არქივი | ივნისი, 2010

ფსიქოდრამა – გარიყული

23 ივნ

ეს პოსტი შეიძლება არც დაწერილიყო, რომ არა გუშინდელი ფსიქოდრამა. როდისმე ალბათ დავწერდი, მაგრამ ახლა არა.

თქვენ გიგრძვნიათ ოდესმე, რას ნიშნავს 14 წლის ასაკში იჯდე პირველ მერხზე, შენს გვერდით დაჯდომის სურვილი კი არავის ჰქონდეს?
ასეთი კეთროვანი მე ვიყავი მე-8, მე-9 კლასებში. ჩემთან, ამ სახელგანთქმულ ”ჭკუის კოლოფსა” და მასწავლებლების რჩეულ ხუთოსანთან დაჯდომა არავის უნდოდა. ის კი არა, სიცელქისთვის ბავშვებს წინ გადმოსაჯდომად რომ იხმობდა მასწავლებელი, საშინელი შფოთვა მიპყრობდა, ის საბედისწერო სიტყვები არ გამეგონა: აუ, აქ (ანუ ჩემ გვერდით) არ დავჯდები და სხგაგან სადმე რაო.

დღემდე არ ვიცი, როდის დავუშვი ის შეცდომა, რომლის შემდეგაც ასე გარიყულად ვგრძნობდი თავს. რასაც ჰქვია საკრალური ბავშვური ღალატები, რომლებსაც არასდროს პატიობენ, აქ არ შემიცოდავს: შატალოებზეც დავდიოდი, საკონტროლოებსაც ვაწერინებდი (ამ დროს კი მისხდებოდნენ გვერდით, იცოცხლე!), დახმარებაზეც არ მითქვამს უარი… მაგრამ მოზარდობის ასაკში, როცა თანატოლებთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მე ყოველთვის მარტო ვიყავი.

ვნატრობდი ხოლმე, ფიზკულტურის გაკვეთილი მალე დამთავრებულიყო: ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ ამ დროს, გოგოები წყვილ-წყვილად, სამეულებად და ოთხეულებად გადაადგილდებოდნენ, მე კი ერთი დავბორიალობდი სკოლის 4 სართულიან შენობაში და უარყოფილის როლი მტანჯავდა.

მარტო უარყოფას კი არა, აგრესიასაც ვგრძნობდი. კლასის გოგოების უპირობო რჩეულს, სოსოს არ ”ვევასებოდი” რატომღაც, ერთხელ დაფაზე რაღაცას ვჯღაბნიდი, როცა უკნიდან გავიგონე, ყოველგვარი მორიდების გარეშე, მის მიერ ომახიანად ნათქვამი: ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო? (ცოტა ხანი აიტაცეს კიდეც ეს მეტსახელი სხვებმაც)

ახლა როცა ვიხსენებ, ვცდილობ ხოლმე ჩემი ასე მოძულების ობიექტური მიზეზები მოვძებნო, იქნებ ზედმეტად მაქებდნენ მასწავლებლები, იქნებ ეს წყეული ხუთოსნობა იყო ყველაფრის მიზეზი?

ბოლოს წარმატებული მოწაფის სტატუსი ისე მაღიზიანებდა, გულში გადაწყვეტილი მქონდა, უნივერსიტეტში სულ სამებზე მესწავლა.

ფაქტობრივად მე-9 კლასის მერე იმიტომ გადავედი სამხატვრო სასწავლებელში (ნიკოლაძე), რომ ის საძულველი კლასი არასოდეს მენახა.
ბოლო ზარზე მაინც მივედი, მაგრამ ბანკეტზე მოწვევას ოსტატურად ავარიდე თავი, ტყუილი ვთქვი,-ვითომ სოფელში მივდიოდი და ვერაფრით დავესწრებოდი.

არა, განა ყველა მერჩოდა, მაგრამ წყენა ზედმეტად ბევრი დამიგროვდა ერთეულებისკენ მისამართად, ამიტომაც, განურჩევლად, მთელი კლასი ერთ, დიდ, მწარე მოგონებად გავაერთიანე. არცერთთან არ მაქვს და არც მინდა მქონდეს ურთიერთობა. ერთი ფეისბუქზე ”დამიფრიენდდა” ამასწინ, სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ ინტერესი მკლავს ვკითხო: საერთოდ რატომ დამიმატა?

გუშინ ფსიქოდრამაზე მოვყევი ეს ამბები, თან პარალელურ რეჟიმში გულიანად ვღრიალებდი და შემომთავაზეს გამეთამაშებინა რომელიმე სიტუაცია: ავარჩიეთ სოსო და თბილი მეტსახელით მონათვლის ისტორია (მაშინ ვერაფერი ვუთხარი და ხელახლა უნდა განმეცადა ყველაფერი).

… მე ისევ დაფაზე ვჯღაბნიდი რაღაცას, როცა უკნიდან ის საშინელი სიტყვები გავიგონე: ეს თიკო რობოტს არ ჰგავსო?
ცარცი მივაგდე, სოსოს როლის შემსრულებელს მივუახლოვდი და მთელი ძალით გავარტყი სახეში.

იცით, მომეშვა ბევრად.

არა მგონია, იმ თინეიჯერული პრობლემების წინაშე კიდევ დავდგე, თანატოლებს შორის იმიჯის დამკვიდრება ჩემს ასაკში ნაკლებ მნიშვნელოვანია, სხვა საზრუნავიც ბევრი მაქვს. შეიძლება ბევრად არც შევცვლილვარ და წარსულში დაბრუნებული ისევ ჩაგრულის როლში აღმოვჩნდე, მაგრამ ის ვინც ახლა ვარ, საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ მოზრდილის პრობლემებს გაუმკლავდეს.

ჰო, მაშინ ვერ შევძელი, მაგრამ გუშინ, შვიდი წლის მერე, ხომ მაინც გავარტყი სოსოს! :)

ინტერვიუ ქვეცნობიერთან!

19 ივნ

რადგან სიყვარულზე ტირილი და მოთქმა თქვენდა და ჩემდა სასიხარულოდ დავასრულე, ბლოგის პირველსაწყისებთან, ანუ ფსიქოლოგიასთან დაბრუნების ჟამმა ჩამოჰკრა. ლევან ზარდალიშვილის ლექციას დავესწარი ერთი კვირის წინ; ჰიპნოზები, თვითშთაგონება, შთაგონება და ა. შ. იყო მთავარი თემები, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა და ჩემი 4 დღიანი ბათუმური ვოიაჟის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასართობი გახდა (ამ ვოიაჟზეც დავწერ ცოტა ხანში), ეს იყო “საუბარი ქვეცნობიერთან”.

თუ თქვენ საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების სურვილი გაქვთ, დაგჭირდებათ:
1. პასტა
2. ფურცელი
3. ძაფი ან ძეწკვი რომელზეც ჩამოკიდებთ ჭანჭიკს (ან რამე ნივთს, რომელსაც საკმარისი სიმძიმე ექნება, რომ ძეწკვი დაჭიმოს და არც ისე მსუბუქი იქნება, რომ ჰაერზე იფარფატოს). ამის მერე ფურცელზე ხატავთ ამ სქემას:

და ბოლო ეტაპზე, ხაზების გადაკვეთის ადგილის თავზე გიჭირავთ ძეწკვზე ჩამოკიდებული ჭანჭიკი და საკუთარ ქვეცნობიერს უსვამთ შეკითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელი გაჩერებული უნდა გქონდეთ, ძეწკვი თავისით იქანავებს იმ მიმართულებით, რასაც ქვეცნობიერი გპასუხობთ შეკითხვაზე.

შეკითხვები ნებისმიერი სახისაა, ოღონდ თქვენ და თქვენს მიმდინარე გრძნობებს უნდა ეხებოდეს. (გავხდები მილიონერი? ასეთ შეკითხვაზე პასუხი ქვეცნობიერმა არ იცის და ვერც გიპასუხებთ.)

მაგრამ თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, საკუთარი გრძნობების გადამოწმება და განცდებში დარწმუნება გინდათ, მართლაც უალტერნატივო საშუალებაა! :P

4 დღის განმავლობაში ქვეცნობიერს დავუსვი და მივიღე პასუხი ამ და მსგავს კითხვებზე:

1. მიყვარს “ის”? არა (თან რა გამეტებით უარყოფდა, ერთი გენახათ!)
2. მენატრება? კი
3. ვარ ამბიციური? კი
4. მინდა უცხოეთში ცხოვრება? არა
5. ვარ კარიერისტი? კი

სცადეთ, არ ინანებთ! ;)

ფსიქოდრამა – ღალატი

1 ივნ

დღეს მეორედ ვიყავი ფსიქოდრამის მონაწილე. სამსახურში რომ დიდი გაუგებრობა და ბურუსით მოცული მომავალი მაქვს, უკვე მითქვამს (ირიბად მაინც). პირად ცხოვრებაშიც გულგატეხილი შეყვარებულის როლში (ფსიქოდრამის მერე ამეკვიატა ეს სიტყვა) ვარ დარჩენილი. ასე რომ, მჭირდებოდა ზუსტად ეს: ახალი ხალხი, ახალი გარემო და ფსიქოლოგია!

ფსიქოდრამის წმინდა მეცნიერული განსაზღვრება ესაა:
ფსიქოდრამა ფსიქოთერაპიის მორენოსეული (იაკობ ლევი მორენო 1892-1974) ჯგუფური მუშაობის მეთოდია, დაკავშირებული „სპონტანურ თეატრთან“. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევა, საკუთარი თავი განსხვავებულ როლებში განიცადო, როლებს იმჟამად აქტუალური სიტუაციიდან (ან თავად შენთვის, ან ზოგადსაკაცობრიობოდ აქტუალური) გამომდინარე ირგებ. ფსიქოდრამის მიზანია საკუთარი ცხოვრებისეული რეალობის გაცნობიერება. ის ხელს უწყობს პიროვნებას, გვერდიდან დაინახოს საკუთარი მდგომარეობა გათამაშების და როლური გაცვლის მეშვეობით. ფსიქოდრამული გათამაშების დროს ადამიანი ერთდროულად არის საკუთარი დრამის მთავარი გმირი და მისი შემქმნელი (რეჟისორი).

სიტუაცია არის ასეთი: მონაწილეები ვსხდებით წრეზე, ვეცნობით ერთმანეთს, ვამბობთ საკუთარ თითო დადებით თვისებას, ვამატებთ რაიმე ჟესტს და ფსიქოდრამა გახსნილად ცხადდება:

პირველი შეხვედრა მოთელვითი ხასიათის იყო, დღეს კი როლებიც მოვირგეთ. ყველასათვის აქტუალური პრობლემა უნდა შეგვერჩია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვესაუბრა მასზე და შემდეგ ამ პრობლემის ამსახველი პატარა სცენა დაგვედგა. შევარჩიეთ ჩემ მიერ შეთავაზებული თემა: ღალატი (ეს ყველაფერი კონფიდენციალურობის ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომაც მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც მე მეხება).

ზოგადი საუბარი ამ საკითხზე ყველას გვთხოვეს: პირადად მე, ჩემთვის აქტუალურ ორ თემაზე ვისაუბრე: პირველი, ეს იყო _ ცოლ-ქმრული ღალატი, მაშინ როცა ცოლი ღმერთქალიდან უკვე მოკვდავ ადამიანთა რიგებშია ჩამოქვეითებული, ქმარს კი ახალი თავგადასავლები და ახალი ღმერთქალი სჭირდება (ეს უშუალოდ მე არ მეხებოდა, მაგრამ მაინც…) და მეორე: როცა ”წამგლეჯის” როლში სხვა კი არა, თავად შენ აღმოჩნდები და მხოლოდ იმიტომ რომ მშიშარა ხარ (ანუ რაღაც მორალური კანონები კი არ გაბრკოლებს ისე ძლიერ, როგორც შიში) და პრობლემებს გაურბიხარ, თავს ანებებ სარისკო თამაშს (ეს უკვე ჩემი თავიდან გამომდინარე).

არ ვიცი, რატომ ვილაპარაკე ამაზე იქ და ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ აქ, მაგრამ ეს ისაა რაც მაწუხებს და ალბათ გამართლებას ველოდი მაშინაც და ახლაც. ასეთი საქციელის დიდი სიყვარულით, ან თუნდაც უარყოფით კონტექსტში, სხვა რაიმე სახელით მონათვლას. როცა ყველაფერი უკანასკნელ წვრილმანებამდე გარკვეულია, სრული სიმშვიდე მომიცავს ხოლმე, ეს გამომძიებლური სული კი, საკუთარ თავში ქექვისას მიაქტიურდება განსაკუთრებით.

როცა უკვე სცენაც დავდგით, ანუ გავანაწილეთ შეყვარებულებისა და კიდევ საბედისწერო მესამის (ქალი) როლი, ამ ყველაფრის განხილვაზე მიდგა საქმე და მე ”მესამეს” რასაც ჰქვია გადავუარე. პრინციპში ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი: რომ ის უბრალოდ უსინდისოა, ასეთი ადამიანი კი წაგებული არასდროს არ რჩება. რაც შეეხება მოტყუებულ შეყვარებულს, ის საბრალოა, ღალატის დროსაც შესაბრალისია და თუ ამ ღალატს მიტოვება მოჰყვა, მაშინაც საწყალი იქნება. ბიჭმა თვითონ არ იცის, რა უნდა. მაგრამ ბოლოს მაინც ყველა დავინდე (ჩემში ფილანტროპმა გაიღვიძა!), დამნაშავის ძიების არეალი გავაფართოვე და დავასკვენი რომ: ბიჭი დამნაშავეა იმიტომ, რომ იმ ”მესამეს” თვალებს უჟუჟუნებდა და ”დიდი სიყვარულის” იმედი ჩაუსახა, შეყვარებული გოგო იმიტომ, რომ თვალებს იბრმავებდა და თავს იტყუებდა, და ის ”მესამე” იმიტომ, რომ ”ინტრიჟკაზე” უარი არ თქვა.

საბოლოოდ ვიტყვი, რომ ზეშთაგონება არ მწვევია, მაგრამ საკუთარი პრობლემის გაზიარებამ ცოტა გამათავისუფლა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მიყვარს პუბლიკის წინაშე გამოსვლა და პლუს ამას, მიყვარს გულახდილობა, თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე (პირიქით, მათთან უფრო მეტადაც კი).