არქივი | თებერვალი, 2011

ძმა

3 თებ

რატომღაც დარწმუნებული ვარ, მეცხრე რიგში, ილუმინატორთან მჯდომ მამაკაცს წარმოდგენაც არა აქვს, ვინ მოემგზავრება მასთან ერთად.
მისი თანამგზავრი არც ჯაშუში იანკია, არც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტი, არც ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი (ჯერჯერობით) და მითუმეტეს არც არაბი ტერორისტი…

* * *

მე რომ ახალდაბადებული ვუნახივარ სახლში ჩემს 2 წლის ძმას, დედასთვის ეჭვით უკითხავს: – ეს თინიკო საიდან მოიყვანეთო? დედამაც, – კოჯორიდანო. ჩემი ძმა ცოტა ხნით შეყოვნებულა და მომდევნო ლოგიკური კითხვაც გასჩენია დაფიქრებულს: – კოჯორში ბევრი თინიკოაო?

ამის შემდგომი ამბები ისტორიულ გადმოცემად არ შემონახულა. უბრალოდ რაც მე თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ძმა დათაც, ან უკეთ რომ ვთქვათ, ჯერ თავიც რომ არ მახსოვდა, იმ დროიდან მახსოვს.

ჩვენ უამრავი საერთო სათამაშო გვქონდა: დიდი ჩებურაშკა, რომელიც სხვა პატარა სათამაშოების ტრანსპორტირების ფუნქციასაც ითავსებდა და ტანკიც იყო ჩებურაშკობის პარალელურად. გვყავდა რეზინის ბოროტი მელია და მისი მახინჯი და ასევე ბოროტი, პასტით დაჩხაპნილი ქალიშვილი, გვყავდნენ
პოლიციელები და მანქანები, ცირკის წითელი ფურგონი და ანბანიანი კუბიკები…

ამ განძეულს ყოველდღე ტახტზე ვალაგებდით და საათობით ვთამაშობდით. მერე ვჩხუბობდით და მე ვიმუქრებოდი, რომ აღარასოდეს გავცემდი ხმას. მაგრამ ეს “აღარასოდეს” მეტად ფარდობითი ცნება იყო და ნახევარი საათიდან სადღაც ორ საათამდე ატანდა. დათა რომ გაიზარდა, პირველად მაშინ ვიგრძენი, როცა ტახტზე დიდი რუდუნებით გავაწყვე მთელი ინვენტარი, მან კი ჩემთან თამაშზე უარი განაცხადა. მახსოვს, ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის.

მაგრამ უმცროსი მომაბეზრებელი დის როლს მაინც ვერაფრით ველეოდი და მიუხედავად ყველაფრისა, ისევ დავყვებოდი დათას და მის მეგობრებს ომობანას სათამაშოდ “კრიშაზე”. მოგვიანებით ჩვენი გზები მაინც გაიყო, როცა მან წმინდა გიორგის რაინდთა ორდენი “წგრო” დააარსა და სამი ძმაკაცი გააერთიანა მასში. ამ პერიოდში მე და ჩემს დაქალს უკვე ნაძვის ხის ქვეშ შტაბი გვქონდა და დედა-შვილობაში ვენაცვლებოდით ერთმანეთს. “წგრო”-ს საკუთარი წესდებაც კი გააჩნდა, მაგრამ მე როგორც უღირსი სუსტი სქესის წარმომადგენელს ის თვალითაც არ მინახავს.

“წგრო” და ჩემი შტაბბინა სახლს გარეთ თუ გვაშორებდა, სახლში მაინც ერთად გვიწევდა ყოფნა. ერთად გვაწუხებდა 90-იანების სენი – შუქთან ერთად შეწყვეტილი ფილმების დარდი; ერთად ვებრძოდით მამას, როცა მას მოამბის ყურება უნდოდა, ჩვენ კი – მულტფილმების; ქინდერის სიურპრიზებსაც ერთად ვაგროვებდით და დედიკოს მჭადებსაც ერთად ვჭამდით; ეს ჩვეულებრივი მჭადები კი არ იყო, ისეთი, ყველას რომ გაუსინჯავს. დედას მჭადების ცომი იმდენად თხელი იყო, რომ ტაფაზე კოვზით დასხმული კიდეებში პაწაწინა ნაწილებად იშლებოდა და ეს ნაწილები თხელ გარსად დაბრაწული ეკრა გარს შუაგულს, ასეთ გარსს “ბუნძუები” ერქვა ჩვენებურად.

თუმცა მარტო სახლი კი არა, სკოლამდე გადაჭიმული სირბილით გალეული კილომეტრიანი გზაც გვაერთიანებდა და საერთოდაც სკოლის საერთო გარემო.
ზუსტადაც სკოლაში შეუყვარდა პირველად დათას, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ოჯახში მისი რჩეულის სახელი და გვარი ვიცოდით, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, რადგან გარშემომყოფთა შეკითხვებმა და ქილიკმა ისე მოაბეზრა თავი, რომ პირობა დადო აღარასოდეს გაეთქვა შეყვარებულის ვინაობა. ჩემი ფიზიკოსი ძმის “აღარასოდეს” კი, სამწუხაროდ, სულაც არ არის ფარდობითი…

ზოგადადაც დათას არ უყვარს ემოციების გამოხატვა და ჩვენ მხოლოდ გუმანითა და მინიშნებებით თუ ვხვდებით, როგორი გრძნობებით სავსე გული უგიზგიზებს მკერდში :P მახსოვს, როცა ამერიკაში სწავლის მეათე თვეს დარეკა, მითხრა: “იცი რა მენატრება ახლა? დედას ბუნძუებიანი მჭადებიო.” მეც დიდად მცოდნემ ავუხსენი, რომ შეეძლო სიმინდი ეყიდა, ყავის საფქვავით დაეფქვა, მერე გაეცრა და გამოეცხო. “ხო, მაგრამ ეგ ხომ დედასი არ იქნებაო.”

ბავშვობაში სამშობლოზე რომ ვკითხულობდი ლექსებს, ძალიან მებუნდოვნებოდა ეს ცნება. სამშობლო ლექსებში მთები და ველები იყო, ნაკადულები და წყაროები, ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო… ბუნდოვანება იქით იყოს და მოზარდობაშიც ძალიან მარტივად ვუყურებდი სამშობლოს, როგორც ასეთს. ველ-მინდვრებსა და მთებს მერჩივნა ვინმე ფრანგ ჟაკ-ჟანს გავყოლოდი ცოლად და ეიფელის კოშკის მაცქერალს გამელია ცხოვრების დღეები.

დიდი ხანი არც არის, რაც მივხვდი, სამშობლო არც მიწაა და არც წყალი. სინამდვილეში სამშობლო ტანკი ჩებურაშკაა, ომობანა საკუთარი კორპუსის “კრიშაზე”, რაინდთა ორდენები და პირველი სიყვარული, შეიძლება შენი ტყუილებით “დაბოლილი” პატარა დაც არის სამშობლო და კიდევ მჭადები, ბუნძუებიანი მჭადები.
ჰოდა, ახლა ჩემს ძმას სამშობლო ელოდება.

* * *

მარტო ილუმინატორთან მჯდომ მამაკაცს კი არა, აგერ იმ წითელპომადიან ქალსაც არა აქვს წარმოდგენა, არც ჭაღარა მოხუცს მესამე რიგში, დიდად არც ის სქელსათვალიანი მელოტი უნდა ეჭვობდეს, ვინ მგზავრობს მასთან ერთად.

მათი თანამგზავრი არც ჯაშუში იანკია, არც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტი, არც ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი (ჯერჯერობით მაინც) და მითუმეტეს არც არაბი ტერორისტი. თვითმფრინავში უბრალოდ ჩემი ძმა ზის.