არქივი | ნოემბერი, 2011

ჭაობიდან

8 ნოე

სამიოდე კვირა იქნება რაც ასე ვარ, შეიძლება მეტიც, მაგრამ ყველა დღე ისე კლონირებულივით ერთმანეთის მსგავსია, უკვე სათვალავი ამერია და ზუსტი თარიღი არც მახსოვს. აქამდე ვსწავლობდი: სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი… ვინმე მიყვარდა, ან მომწონდა: გიგა, ალიკა, იგორი, გიორგი… ცოტა ხანი სადღაც-სადღაც ვმუშაობდი და ჩემი საუკეთესო მეგობარიც თბილისში ცხოვრობდა: ნათია…

წელს მაგისტრატურაში ჩავირიცხე, ორჯერ ვიყავი ლექციაზე და მერე აკადემიური ავიღე; ფეხებზე მკიდია ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი (მამის, ძმის და ერთი წლის დისშვილის გამოკლებით), არსად არ ვმუშაობ და ნათიაც რაიონში გაემგზავრა. გეგმა, რომ აკადემიურის წყალობით გამოთავისუფლებულ დროს რაც შეიძლება საინტერესოდ და შემოქმედებითად გამოვიყენებდი, თანდათან მეფუშება. დრო გადის, ყოველდღე ვიფიქრებ, რომ ხვალიდან ყველაფერს შევცვლი, მაგრამ დილიდან იმასვე ვაკეთებ, რასაც წინა დღეს ვშვრებოდი:

ვიღვიძებ 12-ზე ან 1-ზე, ვსაუზმობ და ვჯდები კომპიუტერთან, ვრთავ ფეისბუქს, პარალელურად ვუყურებ IMDb-ზე 7+-ით შეფასებული რომელიმე სერიალის 4-5 სერიას, ხანდახან წავეთამაშები დისშვილს – ლევანიკოდ სახელდებულ მრგვალ არსებას, დავასტატუსებ მორიგ მარაზმს, შევამოწმებ მაილს, ვიჩეთავებ, გადავხედავ ორიოდე ბლოგს და სხვადასხვა ვაკანსიას, ისევ ვუყურებ სერიალის 4 სერიას, საღამოს ვსადილობ, ღამით ვვახშმობ და მთელი დროის 2-2 საათიან შუალედში ყავით ვიჭყიპები, ღამის 3-ზე ვიძინებ.

 ფსიქოლოგიაში არსებობს ლოკუსის კონტროლის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანები 2 კატეგორიად იყოფიან. გარეგანი კონტროლის ლოკუსის მქონენი ბედისგან მართულად მიიჩნევენ თავს და “საკუთარ წარმატება-წარუმატებლობას გარეშე ძალებს მიაწერენ”,  ცხოვრებაც დინებას აქვთ მინდობილი. შინაგანი კონტროლის ლოკუსის მქონენი კი პირიქით, მხოლოდ თავიანთ თავს მიიჩნევენ საკუთარი ცხოვრების მჭედლად.

ყოველთვის ამ უკანასკნელ კატეგორიაში გამყავდა ჩემი თავი, არასდროს არ მიფიქრია, რომ ვინმეზე, ან რამეზე იყო ჩემი ბედ-იღბალი დამოკიდებული. მეგონა, თუ მოვინდომებდი, მთებს გადავდგამდი და ზღვებს დავაშრობდი. მაგრამ არათუ შინაგანი კონტროლის ლოკუსი, სინამდვილეში გარეგანიც კი არ მაქვს. ბედს მინდობილი და დინებას მიყოლილი ქათინაურიც კი იქნებოდა ჩემნაირისთვის. დინებას რომ მიჰყვე, მდინარეში მაინც უნდა ცურავდე, მე კი დიდ, მწვანე, ბუყბუყა ჭაობში ვარ ჩაფლული და ველოდები, როდის მომივლენს ალაჰი სასწაულს და აქედან ამომათრევს.

ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება მევე უნდა გავხადო საინტერესო, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როგორ და რაც მთავარია, არ ვიცი, საიდან დავიწყო. უფრო მარტივი ფიქრის სამომავლოდ გადადება და მორიგი სერიალის მოძებნაა. “ჰაუსი”, “მახინჯი ბეტი” და “სასოწარკვეთილი დიასახლისები” მოვილიე, ჰმ, ახლა რომელი?