არქივი | აპრილი, 2010

შფოთვიზმი

30 აპრილი

ჩვენი პირველი სარეკლამო რგოლი თითქმის მზადაა, რომ იტყვიან 90%-ით და რაღაც წყეული 10%-ს გამო, ანუ ერთი საშინელი, დაზიანებული ფაილის “წყალობით” ყველაფერი გვიფუჭდება. დამკვეთთან შეხვედრა რამდენჯერმე გადავდეთ, თან ესეც მაღელვებს და თან ისიც, რომ რამის გამოსწორება ჩემს ძალებს აღემატება.

არადა მარტიდან მოყოლებული ზედ გადავყევით, ბოლოს გადაბმულ რეჟიმში ვმუშაობდით და ორი ღამე გავათენეთ კიდეც, ყველა დეტალი გავთვალეთ, მილიმეტრ-მილიმეტრ ვსაზღვრავდით მოქმედების გარემოსა და ფერ-ფერ ფონს, წამებში გადავთვალეთ ყოველი მოძრაობა და ჩვენი ცხოველის ხელის უბრალო გაქნევასაც კი, 3 კაცი ვმეთვალყურეობდით.

ახლა კი შეიძლება ყველაფერი თავზე გადაგვემხოს და უძილო ღამეებიც წყალში ჩაგვეყაროს. მეშინია და დავიღალე, მინდა ერთი კვირა იყოს გასული და ყველა პრობლემა მოგვარებული, უკვე ძალიან ბევრი ვიშრომე და მინდა ჩემი შრომის შედეგი ვნახო. სხვანაირად არ შეიძლება. სხვანაირად უსამართლობაა! :(

* * *

26 აპრილი

მადლობა იმისთვის…
რომ ყოველ დღეს უფრო ბედნიერს მიხდი, როცა გხედავ; იმ სხივებისთვისაც, რომელთაც თვალებში მიჩენ და რომლებიც შენი მუდამ აციმციმებული თვალების ანარეკლია; შენი გადამდები სიცილისთვისა და იმისთვის, რომ ქუჩაში მოსიარულეს ყველა და ყველაფერი მიყვარს;

…იმისთვის, რომ ახლაც მომღიმარი ვწერ ამ პოსტს. შენი სურათებისთვისა და ვიდეოებისთვისაც, დღეში ასჯერ რომ ვნახულობ და ყველას სიამაყით ვუჩვენებ, როგორი კარგი “მყავხარ”. სულელი რომ ხარ ზოგჯერ, ზოგჯერ კი ისეთი ჭკვიანი, რომ მაოცებ; შენ გვერდით სუსტი რომ ვხდები; რომ შეგიძლია თვალებით მელაპარაკო და რომ მგონია, თავიდან ბოლომდე მკითხულობ.

…იმისთვის, რომ შენ გვერდით უნიჭო მსახიობი ვხდები და თამაშის ნაცვლად მხოლოდ ოცნება შემიძლია: როგორ შეგიცურებდი თმებში ხელებს და დაგადებდი ფართო ბეჭებზე თავს, როგორ მომიმწყვდევდი შენს დიდ ხელებში და გულზე მიმიკრავდი.

იმისთვისაც მადლობა, რომ ჯერაც შემიძლია ვთქვა, რომ არა – არ მიყვარხარ, საშინელი ტანჯვის გარეშე შემიძლია ვიცოდე, რომ სხვისი ხარ. მე ჯერ ის პაწია ნაპერწკლებიც მყოფნის, თვალებში რომ გიჩენ.

Song – ინდიკატორი

12 აპრილი

ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანი მნიშვნელოვანი გახდა, ისაა, რომ მას ყოველთვის უკავშირდება რამე სიმღერა. უკავშირდება რბილად ნათქვამია, სიმღერა ინაცვლებს მობილურში ზარად, ვუსმენ “ნაუშნიკებით” აღჭურვილი დღის განმავლობაში და აუცილებლად დაძინებამდე, კომპიუტერში ჩართულია მოქმედების მუდმივ რეჟიმში და ცოტა ხანში იძულებს ჩემი ოჯახის ყველა წევრი და მეზობელი (ეს ოდნავ გავაზვიადე).

თანაც მიზეზი რატომ ეს და არა სხვა სიმღერა, ხშირად ბურუსით არის მოცული, მაგალითად, მახსოვს ქათამაძის “იები” სამუდამოდ იმიტომ შეეჯვარა ვინმე ალიკას, რომ სოფლიდან ქალაქში მგზავრობისას, თან ეს სიმღერა ისმოდა “მარშრუტკის” მაგნიტოფონში და თან სულ მასზე ვფიქრობდი (ერთადერთი ნორმალური სიმღერა იყო მთელს კასეტაში, ესეც უნდა იყოს მიზეზი).

იმის ბოლო ნიშანი კი, რომ ადამიანი გულიდან ამოვირეცხე, ის ხდება, რომ აკვიატებული სიმღერა ან სამუდამოდ ამოიშლება ყველა ხელმისაწვდომი ტექნიკური ხელსაწყოდან, ან მრავალწლიან მივიწყებას ეძლევა.

სულ პირველს Nautilus Pompilius – Я хочу быть с тобой მაგონებდა და მაგონებს. კიდევ ერთს, იმ დროს ასევე მნიშვნელოვანს – Дискотека Авария-ს – Если хочешь остаться.

უკანასკნელს კი, ეს:

რკინიგზული ფსიქოლოგია

7 აპრილი

აღდგომის დილას, ღამის მატარებლით მგზავრობისას, უდიდესი პატივი მერგო, ჩემს ცხოვრებაში პირველი ფსიქოლოგიური სეანსი შედგა. ეს დღეები სოფელში გავატარე და სურვილი მწვავდა, ყველაფერი, რაც იმ ქალმა ორადგილიან კუპეში მიამბო, ბლოგზე დამეწერა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ღირდა. მართალია, ძალიან უჭირდა მაშინ, ალბათ ნებისმიერს, ვისაც არ უნდა გადაყროდა ვაგონში, ყველაფერს მოუყვებოდა, მაგრამ მე მაინც ჩვენს საიდუმლოდ მინდა შევინახო ის ამბები.

საერთოდ ცნობილია, რომ როცა ადამიანი შფოთავს, აფილაციის (ახალი კონტაქტი, ურთიერთობა) მოთხოვნილება უჩნდება. როცა კუპეში შევედი, ისე აქტიურად გამომეცნაურა, ცოტა არ იყოს მეუხერხულა, ისეთ ტიპებს მივაკუთვნე, 15 წუთში შენი საუკეთესო მეგობრები რომ ხდებიან, ჰოდა, დიდი ინიციატივა ურთიერთობის გაღრმავების მიზნით არ გამომიჩენია, დავწექი და დავიძინე.

მაგრამ მეორე დილით, რომ მკითხა, როგორ გეძინაო და ჩემ პასუხს მიაყოლა, მე მთელი ღამე ვტიროდიო, აი, მაშინ მივხვდი, რომ სხვა რამეში იყო საქმე და არა თანდაყოლილ ფამილარულობაში. სულ მახსენდება, რასაც მიყვებოდა და ვითრგუნები, ეტყობა გამოცდილებასთან ერთად მოდის, გულთან ახლოს არ მიიტანო ყველა კლიენტის (თუ პაციენტის) მონათხრობი. მთავარი კი ისაა, რომ მივხვდი, ფსიქოლოგობა მართლა დიდი პატივია, მაგრამ თან ძალიან რთულიც. ეს პოსტიც ფსიქოთერაპიული ხასიათისაა, ცოტა ორთქლი უნდა გამომეშვა.

პ.ს. დღეს ჩამოვედი ქალაქში და სკაიპში გულისამაჩუყებელ ტექსტებს ვარიგებ.
[5:55:21 PM] Kohinoor: tbilisi miyvars ra! axla vzivar komptan da bednierebisgan vibadrebi, aq unda davimarxo da asfalti damagon gulze (inlove)