არქივი | მაისი, 2010

დაჩეხილი აზრები

29 მაისი

ვერაფერ კონკრეტულზე ვერ ვფიქრობ, ერთდროულად ყველაფერზე ცალ-ცალკე _ კი. ასევე დავწერ, დაჩეხილად…

***
მიყვარს სიყვარულის დამადასტურებელი ორიგინალური მანიშნებლები, ისეთი კი არა, ბანალურ-გადაღეჭილი გულის ადაგადუგება, უძილო ღამეები, აელვარებული თვალები და ასე შემდეგ…

აი, ისეთი, ფეისბუქზე, მაგის მიერ შევსებულ მორიგ სულელურ ქვიზს რომ ავსებ, იქნებ ერთნაირი პასუხი ამოგივიდეთ :)

***
ავტობუსში ვიჯექი ამასწინ, რა თქმა უნდა, “ნაუშნიკებით” აღჭურვილი, რა თქმა უნდა, ბოლო სკამზე და, რა თქმა უნდა, ფანჯარასთან. ჰოდა, მანქანა მიდიოდა დაბლა, მანქანაში უკანა სკამზე ბიჭი იჯდა, 9-10 წლის და ისე მონდომებით იქექებოდა სუნთქვისთვის განკუთვნილ ორგანოში! იყო რა მშვიდად, წესით არავის არ უნდა დაენახა, არ გაუთვალისწინებია, რომ მის საქმიანობას ავტობუსიდან ვინმე დეიდა შენიშნავდა. И тут меня
вдруг осенило!
რეალურად, ყველანი ჩვენ მანქანაში მსხდომი ცხვირშიქექიები ვართ და აზრადაც არ მოგვდის, რომ ვინმე გვიყურებს! არადა, ზემოთ, ავტობუსის ფანჯრებთან იქნება სხედან კიდეც?!

Но правда же интелектуально?

***
მეგონა დამაცარიელებდა იმის გაცნობიერება, რომ მასთან ვერ ვიქნები, თავიდან ასეც იყო, გამოფიტული დავდიოდი, სახეწაშლილი. მაგრამ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ჩემივე თავი მიყვარს შეყვარებული და წმინდა ეგოიზმი არ დამანებებს, ამას შეველიო. დავდივარ და მიხარია, რომ ისიც ამ ქალაქში დადის და ვიყურები სულ პირდაპირ და შორს… შემთხვევით ხალხში თუ გამოჩნდა, რომ შევნიშნო მაშინვე.

***
რა უცნაურია, არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ძალიან გეძვირფასებოდა, 2 წლის, 3 წლის წინ, ახლა კი შენ მიერ გაღებული და აუნაზღაურებელი რესურსი გეთანაღრება თუ რაღაც სხვა მიზეზით, ეს ადამიანი აბსოლუტურად არანაირ ემოციას არ იწვევს, უფრო დაბლაც კია ჩამოსული, ვიდრე ვინმე უბრალო ნაცნობი. იქნებ რომ ნახავ, მოკითხვაც კი დაგეზაროს და თვალი აარიდო.

კედელი გაზეთებში

26 მაისი

წუხელ დაწყებული პოსტი კვლავ დრაფტში განისვენებს, არ მაქვს ბავშვობის მოგონების ნერვები. იმაზე დავწერ, რაზეც დიდი ხანი არ არის რაც ვოცნებობ, – ცალკე ცხოვრებაზე.

განმარტოება მჭირდება და მინდა ეს რამდენიმე ხანია, აბსოლუტურად იზოლირებულად ყოფნა და ბევრი ფიქრი, თავისი აწონვებითა და დაწონვებით, ანალიზით და სულში ქექვით. არ მინდა და არ შემიძლია ვინმეს თანავუგრძნო, ვინმეს პრობლემები გავიზიარო, არავის თავი არ მაქვს, ოჯახთან ცხოვრების დროს კი, ეს გარდაუვალია. მინდა ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტო, საათობით ვიწვე ემბრიონის პოზაში საწოლზე და ოსბორნის “Dreamer”-ს ვუსმინო.

ყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ დავიქირავებდი სადმე პაწია ბინას, მოუწყობელს, – საზიზღარი, მწვანე შპალერით. ერთ დღეს ნერვებს ამიშლიდა ეს შპალერი და გაზეთებს ავაკრავდი ჭერამდე, ოღონდ გაზეთის აპოლიტიკურ გვერდებს, ჩემს კედლებზე არც მიშას ესაქმება არაფერი, არც ირაკლის, არც ზვიადს და კიდევ ვინა ხართ მანდ? არც თქვენ!

პარკეტი იქნებოდა ძველი ლაქის ალაგ-ალაგ შერჩენილი ფენებით, მექნებოდა ერთი დიდი მაგიდა დასახატად და საწერად, ჭრიალა, ზამბარებიანი, ძველი საწოლი და შავ-თეთრი ტელევიზორი. სახლში დაბრუნებულს ყოველთვის დამეზარებოდა საჭმლის გაკეთება და ყავის ჭიქითა და ხრაშუნა, მარილიანი ჩხირებით დამაღამდებოდა ეკრანთან. კომპიუტერს ვერ ვუპოვე ადგილი ჩემს ბინაში, იზოლაციაშიც შემიშლის ხელს და ფიქრშიც.


არც ემო გუნებაზე ვწერ ამ ყველაფერს და არც დეპრესია მაქვს, უბრალოდ სიმარტოვე და დამოუკიდებლობა მჭირდება. მეგობრებს ავიტან გაზეთებიან ბინაში, ოღონდ მაქსიმუმ ერთი ღამით, მერე ყველას გავყრი :)

ონკანი გამიფუჭდება ალბათ ხშირად, მაგრამ რამეს მოვუხერხებ (თუ არადა იჩხრიალოს, ერთი მაგისიც). ჩემს პაწია სამზარეულოში, რაფაზე ჩამოვჯდები ხოლმე ცხელი ყავით სავსე ჭიქით და გამვლელებს დავათვალიერებ. არც წიგნების ნერვები არ მაქვს, ჰა და ჰა იქნებ “მისტერიები” წავიყოლო თან.


ვეძებ გაზეთებაკრულ, აქერცლილლაქიან, გაფუჭებულონკანიან, ერთოთახიან ბინას, ძველი, ზამბარებმოშლილი საწოლით.

მარტოობა მინდა.

დავიწყების ეფექტური სტრატეგიები

18 მაისი

8 წლიანი სტაჟი ასეთ სფეროში საკმარისად ვერ ჩაითვლება, ასე რომ ვიღებ რჩევებს უფრო გამოცდილი ხალხისგან, მაგრამ, ჩემი მხრივ, შევეცდები აპრობირებული მეთოდებიც გაგიზიაროთ.

უპირველეს ყოვლისა, გამოვიდეთ ისევ ფსიქოლოგიიდან: რა იწვევს მოწონებას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიყვარულში? ესაა: ტერიტორიული სიახლოვე, რაც უფრო ხშირად ხართ ვინმესთან, მით უფრო გიყვართ ის და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოგწონთ თქვენ ირგვლივ მყოფები. მსგავსება – ვინმეს მსგავსება თქვენი შეხედულებების, დამოკიდებულებების, ფასეულობის მიხედვით გაგრძნობინებთ თავს კომფორტულად, რადგან დასტურდება, რომ ეს დამოკიდებულებები ზოგადად სწორია, შემდგომში ეს კომფორტის განცდა, უკვე მისი გამომწვევი ადამიანის მიმართაც ვრცელდება. ორმხრივობა – ადამიანების ზოგადი ტენდენციაა მოსწონდეთ ის, ვისაც თავად მოსწონს იგი. რწმენა, რომ ვინმეს მოსწონხართ, ან არ მოსწონხართ (ეს რწმენა შეიძლება მცდარიც იყოს) მოქმედებს თქვენს ქცევაზე.

მშრალად მიმოვიხილეთ სიყვარულის გაღვივების ხელშემწყობი ფაქტორები, ახლა დავუბრუნდეთ პირველ საკითხს.

რადგან სიახლოვე ზრდის მოწონებას, ჩვენ კი გეგმაში საპირისპირო გვაქვს, თქვენი სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში, თავი აარიდოთ მასთან შეხვედრის ყველა შემთხვევას. დავიწყების დაგეგმვიდან საწყის პერიოდში მაინც, არ იაროთ იმ ქუჩებზე სადაც შეიძლება გადაეყაროთ. თუ მაინც მოხდა ასეთი რამე, დაურტყით ”ნევიჟუ”, გადადით ქუჩის მეორე მხარეს, მიახტით პირველივე ავტობუსს, გააჩერეთ ტაქსი, ან შეიმალეთ სადარბაზოში. არ იაროთ საერთო საახლობლოს (გეყოლებათ ასეთები) დღეობებზე და რა თქმა უნდა, არ ეკონტაქტოთ არც სკაიპით, არც ფეისბუქით (თავის ფერმიან-პეტიანად ამოშალეთ მანდედან!)

მსგავსება – გაიხსენეთ ყველა ეპიზოდი, რომლის დროსაც თქვენი შეხედულებები განსხვავდებოდა, ყველა ჩხუბისა და უთანხმოების სცენა, დაიხმარეთ ამ სკანდალების შემსწრე მეგობრები, დეტალების უკეთ აღდგენის მიზნით. მიხვდით ბოლოსდაბოლოს რომ თქვენ გაცილებით მეტი რამ განგასხვავებთ ვიდრე გამსგავსებთ.

ორმხრივობა – ეს ხომ საერთოდ ზღაპარია! თუ ორმხრივი იყო ეს ყველაფერი, რატომღა ივიწყებთ? საქმეც ისაა, რომ თქვენ გიყვარდათ, ის კი უფლებას გაძლევდათ. ახლა კი შეატენეთ ეს უფლება ერთ ადგილას. დაელოდეთ ნამდვილ ორმხრივ სიყვარულს და თუ არ მოვა, ჯობია, ისევ თქვენ მისცეთ სხვას სიყვარულის ნება, ვიდრე ვინმესგან ელოდოთ მოწყალებას.

წვრილ-წვრილი დამხმარე მეთოდები: მისი სურათების პირწმინდად განადგურება, არავითარი ჩამოჭრა, მაინც გაგახსენდებათ, ვინ იდგა იმ ჩამოჭრილ ადგილას. იმ სიმღერების ამოშლა, რომელიც მის თავს გახსენებთ, ყველა ხელმისაწვდომი ტექნიკიდან. ასევე ამართლებს წარმოდგენა, რომ სხვასთანაა, თუ რეალურად ასეცაა, ძალიან კარგი, თუ არადა მოიგონეთ ვინმე, ვისთან ერთადაც იქნებოდა, თავიდან მტანჯველია, მაგრამ მერე ეფექტური.

ბევრი დავიწყების სპეციალისტი მხარს უჭერს ჩანაცვლებას, ყველა გრძნობა-იმედ-სასოების სასწრაფოდ სხვა ობიექტზე გადანაცვლებას, მაგრამ ჩემნაირ რომანტიკოსებზე პირადად ეს ნაკლებად ჭრის. ფრაზა: ბიჭების (გოგოების) მეტი რა არის, ამასთან არ გამოვიდა, სხვასთან გამოვა, ჩემთვის მეტისმეტად გაუგებარი და მიუღებელია. მე ანდროგინებზე მითის სენტიმენტალურ ფანატებს განვეკუთვნები, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად ადამიანები ქალისა და მამაკაცის საწყისს აერთიანებდნენ, ღმერთებმა ისინი ამპარტავნებისთვის დასაჯეს, ორად გააპეს, ეს ნაწილები მთელს დედამიწაზე მიმოფანტეს და თითოეული მეორე ნახევრის ძიებისთვის გაწირეს:(. ასე რომ, ყოველი იმედგაცრუება და არშემდგარი ”მეორე ნახევარი” ისე მაშინებს, რომ კარგა ხანი მეკარგება ”ჩანაცვლების” სურვილი.

რაღაც ”სარკის” სტატიის სუნი კი მცემს, მაგრამ არაუშავს, მთავარია, მოვინდომე და სტრატეგიები ზოგადად მიმოვიხილე, თუ გ(ვ)იშველათ რომელიმემ, შესანიშნავია. ახლა საჭიროა მხნეობის მოკრეფა და მომავალზე ზრუნვა, ნუ ჩაიქნევთ ხელს, დაუჯერეთ კოკა-კოლას (მაგას კი დაეჯერება, 124 წლის ყოფილა) და… კიდევ სცადეთ.

Barbie

12 მაისი

ვისაც ბავშვობის აუსრულებელი ოცნება ჰქონია (ანუ ალბათ ყველა), კარგად მიხვდება ჩემს გულისტკივილს, რომელსაც Barbie ჰქვია. რაც გავიგე, რომ არსებობდა ასეთი თოჯინა, მასზე ოცნება დავიწყე. ოღონდ ”პადძელკა” ანალოგებს არ ვგულისხმობ, მე ის ერთადერთი და განუმეორებელი მინდოდა – ეგრედ წოდებული ”ნამდვილი ბარბი”. კი, ”პადძელკები” მქონდა, თინას წითელ ”ბუტკაში” ნაყიდი ორლარიანი, ბარბის მსუქანსახიანი პროფანაციები, მაგრამ ჩემი გული მუდამ იდეალურისკენ მიილტვოდა.

საერთოდაც საკმაოდ გვიან გამოვემშვიდობე ბავშვობას, არ ვამხელდი, თორემ 15 წლამდე ვთამაშობდი თოჯინებით. თან მარტო კი არ ვთამაშობდი, მთელი კონსტრუქცია მქონდა მოწყობილი, ორსართულიანი, კომოდის უჯრებში ჩამონტაჟებულიი ბარბის სახლი: ავეჯით, სავარძლის რბილი ბალიშებით, კარადით, ტანსაცმლით, რომელსაც თავად ვკერავდი: აქ იყო შუბა, ჟაკეტები, ჯინსისა და კლასიკური შარვლები, უამრავი სარაფანა… მოკლედ ყველაფერი მქონდა მის გარდა, ჰოდა, უკეთესი მომავლის იმედით, ჩემი დისთვის ნაჩუქარი, ინდიელი ვაიბარბით ვუმკლავდებოდი დიდ ტკივილს.

ახლაც მახსოვს მისი ფასი, მე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცოდი, რომ ზღაპრულ მხარეში – ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობდა ის შესანიშნავი მაღაზია, სადაც 40 ლარად შესაძლებელი იყო ჩემი ოცნების ასრულება. ყველას ვაბარებდი შეევლოთ და მოეთხროთ, ზუსტად რა ხდებოდა იმ იდუმალ ადგილას და მერე ეს ლეგენდარული გადმოცემები ფრთებს მასხამდა.


ეს ბარბომანია უკვე თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, უფრო სწორად სრულდებოდა იმედი, რომ როდესმე ვიხილავდი; 40 ლარი მაშინ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღეს. და ამ პერიოდში ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა, უკვე ყველასთვის ყურები მქონდა გამოჭედილი და უნდა ვაღიარო, რაღაც სასწაულს ნამდვილად ველოდი, დილას ახალგაღვიძებულს, ლოგინში რომ მომართვეს შეფუთული ყუთი.

ნუთუ ეს ის იყო, ჩემი ამდენი ხნის ოცნება? თავიდან ყუთის ზომამ დამაეჭვა, ამხელა ყუთში აშხვართული ბარბი ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ იმედის უკანასკნელ ძაფს ჩავებღაუჭე: იქნებ ზის-მეთქი! ჰოდა, გულისკანკალით გავხსენი… კი, ტყუილს ვერ ვიტყვი, იდო იქ ბარბი, ოღონდ დახატული – ლურჯი რვეულის ყდაზე და კიდევ რბილი, სათამაშო დათუნია, შვილითურთ.

მერე სულ ვგეგმავდი, რომ ჩემს მომავალ შვილს ავუსრულებდი ამ ოცნებას, როგორც კი თოჯინის ცნობას ისწავლიდა, ანუ დაახლოებით 3 წლის ასაკში, ვუყიდდი უამრავ ბარბის, რომ ვერასდროს ეგრძნო ის, რაც მე დამაკლდა. მაგრამ ბოლოს მივხვდი, ასე მირთმეულს ვერასდროს დააფასებდა, იმ მოლოდინის გარეშე, არ ერთი ბარბი არ იქნებოდა ისე ძვირფასი.

ვიხსენებდი ახლა 8-10 წლის წინანდელ ამბებს, პოსტისთვის კი გუგლში ვეძებდი მის სურათებს და აღმოვაჩინე, რომ ამ სურათებზე ნერწყვს ვყლაპავ, ახლაც კი გული მწყდება რაღაცნაირად, რომ არასდროს მქონია :)