Tag Archives: სანახაობა

ჭორისტანი

24 მაისი

ჩემი სოფლის ბათქაშჩამოცვენილ კანტორაში ბოლოს როდის ჩატარდა კონცერტი, ბევრს ალბათ არც ახსოვს. აქ ერთ ქუჩაზე 2 კომპიუტერი მოდის და ისიც ინტერნეტის გარეშე. ჩემს სოფელში ზოგჯერ არა აქვთ პური და უფრო ხშირად აკლიათ სანახაობა…

და აი, წელიწადში, წელიწადნახევარში, იშვიათად ნახევარ წელიწადში ერთხელაც ხდება ამბები, რომელიც ასეთ მოსაწყენ, ყოველდღიურ რუტინას ახალისებს: ვიღაც “გაბოზდება”, ვიღაც უქმროდ ორსულდება, ვიღაც ცოლს მიატოვებს… და უკვე მორიგი სერიალის მერე, დასაძინებლად კი აღარ მიდის ხალხი, შეთქმული გამომეტყველებითა და ირონიული ღიმილით განიხილავს ახლადგამსკდარ შემთხვევას უკანასკნელ დეტალებამდე. იქ ვიღაც გაიხსენებს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაეჭვდა, იმიტომ რომ უცნაურ ადგილას გადაეყარა აწ უკვე სახელგატეხილ პერსონას, მეორე სოფლის წარსულიდან ამოქექავს ტყუილ-მართალ ანალოგს, მესამე ბრალდებულის ოჯახს გადასწვდება და არჩევენ, არჩევენ, არჩევენ…

ჩემს სოფელში წარსულს არ ივიწყებენ და არასდროს პატიობენ. ღვარძლიანობის გამო კი არა, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ისტორიული ამბები თაობიდან თაობას გადაეცეს და მათი ცხოვრების მოსაწყენი საღამოებიც გაახალისოს. აი, ის საათები რომ შეუვსოს, კურიერიდან დაწოლამდე რომ არის დარჩენილი (ხუთშაბათის გარდა, ხუთშაბათს პროფილია).

ზეპირსიტყვიერებისადმი ასეთი პატივისცემის გამო, მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე ვინმე გულნარა ნათესავისგან დაორსულდა და სანამ მშობიარობამ არ უწია, ამას ვერავინ მიხვდა. პოლიკლინიკაში მთელი შეშფოთებული მეზობლობა გაჰყოლია ახალგაზრდა გოგოს, რომელიც საშინლად ავად იყო და მიზეზს ვერავინ ხვდებოდა. მაგრამ როცა ექიმმა საიდუმლოს ფარდა ახადა, სოფელიც ნელ-ნელა გაიპარა საავადმყოფოს მისაღებიდან .

მე განაგონი მაქვს, რომ თავადიშვილი ზესლანდარი ისე დაჩაჩანაკებულა, რომ ქოხში მცხოვრები ტანსაც კი არ იბანდა. როცა გოგონა გაუთხოვდა და ახალ მოყვრებს დღე-დღეზე უნდა მოენახულებინათ, მეზობლები მისცვივდნენ და გულმოდგინედ გახეხეს, ამის შემდეგ სუფთა ზესლანდარმა თურმე სამი დღე-ღამე გადაბმულად იძინა.

მე შევიტყვე, რომ ხუთი შვილის დედამ ოჯახი მიატოვა და საყვარელს გაჰყვა, შუა გზაში თავად ის მიატოვეს და მშობლებთან მოუწია დაბრუნება. თურმე მისი უმცროსი ბიჭი ჭიშკარს მიკრული ელოდა და კითხულობდა: “ხომ ქუმუურც დედა?”

მე ვიცი, ახლა რომ ბუზს არ დაისვამს თავზე ის  ნინელი, ადრე ბაბუაჩემის ძმის საყვარელი იყო და გაგანია მუშაობის დროს სატრფოები კისკისით დარბოდნენ მაგიდის გარშემო…

კიდევ ბევრი სხვაც მოუყოლიათ: ადამიანის დაუფიქრებლობის, ქარაფშუტობის, შეცდომების, ნაკლის ნიმუშთა თაიგულები. ისინი მთელმა სოფელმა შეკრიბა, ისინი მთელ სოფელს აერთიანებს! ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს მაინც, თავად რომ არ შეხებია და ამიტომაც თავი უბადრუკ ცოდვილებზე უკეთესი ჰგონია. არადა რომ იცოდეს,  რა უბედურ დღეში ჩავარდებოდა ამ ზადიანი ადამიანების გარეშე.

ჰოი, ქარაფშუტებო, გარყვნილებო, ბოზებო, შვილების გამყიდველებო, მოღალატეებო, ნუ გასწირავთ ამდენ ადამიანს! იბოზეთ, აჩინეთ და ყიდეთ შვილები, ცხოვრება გაუმწარეთ ოჯახს, იქურდეთ, მოკალით… მოისხით მადლი, ჩემს სოფელში ისევ აკლიათ პური და არ ჰყოფნით სანახაობა!