯი ოსკარისკენ მიმავალ გზაზე. მე ხომ უკვე უამრავი ზღაპრული ისტორია წამეკითხა სინჯებზე შემთხვევით მოხვედრილ გოგონებსა და ბიჭუნებზე, რეჟისორი რომ შეამჩნევდა და ყვირილით შესძრავდა სტუდიას: ევრიკა, აი, ისიც!

ეჰ, რა სათუთი და მეოცნებე ვიყავი…

ტელევიზორში მითითებულ მისამართზე მე და ჩემი და ერთად წავედით, მანამდე კი ვაგზლის ბაზრობაზე კაბა ვიყიდე, უჯრულა, ჯინსისგულმკერდიანი (კაბას, სავარაუდოდ, ჩემი მსახიობური გარეგნობისთვის უნდა გაესვა ხაზი, თუ რა იყო, არ ვიცი). სტუდიაში კაცი დაგვხვდა, ოღონდ ფანტაზიებში წარმოდგენილ რეჟისორს ოდნავადაც არ ჰგავდა. ძალიან უსიმპატიო იყო, ბოროტ ძიებს რომ ასახიერებენ ფილმებში იმდაგვარი, შემაძრწუნებელი ღიმილით. ამ კაცმა ერთი კვირის მერე ჟიურისთან გასაუბრებაზე დაგვიბარა. თან გამაფრთხილა, რომ მათ წინაშე უნდა მეცეკვა,მემღერა და ლექსი წამეკითხა.

გავიდა ის კვირაც როგორც იქნა. გასაუბრებაზე მშობლებთან ერთად მივედი და ცოტა არ იყოს შევცბი, მე ვიყავი ყველაზე უფროსი და ამდენ ხითხითა, კივილა, მხტომელა ბავშვებში ჟირაფივით ამოწვერილი და უდაბნოს ყვავილივით სევდიანი. შეიყვანეს პირველი ოთხეული, მერე მეორე, მერე მესამე… ვზივარ მოსაცდელ ოთახში და გული ყელში მებჯინება, ამ ერთ კვირაში ნასწავლ ლექსს ვიმეორებ და შიშით ველი გამოძახებას. და ეს დროც დადგა.

შევედი 5–6 წლის ბავშვებთან ერთად, ჯერ ერთი გავიდა ჟიურის წინ, მეორემაც წარმოადგინა თავი და მეც ავდექი. სახელი და გვარი ჩაიწერეს და იმღერეო. დარწმუნებული არ ვარ, ვიცოდი თუ არა მაშინ, რა არის სმენა და, საერთოდ, რომ ის საჭიროა სიმღერის დროს. მაგრამ ჟიურიმ “სულიკოს” დაწყებისთანავე მიმახვედრა, რომ ჯობდა ამის შესახებ მცოდნოდა… ახლა ქართული იცეკვეო, ეს როგორღაც გავახერხე და მერე ლექსის სათქმელადაც მოვიღერე ყელი. ლადო ასათიანს რომ გაეგო, რა დღეში ჩამაგდებდა მისი ლექსი, ალბათ არას დიდებით არ დაწერდა “საქართველოშის”. მეორე სტროფს ვამთავრებდი, როცა გონებამ საფრთხის სიგნალი მომცა, მესამე სტროფი ტვინის რომელიღაც ლაბირინთში ჩაკარგულიყო და არაფრით არ მოინდომა იქიდან ამოსვლა. გავჩერდი და სასოწარკვეთილი მივაშტერდი დამსწრეებს. ერთ–ერთმა ქალმა (დაილოცოს მისი გვარი) “ყველაფერი არ დაკარგულას” დასანახვებლად დამიძახა და უკანასკნელი დავალება მომცა, ტაშს შემოვკრავ რიტმულად და გაიმეორეო. აი, ეს კი შევძელი ზედმიწევნით კარგად! (მერე რა, რომ მეორე ცდაზე)

სტუდიიდან განადგურებული გამოვედი, ათი დღის თავზე, მეორე ტურში გადასულთა სიის სანახავადაც მხოლოდ იმიტომ გავუშვი მამა, რომ მეუბნებოდნენ, ისეთი გაოცებული და დაბნეული სახე გქონდა, შეიძლება ასეთი გმირი სჭირდებოდათ და დაგიძახონო . რა თქმა უნდა, სიაში არ ვეწერე.

* * *

უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ინტერნეტ-ოთახში კი ისინი სხედან: მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არც იციან, რომ შუა რიგის მესამე მერხთან ჩამქრალი ვარსკვლავი ზის, არშემდგარი “არტისტკა”!

ფსიქოდრამა – ღალატი

1 ივნ

დღეს მეორედ ვიყავი ფსიქოდრამის მონაწილე. სამსახურში რომ დიდი გაუგებრობა და ბურუსით მოცული მომავალი მაქვს, უკვე მითქვამს (ირიბად მაინც). პირად ცხოვრებაშიც გულგატეხილი შეყვარებულის როლში (ფსიქოდრამის მერე ამეკვიატა ეს სიტყვა) ვარ დარჩენილი. ასე რომ, მჭირდებოდა ზუსტად ეს: ახალი ხალხი, ახალი გარემო და ფსიქოლოგია!

ფსიქოდრამის წმინდა მეცნიერული განსაზღვრება ესაა:
ფსიქოდრამა ფსიქოთერაპიის მორენოსეული (იაკობ ლევი მორენო 1892-1974) ჯგუფური მუშაობის მეთოდია, დაკავშირებული „სპონტანურ თეატრთან“. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევა, საკუთარი თავი განსხვავებულ როლებში განიცადო, როლებს იმჟამად აქტუალური სიტუაციიდან (ან თავად შენთვის, ან ზოგადსაკაცობრიობოდ აქტუალური) გამომდინარე ირგებ. ფსიქოდრამის მიზანია საკუთარი ცხოვრებისეული რეალობის გაცნობიერება. ის ხელს უწყობს პიროვნებას, გვერდიდან დაინახოს საკუთარი მდგომარეობა გათამაშების და როლური გაცვლის მეშვეობით. ფსიქოდრამული გათამაშების დროს ადამიანი ერთდროულად არის საკუთარი დრამის მთავარი გმირი და მისი შემქმნელი (რეჟისორი).

სიტუაცია არის ასეთი: მონაწილეები ვსხდებით წრეზე, ვეცნობით ერთმანეთს, ვამბობთ საკუთარ თითო დადებით თვისებას, ვამატებთ რაიმე ჟესტს და ფსიქოდრამა გახსნილად ცხადდება:

პირველი შეხვედრა მოთელვითი ხასიათის იყო, დღეს კი როლებიც მოვირგეთ. ყველასათვის აქტუალური პრობლემა უნდა შეგვერჩია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვესაუბრა მასზე და შემდეგ ამ პრობლემის ამსახველი პატარა სცენა დაგვედგა. შევარჩიეთ ჩემ მიერ შეთავაზებული თემა: ღალატი (ეს ყველაფერი კონფიდენციალურობის ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომაც მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც მე მეხება).

ზოგადი საუბარი ამ საკითხზე ყველას გვთხოვეს: პირადად მე, ჩემთვის აქტუალურ ორ თემაზე ვისაუბრე: პირველი, ეს იყო _ ცოლ-ქმრული ღალატი, მაშინ როცა ცოლი ღმერთქალიდან უკვე მოკვდავ ადამიანთა რიგებშია ჩამოქვეითებული, ქმარს კი ახალი თავგადასავლები და ახალი ღმერთქალი სჭირდება (ეს უშუალოდ მე არ მეხებოდა, მაგრამ მაინც…) და მეორე: როცა ”წამგლეჯის” როლში სხვა კი არა, თავად შენ აღმოჩნდები და მხოლოდ იმიტომ რომ მშიშარა ხარ (ანუ რაღაც მორალური კანონები კი არ გაბრკოლებს ისე ძლიერ, როგორც შიში) და პრობლემებს გაურბიხარ, თავს ანებებ სარისკო თამაშს (ეს უკვე ჩემი თავიდან გამომდინარე).

არ ვიცი, რატომ ვილაპარაკე ამაზე იქ და ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ აქ, მაგრამ ეს ისაა რაც მაწუხებს და ალბათ გამართლებას ველოდი მაშინაც და ახლაც. ასეთი საქციელის დიდი სიყვარულით, ან თუნდაც უარყოფით კონტექსტში, სხვა რაიმე სახელით მონათვლას. როცა ყველაფერი უკანასკნელ წვრილმანებამდე გარკვეულია, სრული სიმშვიდე მომიცავს ხოლმე, ეს გამომძიებლური სული კი, საკუთარ თავში ქექვისას მიაქტიურდება განსაკუთრებით.

როცა უკვე სცენაც დავდგით, ანუ გავანაწილეთ შეყვარებულებისა და კიდევ საბედისწერო მესამის (ქალი) როლი, ამ ყველაფრის განხილვაზე მიდგა საქმე და მე ”მესამეს” რასაც ჰქვია გადავუარე. პრინციპში ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი: რომ ის უბრალოდ უსინდისოა, ასეთი ადამიანი კი წაგებული არასდროს არ რჩება. რაც შეეხება მოტყუებულ შეყვარებულს, ის საბრალოა, ღალატის დროსაც შესაბრალისია და თუ ამ ღალატს მიტოვება მოჰყვა, მაშინაც საწყალი იქნება. ბიჭმა თვითონ არ იცის, რა უნდა. მაგრამ ბოლოს მაინც ყველა დავინდე (ჩემში ფილანტროპმა გაიღვიძა!), დამნაშავის ძიების არეალი გავაფართოვე და დავასკვენი რომ: ბიჭი დამნაშავეა იმიტომ, რომ იმ ”მესამეს” თვალებს უჟუჟუნებდა და ”დიდი სიყვარულის” იმედი ჩაუსახა, შეყვარებული გოგო იმიტომ, რომ თვალებს იბრმავებდა და თავს იტყუებდა, და ის ”მესამე” იმიტომ, რომ ”ინტრიჟკაზე” უარი არ თქვა.

საბოლოოდ ვიტყვი, რომ ზეშთაგონება არ მწვევია, მაგრამ საკუთარი პრობლემის გაზიარებამ ცოტა გამათავისუფლა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მიყვარს პუბლიკის წინაშე გამოსვლა და პლუს ამას, მიყვარს გულახდილობა, თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე (პირიქით, მათთან უფრო მეტადაც კი).