Tag Archives: სინათლე

“ჩამშვები” გუგები

13 მარ

მინდოდა ერთი, მე რომ მჩვევია ისეთი, სქელგაბარიტიანი პოსტი მიმეძღვნა სიყვარულის ფსიქოლოგიური ასპექტებისთვის, მაგრამ ვარჩიე სერიებად დავყო, ჩემს მრავალრიცხოვან:P მკითხველსაც დავინდობ და საკუთარ თავსაც, რაღაცების შეკრება და დახარისხება რომ არ მომიწევს. სერიის მეორე პოსტი იხ. მაუსის მცირე ამოძრავებით, პირველად ესეც წავა.

ზოგადად, ადამიანის თვალის გუგის გაფართოება-შეკუმშვა დამოკიდებულია სინათლის ინტენსივობაზე, კაშკაშა შუქის დროს ის იკუმშება, ხოლო სიბნელეში ფართოვდება, მაგრამ… თურმე გუგები “ჩამშვების” ფუნქციასაც კარგად ითავსებენ. აპარატმა, რომელიც გუგის უმნიშვნელო ცვლილებასაც კარგად აფიქსირებდა, აღმოაჩინა, რომ როცა ისეთ რაღაცას ვხედავთ, რაც მოგვწონს, გუგა ფართოვდება, გარშემო არსებული სიკაშკაშე-სიბნელის ხარისხის მიუხედავად. და პირიქით, როცა იმას ვუყურებთ რაც არ მოგვწონს, გუგა ვიწროვდება.

აქედან გამომდინარე, შეყვარებულების თვალებში ცქერა, მარტო ერთმანეთით ტკბობა კი არ არის, ამ დროს თითოეული ქვეცნობიერ დონეზე ამოწმებს, მოსწონს თუ არა იგი პარტნიორს. გაფართოებული გუგები = პარტნიორს მოვწონვარ. ადამიანებს კი ზოგადად მოგვწონს ისინი, ვისაც თავად ვესიმპატიურებით. მოკლედ, თვალი ხარბიაო და თვალი ჭამს და სვამსო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი(ო).

თქვენი გრძნობები თუ მოიკოჭლებენ, ეს ბლოგი კი შეყვარებულმა წაიკითხა და თვალებდაჭყეტილი ელოდება ხვალინდელ პაემანს, არსებობს კარგად გამოცდილი, ბებიების დროინდელი მეთოდი, იტალიელი ქალები რომ მიმართავდნენ მამრების მოსახიბლად. გუგების გასაფართოებლად ისინი თვალებში ბელადონას წვენს იწვეთებდნენ. პრინციპში ტყე-ღრეში ძრომიალიც აღარ არის საჭირო სატრფოების გასაცურებლად, აფთიაქში შესანიშნავი ალტერნატივა იშოვება ატროპინის სახით. იწვეთებ და გამოიყურები ყველაზე და ყველაფერზე შეყვარებულად, ქუჩაში მარტო მოძრაობა კი გიჭირს, თან ვერც კითხულობ და ვერც ინტერნეტაობ, მაგრამ რაც მთავარია, საჭირო ხალხია კმაყოფილი!

P.S. ჩახედე მეგობარს თვალებში, დილაო ჰოი დილაო…