Tag Archives: ემოცია

წაწლობა VS სრული განცდა

3 აგვისტო

ამ თემაზე დაწერა ისედაც მინდოდა, მაგრამ წაწლობის შესახებ პოსტზე კომენტარმა უფრო შთამაგონა… საერთოდაც, იდეა გამიჩნდა, გავხსნა ახალი რუბრიკა ბლოგზე, ეს იქნება რუბრიკა: პოსტი კომენტარზე. ამით, ვიმედოვნებ, ჩემი ბლოგის “კომენტატორებს” მეტ სტიმულს მოგცემთ. თავისთავად ცხადია, არც მთლად უანგარო ვარ, კომენტარების მომრავლების იმედი ხომ მაქვს და მაქვს და, თანაც, ამ ხერხით ბლოგზე შემოქმედებითი კრიზისების ეფექტურად დაძლევის მოლოდინიც.

“იღბლიანი” კომენტარი # 1 ეკუთვნის თორნიკეს

თემა კი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ოპონენტ-პროცესუალურ ფსიქოლოგიურ თეორიას ეხება, რომლის მიხედვითაც “როცა ადამიანი იღებს სტიმულს, რომელიც იწვევს ძლიერ და მყისიერ ემოციონალურ რეაქციას, ეს ემოცია მალე ეცვლება საპირისპირო ნიშნის ემოციით. თუ ადამიანი განიცდის ძლიერ უარყოფით ემოციას _ შიშს, მას მალე მოსდევს საპირისპირო ხასიათის ემოცია _ სიხარული. ამ ორი ემოციონალური რეაქციის კომბინაციას მივყავართ სრულ განცდამდე. სწორედ სრული განცდის მიღების სურვილი ამოძრავებს ადამიანს… რაც უფრო ძლიერად გაქანდება ჩვენი ემოციების ქანქარა ერთ მხარეს (მაგ.დადებით), მით უფრო ძლიერად გამოქანდება ის მეორე მხარეს (შეიცვლება უარყოფითით)…

ყველასათვის ალბათ ნაცნობია გრძნობა, რომელიც რამდენიმე მარცვალი მზესუმზირის, ან თხილის გასინჯვისას შემდეგ ჩნდება, ჩვენ მისი ჭამის გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნილება გვიჩნდება, ვიდრე მის გასინჯვამდე გვქონდა. ეს მოვლენა შეიძლება გაგებულ იქნას ოპონენტ-პროცესუალური თეორიით, რომლის თანახმადაც, თუ ძლიერ სიამოვნებას განვიცდით, ჩნდება სურვილი, ეს სიამოვნება გაგრძელდეს მანამ, სანამ უსიამოვნო გრძნობით არ ჩანაცვლდება.

ტკბობა მოყირჭებამდე!

როგორ და რანაირად უკავშირდება ეს თეორია წაწლობის თემას და ზემო კომენტარს? ძალიან მარტივად. ვისაც არ წაუკითხავს ჩემი პოსტი წაწლობის შესახებ, მათთვის ციტატა ვაჟა ფშაველას წერილიდან: “(წაწალს) ესმის, არ მოჰყვება კარგი შედეგი სიყვარულის განხორციელებას; ამის შემდეგ ტრფობა, სიყვარული ავადა ხდება, მას ჭლექი ეყრება, სნეულდება და ბოლოს კვდება კიდეც. სიყვარულის განხორციელების შემდეგ ქალი ვაჟის თვალში პირვანდელ მიმზიდველობას ჰკარგავს, მისი დანახვა, ქალთან დაწოლა ვაჟს ცეცხლს აღარ უკიდებს, აღარა სწვავს…”

სწორედ სრული განცდის ფენომენთან უნდა გვქონდეს ამ შემთხვევაში შეხება, სიყვარული იმიტომ ავადდება, რომ თავის პიკს აღწევს და ამ მდგომარეობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, “(თავის შეკავებას) კი შეუძლია ინტერესის შენარჩუნება” ზუსტად იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ემოციების ქანქარა ოპტიმალურ დონეზეა, ისე არ “აქანებულა”, იმხელა გრძნობები არ დაუხარჯავს, რომ მათ გასანეიტრალებლად სავალალო ოპონენტ განცდების მოხმობა ყოფილიყო საჭირო. წაწლები სადღაც შუა გზაში არიან გაჩხერილები, მათი ემოციების არეალიც შეზღუდულია. შეიძლება ასე იხანგრძლივებენ კიდეც გრძნობებს, მაგრამ ვერასოდეს აღწევენ იმ მწვერვალს, რომლის მშვენიერების ხათრით იქნებ მთიდან დანარცხებაც არ ყოფილიყო ისეთი საშინელი…

თუ ძველ ხალხურ სიბრძნეს დავესესხებით – (რამეთუ, ხალხი ბრძენია!) სიცილს ტირილი მოსდევსო, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო… როგორც ჩანს, ჩვენი ემოციები ძლიერი სიყვარულისას (ზოგადად, ნებისმიერი ძლიერი გრძნობისას) ისე მაღლდებიან, რომ ამხელა სიმაღლეს ვერ უძლებენ და უჟანგბადობისგან იხოცებიან!

მაშინ დავწერე, “თუ მარადიული სიყვარულის შენარჩუნება გინდა, ქორწინებით ყველაფერს გააფუჭებ. ვინ იცის, იქნებ ჯობია, იდეალური სიყვარულით უყვარდე “წაწალს” და არასდროს გახდე მისი-მეთქი.” მაგრამ ახლა მე თვითონვე გეკითხებით, იქნებ უკეთესია ადამიანი ადრე მოკვდეს ევერესტის  დამპყრობი, ვიდრე თბილ გუბეში მოჭყუმპალავემ გაატაროს ხანგრძლივი ცხოვრება?!

დაჩეხილი აზრები

29 მაისი

ვერაფერ კონკრეტულზე ვერ ვფიქრობ, ერთდროულად ყველაფერზე ცალ-ცალკე _ კი. ასევე დავწერ, დაჩეხილად…

***
მიყვარს სიყვარულის დამადასტურებელი ორიგინალური მანიშნებლები, ისეთი კი არა, ბანალურ-გადაღეჭილი გულის ადაგადუგება, უძილო ღამეები, აელვარებული თვალები და ასე შემდეგ…

აი, ისეთი, ფეისბუქზე, მაგის მიერ შევსებულ მორიგ სულელურ ქვიზს რომ ავსებ, იქნებ ერთნაირი პასუხი ამოგივიდეთ :)

***
ავტობუსში ვიჯექი ამასწინ, რა თქმა უნდა, “ნაუშნიკებით” აღჭურვილი, რა თქმა უნდა, ბოლო სკამზე და, რა თქმა უნდა, ფანჯარასთან. ჰოდა, მანქანა მიდიოდა დაბლა, მანქანაში უკანა სკამზე ბიჭი იჯდა, 9-10 წლის და ისე მონდომებით იქექებოდა სუნთქვისთვის განკუთვნილ ორგანოში! იყო რა მშვიდად, წესით არავის არ უნდა დაენახა, არ გაუთვალისწინებია, რომ მის საქმიანობას ავტობუსიდან ვინმე დეიდა შენიშნავდა. И тут меня
вдруг осенило!
რეალურად, ყველანი ჩვენ მანქანაში მსხდომი ცხვირშიქექიები ვართ და აზრადაც არ მოგვდის, რომ ვინმე გვიყურებს! არადა, ზემოთ, ავტობუსის ფანჯრებთან იქნება სხედან კიდეც?!

Но правда же интелектуально?

***
მეგონა დამაცარიელებდა იმის გაცნობიერება, რომ მასთან ვერ ვიქნები, თავიდან ასეც იყო, გამოფიტული დავდიოდი, სახეწაშლილი. მაგრამ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ჩემივე თავი მიყვარს შეყვარებული და წმინდა ეგოიზმი არ დამანებებს, ამას შეველიო. დავდივარ და მიხარია, რომ ისიც ამ ქალაქში დადის და ვიყურები სულ პირდაპირ და შორს… შემთხვევით ხალხში თუ გამოჩნდა, რომ შევნიშნო მაშინვე.

***
რა უცნაურია, არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ძალიან გეძვირფასებოდა, 2 წლის, 3 წლის წინ, ახლა კი შენ მიერ გაღებული და აუნაზღაურებელი რესურსი გეთანაღრება თუ რაღაც სხვა მიზეზით, ეს ადამიანი აბსოლუტურად არანაირ ემოციას არ იწვევს, უფრო დაბლაც კია ჩამოსული, ვიდრე ვინმე უბრალო ნაცნობი. იქნებ რომ ნახავ, მოკითხვაც კი დაგეზაროს და თვალი აარიდო.