Tag Archives: სიყვარული

2012-ზე

30 დეკ

ბრაუზერის ერთ ტაბში ბლოგის ამწლისეული პოსტები მაქვს გახსნილი, მეორეში – ფბ-ს აპლიკაცია “2012 Year in Review”. წესით იმის გახსენებაში უნდა დამხმარებოდნენ, რა ხდებოდა ამ წელს მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, თუ 2012  წლის განმავლობაში დაწერილი ოთხივე პოსტი სიყვარულზეა, გონების დიდად დაძაბვა იმას არ სჭირდება, რომ ბლოგის ავტორმა წლის დიდი ნაწილი რომანტიკული ფილმების ცქერას, ბალიშში თავჩარგულად ქვითინს, მეგობრებისთვის ყურების ჭედვასა და მსგავს უაზრობებს შეალია. ანუ წლის დასაწყისიდან ვიდრე ოქტომბრამდე მთლად სრულ ჭკუაზე ვერ იყო. მადლობა ღმერთსა და X-ს ამ ეტაპმა ჩაიარა. ამჟამად ბლოგის ავტორი იმდენად გამოეთიშა მისთვის ასე სისხლხორცეულ განცდებს, რომ უკვე შინაგანი გაოცებით აღვსილი ისმენს სხვათა მონათხრობებს სიყვარულზე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თუ შენც არ გტკივა იმწუთას კბილი, ვერაფრით თანაუგრძნობ იმ ადამიანს, ტკივილისგან რომ იგრიხება. ვერ თანაუგრძნობ კი არა, იმასაც კი გაივლებ გონებაში, რა გაატრაკა ამ თავისი კბილის ტკივილით, ვის არ სტკენია ერთიო.

წლის დასაწყისში სამუშაოდ მარნეულში განმამწესეს, ყოველი ორშაბათიდან პარასკევამდე სოფელ ალგეთში ვცხოვრობდი და აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულს ვასწავლიდი. უცნაური გრძნობა იყო თავიდან, გაივლი-გამოივლი და ყველგან ჩურჩული: გურჯუ მელიმე (ქართულის მასწავლებელი). თავი მაგარი ტიპი მეგონა. აბა, რა იქნებოდა, სადაც არ უნდა გამევლო, ყველგან ჩემზე იყო ლაპარაკი. როცა ერთი წლის თავზე იქიდან წამოვედი, როგორც მჩვევია ისე, ცრემლები გადმოვყარე. ბავშვობიდან მაქვს ეს მავნე ჩვევა, ყველა გულისამაჩუყებელ მომენტში ვტირი. უკვე მენატრებიან ჩემი პატარა გიჟუები, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ მასწავლებლობა არ არის ჩემი საქმე. საერთოდაც არაფერი არ არის ჩემი საქმე, რისი საბოლოო შედეგიც მთლიანად ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. მასწავლებლობის დროს კი თამაშში ორნი ხართ – შენ და მოსწავლე და იმ იდეალურ შედეგსაც ორივემ ერთად უნდა მიაღწიოთ, რაც არ დაგიმალავთ და საკმაოდ რთულია.

738018_500741766614926_741162254_o

კიდევ იმასაც მივხვდი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ მითი ქართველების უსაზღვრო ტოლერანტობაზე იმავე მასშტაბისაა, როგორისაც მითი მათ ნიჭიერებასა და ამავდროულ სიზარმაცეზე. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – არც ტვინი უდუღს ჩვენს ერს და არც ისეთი კეთილები ვართ, როგორც ისტორია გვასწავლის. აქვე მივმართავ ყველა ჯურის ნაცისტებსა და რასისტებს, წადით, თავები დაიხოცეთ, სამყარო უფრო მშვენიერი გახდება თქვენ გარეშე.

წელსვე მოვასწარი ორი პატარა ლაშქრობა. ერთი იყო ბეთანია, რომლის დროსაც გზა აგვებნა და სულ თავ-ბედი ვიწყევლეთ და მეორე – მარტვილის რაიონი თავისი კანიონით, ვისაც არ გინახავთ, რეკომენდაციას ვუწევ, არც რთული სავალია და თან უღმერთოდ ლამაზია.

406161_464099470267077_335206835_n

548369_464099116933779_1482992963_n

წელსვე გავხდი 25 წლის და უფრო და უფრო ხშირად მეძალება იმის შიში, რომ თუ არ ვიჩქარე, რაღაცას ვერ მოვასწრებ და უღიმღამოდ დავასრულებ სიცოცხლეს. ეს რამდენად შემიწყობს აჩქარებაში ხელს, არ ვიცი, მაგრამ რომ ვშფოთავ, ეგეც საქმეა. იმედი მაქვს, ეს შფოთი იმ სამი გეგმის განხორციელებისთვის მომცემს ბიძგს, ამ წელს რომ დავისახე. თუ არადა, 2013 წლის შემაჯამებელ პოსტში დავწერ, რომ ფუფლო და ჩმო ვარ და არც ღირს ამიერიდან ჩემნაირი ადამიანის პოსტები იკითხოთ-მეთქი.

მალე 2013 დადგება, უკეთესი წლის, წარმატებისა და ქართველი ერის გაკეთილშობილების იმედით აღსავსე გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

პ.ს. დღეს მოვრთეთ ნაძვის ხე და ძლივს ვიგრძენი, რომ ახალი წელი დგება. ბავშვივით მიხარია, ლამის სანტა-კლაუსის მოსვლის იმედიც კი მაქვს. ^_^

Καρκίνος

23 ნოე

ოთახში შესულს პირველად ხატების კუთხე მომხვდა თვალში, ყველანაირი ზომის გამოსახულებით, შუაში უზარმაზარი ჯვარცმით. ალბათ ეს ადგილი საგანგებოდ იყო შერჩეული, რელიგიურებს ზღურბლზევე რომ დაეტოვებინათ სინდისის ქენჯნა ეშმაკეულ საქციელთან დაკავშირებით. კარების მარჯვნივ ტაბლა იდგა, პატარა ელექტროქურით. იქვე მრგვალი მაგიდა სკამებით. მაგიდის მარცხნივ, სავარაუდოდ სამზარეულოსგან გამყოფი ხავერდის ფარდები. ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში გვეკიდა ხოლმე მსგავსი. ქალმა მაგიდისკენ მიმითითა, თვითონ კი ყავის მოდუღებას შეუდგა.

ფინჯანი თეთრია, ოდესღაც ფერადი, ახლა გაცრეცილი ყვავილების არშიით, ყავა  – გემრიელი. მიყვარს თურქული ყავის არომატის ყნოსვა და პაწაწინა ფინჯნის საათობით წრუპვა, მაგრამ ახლა ვჩქარობ, დრო მეც ცოტა მაქვს და როგორც ჩანს მასპინძელსაც. როცა უკვე ოდნავღა ფარავს სითხე ნალექს, როგორც მეუბნება ისე, საათის ისრის საწინააღმდეგოდ შვიდჯერ შევაქანებ და ლამბაქზე პირუკუღმა ვდებ. 15 წუთში მკითხაობას დავიწყებთ.


ვიცი, ასეთი რაღაცები არ შემეფერება. მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი ისეთი ხდება ჩემს თავს, რაც არაფრით შემეფერება. თუ რამეა, თავს იმით ვიმართლებ, რომ მორიგ გამოკვლევამდე დარჩენილი საათები უნდა გამეყვანა და ამიტომ მოვედი აქ, ასე რომ წყალგაუვალი ალიბიც მაქვს. მე ხომ ჭკვიანი გოგო ვარ, მისნების, ნათელმხილველების და ასტროლოგიის რომ არ უნდა სწამდეს ისეთი. ამიტომაც ქურდბაცაცობაზე წასწრებულივით ვიღიმები და სანამ ჩემს ფინჯანს „ცრემლი“ შეშრობია, ამ ქალზე დაკვირვებით ვირთობ თავს.

პეკინესს ჰგავს, მოკუჭული სახით, აი, თითქოს შუბლი და ნიკაპი ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ და შუაში ცხვირი შემოეჭყლიტათო, ისეთი. მწვანე თვალები აქვს და დიდი ძუძუები, დეკოლტის არეზე შებერებული კანით. ვფიქრობ ახალგაზრდა ლამაზი იქნებოდა თუ არა და ვასკვნი, რომ ახალგაზრდაც პეკინესს ემსგავსებოდა ალბათ, ნორჩ პეკინესს. ახლა მჭმუნვარე სახით ჩაჰყურებს ჭიქაში ჩემს ცხოვრებას, მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ. ნეტავ რამდენი ხანი სწავლობდა სარკეში ასე ყურებას, საკუთარი ღირსებით აღსავსე პროფესიონალის მზერას?..

ჩაახველა და თითით მიმანიშნა ფინჯნის ყურთან. ეს შენ ხარ და შენი საახლობლოო, ორი ერთგული ადამიანი მოჩანს შენ გვერდითო (?), ყველანაირად გვერდით გიდგანან, როგორც ჩანს ხიფათიანი ცხოვრება გაქვს და არ გტოვებენ მარტოო. მერე ფინჯნის ქვედა მხარეს დაუწყო “ჭვრეტა”, ეს შენი წარსულია, ამაზე ბევრს არ შევჩერდებიო, ვიღაცის თვალი ახსენა, ავი თვალით გიყურებდა, მაგრამ გაქრა შენი ცხოვრებიდანო და მერე რამდენიმეწამიანი პაუზა… მაღალ ბიჭს ვხედავ, დიდი ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში, მთელს ჭიქას ჰკვეთს მისი გამოსახულებაო, – მითხრა და გვერდულად გადმომხედა, ალბათ ჩემი რეაქციის დასაფიქსირებლად. წარბშეუხრელად ვზივარ და ცივად შევყურებ, თუ ამ ქალს და სულელურ ფიგურებს რამის თქმა მართლა შეუძლიათ, ეს ბიჭი საბა უნდა იყოს.

*   *   *

რომ იცოდე, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენი ყოველი ნახვისას სინდისის ქენჯნით დაიტანჯება, რომ იცოდე, რომ შენთან ურთიერთობა ამიერიდან მხოლოდ ატკენს, რომ თქვენი წარსულის ყველა მოგონება ერთადერთი  მძიმე ფიქრით ჩანაცვლდება. და იცოდე, რომ აწი ვერაფრით მიხვდები, შენთან იმიტომ რჩება, რომ ისევ უყვარხარ, თუ უბრალოდ მოვალეობის გრძნობა და სიმხდალე აჩერებს, ერთადერთი სწორი გამოსავალი თავისთავად ჩნდება ასეთ დროს, და ეს – მისი ცხოვრებიდან წასვლაა.

ჩემი საქციელი ორნაირად შეიძლება აიხსნას, როგორც გმირობა და როგორც სისულელე. და რადგან ოთხი თვე სრულდება, რაც გადაწყვეტილება მივიღე, ვერაფრით ვერ გამოვტყდები, რომ ეს ამდენი თვეა, მხოლოდ ვსულელობ. მირჩევნია ისევ გმირი ვიყო. ან ის, ვინც “გმირულად” გაიქცა. იმის აღიარებაც მომიწევს, რომ ეტყობა არ ვიყავი საბაში ბოლომდე დარწმუნებული. თავიდანვე ზედმეტად გავაღმერთე და თავს იღბლიანად ვთვლიდი, ასეთმა შესანიშნავმა ადამიანმა პატივი რომ დამდო და შემიყვარა.

ალბათ ყველა სხვადასხვანაირად ხვდება, რომ შეყვარებულია, ვიღაცა სიზმრების უცვლელი პერსონაჟის გამოჩენით ასკვნის, ვიღაც მუდმივი მონატრებით, ვიღაც კუჭთან სპაზმებით… ხვდება ზოგი ერთი ნახვით, ზოგი მრავალწლიანი მეგობრობის თავზე. მე გაცნობიდან თვენახევარი და ერთი პატარა შემთხვევა დამჭირდა ამის აღმოსაჩენად.

ერთხელ ლანჩის დროს ახალმა თანამშრომელმა საბამ  თავზე რომ შემოიჭდო ხელი და გამხდარ მკლავებზე ასე საგულდაგულოდ „გადამალული“ ბიცეფსის კუნთები გამოუჩნდა, მოცისფრო, ამობურცული ძარღვის კლაკნილით – მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი მაგარი აქამდე არაფერი მენახა! და იმასაც მივხვდი, რომ ამ ბიცეფსიანი (თუ უბიცეფსო) ბიჭის შეყვარება მომესწრო თურმე. შეუმჩნევლად შემომყვარებია მისი გამხდარი მკლავები და შეუსაბამოდ დიდი ხელის მტევნები, ღერძიდან რამოდენიმე მილიმეტრით გადახრილი  – ცხვირიც, სწორი წარბებიც, ჩაწიკწიკებული კბილებიცა და მუდამდღე დასავარცხნი თმებიც. მოკლედ ყველაფერი – მის სხეულში ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, ყოველი სანტიმეტრი და ყოველი უჯრედი.

უფრო გვიან ამას რომ ვიხსენებდი და ვეკითხებოდი, შენ თვითონ როდისღა მიხვდი, რომ გიყვარდი მეთქი? მეშაყირებოდა, – მე შენს ტრიცეფსებზე გავგიჟდი ერთ დღესაცო. არ ვიცი, მართლა ტრიცეფსებმა მოხიბლეს თუ წვივის კუნთებმა, მაგრამ მალევე, მთვრალმა და აბლუკუნებულმა, ღია ცისქვეშა კორპორაციულიდან ზღვის პირას გამიყვანა და შეეცადა, რაც შეიძლება, რომანტიკულად აეხსნა, რასაც განიცდიდა.

ცოტა ხანში კი მარკერებით დავინიშნეთ, ჩვეულებრივი ფლიპ-ჩარტის მარკერებით, მორიგი პრეზენტაციის წინ, ორი კოლეგა-მოწმის თანდასწრებით. საბამ მწვანე მარკერით შემომიხაზა მარჯვენა არათითი, მე – ლურჯით. მერე რა, რომ ჩვენმა ბეჭდებმა ხელის ორ გადაბანასაც ვერ გაუძლეს, ნეტავ ასეთი სიხარულით ბაჯაღლოთიც ინიშნებოდეს ბევრი.

*  *  *

აღმართი და დაღმართი, დაღმართი და აღმართი. ბოლოს და ბოლოს აზრზე უნდა მოხვიდე და მიხვდე, რომ ერთს მეორე მოჰყვება, იმასაც უნდა მიხვდე, რომ თუ მეტისმეტად მაღლა ახვედი, თუ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმართი აათავე და ზღვარს ზედმეტად ასცილდი, დაშვებაც მალე მოგიწევს. წარმოუდგენლად მალე.

უკვე ნახევარ წელი ხდებოდა, რაც საბას ვხვდებოდი, ერთ დღესაც, მისი დამსახურებით საკუთარ თავზე  ხელახლა შეყვარებულმა სარკესთან რომ მოვინდომე სხეულის შეთვალიერება. ცვლილებაც მაშინ შევნიშნე,  მაგრამ არც მიფიქრია მისთვის მეთქვა, არ შემშინებია და იმიტომ. როცა ასე ბედნიერად გრძნობ თავს, გესირცხვილება უმნიშვნელო პრობლემების და კანის ჩაბრუნების გამო აღელდე, უხერხულიც კია. ექიმთანაც ყოველი შემთხვევისთვის შევირბინე, დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მჭირდა და კონსულტაციისთვის დახარჯულ ფულზე წინასწარ მეთანაღრებოდა გული. ჯერ მისმა სერიოზულმა სახემ ჩამაფიქრა გასინჯვის დროს, 2  დღის მერე მამოგრაფიის შედეგმა. არ მინდა იმ საშინელების ხსენება, თუ არ ვახსენებ, ისე ყურისმომჭრელად საშიშად აღარ აღიქმება თითქოს. Καρκίνος – ფეხსასხსრიანთია ტიპის უხერხემლო. ასე გაცილებით მარტივია.

ახლა აღარც ვიცი, რაც საბას მიმართ შემომრჩა იმას, ისევ სიყვარული უნდა ვეძახო თუ არა, იმიტომ რომ ჩემი მოგონებები უკვე გადაიფარა ერთადერთი მტანჯველი ფიქრითა და შიშით. იმ შიშით, ტანზე ოფლად რომ გღვრის, პირს რომ გიშრობს, ყელში გიჭერს და მზად გხდის, პატარა ბიძგზეც კი აღრიალდე.

საბა სადღაც ტვინის ინფორმაციულ ხვეულებში ფაქტადღაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, მე ისევ მახსოვს, რომ მიყვარს, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ ამას, უბრალოდ აღარ მაქვს ამის თავი. ალბათ სხეულის მოჭრილ ნაწილთან ერთად დავკარგე. მაშინ  ნახევარ ქალად რომ ვიქეცი, ან უფრო გვიან, ადამიანადყოფილს რომ დავემსგავსე, ამოღამებული თვალებითა და ძველი თაბახისფერი კანით.

ვიცი, რომ ძალიან ვატკინე, მაგრამ შემეშინდა, რომ უფრო გვიან მეტად ვატკენდი. შეიძლება უბრალოდაც ეგოიზმი ჰქვია ამ ყველაფერს და თავის მართლებასავით გამომდის, დიდი სიყვარულის სახელით რომ ვფუთავ. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.

ავდექი და  მივატოვე, თბილისში გადმობარგებამდე სამსახურის მაგიდაზე დავუტოვე გრძელი, ბილწი წერილი და ვუთხარი როგორ მიშლიდა ნერვებს, ვუთხარი რომ ვეღარ ვიტანდი მის ვერც ერთ ჩვევას და არ მინდოდა მქონოდა მასთან არანაირი კავშირი. ყველაზე გულდასაწყვეტი დეტალები წამოვაძახე და ყველა მტკივნეულ წერტილს გადავწვდი. ისეთი საზიზღრობები დავწერე, თვითონვე რომ გამიკვირდა საკუთარი ფანტაზიის. უკანმოსაბრუნებელი გზა კი არ მოვიჭერი, გავიუქმე და გავინადგურე. დემონსტრაციულად გადავტეხე საკუთარი მობილურის სიმ-ბარათიც, სულს რომ არ წაეძლია და ზარზე არ მეპასუხა, ან სხვა რომელიმე თანამშრომელს არ მოეგნო ჩემთვის. ამოვიშალე თავი ინტერნეტ-სივრციდან. ერთად მოვაქუჩე მისი ყველა საჩუქარი და სანაგვეში მოვისროლე, დავხიე სურათები და დავიწყე დავიწყება, რომელიც ვერა და ვერ მივიყვანე ბოლომდე.

საბას როგორც ჩანს არც მოუნდომებია, რამის გარკვევა და გამოძიება. ერთხელაც არ უცდია, მიმხვდარიყო, რა ჯანდაბა დამემართა. კი, ვიცოდი, რომ ამაყი იყო, ისიც ვიცოდი, ასე შელახულ თავმოყვარეობას რომ არაფრით მაპატიებდა, მაგრამ შიგნით, სულ ღრმად და ერთი ბეწოთი, მაინც მრჩებოდა იმედი, რომ რაღაც სასწაულით მიხვდებოდა ჩემი საქციელის ნამდვილ მიზეზს. მომძებნიდა ჩვენი ქალაქიდან ასე შორსაც, შუბლზე თმას გადამიწევდა და ჩემს თვალებს ჩაჩერებული იტყოდა:

– რა სულელი ხარ და როგორ მიყვარხარ, როგორ იფიქრე რომ დაგტოვებდი ასეთ დროსო? მეგონა მარკერით მონიშნული სიყვარული მართლა განსაკუთრებულად გვაკავშირებდა, მაგრამ სულაც არ ყოფილა ასე. ზუსტად ახლახანს შევიტყვე, საბა რომ მარტო აღარ არის.

ალბათ უბრალოდ სადღაც ჰაერში ჩამოკიდებული დავტოვე ეს ახალი ამბავი, იმიტომ რომ მეტი ახალი ამბის დატევა აღარ შემიძლია, ისედაც ახალ-ახალი სამედიცინო ტერმინებით, ინტერნეტში მოქექილი ინფორმაციითა და გამყინავი შიშით ვარ გაჟღენთილი.

*   *   *

ფიქრებიდან ისევ პეკინესის ხმას გამოვყავარ, ახლა უკვე უახლოეს მომავალზე მესაუბრება, რაღაცებს მიხსნის კომბოსტოს გამოსახულებაზე, რომელიც ეჭვიანობას ნიშნავს თურმე, ზარზე – უსიამოვნო ამბავს გაიგებო და ნავზე – დიდი გზა გელისო. მერე ერთხელაც დაიყენებს ყოვლისმცოდნე იერს, წაწვეტებულ ფრჩხილიან თითს ფინჯნის შუაგულს მიუშვერს და იდუმალი ხმით მეჩურჩულება:

–  ერთი წლის შემდეგ მოსახდენ ამბებს აჩვენებს ძირი, წრეში ჩახატული გადაჯვარედინებული ხაზები კი ქორწილის  ნიშანია. ერთ წელიწადში ნამდვილად თხოვდებიო…

 * * *

საწყალი ქალი, ნეტავ როგორ გაიხსენებს მერე ჩემს ამბავს? იმ კლიენტის ამბავს, მოულოდნელად რომ წამოუხტა სკამიდან, ფინჯანი ხელიდან გამოსტაცა და პირდაპირ ხატების კუთხისკენ მოისროლა, როგორ გაისმა წკრიალ-ბზრიალის ხმა და როგორ დაემჩნა შპალერს სამუდამო ლაქად ყავისფერი წინწკლები. როგორ თავშეუკავებლად გაჰკიოდა უცნაური კლიენტი რაღაცას დაკარგულ სიყვარულზე, ნახევარ ქალობაზე, თითებზე და მარკერებზე. და სიბრაზისგან როგორ კანკალებდა მთელი სხეულით მაგიდას ჩაჭიდებული.

თუმცა ისიც მეეჭვება, ამდენი რამე შეემჩნია, ისეთი გაოგნებული მომჩერებოდა, ვიფიქრე, სადაცაა წკავწკავს დაიწყებს-მეთქი, ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.

ცრემლები  ხელს მიშლიან ტაქსის ნიშნები გავარჩიო და ვერც ვხვდები, როგორ ვესვენები მძღოლის გვერდით სავარძელზე, ონკოლოგიურთან მიმიყვანეთ-მეთქი ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. ლოყები მიხურს და ვგრძნობ როგორ დაუსრულებლად მიერთდება ნიკაპქვეშ ორი თბილი ნაკადი.

ექვსი თვე დამრჩა.

ამბები ჩეკებად

23 ივლ

10.10.2012… მდე

შემოსავლების სამსახურის აქცია და ჩეკების ისტერია რომ დაიწყო, რა დასამალია და მეც ავყევი. ლატარიის ბილეთების არასდროს მჯეროდა, მაგრამ უსასყიდლოდ რომ გაძლევენ მოგების შანსის მქონე ბარათს, ვინ სულელი იტყვის უარს? დავიწყებდი დილიდან და საღამომდე ვიტენიდი ჩეკებით, სხვა ხარა-ხურითაც მრავლად გამოტენილ ჯიბეებს. მერე დავჯდებოდი გვიან და ყავის წრუპვის პარალელურად ვიღებდი სმს-მისამძიმრებებს, წკაპ-წკაპ, “სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ”, “სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ”…

უცნაური ჰობის სახე კი ამ ყველაფერს მერე მიეცა. აი, შოთასთან პირველი კოშმარული პაემნისას, ანგარიში რომ გაასწორა და ხურდასთან ერთად ამონაბეჭდიც მოუტანეს. ჯერ ხომ შვებით ამოვისუნთქე და მერე ინსტინქტურად ჩეკსაც წავატანე ხელი, ვაიდა, მომეგო და ამითი მაინც გამემართლებინა მასთან ერთად ყავის დალევის სულელური იდეა. ამ მოშტერო ბიჭმა – მთელი ერთი საათი საპნის დამზადების ტექნოლოგიაზე საუბრით, თინეიჯერული ხუმრობებითა და მსგავსი ბრიყვობებით რომ ქანცავდა ტვინს, მოულოდნელი მახვილგონიერება გამოიჩინა.

– კი ვერ მოიგებ, მაგრამ შეგიძლია დააწერო – „ყველაზე საშინელი პაემანი“ და სახსოვრად შეინახოო, და  გაიცინა, ისე უდარდელად, თავისი თეთრი კბილების ისეთი გულუხვი დემონსტრირებით და ისე თბილად, რომ მომინდა, ეს შეხვედრა უკანასკნელი სულაც არ ყოფილიყო…

10.10.2012 შემდეგ…

არ ვიცი, როგორ შველიან სხვები აუტანელი სიცარიელის შეგრძნებას, თან ეს სიცარიელე არაადეკვატურიც კია, იმიტომ რომ რეალურად შოთა არსად არ წასულა. ის არის იქ სადაც მე, სააბაზანოში – როცა კბილებს ვიხეხავ, სამზარეულოში – როცა ვჭამ, საძინებელში – როცა ვიხდი, საწოლში – როცა მძინავს. შოთას სახელი და გვარი გასდევს ყველა ჩემს ფიქრს, გასდევს როგორც კანტი, როგორც ქვეფიქრი – ფიქრში. და ამიტომ თითქოს გაუგებარიც კია, თუ ის ყოველთვის და ყველგან ჩემთან არის, თუ მე მუდამ თან დამაქვს მისი 74 კილოგრამი, მაშინ რატომ ვარ ასე ცარიელი? რატომ არ ვიცი, ნახევარ ადამიანად დარჩენილმა რა უნდა ვაკეთო და როცა ვცდილობ რაღაცის კეთებას, ეს სიხარულს არ მანიჭებს? არ მიხარია კითხვა, იმიტომ რომ არ მაქვს სურვილი და ძალა, გავიზიარო სხვისი დარდი, მითუმეტეს გამოგონილი გმირის. არ შემიძლია ვუყურო ფილმებს, იმიტომ რომ იქ ძველებურად უყვართ ერთმანეთი და რაც მთავარია უყვართ ბედნიერი დასასრულით, თუ ბედნიერი დაუსრულებლობით. არ შემიძლია ხატვა, ჩემს ანიმაციურ პერსონაჟებს ისეთი სასოწარკვეთილი სახეები აქვთ, რომ მეცოდებიან ბავშვები, რომლებმაც მომავალში ისინი უნდა ნახონ. არ შემიძლია მეგობრებთან შეხვედრა და მათი ნუგეშის მოსმენა, ისინი ხომ ვერ ხვდებიან,  რას ნიშნავს იყო მხოლოდ ნახევარი, იყო ცალ ყურ-, ხელ- და ფეხმოკვეთილი. იყო  ჩაი, წყეული ჩაი _ შაქრის გარეშე.

10.10.2012… მდე

რაც მითხრა,  სწორედ ის დავაწერე იმ პირველს, და ამის შემდეგაც, წავიდოდით ერთად სადმე,  ან ვიყიდდით რამეს – ამოგვიბეჭდავდნენ ჩეკს და დღიურებივით ვავსებდი უკანა მხრიდან იმ დღესთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ისტორიით:

შპს ალიონი, ჯამი: 21.70 – ვიყავით ლაშქრობაზე ბეთანიაში, გზა აგვებნა.

შპს პრიმა, ჯამი: 6.00 – ატრაქციონი, შოთას ღრიალი სცოდნია!..

შპს ლა ბელ, ჯამი: 14.30 კაფეში ვართ, წვიმს;

შპს გიორგი მანჯგალაძე, ჯამი: 9.45 – სიურპრიზს გავუკეთებ მეთქი და სახლში არ დამხვდა, ვსვამ ლუდს მარტო და მოწყენილი;

შპს მარიამი, ჯამი 3.60 -არაფერი ისეთი, ძალიან საყვარელია.

შპს გოლი, ჯამი: 45.25 – ვინ არის ლელა?

შპს ალიონი, ჯამი: 14.00- და-ძმა გამაცნო, დას მგონი მოვეწონე, ძმა მიბღვერს – ეს სულ ასეთიაო :/

შპს თბილისის ავტოსადგური, ჯამი: 20.00 -რაჭაში გაუშვეს ტრენინგზე-მენატრება;

შპს ორიონი, ჯამი: 18.80 -მთელი დღე არც მოუწერია, არც დაურეკავს;

შპს ორბი, ჯამი: 3. 60 – დააგვიანა, ჩამიდნა ნაყინი;

შპს ქეთი და მზია, ჯამი: 12.15 – ვიჩხუბეთ;

შპს კობი, ჯამი: 34.50 შოთა, შეეშვი ჩემს ჩეკებს!

და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…

იქნებ ზედმეტად რომანტიკულიც იყო ეს გატაცება, სამაგიეროდ თარიღებს არ გვავიწყებდა და კარგადაც გვართობდა. შოთამ მარკების ალბომიც მაჩუქა, თავფურცელზე მსხვილშრიფტიანი წარწერით: „ყველაზე საყვარელ ჩეკისტს“, ცოტათი ვიწროგანყოფილებიანი, მაგრამ როგორღაც ვატევდი გადაკეცილ ჩეკებსაც. რას ვიზამთ, ჩემნაირებისთვის ალბომების გამოშვებაზე არავის ეზრუნა აქამდე.

სულ, სულ პირველად რომ ვნახე შოთა, იმ პაემნამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთი ის ვიფიქრე, ეს დარტყმული ჩემთან ერთად რომ აიყვანონ სამსახურში, თავს რითი უნდა ვუშველო-მეთქი? დალაყუნებდა ანიმატორის ვაკანსიაზე გასაუბრების მომლოდინეთა შორის აწოწილი, გამხდარ-გამხდარი ბიჭი (სულაც რომ არ შეეფერებოდა მოგვიანებით ლიტერატურულ გმირად ქცევა), ყველაფერზე აღფრთოვანებას გამოთქვამდა, ყველას ეცნობოდა და სიცილით იჭაჭებოდა. იყო ერთი ცერცეტი, ჭკუამხიარული და ზედმეტად ზედაპირული აყლაყუდა. ამ დროს კი მე, სათვალიანი, სერიოზული გოგო მიდი ქვედაბოლოთი, აღელვებული ვფიქრობდი ჩემს პორტფოლიოზე და იმ შეკითხვებზე, რაც შეიძლებოდა დაესვათ. ასე ხომ არ მომეწონა, მაგრამ ოფისიდან გამოსული კაფეში მაინც გავყევი რატომღაც, სხვა თუ არაფერი, ლამაზი ცხვირ-პირი ჰქონდა, მეც გულწრფელად მშიოდა და მარტო წასვლაც მეზარებოდა.

რომ შემიყვარდა, სიტყვა „ცერცეტი“ -დაუდეგარმა შეცვალა, „ზედაპირული“ – მხიარულმა  და გახსნილმა. მთავარია სწორი კუთხიდან შეხედო, თორემ ყველა მოვლენა და ობიექტი შეიძლება ლამაზი ჩანდეს. ამ კუთხეებს კი ისე ოსტატურად არაფერი გარჩევინებს, როგორც სიყვარული. სხვები რომ სიყვარულით დაბრმავებას ეძახდნენ ამას, ძალიან მწყინდა, რა ჯობდა, აბა? ისევ ჩემი მიუკარებლისა და ამქვეყნიურ ამაოებაზე მაღლა მდგომის ჯავშნით მემოძრავა და მაღალი სტანდარტებისადმი შესაბამისობა მომეთხოვა ყველასთვის? სისულელეა ეგ თქვენი მაღალი სტანდარტები! სიყვარულისთვის ერთადერთი რამაა საჭირო, შენს რჩეულთან ისე ბედნიერად უნდა გრძნობდე თავს, როგორც სხვა არავისთან. ამ ერთადერთ მოთხოვნას კი შოთა 100 %-ით ერგება.  იმიტომ, რომ შოთა თვითონაა ჩემი 186 სანტიმეტრში ჩატეული ბედნიერება, იმიტომ რომ, შოთა და მე იანი და ინი ვართ, ანი და ჰოე… ყველი და პური, კოკა-კოლა და ჰამბურგერი, ჩაი და შაქარი.

10.10.2012 შემდეგ…

ნეტავ სად არის მეხსიერების ზღვარი, ის უკანასკნელი წვეთი, რომლის შემდეგაც ტვინი უარს აცხადებს იმეოროს და იმეოროს დეტალები იმ ადამიანთან შენი შეხვედრებიდან, რომელიც ასე გიყვარდა? მე ვებღაუჭები ამ მოგონებებს, მემეორებინება თავისთავად და ვიმეორებ ძალდატანებითაც, ვიმეორებ როგორც გაკვეთილებს, როგორც საგამოცდო საკითხებს, როგორც სავალდებულო ისტორიულ ცნობებს… იმისთვის, რომ ხატებად და ფერებად თუ არა, საგულდაგულოდ დამახსოვრებულ სიტყვებად მაინც შევინახო მეხსიერებაში. ჩემს თავს ყოველდღიურად ვახსენებ, რომ იმ დღეს შოთას უჯრულა პერანგი ეცვა, სხვა დღეს ლურჯი მაისური, ვიმეორებ, რა ვჭამეთ და სად იდგა, ვიმეორებ როდის რა მითხრა, როდის მოიწყინა, რაზე გამიბრაზდა… აღვიდგენ მის ჟესტებს და ლაპარაკის მანერას და ძალიან მწყდება გული, როცა რამეს ბოლომდე ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ მეშინია. მოგონებებში იცრიცება ფერები და ადგილები, იცრიცება შეგრძნებები და ერთხელაც, როცა გავიხსენებ როგორ მეხვეოდა, იმ ყოვლისმომცველი ჟრუანტელის ნაცვლად, ამაზე ფიქრს ყოველთვის  თან რომ სდევს, მეშინია, რომ უკვე ვეღარაფერს ვიგრძნობ.

 10.10.2012

ამ დღეზე ალბათ ბევრი უნდა მეწერა, დამეწყო თავიდან და აღმეწერა როგორი შესანიშნავი დილა გათენდა ათ ოქტომბერს, როგორ ვისაუზმეთ ყავით და ფუნთუშებით  მე და შოთამ, როგორ უხდებოდა მას ზოლიანი მაისური და რომ რასაკვირველია, ბევრს ვიცინოდით, თუმცა ამ მხიარულებას თითქოს რაღაც ბუნდოვანი გრძნობაც  ჩრდილავდა. მომეყოლა, რომ ბევრი ვისეირნეთ და ირგვლივ ყველა და ყველაფერი ბედნიერებას ასხივებდა, რომ შოთა ჩვეულებრივიც იყო, მაგრამ ამავდროულად თითქოს არაჩვეულებრივიც, რომ სხვანაირად იღიმებოდა, თითოეულ მის სიტყვას უბედურების დაღი ესვა და მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა კი მგონია, რომ გული რაღაცას უგრძნობდა…

მაგრამ არ დავწერ ამას, იმიტომ რომ სრული სისულელეა. რაღას არ დავწერ, უკვე დავწერე, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ უაზრობაა ადამიანის სიცოცხლის ბოლო დღის ყველა დეტალში განსაკუთრებული დატვირთვა ეძიო, მისი ქცევები კი  შარავანდედით მოსო.  რა აზრი აქვს იმის განხილვას, როგორ და რას უგრძნობდა გული? დავიფიცებ, რომ არაფერსაც არ უგრძნობდა! ბოლო  თხუთმეტი წუთი ისეთი მიწიერი თემის განხილვას შევალიეთ, როგორიც  ჩემი აივნის მორყეული მოაჯირის შეკეთების აუცილებლობა იყო. რომელ წინასასიკვდილო განცდაზეა ლაპარაკი? ნუ მაცინებთ.

შემოდგომის რიგითი დღე იყო, აქამდეც რომ მრავლად ყოფილა ისეთი. გამორჩეული არც იმაში ჩანდა რამე, ქუჩაში მოსეირნეებმა გზის მეორე მხარეს სათამაშოების მაღაზია რომ შევნიშნეთ და ვიფიქრე, იქნებ იქ მაინც აღმოგვეჩინა ტვისტერის სათამაშო, ამდენი ხანი უიმედოდ რომ ვეძებდით. შოთამ სწრაფად გადაირბინა, ათ წუთში კი  ბედნიერსახიანი და ფერადპარკჩაბღუჯული გამოიწოწა მაღაზიიდან და ისევ გამოიქცა. გამოიქცა, ოღონდ ჩემამდე აღარ მოსულა.

10.10.2012 შემდეგ…

შოთას სისხლმიმხმარ ჯინსში ჩაკუჭული ჩეკი ორი კვირის მერე აღმოვაჩინე, ყავისფრად დალაქავებული, საბედისწერო თარიღიანი და ასე უსირცხვილოდ პრაგმატული…

შპს ინდიგო

ს/ნ: 404865760

მოლარე 01,

განყოფილება 01… 50.00A

ჯამი: 50.00,

ნაღდი 50.00…

025691… 10.10.2012… 14.48…

DY00065300FM00065626

და შუაშიც შავად გმადლობთ! ჯერ ტანში გამცრა და ისე ძნელი გახდა სუნთქვა, მიჭერდა ყელში, მიჭერდა მკერდთან, კეფაში კი ჩაქუჩივით – დაგ, დაგ, დაგ! მინდოდა გადამეგდო, მაგრამ ვერ შეველიე… გადმოვაბრუნე და დავაპირე დამეწერა. ოღონდ რა? რა შეიძლება დამეწერა? იქნებ ის დამეწერა, როგორ მენატრება? ან დამეწერა – როგორ მიყვარს? ან დამეწერა – რომ მესიზმრება, ოფლში გახვითქული ვიღვიძებ, ხელით ვამოწმებ გვერდით ბალიშს და ის კი ისე ცივია, უსაშველოდ ცივი და ცარიელი. ან დამეწერა, რომ ქუჩაში ვხედავ შორიდან, ვხედავ მის მაისურებს, ვხედავ ჩანთებს, რომელიც მისას ჰგავს, მის თმებს და ვარცხნილობას სხვებს რომ უსინდისოდ მოურგიათ. დამეწერა, როგორ ვგრძნობ შუა გზაში გაჩერებული ქარის მიერ მოტანილ მის სურნელს. ან იქნებ ის დამეწერა, რომ ღამით სმს-ის ხმა მაღვიძებს და მობილურს გაშმაგებული ვეტანები, იქ კი არაფერია, საერთოდ არაფერი. იქნებ ის დამეწერა, რომ ვნანობ, რომ შემიყვარდა, მერე კი ვნანობ, რომ ასე ვიფიქრე. ან იქნებ ის დამეწერა…

არ ვიცი, რა შეიძლება დავაწერო, ეს მართკუთხედი ნაგლეჯი ისე პატარაა, დასაწერი კი იმდენი. ამიტომ, ვკეცავ და ასევე ვინახავ, ცარიელს. ბოლო ჩეკს ალბომში, პირველ უწარწერო ჩეკს ექვსი თვის განმავლობაში.

რას ნიშნავს ჩემთვის…

12 მარ

სიყვარული?

რაღაც სიმსივნესავითაა, იწყება გული-კუჭი-ფილტვის მიდამოებში და მიდის და მიდის მეტასტაზები, იქამდე, სანამ საღი აზრის, ნებისყოფის და ყველა შეგრძნება-გრძნობის ორგანოს ბოლომდე არ დაიმორჩილებს. მეხამუშება კიდეც გრძნობას სიყვარული დავარქვა, თუ თავდავიწყების ელემენტი არ ურევია. ამიტომ საკუთარ თავს მე თვითონ ვუმატებ და ვუმატებ ცეცხლზე ნავთს, იქამდე ვინდომებ, სანამ სოციალისტური შემართებით არ დავეწევი და გავუსწრებ რომანტიკულ წიგნებში და ფილმებში აღწერილ გრძნობებს (ამათ გარდა სხვა ეტალონები არც მოუგონიათ ჯერჯერობით, თორემ იქნებ მეტადაც მომენდომებინა). სიყვარული სიყვარული არაა ჩემთვის, თუ ამ სიყვარულის გარდა სხვა რამისთვისაც მრჩება ფიქრის დრო. თავად გადავწყვიტე ასე და დღემდე ერთგულად მივდევ ამ წესს!

სიყვარული არის დიდი ნდობა, როცა ადამიანს ისე ენდობი, როგორც საკუთარ თავს და არასდროს არ გიწევს მასთან თამაში. თუ თამაშობ მხოლოდ იმისთვის, რომ ცოოტათი, ერთი ბეწოთი აეჭვიანო ხოლმე და მთლად ბოლომდე მოდუნების უფლებაც არ მისცე.

სიყვარული არის, როცა ყოველი დღე გიხარია და გიხარია იმიტომ, რომ ახალ დღეს მასთან დაკავშირებული ახალი ემოციები მოაქვს. ან შეხვდები, ან მობილურით დაელაპარაკები, ან ჩაეხუტები ძალიან, ძალიან მაგრად და მთელს სხეულში ჟრუანტელად დაგივლის.

 დღის გათენება ხომ გესიხარულება, ღამეები მითუმეტეს (არა, მაგიტომ არ ვამბობ, რატომაც ახლა გაიფიქრე). უბრალოდ ღამით, როცა ძალიან ცივა, შეგიძლია თავზე საბანი გადაიხურო, მასთან გატარებული წუთები გაიხსენო, მერე ნახევრადმძინარემ ჩაიღიმო და ძალიან დაგთბება.

სიყვარულია, როცა იმაზე უკეთესი ხდები, ვიდრე იყავი. სიყვარულია, როცა გირეკავენ, მობილურის ეკრანზე მის სახელს ხედავ და წინასწარ იცი, რომ ბევრს იცინებ. სიყვარულია, როცა თავს გადამხდარ ამბებს ხელახლა გადაიმეორებ გულში, რომ არ დაგავიწყდეს და როცა დაგირეკავს, ყველაფერს მოუყვე.

სიყვარულია, როცა უსმენ და მოსმენა არ გბეზრდება, უყურებ და ყურება არ გბეზრდება, ეხუტები და თან ფიქრობ, რომ უსასრულოდ დიდხანს დარჩებოდი ასე. მერე კოცნი და მისი კისერი ისეთი ტკბილია! მმმმ….

სიყვარულია, როცა ყველაზე ძალიან შეიძლება გეტკინოს და მგრძნობელობის ზღვარი ისე სათუთი გაქვს, რომ თუ რაღაცას აშავებს, ეს მთელ დღეს გირევს. სიყვარულია, ღამე რომ შემთხვევით გამოგეღვიძება, მის მოწერილ მესიჯს რომ ნახავ ისედაც მობილურს ჩაკონებული, პირი რომ მაშინვე ყურებისკენ წაგივა,  მიკაწრულ-მოკაწრულ ეკრანზე მის სახელს რომ აკოცებ და ისევ რომ დაიძინებ.

სიყვარულია, ზრუნვა და ყურადღება, როცა მისი პრობლემები შენი პრობლემებია. სიყვარულია, როცა შენი ხუმრობები ძალიან სასაცილოდ ეჩვენება, შენ მისი იუმორი გიყვარს და იდეები აღგაფრთოვანებს და მისი წარმატება ისე გიხარია, როგორც საკუთარი.

სიყვარულია, როცა იცი, “ვეშოლკასავითაც” რომ დაილიოს, ან 150 კილოც რომ გახდეს, მაინც ისე გეყვარება. იმიტომ რომ, ის შენი თავი გიყვარს, როგორის მასთან ხდები: ბედნიერი და უფრო კარგი და საერთოდ შენ მისი ყველა მოლეკულა და ატომი გიყვარს და ამ შესაკრებების გამრავლება, გადანაცვლება-გადმონაცვლებით არც არაფერი იცვლება დიდად.

ხომ ასე ფიქრობ, თუმცა სიყვარული ისიცააა, მაინც ეგოისტურად რომ გიხარია, რომ როგორც შიგნიდან არის ბაჯაღლოთი მოპირკეთებული, ისე გარედანაც. ყველაზე ელვარე თვალები რომ აქვს, ყველაზე გულწრფელი ღიმილი, ყველაზე ლამაზი ხელები და მკერდზე რომ თავს დაადებ და გულის ცემა რომ გესმის, ეგ გულისცემაც კი რაღაც გამორჩეულად სხვანაირი რომ აქვს: დუგ-დუგ, დუგ-დუგ…

სიყვარულია, როცა ასეთი აჟიტირების გადავლის შემდეგაც შენ გვერდით ყველაზე ერთგული ადამიანი რჩება და შეიძლება, რომ ხედავ გული არ მიგდის, მაგრამ ერთხელაც მძინარეს, ან თავის საქმეზე თავდახრილს აკვირდები და გრძნობ, რომ ეს ადამიანი ძალიან შენია.

არსებობს სხვანაირი სიყვარულიც: ლტოლვის ხარჯზე რომ გააქვს თავი, არის რაღაც თანამშრომლობით-მეგობრულიც, ურთიერთ ღირსებების პატივისცემით რომ არსებობს და ყველაზე უკეთ რომ გესმით ერთმანეთის. უბრალოდ, ამ წუთას მე ასე მიყვარს, ამიტომაც ასეთი მგონია სიყვარული და, რასაკვირველია, ისიც მგონია, რომ ასე სიყვარული ყველაზე კარგია.

 P.S. ვწერდი ამ პოსტს დრაფტში და თან ძალიან ბევრს ვფიქრობდი, იმიტომ რომ მრცხვენოდა. ასე მგონია, ასეთი აღფრთოვანებული ტექსტები თინეიჯერ გოგოებს უხდებათ და ჩემს ასაკში მაინც “ტეხავს” ცოტათი. თუმცა ალბათ…

სიყვარულია, როცა ისე გელამაზება და გესიხარულება გრძნობა, ისე გინდა, ყველას მოუყვე და გაუზიარო, რომ “კომპლექსების თავზეც გავიარეო”, – გაიფიქრებ და  Publish-ის ღილაკს თითს დააჭერ.