Tag Archives: შიში

მე და რელიგია

7 ოქტ

(დიდხანს ვიფიქრე, დამედო თუ არა და გადავწყვიტე, რომ უნდა დამედო)

(ბავშვობა)

11 წლის ვიქნებოდი მაშინ, რელიგიის მასწავლებელი რომ ჯოჯოხეთის საშინელებებზე და იმ ცოდვილ ადამიანებზე გვესაუბრა, იქ რომ უნდა მოხვედრილიყვნენ. დიდხანს ვფიქრობდი და ძლივს გავუბედე კითხვა, ის კეთილი და კარგი ადამიანები სად მიდიან, რომელთაც ღმერთის არ სწამთ-მეთქი? შემომხედა და ხაზგასმული დარწმუნებულობით მითხრა, ასეთი ადამიანი კეთილი და კარგი ვერ იქნებაო. მახსოვს, ძალიან იმოქმედა ამ ფრაზამ. მასწავლებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და მისი სიტყვები სანდოდ მეჩვენებოდა, მაგრამ მე ხომ მყავდა და, რომელსაც არ სწამდა ღმერთის. მისი ნათქვამით კი გამოდიოდა, რომ  არც კარგი ადამიანი არ იყო და თან ჯოჯოხეთის ტანჯვისთვის იყო განწირული. სახლში დაბრუნებული ირიბი კითხვებით ვცდილობდი გამომეტეხა ჩემი და, სწამდა თუ არა ოდესმე ღმერთის, ან თუ ჰქონდა შემორჩენილი პატარა ეჭვი მაინც, რომ ის არსებობდა? უკანასკნელ იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, იქნებ კიდევ აქვს შანსი-მეთქი…

Image

ჯერ სკოლაშიც არ ვსწავლობდი. მახსოვს, როგორ მოგვივიდა ოჯახში სტუმრად ახლობელი, მე კი საძინებელში გამისტუმრეს. იქიდან მესმოდა ტირილით რომ უყვებოდა დედაჩემს საკუთარ დედაზე, მკერდის კიბოთი რომ ეღუპებოდა. პატარა ვიყავი და მართლმადიდებლური ხატების იკონოგრაფიაზე არაფერი მსმენოდა. უბრალოდ ის ვიცოდი, რომ და ვინჩის ოქროსფერჩარჩოიანი  ნახატი კედელზე ღვთისმშობელსა და იესოს გამოსახავდა. ამიტომ საწოლზე ავძვერი და მადონას მუხლებზე დაჩოქილმა, მთელი გულით ვთხოვე დახმარება იმ ქალის გადასარჩენად, თვალითაც რომ არ მენახა. არ იყო ამ სიტყვებში არცერთი დაწერილი ლოცვის სიტყვები, ისე ვთხოვე, ბავშვურად და გულუბრყვილოდ. როგორც იმ ადამიანს ვთხოვდი, რომელიც ჩემზე დიდი და ძლიერი იყო და ამიტომ ჩემზე გაცილებით მეტი შეეძლო.

***

ბავშვობაში ჩემი ღმერთი რუსული, დასურათებული ბიბლიის ღმერთი იყო. რუსულად კითხვა არ ვიცოდი (საერთოდაც არც ერთ ენაზე არ ვიცოდი კითხვა), მაგრამ ხატვა მიყვარდა და საათობით ვათვალიერებდი ბიბლიის გვერდებზე კაროლსფელდის შავ-თეთრ გრავიურებს. ახლაც კი როცა ღმერთს ახსენებენ, ხშირად ის ლამაზი მოხუცი წარმომიდგება ღრუბლების ფონზე; ნაოჭებასხმული გრძელი კვართით, დატალღული ჭაღარა თმა-წვერითა და მშვიდი სახით.

Image

(მოზარდობა)

ათეისტებთან უაზრო კამათში მოზარდობისას ბევრჯერ ჩავრთულვარ, ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხელშესახებ ფაქტებს ითხოვდნენ, რწმენა კი არ არის ასეთ ფაქტებზე დამყარებული. მათი არგუმენტების გასაბათილებელი განათლება არ მქონდა, საბავშვო ბიბლიით შორს ვერ წავიდოდი, ამიტომ ხშირად დამარცხებულად ვგრძნობდი თავს.

რადგან შინდისფერყდიან, უზარმაზარ ბიბლიასთან შეჭიდება ასე მიჭირდა, ღმერთთან დასაახლოვებლად უფრო მარტივ გზად მარხვა მეჩვენა. ოღონდ ღირსეული მოძღვრის არჩევა რთულად გადასაწყვეტი საკითხი იყო ჩემთვის, ბევრ ძიებას რომ მოითხოვს ისეთი და სამომავლოდ გადავდე. ისე ვმარხულობდი, ჩემთვის, ჩუმად. არავისთვის გამიმხელია, რომ მარხვაზე ვიყავი, ამიტომ პატარა ტყუილების თქმაც მიწევდა და როცა შოკოლადს მთავაზობდნენ, – არ მინდა-მეთქი, ვუარობდი. ამ მარხვისას სულ სიამაყის განცდა მახლდა თან, თითქოს რაღაც გამორჩეულსა და მნიშვნელოვანს ვაკეთებდი.

***

იყო ასეთი უხერხული მომენტებიც, სამხატვრო სასწავლებლიდან გამოსულები სადმე ეკლესიას რომ ჩავუვლიდით, ჩემი მეგობრები პირჯვარს იწერდნენ. მე კი ვთვლიდი, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გადაიწერო პირჯვარი, როცა ეკლესია გეძახის. მართლა აქვს ზოგ ტაძარს ასეთი ძალა, მაგალითად მცხეთის ჯვარს. დაგყურებს ზემოდან ზვიადად, მთას შერწყმული სასწაულივით და ამ თავისი ძალით „გაიძულებს“ პირჯვარი გამოისახო. ასეთი პირჯვრის მწამდა, მაგრამ ჯგუფელების მიბაძვით მაინც ვისახავდი პირჯვარს სხვა ეკლესიებთანაც. ოღონდ სინდისი მქენჯნიდა, მექანიკური იყო ეს ყველაფერი და არაგულწრფელი. ამიტომ ცოტა ხანში მივატოვე. მახსოვს როგორ იჭვნეულად გადმომხედავდნენ ხოლმე, როცა მათი პირჯვრის გადაწერის ცერემონიალს უძრავად შევყურებდი, მეშინოდა, რომ ამის გამო შეიძლება ისე აღარ ვყვარებოდი, როგორც უწინ.

Image

(ახალგაზრდობა)

თორნიკე გაცნობიდან ერთ კვირაში შემიყვარდა. არასდროს არ მენახა ასეთი მომხიბვლელი, თბილი, მხიარული ადამიანი. ისეთი, ყველას რომ ადვილად უყვარდება, ყოველთვის შეუძლია გაგაცინოს და ოცდახუთი წლისაც კი ბავშვივით გულახდილი და სუფთაა. დიდხანს მიყვარდა, დიდხანს და უიმედოდ, მარტო მეგობრობას ვიღებდი სანაცვლოდ და ისეთ დღეში ჩავვარდი, თავადვე ავუხსენი სიყვარული და ვთხოვე აღარასდროს შემხმიანებოდა, იმიტომ რომ ძალიან მტანჯავდა ეს უმომავლო ურთიერთობა.

მერეღა, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად გავიგე, რომ თორნიკე იმ აღმსარებლობისა იყო, ასე რომ არ უყვართ საქართველოში. თურმე ჩვენი საკმაოდ ახლო მეგობრობის პერიოდში მუდმივად მალავდა ამას, მალავდა ყველა ხერხით.  თავიდან ძალიან მძაფრად აღვიქვი ეს სიახლე. „ოღონდ ეს არა!“ – მიტრიალებდა თავში. გამიჭირდა მაშინვე შეგუება, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხანი მოვუნდი ამ ამბის გადახარშვას. ცნობის დონეზე კი შემომრჩა, მაგრამ ამ ინფორმაციას არაფერი ჰქონდა საერთო ჩემს განცდებთან, ეს მრწამსი ხომ იმ ადამიანისა იყო, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სიყვარულმა გამიარა, ამ მოულოდნელ აღმოჩენას მერეც არაფერი შეუცვლია მის მიმართ დამოკიდებულებაში. თორნიკე დღემდე განსაკუთრებულ ადამიანად რჩება ჩემს ნაცნობებში, ყველასთან მხიარულება რომ მოაქვს ისეთად.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. პირველად დავფიქრდი, რომ გარკვეული მიზეზების გამო მოძულებული მრწამსის მქონე ადამიანები არ შეიძლება ამ მრწამსის გამო ერთნაირებად მიიჩნიო და მათი დანახვისას მხოლოდ ეს ერთადერთი იარლიყი გახსენდებოდეს. კათოლიკე, მუსლიმი, ბაპტისტი, იეჰოვას მოწმე, ათეისტი… ეს სამედიცინო დიაგნოზი არაა.

კიდევ იმასაც მივხვდი, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი რწმენის დამალვა უწევს, ვერასდროს იქნება ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი და ამ შემთხვევაში პრობლემა მასში კი არა, ჩვენშია. იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი დამოკიდებულების გამო აიძულებს, დამალოს საკუთარი არცთუ ისე პოპულარული აღმსარებლობა. იმიტომ რომ არ გაირიყოს, იმიტომ რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეს და იმიტომ, რომ ისე არ დაუწყონ ყურება, როგორც უცხოს.

Image

* * *

არ მახსოვს, როდის მოხდა ეს, მართლა არ მახსოვს. უბრალოდ ერთ დღეს ღმერთმა ჩემთვის  არსებობა შეწყვიტა. თეთრწვერა, ყოვლისშემძლე მოხუცი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. მხოლოდ შესისხლხორცებული ჩვეულებები დამიტოვა, – ხატებისადმი მოწიწება,  შობისა და აღდგომის აღნიშვნა, შეძახილი „ქრისტე აღსდგა“  თვითონ კი სადღაც მითოსის სამყაროში გადაინაცვალა ზევსის, პოსეიდონისა და ჰადესის გვერდით, თავისი სამოთხითა და ჯოჯოხეთით, ეშმაკითა და ანგელოზებით. ისტორიული ფაქტებისა მჯეროდა, ოღონდ სანახევროდ. ქრისტე ნამდვილად უნდა არსებულიყო, მაგრამ მთლად ისეთიც არ უნდა ყოფილიყო, როგორსაც ბიბლია აღწერდა.

images

მაგრამ მე ახლაც მეშინია ამის გამხელის, მეშინია იმიტომ, რატომაც პირჯვრის გადაუწერლობისას მეშინოდა,  მეშინია იმიტომ, რატომაც შემეშინდა 11 წლისას, როცა გავიგე, რომ ურწმუნოები არ შეიძლება იყვნენ კეთილები. ვაითუ ბევრი ფიქრობს ასე, ვაითუ ის ფაქტი, რომ მე ღმერთის არ მწამს, შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ ადამიანებმა აღარ მიმიჩნიონ თავისიანად. დამიწესონ ლიმიტები და საზღვრები, რომლის იქითაც ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია გამოთქვას აზრი, ჩაერთოს რელიგიურ საკითხებზე კამათში და ისაუბროს სიკეთეზე

***

14 წლით უკან რომ დავბრუნდე, ჩემს მასწავლებელს ვეტყოდი, რომ ცდება. რომ მისმა ღმერთმა უმნიშვნელოვანესი ღირებულება დაგვიტოვა – არჩევანის თავისუფლება. რომ ერთი სახის არჩევანი ავტომატურად არ გულისხმობს სხვა არჩევნების კომპლექტს. რომ ის, რომ ადამიანი ათეისტია, არ ნიშნავს მანკიერი თვისებების ნაკრების ფლობას. ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. რადგან ადამიანობა არ იზომება ერთადერთი საზომი ერთეულით, რომელსაც რწმენა ჰქვია.

ვეტყოდი, რომ ადამიანები მრავალფეროვანნი და განსხვავებულები არიან, რომ არსებობს უამრავი ღმერთი, რელიგია და მრწამსი და თითოეული მათგანის მიმდევრებში იყვნენ გმირები, ქველმოქმედები, სამშობლოსთვის შეწირულები… უბრალოდ კარგი მამები და დედები, ღირსეული მეგობრები და ერთგული მეუღლეები… რომ ღმერთი, თუ ის არსებობს, ასეთ ადამიანებს თვლის მისი მცნებების ერთგულად. რომ მართლმადიდებლური წესით მონათვლა სულაც არ არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისა და ნათლისაკენ. იმასაც ვეტყოდი,  რომ შოკოლადის ჭამა-არჭამა სინამდვილეში არაფერს წყვეტს და რელიგია არ დაიყვანება ასეთ წვრილმანებზე. ღმერთი (თუ ის არსებობს) გაცილებით დიდი უნდა იყოს, ამ დეტალებზე ამაღლებული. რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულის უნარი უნდა იყოს, როგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი და რას აკეთებენ ამ სიყვარულის ძალით.

kindness-480

მე ასეთი ადამიანების მჯერა, სხვადასხვა რელიგიისა და მრწამსის მიმდევრების, განსხვავებულების, ფერადების, იმათი, ვისთვისაც სიყვარული, თავისუფლება და სიკეთე ცარიელი სიტყვები არაა. ვინც ამისთვის შრომობს, იღვწის და იბრძვის და თუ ოდესმე ისევ ვიწამებ, მხოლოდ მათ საერთო ღმერთს. რადგან ის იქნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მე ასეთი ღმერთის მინდა მჯეროდეს.

Καρκίνος

23 ნოე

ოთახში შესულს პირველად ხატების კუთხე მომხვდა თვალში, ყველანაირი ზომის გამოსახულებით, შუაში უზარმაზარი ჯვარცმით. ალბათ ეს ადგილი საგანგებოდ იყო შერჩეული, რელიგიურებს ზღურბლზევე რომ დაეტოვებინათ სინდისის ქენჯნა ეშმაკეულ საქციელთან დაკავშირებით. კარების მარჯვნივ ტაბლა იდგა, პატარა ელექტროქურით. იქვე მრგვალი მაგიდა სკამებით. მაგიდის მარცხნივ, სავარაუდოდ სამზარეულოსგან გამყოფი ხავერდის ფარდები. ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში გვეკიდა ხოლმე მსგავსი. ქალმა მაგიდისკენ მიმითითა, თვითონ კი ყავის მოდუღებას შეუდგა.

ფინჯანი თეთრია, ოდესღაც ფერადი, ახლა გაცრეცილი ყვავილების არშიით, ყავა  – გემრიელი. მიყვარს თურქული ყავის არომატის ყნოსვა და პაწაწინა ფინჯნის საათობით წრუპვა, მაგრამ ახლა ვჩქარობ, დრო მეც ცოტა მაქვს და როგორც ჩანს მასპინძელსაც. როცა უკვე ოდნავღა ფარავს სითხე ნალექს, როგორც მეუბნება ისე, საათის ისრის საწინააღმდეგოდ შვიდჯერ შევაქანებ და ლამბაქზე პირუკუღმა ვდებ. 15 წუთში მკითხაობას დავიწყებთ.


ვიცი, ასეთი რაღაცები არ შემეფერება. მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი ისეთი ხდება ჩემს თავს, რაც არაფრით შემეფერება. თუ რამეა, თავს იმით ვიმართლებ, რომ მორიგ გამოკვლევამდე დარჩენილი საათები უნდა გამეყვანა და ამიტომ მოვედი აქ, ასე რომ წყალგაუვალი ალიბიც მაქვს. მე ხომ ჭკვიანი გოგო ვარ, მისნების, ნათელმხილველების და ასტროლოგიის რომ არ უნდა სწამდეს ისეთი. ამიტომაც ქურდბაცაცობაზე წასწრებულივით ვიღიმები და სანამ ჩემს ფინჯანს „ცრემლი“ შეშრობია, ამ ქალზე დაკვირვებით ვირთობ თავს.

პეკინესს ჰგავს, მოკუჭული სახით, აი, თითქოს შუბლი და ნიკაპი ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ და შუაში ცხვირი შემოეჭყლიტათო, ისეთი. მწვანე თვალები აქვს და დიდი ძუძუები, დეკოლტის არეზე შებერებული კანით. ვფიქრობ ახალგაზრდა ლამაზი იქნებოდა თუ არა და ვასკვნი, რომ ახალგაზრდაც პეკინესს ემსგავსებოდა ალბათ, ნორჩ პეკინესს. ახლა მჭმუნვარე სახით ჩაჰყურებს ჭიქაში ჩემს ცხოვრებას, მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ. ნეტავ რამდენი ხანი სწავლობდა სარკეში ასე ყურებას, საკუთარი ღირსებით აღსავსე პროფესიონალის მზერას?..

ჩაახველა და თითით მიმანიშნა ფინჯნის ყურთან. ეს შენ ხარ და შენი საახლობლოო, ორი ერთგული ადამიანი მოჩანს შენ გვერდითო (?), ყველანაირად გვერდით გიდგანან, როგორც ჩანს ხიფათიანი ცხოვრება გაქვს და არ გტოვებენ მარტოო. მერე ფინჯნის ქვედა მხარეს დაუწყო “ჭვრეტა”, ეს შენი წარსულია, ამაზე ბევრს არ შევჩერდებიო, ვიღაცის თვალი ახსენა, ავი თვალით გიყურებდა, მაგრამ გაქრა შენი ცხოვრებიდანო და მერე რამდენიმეწამიანი პაუზა… მაღალ ბიჭს ვხედავ, დიდი ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში, მთელს ჭიქას ჰკვეთს მისი გამოსახულებაო, – მითხრა და გვერდულად გადმომხედა, ალბათ ჩემი რეაქციის დასაფიქსირებლად. წარბშეუხრელად ვზივარ და ცივად შევყურებ, თუ ამ ქალს და სულელურ ფიგურებს რამის თქმა მართლა შეუძლიათ, ეს ბიჭი საბა უნდა იყოს.

*   *   *

რომ იცოდე, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენი ყოველი ნახვისას სინდისის ქენჯნით დაიტანჯება, რომ იცოდე, რომ შენთან ურთიერთობა ამიერიდან მხოლოდ ატკენს, რომ თქვენი წარსულის ყველა მოგონება ერთადერთი  მძიმე ფიქრით ჩანაცვლდება. და იცოდე, რომ აწი ვერაფრით მიხვდები, შენთან იმიტომ რჩება, რომ ისევ უყვარხარ, თუ უბრალოდ მოვალეობის გრძნობა და სიმხდალე აჩერებს, ერთადერთი სწორი გამოსავალი თავისთავად ჩნდება ასეთ დროს, და ეს – მისი ცხოვრებიდან წასვლაა.

ჩემი საქციელი ორნაირად შეიძლება აიხსნას, როგორც გმირობა და როგორც სისულელე. და რადგან ოთხი თვე სრულდება, რაც გადაწყვეტილება მივიღე, ვერაფრით ვერ გამოვტყდები, რომ ეს ამდენი თვეა, მხოლოდ ვსულელობ. მირჩევნია ისევ გმირი ვიყო. ან ის, ვინც “გმირულად” გაიქცა. იმის აღიარებაც მომიწევს, რომ ეტყობა არ ვიყავი საბაში ბოლომდე დარწმუნებული. თავიდანვე ზედმეტად გავაღმერთე და თავს იღბლიანად ვთვლიდი, ასეთმა შესანიშნავმა ადამიანმა პატივი რომ დამდო და შემიყვარა.

ალბათ ყველა სხვადასხვანაირად ხვდება, რომ შეყვარებულია, ვიღაცა სიზმრების უცვლელი პერსონაჟის გამოჩენით ასკვნის, ვიღაც მუდმივი მონატრებით, ვიღაც კუჭთან სპაზმებით… ხვდება ზოგი ერთი ნახვით, ზოგი მრავალწლიანი მეგობრობის თავზე. მე გაცნობიდან თვენახევარი და ერთი პატარა შემთხვევა დამჭირდა ამის აღმოსაჩენად.

ერთხელ ლანჩის დროს ახალმა თანამშრომელმა საბამ  თავზე რომ შემოიჭდო ხელი და გამხდარ მკლავებზე ასე საგულდაგულოდ „გადამალული“ ბიცეფსის კუნთები გამოუჩნდა, მოცისფრო, ამობურცული ძარღვის კლაკნილით – მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი მაგარი აქამდე არაფერი მენახა! და იმასაც მივხვდი, რომ ამ ბიცეფსიანი (თუ უბიცეფსო) ბიჭის შეყვარება მომესწრო თურმე. შეუმჩნევლად შემომყვარებია მისი გამხდარი მკლავები და შეუსაბამოდ დიდი ხელის მტევნები, ღერძიდან რამოდენიმე მილიმეტრით გადახრილი  – ცხვირიც, სწორი წარბებიც, ჩაწიკწიკებული კბილებიცა და მუდამდღე დასავარცხნი თმებიც. მოკლედ ყველაფერი – მის სხეულში ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, ყოველი სანტიმეტრი და ყოველი უჯრედი.

უფრო გვიან ამას რომ ვიხსენებდი და ვეკითხებოდი, შენ თვითონ როდისღა მიხვდი, რომ გიყვარდი მეთქი? მეშაყირებოდა, – მე შენს ტრიცეფსებზე გავგიჟდი ერთ დღესაცო. არ ვიცი, მართლა ტრიცეფსებმა მოხიბლეს თუ წვივის კუნთებმა, მაგრამ მალევე, მთვრალმა და აბლუკუნებულმა, ღია ცისქვეშა კორპორაციულიდან ზღვის პირას გამიყვანა და შეეცადა, რაც შეიძლება, რომანტიკულად აეხსნა, რასაც განიცდიდა.

ცოტა ხანში კი მარკერებით დავინიშნეთ, ჩვეულებრივი ფლიპ-ჩარტის მარკერებით, მორიგი პრეზენტაციის წინ, ორი კოლეგა-მოწმის თანდასწრებით. საბამ მწვანე მარკერით შემომიხაზა მარჯვენა არათითი, მე – ლურჯით. მერე რა, რომ ჩვენმა ბეჭდებმა ხელის ორ გადაბანასაც ვერ გაუძლეს, ნეტავ ასეთი სიხარულით ბაჯაღლოთიც ინიშნებოდეს ბევრი.

*  *  *

აღმართი და დაღმართი, დაღმართი და აღმართი. ბოლოს და ბოლოს აზრზე უნდა მოხვიდე და მიხვდე, რომ ერთს მეორე მოჰყვება, იმასაც უნდა მიხვდე, რომ თუ მეტისმეტად მაღლა ახვედი, თუ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმართი აათავე და ზღვარს ზედმეტად ასცილდი, დაშვებაც მალე მოგიწევს. წარმოუდგენლად მალე.

უკვე ნახევარ წელი ხდებოდა, რაც საბას ვხვდებოდი, ერთ დღესაც, მისი დამსახურებით საკუთარ თავზე  ხელახლა შეყვარებულმა სარკესთან რომ მოვინდომე სხეულის შეთვალიერება. ცვლილებაც მაშინ შევნიშნე,  მაგრამ არც მიფიქრია მისთვის მეთქვა, არ შემშინებია და იმიტომ. როცა ასე ბედნიერად გრძნობ თავს, გესირცხვილება უმნიშვნელო პრობლემების და კანის ჩაბრუნების გამო აღელდე, უხერხულიც კია. ექიმთანაც ყოველი შემთხვევისთვის შევირბინე, დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მჭირდა და კონსულტაციისთვის დახარჯულ ფულზე წინასწარ მეთანაღრებოდა გული. ჯერ მისმა სერიოზულმა სახემ ჩამაფიქრა გასინჯვის დროს, 2  დღის მერე მამოგრაფიის შედეგმა. არ მინდა იმ საშინელების ხსენება, თუ არ ვახსენებ, ისე ყურისმომჭრელად საშიშად აღარ აღიქმება თითქოს. Καρκίνος – ფეხსასხსრიანთია ტიპის უხერხემლო. ასე გაცილებით მარტივია.

ახლა აღარც ვიცი, რაც საბას მიმართ შემომრჩა იმას, ისევ სიყვარული უნდა ვეძახო თუ არა, იმიტომ რომ ჩემი მოგონებები უკვე გადაიფარა ერთადერთი მტანჯველი ფიქრითა და შიშით. იმ შიშით, ტანზე ოფლად რომ გღვრის, პირს რომ გიშრობს, ყელში გიჭერს და მზად გხდის, პატარა ბიძგზეც კი აღრიალდე.

საბა სადღაც ტვინის ინფორმაციულ ხვეულებში ფაქტადღაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, მე ისევ მახსოვს, რომ მიყვარს, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ ამას, უბრალოდ აღარ მაქვს ამის თავი. ალბათ სხეულის მოჭრილ ნაწილთან ერთად დავკარგე. მაშინ  ნახევარ ქალად რომ ვიქეცი, ან უფრო გვიან, ადამიანადყოფილს რომ დავემსგავსე, ამოღამებული თვალებითა და ძველი თაბახისფერი კანით.

ვიცი, რომ ძალიან ვატკინე, მაგრამ შემეშინდა, რომ უფრო გვიან მეტად ვატკენდი. შეიძლება უბრალოდაც ეგოიზმი ჰქვია ამ ყველაფერს და თავის მართლებასავით გამომდის, დიდი სიყვარულის სახელით რომ ვფუთავ. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.

ავდექი და  მივატოვე, თბილისში გადმობარგებამდე სამსახურის მაგიდაზე დავუტოვე გრძელი, ბილწი წერილი და ვუთხარი როგორ მიშლიდა ნერვებს, ვუთხარი რომ ვეღარ ვიტანდი მის ვერც ერთ ჩვევას და არ მინდოდა მქონოდა მასთან არანაირი კავშირი. ყველაზე გულდასაწყვეტი დეტალები წამოვაძახე და ყველა მტკივნეულ წერტილს გადავწვდი. ისეთი საზიზღრობები დავწერე, თვითონვე რომ გამიკვირდა საკუთარი ფანტაზიის. უკანმოსაბრუნებელი გზა კი არ მოვიჭერი, გავიუქმე და გავინადგურე. დემონსტრაციულად გადავტეხე საკუთარი მობილურის სიმ-ბარათიც, სულს რომ არ წაეძლია და ზარზე არ მეპასუხა, ან სხვა რომელიმე თანამშრომელს არ მოეგნო ჩემთვის. ამოვიშალე თავი ინტერნეტ-სივრციდან. ერთად მოვაქუჩე მისი ყველა საჩუქარი და სანაგვეში მოვისროლე, დავხიე სურათები და დავიწყე დავიწყება, რომელიც ვერა და ვერ მივიყვანე ბოლომდე.

საბას როგორც ჩანს არც მოუნდომებია, რამის გარკვევა და გამოძიება. ერთხელაც არ უცდია, მიმხვდარიყო, რა ჯანდაბა დამემართა. კი, ვიცოდი, რომ ამაყი იყო, ისიც ვიცოდი, ასე შელახულ თავმოყვარეობას რომ არაფრით მაპატიებდა, მაგრამ შიგნით, სულ ღრმად და ერთი ბეწოთი, მაინც მრჩებოდა იმედი, რომ რაღაც სასწაულით მიხვდებოდა ჩემი საქციელის ნამდვილ მიზეზს. მომძებნიდა ჩვენი ქალაქიდან ასე შორსაც, შუბლზე თმას გადამიწევდა და ჩემს თვალებს ჩაჩერებული იტყოდა:

– რა სულელი ხარ და როგორ მიყვარხარ, როგორ იფიქრე რომ დაგტოვებდი ასეთ დროსო? მეგონა მარკერით მონიშნული სიყვარული მართლა განსაკუთრებულად გვაკავშირებდა, მაგრამ სულაც არ ყოფილა ასე. ზუსტად ახლახანს შევიტყვე, საბა რომ მარტო აღარ არის.

ალბათ უბრალოდ სადღაც ჰაერში ჩამოკიდებული დავტოვე ეს ახალი ამბავი, იმიტომ რომ მეტი ახალი ამბის დატევა აღარ შემიძლია, ისედაც ახალ-ახალი სამედიცინო ტერმინებით, ინტერნეტში მოქექილი ინფორმაციითა და გამყინავი შიშით ვარ გაჟღენთილი.

*   *   *

ფიქრებიდან ისევ პეკინესის ხმას გამოვყავარ, ახლა უკვე უახლოეს მომავალზე მესაუბრება, რაღაცებს მიხსნის კომბოსტოს გამოსახულებაზე, რომელიც ეჭვიანობას ნიშნავს თურმე, ზარზე – უსიამოვნო ამბავს გაიგებო და ნავზე – დიდი გზა გელისო. მერე ერთხელაც დაიყენებს ყოვლისმცოდნე იერს, წაწვეტებულ ფრჩხილიან თითს ფინჯნის შუაგულს მიუშვერს და იდუმალი ხმით მეჩურჩულება:

–  ერთი წლის შემდეგ მოსახდენ ამბებს აჩვენებს ძირი, წრეში ჩახატული გადაჯვარედინებული ხაზები კი ქორწილის  ნიშანია. ერთ წელიწადში ნამდვილად თხოვდებიო…

 * * *

საწყალი ქალი, ნეტავ როგორ გაიხსენებს მერე ჩემს ამბავს? იმ კლიენტის ამბავს, მოულოდნელად რომ წამოუხტა სკამიდან, ფინჯანი ხელიდან გამოსტაცა და პირდაპირ ხატების კუთხისკენ მოისროლა, როგორ გაისმა წკრიალ-ბზრიალის ხმა და როგორ დაემჩნა შპალერს სამუდამო ლაქად ყავისფერი წინწკლები. როგორ თავშეუკავებლად გაჰკიოდა უცნაური კლიენტი რაღაცას დაკარგულ სიყვარულზე, ნახევარ ქალობაზე, თითებზე და მარკერებზე. და სიბრაზისგან როგორ კანკალებდა მთელი სხეულით მაგიდას ჩაჭიდებული.

თუმცა ისიც მეეჭვება, ამდენი რამე შეემჩნია, ისეთი გაოგნებული მომჩერებოდა, ვიფიქრე, სადაცაა წკავწკავს დაიწყებს-მეთქი, ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.

ცრემლები  ხელს მიშლიან ტაქსის ნიშნები გავარჩიო და ვერც ვხვდები, როგორ ვესვენები მძღოლის გვერდით სავარძელზე, ონკოლოგიურთან მიმიყვანეთ-მეთქი ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. ლოყები მიხურს და ვგრძნობ როგორ დაუსრულებლად მიერთდება ნიკაპქვეშ ორი თბილი ნაკადი.

ექვსი თვე დამრჩა.