Tag Archives: სამსახური

Καρκίνος

23 ნოე

ოთახში შესულს პირველად ხატების კუთხე მომხვდა თვალში, ყველანაირი ზომის გამოსახულებით, შუაში უზარმაზარი ჯვარცმით. ალბათ ეს ადგილი საგანგებოდ იყო შერჩეული, რელიგიურებს ზღურბლზევე რომ დაეტოვებინათ სინდისის ქენჯნა ეშმაკეულ საქციელთან დაკავშირებით. კარების მარჯვნივ ტაბლა იდგა, პატარა ელექტროქურით. იქვე მრგვალი მაგიდა სკამებით. მაგიდის მარცხნივ, სავარაუდოდ სამზარეულოსგან გამყოფი ხავერდის ფარდები. ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში გვეკიდა ხოლმე მსგავსი. ქალმა მაგიდისკენ მიმითითა, თვითონ კი ყავის მოდუღებას შეუდგა.

ფინჯანი თეთრია, ოდესღაც ფერადი, ახლა გაცრეცილი ყვავილების არშიით, ყავა  – გემრიელი. მიყვარს თურქული ყავის არომატის ყნოსვა და პაწაწინა ფინჯნის საათობით წრუპვა, მაგრამ ახლა ვჩქარობ, დრო მეც ცოტა მაქვს და როგორც ჩანს მასპინძელსაც. როცა უკვე ოდნავღა ფარავს სითხე ნალექს, როგორც მეუბნება ისე, საათის ისრის საწინააღმდეგოდ შვიდჯერ შევაქანებ და ლამბაქზე პირუკუღმა ვდებ. 15 წუთში მკითხაობას დავიწყებთ.


ვიცი, ასეთი რაღაცები არ შემეფერება. მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი ისეთი ხდება ჩემს თავს, რაც არაფრით შემეფერება. თუ რამეა, თავს იმით ვიმართლებ, რომ მორიგ გამოკვლევამდე დარჩენილი საათები უნდა გამეყვანა და ამიტომ მოვედი აქ, ასე რომ წყალგაუვალი ალიბიც მაქვს. მე ხომ ჭკვიანი გოგო ვარ, მისნების, ნათელმხილველების და ასტროლოგიის რომ არ უნდა სწამდეს ისეთი. ამიტომაც ქურდბაცაცობაზე წასწრებულივით ვიღიმები და სანამ ჩემს ფინჯანს „ცრემლი“ შეშრობია, ამ ქალზე დაკვირვებით ვირთობ თავს.

პეკინესს ჰგავს, მოკუჭული სახით, აი, თითქოს შუბლი და ნიკაპი ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ და შუაში ცხვირი შემოეჭყლიტათო, ისეთი. მწვანე თვალები აქვს და დიდი ძუძუები, დეკოლტის არეზე შებერებული კანით. ვფიქრობ ახალგაზრდა ლამაზი იქნებოდა თუ არა და ვასკვნი, რომ ახალგაზრდაც პეკინესს ემსგავსებოდა ალბათ, ნორჩ პეკინესს. ახლა მჭმუნვარე სახით ჩაჰყურებს ჭიქაში ჩემს ცხოვრებას, მე კი სიცილს ძლივს ვიკავებ. ნეტავ რამდენი ხანი სწავლობდა სარკეში ასე ყურებას, საკუთარი ღირსებით აღსავსე პროფესიონალის მზერას?..

ჩაახველა და თითით მიმანიშნა ფინჯნის ყურთან. ეს შენ ხარ და შენი საახლობლოო, ორი ერთგული ადამიანი მოჩანს შენ გვერდითო (?), ყველანაირად გვერდით გიდგანან, როგორც ჩანს ხიფათიანი ცხოვრება გაქვს და არ გტოვებენ მარტოო. მერე ფინჯნის ქვედა მხარეს დაუწყო “ჭვრეტა”, ეს შენი წარსულია, ამაზე ბევრს არ შევჩერდებიო, ვიღაცის თვალი ახსენა, ავი თვალით გიყურებდა, მაგრამ გაქრა შენი ცხოვრებიდანო და მერე რამდენიმეწამიანი პაუზა… მაღალ ბიჭს ვხედავ, დიდი ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში, მთელს ჭიქას ჰკვეთს მისი გამოსახულებაო, – მითხრა და გვერდულად გადმომხედა, ალბათ ჩემი რეაქციის დასაფიქსირებლად. წარბშეუხრელად ვზივარ და ცივად შევყურებ, თუ ამ ქალს და სულელურ ფიგურებს რამის თქმა მართლა შეუძლიათ, ეს ბიჭი საბა უნდა იყოს.

*   *   *

რომ იცოდე, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი შენი ყოველი ნახვისას სინდისის ქენჯნით დაიტანჯება, რომ იცოდე, რომ შენთან ურთიერთობა ამიერიდან მხოლოდ ატკენს, რომ თქვენი წარსულის ყველა მოგონება ერთადერთი  მძიმე ფიქრით ჩანაცვლდება. და იცოდე, რომ აწი ვერაფრით მიხვდები, შენთან იმიტომ რჩება, რომ ისევ უყვარხარ, თუ უბრალოდ მოვალეობის გრძნობა და სიმხდალე აჩერებს, ერთადერთი სწორი გამოსავალი თავისთავად ჩნდება ასეთ დროს, და ეს – მისი ცხოვრებიდან წასვლაა.

ჩემი საქციელი ორნაირად შეიძლება აიხსნას, როგორც გმირობა და როგორც სისულელე. და რადგან ოთხი თვე სრულდება, რაც გადაწყვეტილება მივიღე, ვერაფრით ვერ გამოვტყდები, რომ ეს ამდენი თვეა, მხოლოდ ვსულელობ. მირჩევნია ისევ გმირი ვიყო. ან ის, ვინც “გმირულად” გაიქცა. იმის აღიარებაც მომიწევს, რომ ეტყობა არ ვიყავი საბაში ბოლომდე დარწმუნებული. თავიდანვე ზედმეტად გავაღმერთე და თავს იღბლიანად ვთვლიდი, ასეთმა შესანიშნავმა ადამიანმა პატივი რომ დამდო და შემიყვარა.

ალბათ ყველა სხვადასხვანაირად ხვდება, რომ შეყვარებულია, ვიღაცა სიზმრების უცვლელი პერსონაჟის გამოჩენით ასკვნის, ვიღაც მუდმივი მონატრებით, ვიღაც კუჭთან სპაზმებით… ხვდება ზოგი ერთი ნახვით, ზოგი მრავალწლიანი მეგობრობის თავზე. მე გაცნობიდან თვენახევარი და ერთი პატარა შემთხვევა დამჭირდა ამის აღმოსაჩენად.

ერთხელ ლანჩის დროს ახალმა თანამშრომელმა საბამ  თავზე რომ შემოიჭდო ხელი და გამხდარ მკლავებზე ასე საგულდაგულოდ „გადამალული“ ბიცეფსის კუნთები გამოუჩნდა, მოცისფრო, ამობურცული ძარღვის კლაკნილით – მაშინ გავიფიქრე, რომ ასეთი მაგარი აქამდე არაფერი მენახა! და იმასაც მივხვდი, რომ ამ ბიცეფსიანი (თუ უბიცეფსო) ბიჭის შეყვარება მომესწრო თურმე. შეუმჩნევლად შემომყვარებია მისი გამხდარი მკლავები და შეუსაბამოდ დიდი ხელის მტევნები, ღერძიდან რამოდენიმე მილიმეტრით გადახრილი  – ცხვირიც, სწორი წარბებიც, ჩაწიკწიკებული კბილებიცა და მუდამდღე დასავარცხნი თმებიც. მოკლედ ყველაფერი – მის სხეულში ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, ყოველი სანტიმეტრი და ყოველი უჯრედი.

უფრო გვიან ამას რომ ვიხსენებდი და ვეკითხებოდი, შენ თვითონ როდისღა მიხვდი, რომ გიყვარდი მეთქი? მეშაყირებოდა, – მე შენს ტრიცეფსებზე გავგიჟდი ერთ დღესაცო. არ ვიცი, მართლა ტრიცეფსებმა მოხიბლეს თუ წვივის კუნთებმა, მაგრამ მალევე, მთვრალმა და აბლუკუნებულმა, ღია ცისქვეშა კორპორაციულიდან ზღვის პირას გამიყვანა და შეეცადა, რაც შეიძლება, რომანტიკულად აეხსნა, რასაც განიცდიდა.

ცოტა ხანში კი მარკერებით დავინიშნეთ, ჩვეულებრივი ფლიპ-ჩარტის მარკერებით, მორიგი პრეზენტაციის წინ, ორი კოლეგა-მოწმის თანდასწრებით. საბამ მწვანე მარკერით შემომიხაზა მარჯვენა არათითი, მე – ლურჯით. მერე რა, რომ ჩვენმა ბეჭდებმა ხელის ორ გადაბანასაც ვერ გაუძლეს, ნეტავ ასეთი სიხარულით ბაჯაღლოთიც ინიშნებოდეს ბევრი.

*  *  *

აღმართი და დაღმართი, დაღმართი და აღმართი. ბოლოს და ბოლოს აზრზე უნდა მოხვიდე და მიხვდე, რომ ერთს მეორე მოჰყვება, იმასაც უნდა მიხვდე, რომ თუ მეტისმეტად მაღლა ახვედი, თუ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმართი აათავე და ზღვარს ზედმეტად ასცილდი, დაშვებაც მალე მოგიწევს. წარმოუდგენლად მალე.

უკვე ნახევარ წელი ხდებოდა, რაც საბას ვხვდებოდი, ერთ დღესაც, მისი დამსახურებით საკუთარ თავზე  ხელახლა შეყვარებულმა სარკესთან რომ მოვინდომე სხეულის შეთვალიერება. ცვლილებაც მაშინ შევნიშნე,  მაგრამ არც მიფიქრია მისთვის მეთქვა, არ შემშინებია და იმიტომ. როცა ასე ბედნიერად გრძნობ თავს, გესირცხვილება უმნიშვნელო პრობლემების და კანის ჩაბრუნების გამო აღელდე, უხერხულიც კია. ექიმთანაც ყოველი შემთხვევისთვის შევირბინე, დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მჭირდა და კონსულტაციისთვის დახარჯულ ფულზე წინასწარ მეთანაღრებოდა გული. ჯერ მისმა სერიოზულმა სახემ ჩამაფიქრა გასინჯვის დროს, 2  დღის მერე მამოგრაფიის შედეგმა. არ მინდა იმ საშინელების ხსენება, თუ არ ვახსენებ, ისე ყურისმომჭრელად საშიშად აღარ აღიქმება თითქოს. Καρκίνος – ფეხსასხსრიანთია ტიპის უხერხემლო. ასე გაცილებით მარტივია.

ახლა აღარც ვიცი, რაც საბას მიმართ შემომრჩა იმას, ისევ სიყვარული უნდა ვეძახო თუ არა, იმიტომ რომ ჩემი მოგონებები უკვე გადაიფარა ერთადერთი მტანჯველი ფიქრითა და შიშით. იმ შიშით, ტანზე ოფლად რომ გღვრის, პირს რომ გიშრობს, ყელში გიჭერს და მზად გხდის, პატარა ბიძგზეც კი აღრიალდე.

საბა სადღაც ტვინის ინფორმაციულ ხვეულებში ფაქტადღაა დაფიქსირებული. როგორც ჩანს, მე ისევ მახსოვს, რომ მიყვარს, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ ამას, უბრალოდ აღარ მაქვს ამის თავი. ალბათ სხეულის მოჭრილ ნაწილთან ერთად დავკარგე. მაშინ  ნახევარ ქალად რომ ვიქეცი, ან უფრო გვიან, ადამიანადყოფილს რომ დავემსგავსე, ამოღამებული თვალებითა და ძველი თაბახისფერი კანით.

ვიცი, რომ ძალიან ვატკინე, მაგრამ შემეშინდა, რომ უფრო გვიან მეტად ვატკენდი. შეიძლება უბრალოდაც ეგოიზმი ჰქვია ამ ყველაფერს და თავის მართლებასავით გამომდის, დიდი სიყვარულის სახელით რომ ვფუთავ. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.

ავდექი და  მივატოვე, თბილისში გადმობარგებამდე სამსახურის მაგიდაზე დავუტოვე გრძელი, ბილწი წერილი და ვუთხარი როგორ მიშლიდა ნერვებს, ვუთხარი რომ ვეღარ ვიტანდი მის ვერც ერთ ჩვევას და არ მინდოდა მქონოდა მასთან არანაირი კავშირი. ყველაზე გულდასაწყვეტი დეტალები წამოვაძახე და ყველა მტკივნეულ წერტილს გადავწვდი. ისეთი საზიზღრობები დავწერე, თვითონვე რომ გამიკვირდა საკუთარი ფანტაზიის. უკანმოსაბრუნებელი გზა კი არ მოვიჭერი, გავიუქმე და გავინადგურე. დემონსტრაციულად გადავტეხე საკუთარი მობილურის სიმ-ბარათიც, სულს რომ არ წაეძლია და ზარზე არ მეპასუხა, ან სხვა რომელიმე თანამშრომელს არ მოეგნო ჩემთვის. ამოვიშალე თავი ინტერნეტ-სივრციდან. ერთად მოვაქუჩე მისი ყველა საჩუქარი და სანაგვეში მოვისროლე, დავხიე სურათები და დავიწყე დავიწყება, რომელიც ვერა და ვერ მივიყვანე ბოლომდე.

საბას როგორც ჩანს არც მოუნდომებია, რამის გარკვევა და გამოძიება. ერთხელაც არ უცდია, მიმხვდარიყო, რა ჯანდაბა დამემართა. კი, ვიცოდი, რომ ამაყი იყო, ისიც ვიცოდი, ასე შელახულ თავმოყვარეობას რომ არაფრით მაპატიებდა, მაგრამ შიგნით, სულ ღრმად და ერთი ბეწოთი, მაინც მრჩებოდა იმედი, რომ რაღაც სასწაულით მიხვდებოდა ჩემი საქციელის ნამდვილ მიზეზს. მომძებნიდა ჩვენი ქალაქიდან ასე შორსაც, შუბლზე თმას გადამიწევდა და ჩემს თვალებს ჩაჩერებული იტყოდა:

– რა სულელი ხარ და როგორ მიყვარხარ, როგორ იფიქრე რომ დაგტოვებდი ასეთ დროსო? მეგონა მარკერით მონიშნული სიყვარული მართლა განსაკუთრებულად გვაკავშირებდა, მაგრამ სულაც არ ყოფილა ასე. ზუსტად ახლახანს შევიტყვე, საბა რომ მარტო აღარ არის.

ალბათ უბრალოდ სადღაც ჰაერში ჩამოკიდებული დავტოვე ეს ახალი ამბავი, იმიტომ რომ მეტი ახალი ამბის დატევა აღარ შემიძლია, ისედაც ახალ-ახალი სამედიცინო ტერმინებით, ინტერნეტში მოქექილი ინფორმაციითა და გამყინავი შიშით ვარ გაჟღენთილი.

*   *   *

ფიქრებიდან ისევ პეკინესის ხმას გამოვყავარ, ახლა უკვე უახლოეს მომავალზე მესაუბრება, რაღაცებს მიხსნის კომბოსტოს გამოსახულებაზე, რომელიც ეჭვიანობას ნიშნავს თურმე, ზარზე – უსიამოვნო ამბავს გაიგებო და ნავზე – დიდი გზა გელისო. მერე ერთხელაც დაიყენებს ყოვლისმცოდნე იერს, წაწვეტებულ ფრჩხილიან თითს ფინჯნის შუაგულს მიუშვერს და იდუმალი ხმით მეჩურჩულება:

–  ერთი წლის შემდეგ მოსახდენ ამბებს აჩვენებს ძირი, წრეში ჩახატული გადაჯვარედინებული ხაზები კი ქორწილის  ნიშანია. ერთ წელიწადში ნამდვილად თხოვდებიო…

 * * *

საწყალი ქალი, ნეტავ როგორ გაიხსენებს მერე ჩემს ამბავს? იმ კლიენტის ამბავს, მოულოდნელად რომ წამოუხტა სკამიდან, ფინჯანი ხელიდან გამოსტაცა და პირდაპირ ხატების კუთხისკენ მოისროლა, როგორ გაისმა წკრიალ-ბზრიალის ხმა და როგორ დაემჩნა შპალერს სამუდამო ლაქად ყავისფერი წინწკლები. როგორ თავშეუკავებლად გაჰკიოდა უცნაური კლიენტი რაღაცას დაკარგულ სიყვარულზე, ნახევარ ქალობაზე, თითებზე და მარკერებზე. და სიბრაზისგან როგორ კანკალებდა მთელი სხეულით მაგიდას ჩაჭიდებული.

თუმცა ისიც მეეჭვება, ამდენი რამე შეემჩნია, ისეთი გაოგნებული მომჩერებოდა, ვიფიქრე, სადაცაა წკავწკავს დაიწყებს-მეთქი, ჩანთას ხელი დავავლე და გამოვიქეცი.

ცრემლები  ხელს მიშლიან ტაქსის ნიშნები გავარჩიო და ვერც ვხვდები, როგორ ვესვენები მძღოლის გვერდით სავარძელზე, ონკოლოგიურთან მიმიყვანეთ-მეთქი ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ. ლოყები მიხურს და ვგრძნობ როგორ დაუსრულებლად მიერთდება ნიკაპქვეშ ორი თბილი ნაკადი.

ექვსი თვე დამრჩა.

ფსიქოდრამა – ღალატი

1 ივნ

დღეს მეორედ ვიყავი ფსიქოდრამის მონაწილე. სამსახურში რომ დიდი გაუგებრობა და ბურუსით მოცული მომავალი მაქვს, უკვე მითქვამს (ირიბად მაინც). პირად ცხოვრებაშიც გულგატეხილი შეყვარებულის როლში (ფსიქოდრამის მერე ამეკვიატა ეს სიტყვა) ვარ დარჩენილი. ასე რომ, მჭირდებოდა ზუსტად ეს: ახალი ხალხი, ახალი გარემო და ფსიქოლოგია!

ფსიქოდრამის წმინდა მეცნიერული განსაზღვრება ესაა:
ფსიქოდრამა ფსიქოთერაპიის მორენოსეული (იაკობ ლევი მორენო 1892-1974) ჯგუფური მუშაობის მეთოდია, დაკავშირებული „სპონტანურ თეატრთან“. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევა, საკუთარი თავი განსხვავებულ როლებში განიცადო, როლებს იმჟამად აქტუალური სიტუაციიდან (ან თავად შენთვის, ან ზოგადსაკაცობრიობოდ აქტუალური) გამომდინარე ირგებ. ფსიქოდრამის მიზანია საკუთარი ცხოვრებისეული რეალობის გაცნობიერება. ის ხელს უწყობს პიროვნებას, გვერდიდან დაინახოს საკუთარი მდგომარეობა გათამაშების და როლური გაცვლის მეშვეობით. ფსიქოდრამული გათამაშების დროს ადამიანი ერთდროულად არის საკუთარი დრამის მთავარი გმირი და მისი შემქმნელი (რეჟისორი).

სიტუაცია არის ასეთი: მონაწილეები ვსხდებით წრეზე, ვეცნობით ერთმანეთს, ვამბობთ საკუთარ თითო დადებით თვისებას, ვამატებთ რაიმე ჟესტს და ფსიქოდრამა გახსნილად ცხადდება:

პირველი შეხვედრა მოთელვითი ხასიათის იყო, დღეს კი როლებიც მოვირგეთ. ყველასათვის აქტუალური პრობლემა უნდა შეგვერჩია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვესაუბრა მასზე და შემდეგ ამ პრობლემის ამსახველი პატარა სცენა დაგვედგა. შევარჩიეთ ჩემ მიერ შეთავაზებული თემა: ღალატი (ეს ყველაფერი კონფიდენციალურობის ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომაც მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც მე მეხება).

ზოგადი საუბარი ამ საკითხზე ყველას გვთხოვეს: პირადად მე, ჩემთვის აქტუალურ ორ თემაზე ვისაუბრე: პირველი, ეს იყო _ ცოლ-ქმრული ღალატი, მაშინ როცა ცოლი ღმერთქალიდან უკვე მოკვდავ ადამიანთა რიგებშია ჩამოქვეითებული, ქმარს კი ახალი თავგადასავლები და ახალი ღმერთქალი სჭირდება (ეს უშუალოდ მე არ მეხებოდა, მაგრამ მაინც…) და მეორე: როცა ”წამგლეჯის” როლში სხვა კი არა, თავად შენ აღმოჩნდები და მხოლოდ იმიტომ რომ მშიშარა ხარ (ანუ რაღაც მორალური კანონები კი არ გაბრკოლებს ისე ძლიერ, როგორც შიში) და პრობლემებს გაურბიხარ, თავს ანებებ სარისკო თამაშს (ეს უკვე ჩემი თავიდან გამომდინარე).

არ ვიცი, რატომ ვილაპარაკე ამაზე იქ და ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ აქ, მაგრამ ეს ისაა რაც მაწუხებს და ალბათ გამართლებას ველოდი მაშინაც და ახლაც. ასეთი საქციელის დიდი სიყვარულით, ან თუნდაც უარყოფით კონტექსტში, სხვა რაიმე სახელით მონათვლას. როცა ყველაფერი უკანასკნელ წვრილმანებამდე გარკვეულია, სრული სიმშვიდე მომიცავს ხოლმე, ეს გამომძიებლური სული კი, საკუთარ თავში ქექვისას მიაქტიურდება განსაკუთრებით.

როცა უკვე სცენაც დავდგით, ანუ გავანაწილეთ შეყვარებულებისა და კიდევ საბედისწერო მესამის (ქალი) როლი, ამ ყველაფრის განხილვაზე მიდგა საქმე და მე ”მესამეს” რასაც ჰქვია გადავუარე. პრინციპში ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი: რომ ის უბრალოდ უსინდისოა, ასეთი ადამიანი კი წაგებული არასდროს არ რჩება. რაც შეეხება მოტყუებულ შეყვარებულს, ის საბრალოა, ღალატის დროსაც შესაბრალისია და თუ ამ ღალატს მიტოვება მოჰყვა, მაშინაც საწყალი იქნება. ბიჭმა თვითონ არ იცის, რა უნდა. მაგრამ ბოლოს მაინც ყველა დავინდე (ჩემში ფილანტროპმა გაიღვიძა!), დამნაშავის ძიების არეალი გავაფართოვე და დავასკვენი რომ: ბიჭი დამნაშავეა იმიტომ, რომ იმ ”მესამეს” თვალებს უჟუჟუნებდა და ”დიდი სიყვარულის” იმედი ჩაუსახა, შეყვარებული გოგო იმიტომ, რომ თვალებს იბრმავებდა და თავს იტყუებდა, და ის ”მესამე” იმიტომ, რომ ”ინტრიჟკაზე” უარი არ თქვა.

საბოლოოდ ვიტყვი, რომ ზეშთაგონება არ მწვევია, მაგრამ საკუთარი პრობლემის გაზიარებამ ცოტა გამათავისუფლა, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მიყვარს პუბლიკის წინაშე გამოსვლა და პლუს ამას, მიყვარს გულახდილობა, თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანების წინაშე (პირიქით, მათთან უფრო მეტადაც კი).