Tag Archives: სამედიცინო

დიაგნოზი

27 მარ

ვინმე უნდა არსებობდეს ასეთი: მიხვალ, უყვები სიმპტომებს, ის კი დიაგნოზს სვამს. ყოველმხრივი გამოკვლევების შედეგად პაციენტ #209864-ს დაუდგინდა (შესაბამისად პაციენტ # N,M,L,K-ებს):

დიაგნოზი # 1: მსუბუქად გატაცებული_ გრძელდება რამდენიმე საათიდან, 2-3 კვირამდე, არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, გადის უმტკივნეულოდ…

დიაგნოზი # 2: გატაცებული _ გრძელდება 2-3 კვირიდან 3-4 თვემდე, გართულებული შემთხვევები (4 დან 6-თვემდე) განსაკურნებლად ითვალისწინებს მსუბუქ ყავოთერაპიას (+ სიგარეტი, ლიქიორი) და დაქალებთან ჭორაობას გულის მოსაოხებლად.

დიაგნოზი # 3: ვნება (იგივე ჟარგ. “ატეხილი”) გრძელდება რამდენიმე საათიდან 1-2 წლამდე, გართულებისა და ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში ინკურნება სწრაფად და მარტივად, მკურნალობის პროცესი უმტკივნეულოა (საიდუმლო ინფორმაციით -სასიამოვნოც, თუმცა თვითმკურნალობის აღკვეთის მიზნით ეს ცნობები იბლოკება).

დიაგნოზი # 4: არვიცირავაკეთოდაბარემვინმესშევიყვარებ – მეცნიერთა მიერ ბოლომდე შეუსწავლელი მოვლენა, საბედნიეროდ აქვს გავრცელების მცირე არეალი, დაავადება გადის სამედიცინო ჩარევის გარეშე და გადამდებია მხოლოდ თინეიჯერობის ასაკში. 20-21 წლამდე შესაძლოა პირს შეეყაროს რამდენჯერმე.

დიაგნოზი # 5: შეყვარებული – გრძელდება 1-2 წლიდან …მდე (ციფრები გადაჯღაბნილია და არ იკითხება, რედ.შენ.). ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, სიყვოლოგთა ნაწილი მიიჩნევს განუკურნებლად. ყოველ ახალ შემთხვევას ახასიათებს ახალი გამოვლინებები, ამიტომაც დიაგნოზის დასმა გართულებულია და შესაძლოა არეულ იქნას ზემოთქმულ გატ.-სა და ვნ.-ში. პაციენტი შემდგომი გამოკვლევების მიზნით გადაგზავნილ იქნას სიყგამოვლინებების სამკურნალო ეროვნულ ცენტრში…

ექიმის ხელმოწერა.