Tag Archives: სოფელი

2648-მდე, 2648-იდან

15 სექ

ოთხ დღეში 120 კილომეტრის გავლის შემდეგ, სახლში გაღვიძებულს მხოლოდ ფეხის  მტკივანი კუნთები რომ გახსენებენ ლაშქრობის შესახებ, ყველაზე უცნაური გრძნობა ესაა. დადიხარ ოთახიდან-ოთახში ნელი, ინვალიდური ნაბიჯით და მაინც არ გჯერა ბოლომდე, რომ შებოლილი თევზის სუნი არ აგდის, ფეხს ფუნაში არ ადგამ, არსად მოცურდები, ტალახიანი, დაგლეჯილი ჯინსები არ გაცვია და სადმე გვერდით კარავი არ არის გაშლილი…

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, წარმოსახვაში მარტო მიზანია, ის რასაც უნდა მიაღწიო, მანამდე მისასვლელი და უკან დასაბრუნებელი გზა, რასაკვირველია, იგულისხმება, ოღონდ გაკვრით. არ ვიცი, დიდი მთამსვლელებისათვის როგორაა, მაგრამ ჩემთვის უკანა გზაზე, სახლში მისვლის მიზანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო გახდა, ვიდრე დასაწყისში ცნობილ ტობავარჩხილამდე (ვერცხლის ტბა) ასვლის. ტობავარჩხილი – მინდოდა, მიხაროდა, მეამაყებოდა, მაგრამ სახლში მობრუნების სურვილს იმდენი ერთმანეთში არეული ემოცია ახლდა თან, რომ ყოველგვარი ალპინისტური სიხარული გადაწონა.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას გავიგე, რომ ჩემი დედულეთის (სამეგრელო) ახალგაზრდობა ლაშქრობისთვის ემზადებოდა. თუ საოცნებო ტბამდე ასვლას ვაპირებდი, ამაზე კარგი შანსი შეიძლება კიდევ დიდხანს არ გამჩენოდა. ჩემი მწირი მთამსვლელური გამოცდილების გამო, ინტერნეტში დავძებნე წასაღები ნივთების სია, რომლის დამსახურებითაც მე და ჩემს მეგობარს ყველაზე მძიმე ზურგჩანთები გვქონდა მთელს 11 კაცში (თუ საგზლის მზიდავს არ ჩავთვლით).

ეს მოგზაურობა ჩემთვის ნათლობასავით იყო, პირველად გავათიე ღამე კარავში. პირველი დღიდან რაც დამამახსოვრდა ეს იყო დაღლილობის აუტანელი შეგრძნება და დაძინების უსაშველო სურვილი. მეორე დღეს კი მეტი ემოცია ახლდა თან. თავად ტბა – ტობავარჩხილი კლდეებს შორისაა მოქცეული, ზღვის დონიდან 2648 მეტრზე. ამ კლდეების ძირას კი, დაახლოებით 3-4 კმ-ის მოშორებით დიდი ქვის ქვეშ ქოხია, მეჯოგეთა საზაფხულო სადგომი, სწორედ მათ გვიმასპინძლეს მოგზაურობის მეორე ღამეს.

ესეც სადგომი ქვის ქვეშ

მაგრამ სანამ ამ სადგომამდე მივიდოდი, მოლაშქრეთა მოწინავე ნაწილმა გადამისწრო,  დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლა მომიწია მარტოს. მდინარეს ვუახლოვდებოდი, როცა წინ ყველა კაცისათვის საოცნებო სანახაობა გადამეშალა, ყველა ასაკის, ზომის, ფორმისა და წონის ნახევრადშიშველი ქალები ჰიგიენურ პროცედურებში გართულიყვნენ. დაღლილობისგან აზროვნების უნარიც წართმეული მქონდა და ჩავთვალე, რომ ხსენებული მწყემსების ქოხის წარმომადგენლებს გადავაწყდი, მაგრამ მალევე მოვედი გონს. სადგომში მისულმა კი საბოლოოდ გავარკვიე, რომ ტურისტები იყვნენ, ქალიან-კაციანად სულ 33-ნი, იმავე მიზნით ამოსულები, რა მიზნითაც ჩვენ. მეჯოგეებს თურმე ძილი გასტეხოდათ მათი უკომპლექსოების შემხედვარეთ.

მწყემსებისა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კი გვჭირდებოდა კარგი გამოძინება, მეორე დილით ტობავარჩხილზე ასვლა გველოდა. გზა რთულიაო, – მოლაშქრეებმა კი გაგვაფრთხილეს, მაგრამ ასეთს მაინც არ ველოდი. სირთულის საზომად ის გამოდგება, რომ ამ სამიოდე კილომეტრის ასვლა-ჩამოსვლის მერე ისეთი ფარული შიში ჩამესახა, რომლისგანაც სახლში მისვლამდე ვერ გავთავისუფლდი. მეჩვენებოდა, რომ სადმე უხერხულად დავდგამდი ფეხს და სოფელში გულზე ხელებდაკრეფილს მიმასვენებდნენ. აღმართი, კი, არა და არ თავდებოდა, ყოველი კლდის მერე ახალი გვხვდებოდა. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ტბამ იმედები ვერ გაამართლა, კი გვპირდებოდნენ მთელს ტანჯვა-წამებას გადაგავიწყებთ მისი ხილვაო, მაგრამ, სამწუხაროდ, სულაც არ მოხდა ასე.

მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ გადაბმულმა მზიანმა დღეებმა, ტბას, რომელიც წვიმით საზრდოობს, წყალიც ამოუშრო და ქვებზე შლამიც მოუდო. შედეგად ვერცხლის კამკამა ტბის ნაცვლად, ვიხილეთ ტბა, რომლის ხილვაც ლისის ტბის ადგილზე კი გაგაოცებს და გესიამოვნება, მაგრამ 60 კმ-ის აღმართ-აღმართ ხოხიალის მერე  ვერაფერი ნუგეშია. როგორ არა, ლამაზი იყო, ძალიან ლამაზიც კი, მაგრამ ისეთი არა, აღფრთოვანებისგან რომ სუნთქვა შემკვროდა.

ისე კი, ლეგენდები არსებობს ტობავარჩხილზე იმდენი, მარტო მათი ხიბლით ახვალ. წმინდა ტბაადაა მიჩნეული და ამბობენ, რომ თუ მასში იბანავებ, სიწმინდის შებღალვისთვის ბუნება დაგსჯის და გაწვიმდება, შედეგად შეიძლება უამინდობის გამო ავსაც გადაეყარო.

ტბიდან ჩამოსულები კიდევ ცოტა ხანს შევყოვნდით სადგომში და სახლში დაბრუნებისთვის დავიწყეთ მზადება. უკვე აშკარა იყო, რომ საკვები გვაკლდებოდა, ეს დილა სტუმართმოყვარე მწყემსების ხარჯზე გადავაგორეთ, მაგრამ სახლამდე კიდევ 2 დღის სავალი გზა რჩებოდა.

ჩვენი ლაშქრობის ხელმძღვანელი შეგვპირდა, ამ ღამესაც ჩემს ნაცნობ მწყემსებთან მივალთ და არაფერს გაგვიჭირვებენო და ამ პირობის იმედით მივდიოდით. ჩვენი მრავალფეროვანი მენიუ საღამოსთვის რამდენიმე პურით, ერთი მოხარშული “მალაკოთი” და საწუწნი კანფეტებით შემოიფარგლებოდა და ამ დროს მეორე მწყემსის სადგომსაც მივაღწიეთ.

კარგს მაშინ აფასებ, როცა ცუდს ნახავო, ხომ გაგიგონიათ, ტბისპირა მეჯოგეების მასპინძლობაც მაშინ დავაფასეთ, როცა ვნახეთ, რას ნიშნავს, როცა ადამიანს შენი სტუმრობა არაფრად ეჭაშნიკება. მწყემსმა სუფრა გაგვიწყო და ჩაიდუდღუნა “რაც არის ეს არის, ქორწილს კი არ ვგეგმავდიო”, ცოტა ხანში, ტაბაკთან (პატარა, საჭმლისთვის განკუთვნილი მაგიდა) მჯდომს რომ პურის ნაჭერი გადმოუვარდა, ისევ გამოსცრა: “ცოტა ფრთხილად, მე აქ პურის თონე კი არ მაქვსო”. ღამე სადღა წავიდოდით, თორემ ვგრძნობდი, ამ კაცისთვის ზედმეტნი ვიყავით. მეორე დილით გზის გაგრძელება გაგვიჯანჯლდა, ჩვენი ხელმძღვანელი მოშორებით ათევდა ღამეს და მის დაბრუნებამდე, ანუ 11 საათამდე, ამავე სადგომში მოგვიწია ყურყუტი. “ყურყუტი” მოლოდინსაც ასახავს ამ შემთხვევაში და ჩვენი კუჭის მდგომარეობასაც, მასპინძელმა ისე გაწელა საუზმის მომზადება, რომ მშივრებს მოგვიხდა წამოსვლა. ბოლოს კი შეგვიპატიჟა ერთი-ორჯერ უგემურად. მაგრამ არც იმდენად გვშიოდა, თავმოყვარეობაც რომ გადაევიწყებინა ჩვენთვის. თავი გამოვიდეთ, ასე უფრო მსუბუქად და ყოჩაღად დავდივართო და 13 საათის უჭმელ-უსმელები გამოვედით ვაიმასპინძლის ქოხიდან.

ეს სურათი ამ მოგზაურობის შედევრია :)

 მავანი იტყვის, 11 კაცი საგზლის გარეშე დაადექით თავზე და აბა რას ელოდითო, მაგრამ აქ არის რამდენიმე “მაგრამ”. ეს მწყემსი დატვირთული ცხენებით შემოგვხვდა მოგზაურობის პირველ დღეს, მთაში სწორედ მაშინ ადიოდა, ასე რომ საკვები არ აკლდა. კიდევ ის, რომ ჩვენი ხელმძღვანელი მისი ნაცნობი იყო, თავადაც მეჯოგე, ეს კი დაუწერელი ვალდებულების წინაშე აყენებდა მასპინძელს, მწყემსების საძმოს კანონით – “მე შენ გეხმარები და სამაგიეროდ, როცა გამიჭირდება, შენც დამეხმარები”. ასე იყო თუ ისე, გამოვაღწიეთ იქიდან და წამოვლასლასდით. ბოლოს წყლის მარაგიც ამოგვეწურა და სული იმით გვედგა, რომ დიდიან-პატარიანად გულიანად ვლანძღავდით დატოვებული ქოხის “უფროსს”. შესვენებების დროს კი, ხატოვნად აღვწერდით ჩვენ-ჩვენ საყვარელ კერძებს.

ერთი საათის მერე, კიდევ ერთ ქოხს მივაღწიეთ, სადაც მოგვეცა “პური ჩვენი არსობისა” და განვაგრძეთ სვლა.

დღის 2 საათი დაიწყო, კიდევ 8 საათის სავალი გზა რჩებოდა, ჩვენს საერთო მარაგს კი შეადგენდა ერთადერთი შედედებული რძე! ხუთი ჩამორჩენილი მოგზაური ამ “მალაკოს”  მის ბედნიერ მფლობელთან ერთად საღამოსთვის დავეძგერეთ, წინ წასულებმა ერთი ორჯერ შემოგვიკურთხეს შორიდან.  ბოლოს ნახევრად ჩათავებული “მალაკო”  კვლავ მისმა მფლობელმა წაიყოლა, გზა და გზა ისე მოულხინა, ეჭვი მეპარება წინ მყოფებს ქილის მეტი რამე შეხვედროდათ იქიდან. გზის ამ მონაკვეთზე ჯერ უკან მივდიოდი, მერე პირველი გავიჭერი, ბოლოს კი, ისე დავაგდე ტემპი, რომ მაშინ, როცა უკვე უკანასკნელ კილომეტრებს ვითვლიდით, მაკე ძროხის ტაატით მივირწეოდი ყველაზე ბოლო. ღამით წამოწვიმა და ტბასთან ჩასახული შიში უკვე პანიკაში გადამივიდა, ყველა ქვაში ასრიალების საფრთხეს ვხედავდი, ფანარი ვერტიკალურად მეჭირა და თითოეულ ნაბიჯს ვწონიდი, როცა შარაზე გავედით, მაშინაც კი ვფრთხილობდი, მეჩვენებოდა რომ ბედის ირონიით, სწორედ აქ, სწორ გზაზე ავსრიალდებოდი და რამეს დავეხეთქებოდი.

მარცხნიდან პირველი, ბედნიერი სახით, ეს მე ვარ :)

 სოფელში შესულებს პირველად ილიჩის ნათურები შემოგვეგებნენ, კულტურის მეორე ნიშანი  კი “ირას ბუტკაში” ნაყიდი პეპსი გახდა! ოთხი დღე ტყე-ღრეში ხოხიალის მერე პეპსი მარტო გამაგრილებელი სასმელი აღარაა, ეს არის სალამი 21-ე საუკუნისა, სიმბოლო ცივილიზაციისა!

პეპსაობის პროცესში ნელ-ნელა ყველა მოლაშქრე ჩამორიგდა თავ-თავის სახლში, ბოლოს მე და ჩემი მეგობარიღა მივუყვებოდით შუკას. მეგობარს დედა დახვდა, მე კი არავინ მელოდა – ჩემი სოფლის სახლი ცარიელი იყო. გასაღები სამალავიდან ამოვაძვრინე, სახლში შევედი, შუქი ავანთე, სავარძელში ჩავჯექი და ავტირდი. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვტიროდი დაღლილობის, დაბრუნების, მარტოდ ყოფნის, განცდილი შიშის, ყველაფრის გამო ერთად.

მე არ ვიცი ზუსტად, რას შვრებიან დიდი ალპინისტები სახლში დაბრუნებისას, მაგრამ ვიცი, რას შვრებიან პატარა, მოყვარული მთამძვრომები… ისინი დიდხანს, გაბმულად ტირიან.

ჭორისტანი

24 მაისი

ჩემი სოფლის ბათქაშჩამოცვენილ კანტორაში ბოლოს როდის ჩატარდა კონცერტი, ბევრს ალბათ არც ახსოვს. აქ ერთ ქუჩაზე 2 კომპიუტერი მოდის და ისიც ინტერნეტის გარეშე. ჩემს სოფელში ზოგჯერ არა აქვთ პური და უფრო ხშირად აკლიათ სანახაობა…

და აი, წელიწადში, წელიწადნახევარში, იშვიათად ნახევარ წელიწადში ერთხელაც ხდება ამბები, რომელიც ასეთ მოსაწყენ, ყოველდღიურ რუტინას ახალისებს: ვიღაც “გაბოზდება”, ვიღაც უქმროდ ორსულდება, ვიღაც ცოლს მიატოვებს… და უკვე მორიგი სერიალის მერე, დასაძინებლად კი აღარ მიდის ხალხი, შეთქმული გამომეტყველებითა და ირონიული ღიმილით განიხილავს ახლადგამსკდარ შემთხვევას უკანასკნელ დეტალებამდე. იქ ვიღაც გაიხსენებს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაეჭვდა, იმიტომ რომ უცნაურ ადგილას გადაეყარა აწ უკვე სახელგატეხილ პერსონას, მეორე სოფლის წარსულიდან ამოქექავს ტყუილ-მართალ ანალოგს, მესამე ბრალდებულის ოჯახს გადასწვდება და არჩევენ, არჩევენ, არჩევენ…

ჩემს სოფელში წარსულს არ ივიწყებენ და არასდროს პატიობენ. ღვარძლიანობის გამო კი არა, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ისტორიული ამბები თაობიდან თაობას გადაეცეს და მათი ცხოვრების მოსაწყენი საღამოებიც გაახალისოს. აი, ის საათები რომ შეუვსოს, კურიერიდან დაწოლამდე რომ არის დარჩენილი (ხუთშაბათის გარდა, ხუთშაბათს პროფილია).

ზეპირსიტყვიერებისადმი ასეთი პატივისცემის გამო, მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე ვინმე გულნარა ნათესავისგან დაორსულდა და სანამ მშობიარობამ არ უწია, ამას ვერავინ მიხვდა. პოლიკლინიკაში მთელი შეშფოთებული მეზობლობა გაჰყოლია ახალგაზრდა გოგოს, რომელიც საშინლად ავად იყო და მიზეზს ვერავინ ხვდებოდა. მაგრამ როცა ექიმმა საიდუმლოს ფარდა ახადა, სოფელიც ნელ-ნელა გაიპარა საავადმყოფოს მისაღებიდან .

მე განაგონი მაქვს, რომ თავადიშვილი ზესლანდარი ისე დაჩაჩანაკებულა, რომ ქოხში მცხოვრები ტანსაც კი არ იბანდა. როცა გოგონა გაუთხოვდა და ახალ მოყვრებს დღე-დღეზე უნდა მოენახულებინათ, მეზობლები მისცვივდნენ და გულმოდგინედ გახეხეს, ამის შემდეგ სუფთა ზესლანდარმა თურმე სამი დღე-ღამე გადაბმულად იძინა.

მე შევიტყვე, რომ ხუთი შვილის დედამ ოჯახი მიატოვა და საყვარელს გაჰყვა, შუა გზაში თავად ის მიატოვეს და მშობლებთან მოუწია დაბრუნება. თურმე მისი უმცროსი ბიჭი ჭიშკარს მიკრული ელოდა და კითხულობდა: “ხომ ქუმუურც დედა?”

მე ვიცი, ახლა რომ ბუზს არ დაისვამს თავზე ის  ნინელი, ადრე ბაბუაჩემის ძმის საყვარელი იყო და გაგანია მუშაობის დროს სატრფოები კისკისით დარბოდნენ მაგიდის გარშემო…

კიდევ ბევრი სხვაც მოუყოლიათ: ადამიანის დაუფიქრებლობის, ქარაფშუტობის, შეცდომების, ნაკლის ნიმუშთა თაიგულები. ისინი მთელმა სოფელმა შეკრიბა, ისინი მთელ სოფელს აერთიანებს! ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს მაინც, თავად რომ არ შეხებია და ამიტომაც თავი უბადრუკ ცოდვილებზე უკეთესი ჰგონია. არადა რომ იცოდეს,  რა უბედურ დღეში ჩავარდებოდა ამ ზადიანი ადამიანების გარეშე.

ჰოი, ქარაფშუტებო, გარყვნილებო, ბოზებო, შვილების გამყიდველებო, მოღალატეებო, ნუ გასწირავთ ამდენ ადამიანს! იბოზეთ, აჩინეთ და ყიდეთ შვილები, ცხოვრება გაუმწარეთ ოჯახს, იქურდეთ, მოკალით… მოისხით მადლი, ჩემს სოფელში ისევ აკლიათ პური და არ ჰყოფნით სანახაობა!

საქათმის ჭაღები

23 სექ

ბოლო ჩანაწერი შორეული 30 ივლისით მითარიღდება, გადაჩვევა სცოდნია წერას (ბეჭდვას)…
ამ წუთასაც ვითომ ფსიქოლოგიური პოსტის იდეით გავხსენი ფანჯარა, მაგრამ ჩემს დამრიგებელს უყვარდა თქმა: არდადეგების მერე ყველა ცარიელი თავით ბრუნდებაო და დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვარ, სერიოზული და ტვინისმბურღავ-ინტელექტუალური თემები მოიცდიან. ახლა მინდა ბავშვობაზე მოვყვე, სოფელში გატარებულ ზაფხულებზე.

“ჩემი სოფელი რომ ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია” სამეგრელოში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, “რადგან არ შეიძლება სხვაგან იყოს სოფელი”, რომელშიც ჩემი ცხოვრების 23 წლის ყველა ზაფხული მაქვს გატარებული, რომელშიც ყოველ წელს ვიკრიბებოდით მთელი ნათესაობა, და რომელშიც, აი, ბოლო სამ წლამდე მუდამ მელოდა ნათია (ახლა ხანდახან მე მიწევს მისი ლოდინი).

ის 4-5 წლისამ გავიცანი, როცა მონდომებით ვაცხობდი ტალახის ტორტს მეზობლის ჭიშკრის წინ. მერე ჩვენს ნაცნობობას მცირეხნიანი წყვეტა ჰქონდა… მეორე ყველაზე შორეული, მასთან დაკავშირებული მოგონება კი ქორობიას თამაში იყო, რომლის დროსაც, ხელახლა გაცნობილი ნათია სასტიკად ეჩხუბა ჩემს მეორე მეზობელს და უთხრა ფრაზა, რომელიც ვერარა წელთა მდინარებამ ვერ ამომიშალა მეხსიერებიდან: ჯინა, შენ ტვინის მაგივრად ხაჭო გიდევსო, ხაჭო!

მისი, ჩემი და ჩემი დეიდაშვილი მარის მეგობრობა კი უფუნქციოდ დარჩენილი “ოქოთომეს” სპექტაკლებმა შეადუღაბა საბოლოოდ. ამ განიერი, ფიცრული საქათმის წინ, მე და ნათიამ წიწვებით დავიჩხვლიტეთ თითები და სისხლით შევიფიცეთ დებად. მერე კი იყო მრავაწლოვანი სასიყვარულო დრამების მთელი კასკადი, რომელთაც ძირითადად ჩემი სცენარის მიხედვით ვდგამდით. მე ამ სამკაცა სპექტაკლებში მუდამ კაცის როლს ვასრულებდი, როგორც ყველაზე უფროსი, ყველაზე ნიჭიერი ხმის დაბოხებაში და საერთოდაც ეტყობა, არის ჩემში რაღაც მამაკაცური :D მარი მუდამ სათნო, უწყინარი ქალწულის როლში იყო, რომელიც მე მიყვარდებოდა, ნათიას კი, ან ჩემ მიერ უარყოფილი პირველი შეყვარებულის ამპლუა რჩებოდა, ან სულაც ბოროტი და ინტრიგანი “მესამე” იყო, ჩვენი უმწიკვლო ტრფიალის მტერი! ნეტა ჩამეწერა ეს სცენარები, რომელ საპნის ოპერას არ გავეჯიბრებოდი, თანაც მსახიობთა მინიმალური ოდენობით.

მეექვსეში ვიყავი, როცა მეც და ნათიასაც სიყვარული გვეწვია, ჩვენი დრამების გმირებს სულ უფრო ხშირად ერქვათ გიორგი და გიგა. მარი 8 წლის იყო, მე კი 13-ის, როცა ის, მე და ჩემმა დადნაფიცმა საკმოდ მომწიფებული ჩავთვალეთ სიყვარულისა და ბავშვის გაჩენის საიდუმლოს გასაცნობად და გავუმხილეთ კიდეც ეს ამბავი გასაღებისა და თითების სხვადასხვანაირი კომბინაციების ჩვენებით (შენიშვნა:არ დატოვოთ 8 წლის ბავშვები უმეთვალყუროდ, 5 წლით უფროს მეგობრებთან! :( )

წლების განმავლობაში ჩვენი საქათმის ინვენტარი ნელ-ნელა ჯერ საძინებელი ოთახის რემონტიდან მორჩენილი ფიცრებით შეივსო, რომელსაც ჩემი ძმის გამოთლილი კარადა მოჰყვა, ბოლოს კი, მდინარეში ნაპოვნი, სამსანათურიანი გრძელი ჭაღი. მის დაკიდებასთან ერთად ჩვენ დავიფიცეთ, რომ როგორც კი სიმაღლით ჭაღის სანათურს გავუსწორდებოდით, ეს ზრდასრულობის ნიშანი იქნებოდა და საქათმეში თამაში უნდა შეგვეწყვიტა. მე თხუთმეტის ვიყავი, როცა მომავალში, მოზრდილ საკუთარ თავებს წერილებიც მივწერეთ, რომლებიც რკინის კოლოფით მიწაში ჩავფლეთ; იმ პირობით, რომ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გავხსნიდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მომდევნო წელს მიწიდან ვჩიჩქნიდით და ხელახლა ვმარხავდით, გახსნით მართლაც არ გაგვიხსნია დათქმულ ვადამდე.

ბოლოს ჩვენ გავიზარდეთ და ნათია გახდა ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი, რომელთა თაყვანისმცემლების რაოდენობა პროგრესულად იზრდება და ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო; ხანდახან, როცა რომელიმეს ახსენებს, მე ერთმანეთში მერევა, რომელი ერთია ლევანი, დათო, ბაკური, ზურა… და რომელს რა ისტორია უკავშირდება, ჰოდა, თავს კი ისე ვაჩვენებ, თითქოს შესანიშნავად მახსოვდეს. მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ არის, ამის დამახსოვრება ყოველგვარ შესაძლებლობებს აღემატება :P

მართალია, ჩემი სოფელი ყველაზე ლამაზი და მხიარული სოფელია სამეგრელოში, მე მაინც არ მიყვარს იგი ისე, როგორც საჭიროა და თუ კი რამე მიყვარს მასში, ეს ზუსტად ეს მოგონებებია: ტალახის ტორტებზე, რკინის კოლოფში ჩაჟანგულ წერილებზე, საქათმის დრამწრეზე, პირველ სიყვარულებზე და სამსანათურიან ჭაღზე, რომლის საკრალურ სიმაღლემდეც, აი, უკვე 23 წლის თინიკოს, 21 წლის ნათიას და 18 წლის მარის დღემდეც არ აგვიღწევია.