Tag Archives: ფილმი

ჩართვა “ნეტოთახიდან”

10 მაისი

ისინი ბევრნი არიან, ჩემს გარშემო სხედან, მონიტორს თვალს არ აცილებენ და მკაცრი სახით კრეფენ ტექსტებს… მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არადა, დარწმუნებული ვარ, ეზოში მუხლებდაკაწრულები რომ დარბოდნენ, მაშინ ყველას მსახიობობა უნდოდა. აი, იმ მაგარ კინოებში ლამაზი ბიჭების კოცნა და თვალების დახუჭვა ამ დროს. მერე ალბათ გადაიფიქრეს და სრულიად უმტკივნეულოდ შეელივნენ ოცნებას. აი, მე კი…

მეექვსე კლასში ჩემში დაფარული არტისტული ნატურის გამოვლენის შანსი მომეცა. უფრო სწორად, მე ჩავთვალე, რომ ტელევიზორში გასული რეკლამა; 4-დან 12 წლამდე ბავშვებს რომ იწვევდა სატელევიზიო ფილმში გადასაღებად, რაღაც ზებუნებრივი ნიშანი იყო, პირველი ნაბიჯი ოსკარისკენ მიმავალ გზაზე. მე ხომ უკვე უამრავი ზღაპრული ისტორია წამეკითხა სინჯებზე შემთხვევით მოხვედრილ გოგონებსა და ბიჭუნებზე, რეჟისორი რომ შეამჩნევდა და ყვირილით შესძრავდა სტუდიას: ევრიკა, აი, ისიც!

ეჰ, რა სათუთი და მეოცნებე ვიყავი…

ტელევიზორში მითითებულ მისამართზე მე და ჩემი და ერთად წავედით, მანამდე კი ვაგზლის ბაზრობაზე კაბა ვიყიდე, უჯრულა, ჯინსისგულმკერდიანი (კაბას, სავარაუდოდ, ჩემი მსახიობური გარეგნობისთვის უნდა გაესვა ხაზი, თუ რა იყო, არ ვიცი). სტუდიაში კაცი დაგვხვდა, ოღონდ ფანტაზიებში წარმოდგენილ რეჟისორს ოდნავადაც არ ჰგავდა. ძალიან უსიმპატიო იყო, ბოროტ ძიებს რომ ასახიერებენ ფილმებში იმდაგვარი, შემაძრწუნებელი ღიმილით. ამ კაცმა ერთი კვირის მერე ჟიურისთან გასაუბრებაზე დაგვიბარა. თან გამაფრთხილა, რომ მათ წინაშე უნდა მეცეკვა,მემღერა და ლექსი წამეკითხა.

გავიდა ის კვირაც როგორც იქნა. გასაუბრებაზე მშობლებთან ერთად მივედი და ცოტა არ იყოს შევცბი, მე ვიყავი ყველაზე უფროსი და ამდენ ხითხითა, კივილა, მხტომელა ბავშვებში ჟირაფივით ამოწვერილი და უდაბნოს ყვავილივით სევდიანი. შეიყვანეს პირველი ოთხეული, მერე მეორე, მერე მესამე… ვზივარ მოსაცდელ ოთახში და გული ყელში მებჯინება, ამ ერთ კვირაში ნასწავლ ლექსს ვიმეორებ და შიშით ველი გამოძახებას. და ეს დროც დადგა.

შევედი 5–6 წლის ბავშვებთან ერთად, ჯერ ერთი გავიდა ჟიურის წინ, მეორემაც წარმოადგინა თავი და მეც ავდექი. სახელი და გვარი ჩაიწერეს და იმღერეო. დარწმუნებული არ ვარ, ვიცოდი თუ არა მაშინ, რა არის სმენა და, საერთოდ, რომ ის საჭიროა სიმღერის დროს. მაგრამ ჟიურიმ “სულიკოს” დაწყებისთანავე მიმახვედრა, რომ ჯობდა ამის შესახებ მცოდნოდა… ახლა ქართული იცეკვეო, ეს როგორღაც გავახერხე და მერე ლექსის სათქმელადაც მოვიღერე ყელი. ლადო ასათიანს რომ გაეგო, რა დღეში ჩამაგდებდა მისი ლექსი, ალბათ არას დიდებით არ დაწერდა “საქართველოშის”. მეორე სტროფს ვამთავრებდი, როცა გონებამ საფრთხის სიგნალი მომცა, მესამე სტროფი ტვინის რომელიღაც ლაბირინთში ჩაკარგულიყო და არაფრით არ მოინდომა იქიდან ამოსვლა. გავჩერდი და სასოწარკვეთილი მივაშტერდი დამსწრეებს. ერთ–ერთმა ქალმა (დაილოცოს მისი გვარი) “ყველაფერი არ დაკარგულას” დასანახვებლად დამიძახა და უკანასკნელი დავალება მომცა, ტაშს შემოვკრავ რიტმულად და გაიმეორეო. აი, ეს კი შევძელი ზედმიწევნით კარგად! (მერე რა, რომ მეორე ცდაზე)

სტუდიიდან განადგურებული გამოვედი, ათი დღის თავზე, მეორე ტურში გადასულთა სიის სანახავადაც მხოლოდ იმიტომ გავუშვი მამა, რომ მეუბნებოდნენ, ისეთი გაოცებული და დაბნეული სახე გქონდა, შეიძლება ასეთი გმირი სჭირდებოდათ და დაგიძახონო . რა თქმა უნდა, სიაში არ ვეწერე.

* * *

უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ინტერნეტ-ოთახში კი ისინი სხედან: მომავალი იურისტები, დიდი მეცნიერები, პოლიტიკოსები… მოკლედ, სერიოზული ქალები. არც იციან, რომ შუა რიგის მესამე მერხთან ჩამქრალი ვარსკვლავი ზის, არშემდგარი “არტისტკა”!

Mondscheintarif (2001)

2 მაისი

ამხელა შუალედების მერე როცა ვხსნი ვორდპრესის ფანჯარას, უხერხულობის გრძნობა მიპყრობს. თითქოს მიტოვებულ სახლში შევდივარ – ნესტიანი კედლებიდან აბლაბუდებს ვაშორებ, ხელის გულებით ვწმენდ მტვრის სქელ ფენას და ახალი პოსტისათვის ადგილს ვასუფთავებ. ამ ხნის განმავლობაში, დასაწერი თემები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მახსენდებოდნენ და მავიწყდებოდნენ… ახლაც ვერ ვიტყვი, გენიალურმა აზრმა შემიპყრო და იმიტომ-მეთქი, უხერხული დუმილის დასარღვევად უფრო ვწერ ამ პოსტს.

პოსტი Mondscheintarif-ს ეძღვნება, ახლახან ნანახ მელოდრამას. გერმანული ფილმები კი (ყოველ შემთხვევაში, ის მცირე რაოდენობა, რაც მე მინახავს), ჩვეულებრივ ხალხზეა: არც ისე ლამაზებზე, არც ისე ჭკვიანებზე, არც ისე წარმატებულებზე… აქ ადამიანებს ზედმეტი კილოგრამები აწუხებთ და ცელულიტიც კი აქვთ. ანუ გერმანული ფილმები ზოგადად და ეს ფილმი კონკრეტულად, დედამიწის მოკვდავ მცხოვრებლებზეა და არა, ჰოლივუდის მსგავსი, უცხო პლანეტის ბინადრებზე.

ფილმში დიალოგებს მონოლოგები ცვლის, უფრო სწორად, მონოლოგი მთელს ფილმს გასდევს, დიალოგები უფრო ცოტაა. მონოლოგების ავტორი კი მთავარი გმირი გოგოა – კორა. აი, ზუსტად ის, არაფრით გამორჩეული. მაგრამ ჩვეულებრივი გოგოს ჩვეულ საფიქრალს და განცდებს კი არაჩვეულებრივად გადმოსცემს.

მელოდრამა ვახსენე და, რა თქმა უნდა, ფილმში არის მთავარი გმირი მამაკაციც, რომელსაც კორა ცოტა არ იყოს უხერხულ სიტუაციაში გაიცნობს. გინეკოლოგთან ცისტიტის გამო მისულს, თავისი ექიმის შემცვლელი “პრინცი” დახვდება – ექიმი დანიელი. ეს მომენტიც წმინდად ქალური თვალით არის დანახული, აკვირდება აღფრთოვანებული გოგო ამ შესანიშნავი კაცის შესანიშნავ ხელებს და წარმოიდგენს როგორ ეფერებიან ეს ხელები. (აღიარეთ, გექნებოდათ ასეთი ფიქრები! მე პირადად, მაქვს კაცის “რჩეული” სხეულის ნაწილი – ფართო ბეჭები. სულ რომ არ მყავდეს სახეზე ნანახი, უკნიდან შემჩნეული ასეთი ბეჭები ავტომატურად განმაწყობს მათზე თავის დასადებად. როგორც დიდი მაკდონალდსი იტყოდა: მმმმაგარია!) აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, ოცნების მამაკაცთან ცისტიტზე საუბარი? კორაც ექიმთან ვიზიტის მიზეზად რაღაც სისულელეს დაასახელებს და ასე გამოძვრება.

ოოო, მეორეჯერ კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში გადაეყრებიან ერთმანეთს! მაგას არ მოგიყვებით, უყურეთ!

რაც მომეწონა ამ ფილმში, ისაა, რომ ყველა ქალი აღმოაჩენს მთავარ გმირთან საერთოს. რაზე ფიქრობ, როცა “ის” აღარ რეკავს? იმაზე ხომ არა, რომ შეიძლება ნომერი დაკარგა, შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდა, ან სულაც იმიტომ არ რეკავს, რომ ახლობელი დაეღუპა? იმის დაშვება ერთი წამითაც არ შეიძლება, რომ დარეკვაზე არც უფიქრია. ბოლოს კი, მაინც გარდაუვალი ხდება ის აზრი, რომ ყველაფერი შენი ბრალია, თუნდაც ამ წყეული, ზედმეტი კილოგრამების! მაგრამ კორას საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში დანიელი დარეკავს და მესამე, გადამწყვეტი შეხვედრაც შედგება, უკვე ოფიციალური პაემნის სახით.

ქალები ამ ფილმში თქვენს დაქალსაც აღმოაჩენთ. იმას, ყოველთვის ყველაფერში თქვენზე უფრო გამოცდილი რომ არის და მუდამ კაცებთან ურთიერთობის დაუწერელ კანონებს გასწავლით. რა თქმა უნდა, პირველი პაემნისთვის მზადების მომენტში დაქალი კორასთანაა და დარიგებებს არ იშურებს. შეიძლება ის მომენტიც ნაცნობად გეჩვენოთ, როცა შეხვედრაზე გასვლამდე, კორა წინასწარ წერს ბარათზე “პრინცთან” შესაძლო სასაუბრო თემებს. ეს ბარათი ლამის პაემანსაც კი ჩაუშლის!

ქალური ფანტაზიებით გაჯერებული რომანტიკული წარმოსახვებიცაა ფილმში. არ დავიჯერებ, რომ არ გქონიათ! მე სულ ცხენებზე მოჯირითეებად წარმოვიდგენდი ჩემს თავსა და რჩეულებს. ერთხელაც არ ამიხდა…

ეს არ არის რევიუ, ციტატების დასაზუსტებლად ხელახლაც კი არ გადამიხვევია ფილმი. უბრალოდ ემოციას გიზიარებთ მამაკაცებს, იმისთვის, რომ ნახოთ და ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ, როგორ აზროვნებენ ქალები. მოგმართავთ, თქვენც: არც ყველაზე ლამაზებო, არც ყველაზე ჭკვიანებო და არც ყველაზე წარმატებულებო, ნახეთ! ეს ფილმი ჩვენზეა, ჩვეულებრივ ქალებზე.

რაც შეგეხებათ, “ბედის საჩუქრებს”, სჯობს არ უყუროთ, მაინც არ მოგეწონებათ :P

P.S. სამწუხაროდ, რატომღაც გადმოსაწერ ლინკს ვერ ვდებ, ფილმი შეგიძლიათ ნახოთ allmovies.ge-ზე, მელოდრამის განყოფილებაში.