Tag Archives: ერიკსონის სტადიები

ბლოგინგის 8 სტადია

26 იან

ერიკსონის განვითარების ფსიქოსოციალური სტადიების მიხედვით ადამიანს ცხოვრებაში 8 კონფლიქტი აქვს გადასალახი. იმაზე, თუ როგორი წარმატებით გადალახავს ის წინა კონფლიქტებს, დამოკიდებულია მომდევნო სტადიების წარმატებით გადალახვაცა და საერთოდ, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბება.

აზრად მომივიდა ამ სტადიების ბლოგცხოვრებაზე მორგება, და, აი, ისიც, რაც ამ მცდელობიდან გამოვიდა:

პირველი კონფლიქტი ეს არის ნდობა-უნდობლობა. ეს პირველი პოსტების დაბეჭდვის ეტაპია, მერე კი კომენტარების გულაჩქროლებული მოლოდინი. სულ ერთი-ორი კომენტარიც კი იმის მიმანიშნებლად მიიჩნევა,რომ ყინული დაიძრა, რომ ბლოგოსფეროს შეგიძლია ენდო, რომ აქ სავარაუდოდ თანამოაზრეებს იპოვი,- ეს ყველაფერი კონფლიქტის წარმატებული გადაჭრისას. წარუმატებლობის შემთხვევაში – ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას…

II. ავტონომია ან სირცხვილი და ეჭვი. ეს მიმალულ-მიჩქმალული აზრების (აუცილებელი არაა ჩვენივე) სააშკარაოზე გამოტანის პირველი ნაბიჯებია. ნდობა დამყარდა, მთავარია როგორ შეხვდება მკითხველი ამ აზრების გაზიარების პირველ მცდელობას. დადებითი კომენტარები გვავსებს ენთუზიაზმით, უარყოფითი – იწყება დაეჭვება საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ მაინც… ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას.

III. ინიციატივა ან დანაშაულის გრძნობა. ეს ის ეტაპია, როცა გუგლში მოძიებული, ან წარმატებული ბლოგერებისგან გადმოკოპირებულ-გადმოსესხებული ინფორმაციის საკუთარი გენიალური იდეებით ჩანაცვლების სურვილი ჩნდება. დადებითი კომენტარები – აღმაფრენა და შემდგომ ეტაპზე გადასვლა, უარყოფითი, ან კიდევ უარესი – უკომენტარობა – ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას.

IV.შრომისმოყვარეობა ან არასრულფასოვნების განცდა. თუ წინა ეტაპები სრულად ან ნაწილობრივ მაინც გადავჭერით დადებითად, ჩვენ უკვე ყოველდღე თითო პოსტს ვაცხობთ, შრომისმოყვარეობის შემოტევისას დღეში 2-ს, ან 3-ს, ან 4-ს (მძიმე ფორმები ითვალისწინებს დღეში 5 ან მეტ პოსტს). კონფლიქტი უარყოფითად გადაიჭრა? ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას: ჯერ 3 დღეში ერთხელ, მერე 5 დღეში ერთხელ, მერე კვირაში ერთხელ…

V.თუ ჩვენ შევიძინეთ მუდმივი მკითხველი, იდენტობა-როლების აღრევის სტადიაზე უკვე ვსაზღვრავთ “თუ ვისი გორისანი ვართ”. კერძოდ: რას ელის ჩვენგან მკითხველი, ვინ არის ჩვენი მკითხველი, რაზე ვწერთ და რაზე დავწერთ საერთოდ, რა მიმართულებისაა ჩვენი ბლოგი და საერთოდ ვინა ვართ “ჩვენ” (მე და ბლოგი). კონფლიქტის უარყოფითად გადაჭრისას – მკითხველის ძიებაში ხან იმ თემას მივადგებით, ხან ამას, დავბორიალობთ თემების ოკეანეში უსაჭო გემივით და ისევ ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას…

VI. სიახლოვე ან იზოლაცია. ხდება მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება მკითხველებთან, ისინი უკვე მაილზე გვწერენ და გვიმატებენ ფეისბუკში (ან ოდნოებში, გააჩნია “პრადვინუტობას”), გვყავს მეგობარი ბლოგები და ბლოგროლზე გვიწერენ ბევრ აწეულ და ცოტა დაწეულ ცერს. თუ არადა – ჩვენ ამოვეშლებით ბლოგროლიდან, ვთიშავთ კომენტარების სისტემას (მაინც არავინ გვწერდა) და ვაგრძელებთ უიმედო ბეჭდვას უკვე საკუთარი თავისთვის.

VII. გენერატიულობა ან სტაგნაცია. ამ ეტაპზე წინარე ეტაპების წარმატებით გადამლახავები და სიამაყით აღვსილნი, ჩვენ უკვე ვასწავლით ახლადგამოჩეკილ ბლოგერებს, ვურჩევთ თემებს, ვეხმარებით საკუთარი გზის პოვნაში, ჩართულნი ვართ ზოგადსაკაცობრიობო (ანუ ზოგადბლოგერული) პრობლემების მოგვარებაში. ყველა წინა მცდელობის ჩაფლავების შემთხვევაში, საკუთარი ბლოგის წარუმატებლობის მიზეზის ძიებაში ვუცვლით მას დიზაინს, ვარედაქტირებთ ტექსტებს, გადავდივართ ბლოგერიდან ვორდპრესზე, ან ვორდპრესიდან ბლოგერზე…

VIII. ეგოს მთლიანობა ან გულგატეხილობა. საკუთარი ბლოგერული ცხოვრების გადახედვის შემდეგ, თუ ის სავსე იყო აქტიურობითა და აზრიანობით, ჩვენ ვიძენთ ეგოს მთლიანობას და ვაგრძელებთ ბეჭდვას. თუ არ გაგვიმართლა, თუ ვერც ერთი წინა ეტაპი წარმატებით ვერ გადავლახეთ, თუ ბლოგს ჩვენივე თავის გასახარებლად ისევ ჩვენვე ვნახულობთ სხვადასხვა აიპიდან და სხვა არრავინ და არრარა, გვიტყდება გული… და ვხურავთ ბლოგს.

P.S. მე ჯერ უიმედო ბეჭდვის ერთ-ერთ ეტაპზე ვარ.