Tag Archives: წარმატება

To be(lieve) or not to be(lieve)

5 მარ

არ მესმის, რატომ გაქვს ჩემი სწორ გზაზე დაყენების ასეთი დაუოკებელი სურვილი. ეს ჩემი გზაა და ჯობია მასზე წავიქცე, ვიდრე შენს მითითებულზე წავბორძიკდე და შენვე დაგაბრალო ეს.

ჰო, მართალი ხარ, ჩემი რწმენა მდოგვის მარცვალზე ბევრად, ბევრად მცირეა. ისიც არ ვიცი, საერთოდ რწმენა უნდა დავარქვა, თუ ინსტინქტური, ტრადიციებით ნაკარნახევი შიშისა და მოკრძალების ნაზავი გაუცნობიერებლის წინაშე – ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანისგან რომ მერგო მემკვიდრეობით.

ჰო, მე არ ვდგავარ ეკლესიის კარებთან ყოველკვირა და რელიგიური რიტუალების უმრავლესობა ჩემთვის უბრალო რიტუალადვე რჩება.

მე ასე ვარჩიე, ვარჩიე ადამიანის გენიის მჯეროდეს, მისი უკიდეგანო შესაძლებლობების, რომელსაც ვერც ბედი შებორკავს და ვერც ღმერთი. ვარჩიე, თავისუფალი არჩევანის კი არ მჯეროდეს კარგსა და ცუდს შორის, არამედ უსაზღვრო თავისუფლების.

ჰო, მე არ ვიწერ პირჯვარს ყოველი ეკლესიის დანახვისას (და ვგრძნობ ამ დროსაც შენს ეჭვიან მზერას), ერთადერთი მცხეთის ჯვარია, რომელიც სუნთქვას მიკრავს და ამას “მაიძულებს”. ისე მაღლა დგას და თანაც ისეთნაირად, თითქოს ეს მთა და ეკლესია ერთმანეთის გარეშე არც არსებულიყვნენ არასდროს. ისიც არ ვიცი, იქნებ ამ მოწიწებასაც ისევ მისი ამგები ადამიანის ნიჭისადმი ვგრძნობ და არა სხვა რამის.

ადამი და ევა, ჯოჯოხეთი ეშმაკით და ბედნიერებით სავსე სამოთხე მეზღაპრულება, ილუსტრირებულ ბიბლიებში ჩახატული წვერებიანი მოხუცი კი, მეტად მემარტივება, იმისთვის, რომ ღმერთად იწოდებოდეს.

მე მჯერა სამართლიანობის, მაგრამ აქვე, მიწაზე! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისე მსუბუქად არ უნდა გამოძვრეს, როგორც ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში თუხთუხია. სამოთხის მარადიული ნეტარება კი – უუჰ, რა ასატანი იქნებოდა ერთფეროვანი, დაუსაბამო ბედნიერება, საერთოდაც რა ფასი ექნებოდა მარადიულ აღმართს დაღმართის გარეშე, იეღოველების წიგნში ჩახატულის მსგავსი, ბედნიერი გამომეტყველების ყურებას ყოველდღე!!!

ჩემი რწმენა ჩემი რელიგიური ცოდნის პროპორციულია, ან რელიგიური ცოდნაა რწმენის პროპორციული. ჰო, მე შეიძლება ამით იოლად დავიძვრინე თავი, შენ კი ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა დააკისრე თავს, იწოდებოდე მორწმუნედ. იცნობ ამდენად რელიგიას? ბიბლიას? რატომ გგონია დაწესებულ დღეებში მარხვა-ლოცვა ინდულგენცია? მე არც ის მინდა, იმათ ვგავდე, ვინც მარხვას “უმკლავდება”, რომლებიც რატომღაც უნდა შევიბრალოთ, რადგან მარხულობენ.

მე მინდა განვიკითხო, რადგან არ მჯერა: თუ არ მოგწონს – თვალები დახუჭესი, თუ არ მოგწონს – გადართესი, თუ არ მოგწონს – არ წაიკითხოსი. მე მინდა განვიხილო, გავაკრიტიკო და განვიკითხო, მინდა შემეძლოს დავეჭვდე, ძალიან დავეჭვდე, მინდა შემეძლოს ვიხუმრო, ვიოცნებო და შევცოდო. მინდა თავისუფალი ვიყო, არჩევანში კი არა, საერთოდ თავისუფალი.

ეს შენ არჩიე ასე, იმედი ეკლესიაში ეძებო, წარუმატებლობაზე ბედს შეაწმინდო ხელი, წარმატება ღმერთს დაუკავშირო. ეს შენ იპოვე იქ ხსნა. ჩემთვის კი, ჩემი წარმატება ჩემი ძალისხმევის შედეგია და წარუმატებლობაც ჩემი ბრალია. რომ იცოდე, როგორ სასაცილოდ მეჩვენება გამოცდების წინ გადაწერილი პირჯვრები და გათხოვების, დაწინაურების, ლატარიაში მოგების თხოვნებით “აღჭურვილთა” მიერ ეკლესიის ზღურბლის ცვეთა. კარგი გამოსავალია, “სხვას” გადააბარო ყველა შენი გასაკეთებელი. ან ის რა უკუღმართი ჩვევაა, “სპიშკით” განათებულ სურათებში ანგელოზები და ეშმაკები ეძიო, სანთლის ჩამონაღვენთში წმინდანების სახე აღმოაჩინო და მეზობლისგან ჩამოსული წყლით გაფუჭებულ კედელზე ღვთისმშობლის გამოსახულება? შენ მე მსაყვედურობ, მაგრამ თავად ეძებ რწმენის განსამტკიცებლად, თუ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად უსუსურ არგუმენტებს.

ამდენი ტყუილად არ მიწერია, თუ წაიკითხე, მიხვდებოდი კიდეც, რომ მე ის კუზიანი ვარ, რომელსაც მხოლოდ სამარე გაასწორებს. ჩემი რწმენა (შეიძლება რწმენაც რომ არ არის) ძალიან პატარაა, მჭლე, უნებისყოფო, კოჭლი და უსუსური, “ქართაგან ძლიერთა” ყოველი დაბერვისას რომ ირხევა ისეთი, მაგრამ სისხლის გადასხმა მაინც არ უშველის, მართლა დიდი მადლობა, მაგრამ არავისგან დახმარებას არ საჭიროებს.

Advertisements