არქივი | ოქტომბერი, 2011

ფანტასტიკური გოგონა და კუნძულის 37 წლიანი საიდუმლო

19 ოქტ

არის წიგნები, რომლებსაც სომელიესავით ნელ-ნელა, არომატის სრული შეგრძნებით ვკითხულობ… კიდევ ისეთებიც არის, რომელთა კითხვის დროს გაუმაძღარი ვხდები, ვახტები აბზაცებს, როცა კვანძის გახსნის სიახლოვეს ვგრძნობ და ქარიშხალგადავლილი და გულდამშვიდებული მერეღა ვუბრუნდები გამორჩენილ ადგილებს.

ამ უკანასკნელ კატეგორიაში გავიყვანდი ლარსონის “გოგონა(საც) დრაკონის ტატუთი” (მილენიუმის დეტექტიური ტრილოგიის პირველ წიგნს). ვიკიპედია გვამცნობს, რომ სტიგ ლარსონი შვედი ჟურნალისტი იყო და მილენიუმის ტრილოგია მის ერთადერთ მხატვრულ ნაწარმოებად დარჩა. მწერალი წიგნების გამოცემამდე დაიღუპა და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ამ ფაქტმაც განაპირობა მისი დეტექტივების მსოფლიო პოპულარობა. “ბოროტი ხმები” მაინც უბრალოდ ხმებია, იმიტომ რომ ამ ჟანრის ნაწარმოებები ისედაც არასდროს უჩივიან მკითხველის სიმცირეს. “გოგონას…” კი უფრო მეტზეც აქვს პრეტენზია, ვიდრე ბანალური დეტექტივობაა. მასში ყოველი მოვლენა ისე ზედმიწევნით აღიწერება, რომ წიგნის ნაცვლად თითქმის მძაფრსიუჟეტიან ფილმს უყურებ. დარწმუნებული ვარ, მისი სცენარად ქცევა ძალიან იოლი საქმე იქნებოდა. დეტექტივი იმ თემებს ეხება, რაც ყოველთვის აქტუალურია: ძალადობას, სექსს, საიდუმლოს, მკვლელობებსა და ფულს. ასე რომ, ლარსონის ყოფნა-არყოფნა არამგონია დიდად ასახულიყო მის წარმატებაზე.

წიგნში ორი დეტექტიური სიუჟეტი ვითარდება, წამყვანი მათ შორის მოხუცი მაგნატის (ჰენრიკ ვანგერი) ძმის შვილიშვილის ამბავია, რომელიც 36 წლის წინ უცნაურად გაუჩინარდა მშობლიური კუნძულიდან. ჰენრიკს მოსვენება დაუკარგა ოჯახურმა ტრაგედიამ. ისტორიას იდუმალებას ისიც მატებს, რომ, ამ შემთხვევის შემდეგ, მოხუცს დაბადების დღეზე ყოველწლიურად ზუსტად ისეთ გამხმარ ყვავილებს უგზავნიან, როგორსაც აწდაკარგული ჰარიეტი ბავშვობაში ჩუქნიდა.

ჰენრიკი მიიჩნევს, რომ მისი ძმის შვილიშვილი მოკლეს, სწორედ მკვლელის ვინაობის დადგენის მიზნით სთხოვს ის დახმარებას ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს. ჟურნალისტი გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც ჰარიეტის მკვლელობის, ასევე წიგნის მეორე დეტექტიური ხაზის, ეკონომიკური დანაშაულის გახსნაში. მისი წყალობით, მილიარდერი ვენერსტრომის მაქინაციებისა და შავი ფულის შესახებ საქვეყნოდ გახდება ცნობილი.

თუმცა ფინანსური დანაშაულის თემა, რომლითაც წიგნი იწყება და სრულდება მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, “გოგონას…” გამოხმაურებაში მკითხველები ამ თემაზე ხშირად წუწუნებენ. ის ეკონომიკური წიაღსვლებით, ყოველივეს გულმოდგინე აღწერით მოსაბეზრებლამდე გადატვირთული და გაწელილია. იგივეს ვერ ვიტყოდი წამყვან სიუჟეტზე. ყოველი ახალი თავის შემდეგ, გამქრალი ჰარიეტის ამბავი თავდაპირველად სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მერე და მერე ძაფის ხელმოსაჭიდი ბოლოები ჩნდება და  საბოლოოდ ყველაფერი ირკვევა. ჰენრიკ ვანგერის ძმის შვილიშვილის 36 წლიანი საიდუმლოს ამოხსნას შვიდი თვე დასჭირდა. თუმცა მისი გამოძიების პროცესში მიქაელ ბლუმკვისტი მარტო არ ყოფილა…

ბლუმკვისტის პარალელურად წიგნი ლიზბეთ სალანდერს გვაცნობს – სწორედ ის არის გოგონა დრაკონის ტატუთი. ტატუების გარდა გოგონას პირსინგები, ბიჭური სხეული და არაორდინალური ჩაცმულობა აქვს (კიდევ თავისი ძუძუები უნდა აკომპლექსებდეს). იშვიათად იცინის, არასდროს ჰყვება საკუთარ თავზე და ზოგჯერ დაუჯერებლობამდე არაჩვეულებრივიც კია.

წიგნში საათების სიზუსტით აღინუსხება ფაქტები, დეტალურად აღიწერება მოვლენის მიმდინარეობის გარემო,  პერსონაჟების მენიუს შემადგენლობა: ხან ცხვრის კატლეტებს ჭამენ, ხან კარტოფილს, ხან სენდვიჩებს… ძალიან თუ მოინდომებ, შეგიძლია გადაითვალო სიგარეტის თითოეული მოწეული ღერი, მათ მიერ წაკითხული წიგნები და გაეცნო ყველა მნიშვნელოვანი გმირის კომპიუტერის, თუ სხვა ტექნიკის მარკებსაც (ვაღიარებ, წიგნში ისე ხშირად განმეორდა მიქაელის ელფოსტის მისამართი mikael.blomkvist@millenium.se რომ სურვილიც კი გამიჩნდა, მისთვის მიმეწერა).

მაგრამ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოების ამ გულმოდგინე მცდელობის მიუხედავადაც კი, ლიზბეთ სალანდერის პერსონაჟი მაინც საეჭვოა. ეს გოგო იმდენად გამორჩეული და ამოვარდნილია ნორმიდან, რომ  ეტყობა მწერალმა გადააჭარბა და პერსონაჟიც ცოტა არ იყოს ფანტასტიკური გამოუვიდა.

ვითომ ის, რომ ლიზბეთს ფოტოგრაფიული მეხსიერება გააჩნია და ამის წყალობით გენიალური ჰაკერიცაა, ნაწილობრივ უნდა პასუხობდეს იმ კითხვას, რატომაა ასეთი ახირებული. მაგრამ თუ წიგნის დანარჩენი გმირები ლამის პოლიციის რაპორტის სკრუპულოზურობით გვეცნობიან თავიანთი წარსულით, განათლებით, პროფესიით, ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრებით, მითუმეტეს საგრძნობია ის სიცარიელე, რომელიც ლიზბეთის აღწერილობას აქვს (ისე, მის შესახებ უფრო მეტის მოყოლას ტრილოგიის მეორე წიგნში გვპირდებიან). გოგონას წარსულზე თხრობა თინეიჯერობიდან იწყება, არაფერი ვიცით მის მამაზე და ძალიან ცოტა – დედაზე. “გოგონა დრაკონის ტატუთი” სალანდერის ხასიათს კი გვაცნობს (უფრო სწორად უხასიათობას), თუმცა ბოლომდე საიდუმლოდ რჩება, რა მიზეზებმა გამოიწვია მისი ასეთი  უცნაურობა.

წითურმა ლიზბეთმა (თუნდაც შავად გადაღებილი თმით) ეროვნებით, წესებისა და მორალისადმი დაუმორჩილებლობით, უშიშარი ბუნებითა და კნაჭა ხელ-ფეხით შეიძლება ჩემსავით პეპი გრძელიწინდა მოგაგონოთ, თუ თქვენც იმ ბედნიერი ბავშვების თაობას განეკუთვნებით, რომელიც ლინდგრენის წიგნებთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა (თავისი სამსახურის უფროსი ადარებს კიდეც მას პეპის).

ბუნდოვან პარალელს საბავშვო მწერლის პერსონაჟთან სხვაგანაც დაიჭერთ. მიქაელი გვარად ბლუმკვისტია, ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ, მას მეტსახელი “კალე” შეარქვეს, როგორც “კალე ბლუმკვისტს” მასაც გამოძიებები იტაცებს და დანაშაულის გახსნასაც სხვების მიერ შეუნიშნავი და ამოუხსნელი წვრილმანებით ახერხებს. შეიძლება მომეჩვენა კიდეც, მაგრამ მგონია, რომ ლარსონმა საბავშვო წიგნების გმირების ხასიათის რაღაც შტრიხები გამოიყენა,  “გაზარდა” და ამ მინიშნებებით თავის გმირების პროტოტიპებამდე გაგვიყვანა. ძალიან ფანტასტიკური აზრი თუა, შემინდეთ! ფანტასტიკური გადახვევებისგან აგერ თავად ლარსონიც არ ყოფილა დაზღვეული.

წამოზრდილი “კალესა” და “პეპის” ამბავი თავდაპირველად სხვადასხვა ადგილას, თუმცა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ხდება, თუ ბლუმკვისტი 8 საათზე ნიშნავს პაემანს სტოკჰოლმიდან 3 საათის მოშორებით, იმავე დღეს, სტოკჰოლმში ლიზბეთი 9-ის ნახევარზეა შეხვედრაზე. თუმცა მათი ისტორიები პარალელურად ვითარდება და გარკვეულწილად უკავშირდება კიდეც ერთმანეთს, უშუალოდ ამ ორი გმირის გზა ხუთ ნაწილიანი წიგნის მესამე ნაწილში იკვეთება. მათი ნაცნობობა უცნაურად იწყება, საგამოძიებო საქმეში თანამშრომლობითა და სექსით გრძელდება და საბოლოოდ იმედგაცრუებით სრულდება.

ადამიანური, თუ სექსუალური ურთიერთობების თემა წიგნში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს და თითქმის ყველა ლოგინის სცენა გამომძიებელ ჟურნალისტს უკავშირდება. ბლუმკვისტი დადებითი პერსონაჟია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: სიმპატიურია, სამართლიანი, პატიოსანი, მებრძოლი და ა.შ… რაც მთავარია, ამ პერსონაჟს სისხლი და ხორცი აქვს და ლიზბეთის მსგავსად ცით მოვლენილი სასწაული არ არის. ვაღიარებ, მომეწონა “კალე”, ბავშვობაშიც მომწონდა… ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ წიგნის მდედრობითი შემადგენლობა, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილი არ არის მის მიმართ.

სალანდერის გარდა, ბლუმკვისტს ვნებები კოლეგასთან – ერიკა ბერგერთანაც აკავშირებს. ერიკას ქმარი ჰყავს, რომელმაც მისი და მიქაელის 20 წლიანი ურთიერთობის შესახებ იცის და ხელოვანი ადამიანის ტოლერანტობით აღიქვამს ამ მოვლენას. ბლუმკვისტსაც ჰყავდა ერთ დროს ცოლი, მაგრამ ის ასე პროგრესულად მოაზროვნე ვერ აღმოჩნდა და ქმრის ღალატს ვერ შეეგუა. რაც შეეხება თავად ერიკას, ისიც შემწყნარებლურად უყურებს მიქაელის სხვა ქალებთან ურთიერთობის ფაქტს. ერთხელ, როცა საყვარელს საწოლში სხვასთან მონებივრეს შეუსწრებს, ორთავეს საუზმეს თავად გაუმზადებს. ეს შემთხვევა სასადილო მაგიდასთან მშვიდი ბაასითა და ჰეფი ენდით სრულდება. ვეჭვობ, ტერმინი შვედური ოჯახი რომ არ არსებულიყო, ამ წიგნის მერე მაინც დამკვიდრდებოდა. წიგნიდან როგორც ჩანს, სექსუალური თავისუფლება შვედეთში უმაღლეს დონეს უნდა აღწევდეს (ამ პოსტის მერე… ყველანი მივდივართ შვედეთში).

ლიზ სალანდერს კიდევ უფრო ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს, თუმცა ეს გმირი თავიდანვე იმდენად გამორჩეულია, რომ 24 წლის ასაკში 50-მდე ყოფილი პარტნიორითა და ბისექსუალიზმისადმი მიდრეკილებებითაც არ გამოუწვევია შოკს.

წიგნში ერთ-ერთი უმძიმესი სექსუალური ძალადობის პასაჟიც ლიზბეთს უკავშირდება. მეურვის მიერ გოგონას გაუპატიურების სცენის წაკითხვისას ყდაზე დიდი, წითელი შრიფტით ნაწერი +18-ის ხილვის სურვილი გამიჩნდა. საერთოდაც, მთავარი დანაშაულის გახსნის მკითხველნი კარგად მიხვდებით, რომ ეს წიგნი არ უნდა ანახოთ ბავშვებს, ორსულებსა და სუსტი გულის პატრონებს. ლარსონმა დეტალიზებისადმი მიდრეკილებას ვერც ძალადობის სცენების აღწერისას აუარა გვერდი, შედეგად დანაშაული მთელი საძაგელი ნიუანსებით ჩნდება თქვენს წინაშე.

ზოგადად საზოგადოებრივი ეთიკისა და ნორმებისადმი სრული გულგრილობის მიუხედავად, ლიზბეთი მაინც ‘ნორმალურ” ადამიანურ მესაკუთრეობას ავლენს, როცა საქმე ბლუმკვისტს ეხება. ის პირველად ზრუნავს სხვაზე ასე, იცავს მას და გადამწყვეტ წუთში სიკვდილისგანაც იხსნის. საბოლოო ჯამში უყვარდება კიდეც ეს ადამიანი, რომელიც არც ერთ მის ძველ ნაცნობს არ ჰგავს. მოვიტყუები, რომ ვთქვა, გულგრილი ვიყავი თუნდაც “ფანტასტიკური” ლიზბეთისადმი-მეთქი. მაგრამ როცა “ადამიანური” გრძნობების გამოვლენა სცადა და “მაგარი გოგოს” ჯავშანი ცოტათი გაებზარა, მაშინ უფრო მომეწონა და ბოლოს ძალიან დამწყდა გული.

 შეყვარებული ლიზბეთი უცებ გამოიცვალა, მაგრამ მისი მეტამორფოზა და გრძნობების წამიერი მოზღვავება კრახით დასრულდა. ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს გოგონამ ბლუმკვისტი მარადიულ პარტნიორ – ერიკასთან ერთად მოსეირნე შენიშნა და იმედგაცრუებული თავის უცნაურ ცხოვრებას დაუბრუნდა… ეს პატიოსანი ბლუმკვისტიც სხვა კაცებისნაირი არ აღმოჩნდა?! ეს ისე ვთქვი, თორემ ნამდვილად არ ვხუმრობ… როცა ლიზბეთი სიმწრით ამბობს თავის თავზე – საწყალი სულელი ხარ, სალანდერ-ო, კარგად წარმოვიდგინე, რას იგრძნობდა სიცოცხლეში პირველად შეყვარებული გოგო, რომელიც თავის რჩეულს სხვასთან დაინახავდა.

ეს არ არის ნაწარმოები, რომელსაც საყვარელი წიგნების თაროში  მივუჩენდი ადგილს, ძალადობის სცენების დამსახურებით ის ზედმეტად მძიმეა (სხვათა შორის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც მძიმეა). გარდა ამისა, გარკვეული ფაქტების სინამდვილეც ეჭვს იწვევს. თუმცა, “გოგონას დრაკონის ტატუთი” აქვს ის, რამაც ბოლო ფურცლამდე სუნთქვაშეკრული მიმიყვანა. ის კარგი დეტექტივის იმ ღირსებას ფლობს, რომლის წყალობითაც, პასიური დაკვირვების ნაცვლად, მკითხველიც გამომძიებელის როლს ირგებს და წიგნის მკვლევარებთან ერთად განიხილავს ეჭვმიტანილებს, ცხრილავს და ავსებს დამნაშავეების სიას… ერთ-ერთი რაც მაღალ დონეზეა შესრულებული წიგნში, ეს სწორედ მთავარი დამნაშავის აღმოჩენის სირთულეა. თუ “გოგონა დრაკონის ტატუთი” ხელში გიჭირავთ და მოწელილ ადგილებს უკვე გასცდით, ჩემსავით მთელი ღამეც რომ დაგჭირდეთ, მაინც ვერ მოსწყდებით.

P.S. ჰოდა, წარმატებები დანაშაულთან, ვნებებთან, ქარიზმატული გმირებთან შეხვედრასა და ღამის თევაში!

ტრაგიკული Forever alone

18 ოქტ

აქამდეც კი ვიცნობდი შორიდან, მაგრამ, ამასწინ, ფეისბუქის შავი იუმორის გვერდზე შემთხვევით მოხვედრილმა, უფრო სრულად გავისიგრძეგანე Forever alone-ს არსებობის მთელი ტრაგიზმი… ვისთვისაც ამ მომენტამდე უცნობი იყო და ჯერაც არ აეჩუყებინა გული თვალცრემლიან, გაურკვეველი სქესისა და ჯიშის არსებას, მათთვის მემე Forever-alone-ს პორტრეტი.

ცნობისათვის, ის დაახლოებით 2010 წლის აპრილ-ივნისის შუალედში დაიბადა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ინტერნეტ-მომხმარებლებს კი თავი იმითი დაამახსოვრა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოხვედრილი საბოლოოდ მუდამ მარტოსული რჩება.

ირონია იქით იყოს, მაგრამ ამ პერსონაჟის პრობლემები იმიტომაც არის ასე «გულშიჩამწვდომი», რომ მისი ისტორიები ადამიანებისთვის ნაცნობია. (მე, პირადად, ამ ქვედაზე შემიძლია ხელი მოვაწერო )

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანის ერთ-ერთი მძლავრი მოთხოვნილება, ეს არის: ჰქონდეს ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობები სხვებთან.

Forever alone-ს მდგომარეობაში მყოფი ტიპი კი რისკის ქვეშ არის. ის გვალვაში მოხვედრილი მცენარეს ჰგავს, ისეა წყალს დახარბებული, დაბრმავებული ბენზინსაც სიხარულით შეისრუტავს.

შედარებისთვის, ცხოველები დაბადების პირველ საათებსა და დღეებში აქტიურად ეძებენ «დედის ხატს». ისინი იმახსოვრებენ ახლოს მყოფ საგნებს და შეიძლება ნებისმიერ მოძრავ არსებაზე, ადამიანის ჩათვლით გადაიტანონ თავიანთი ინსტინქტური რეაქციები — ეს ფენომენი იმპრინტინგის სახელითაა ცნობილი. პატარა ასაკი და ჩამოუყალიბებელი გონება ადამიანის შემთხვევაშიც ყველაზე ადვილად ემორჩილება ზეგავლენას. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს იმპრინტინგის  მსხვერპლი მოზრდილი ადამიანიც შეიძლება გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ვერავის ხედავს ისეთს, ვისი მხარდაჭერის იმედიც ექნებოდა, ნერვული სტრესი აქვს და თავს არაეფექტურად მიიჩნევს.

ესეც ძალიან ტრაგიკულია :(

 ანუ, Forever alone ისეთი მიტოვებული შეყვარებულის როლშია, რომელიც ტკივილის გასაქარვებლად და სიცარიელის შესავსებად პირველივე მოძრავ ობიექტს აეკიდება. ამ ობიექტის თვისებებსაც დამახინჯებულად აღიქვამს და საერთოდ მისი შთაბეჭდილებები არავითარ ლოგიკას არ იქნება დაფუძნებული.

ზოგადად, ადამიანები უფრო გულწრფელები მაშინ ხდებიან, როცა უგუნებობა აწუხებთ. მარტოსული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი უბედურება კი ისიცაა, რომ ვერავისთან ახერხებენ სულის გამოთავისუფლებას. ადამიანი გულახდილობას ავლენს იმასთან, ვისაც იყვარებს (თუნდაც არაჯანსაღი იმპრინტინგის წყალობით) და გულწრფელობის გამოვლენის შემდეგ მეტად უყვარდება ის.

მაგრამ Forever alone-ს პრობლემა კიდევ უფრო გართულდება, თუ გადაწყვეტს, რომ იმაზე მეტს გასცემს (თუნდაც ეს მხოლოდ გულღიაობის ხარისხი იყოს), ვიდრე იღებს. — ეს იმ უსამართლობის განცდას გამოიწვევს, რომელიც საბოლოო ჯამში დისკომფორტისა და ურთიერთობით უკმაყოფილების წყარო გახდება.

ასე რომ, ისიც საკითხავია, ჯობია სამარადჟამო მარტოსულობით იტანჯო, თუ ილუზიებით მოიტყუო თავი…

P.S. პოსტი განგებ არ მოვათავსე ფსიქეს კატეგორიაში, ამისთვის ზედმეტად სუბიექტურია და ის ერთ, კონკრეტული ადამიანს ეძღვნება :)