2011 წლის მილეულს

29 Dec

დროა, ისეთი რაღაცების დაჯერებაზე დავფიქრდე, როგორიც ჰოროსკოპები და ჩინური კალენდრებია, იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც კატის წელიწადში დაბადებულისთვის, ეს წელიწადი ისეთი იყო, კრუტუნის მეტი რომ არაფერი დაგრჩება კაცს (თუ კატას). რა თქმა უნდა, მთელი 12 თვის განმავლობაში ასე სულაც არ ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს, მოვლენების შეჯამებისას დავრწმუნდი, რომ ჩემმა წელმა ძალიანაც საინტერესოდ ჩაიარა.

2011 წლის იანვარში ღირსშესანიშნავი ის მოხდა, რომ მე, ჩემი და და ბავშვები გლდანში, მინგრეულ-მონგრეულ ნაქირავებ ბინაში გადავსახლდით, ერთადერთი გარემონტებული ოთახი რომ ჰქონდა და თუ სამზარეულოში, ან კომპიუტერთან არ ვისხედით, მთელ დროს ამ მწვანეშპალერიან ოაზისში ვატარებდით. კარგი იმით იყო ეს ყველაფერი, რომ არც მშობლები ცხოვრობდნენ ჩვენთან და არც  ყველა ჯურის ნათესაობა ირეოდა სახლში ყოველდღიურად, მეგრული ტრადიციისამებრ. ჩემი და როცა მუშაობდა, დაქალი მსტუმრობდა და იყო სრული ქალური იდილია,   ყავის სმითა და ბიჭებზე ჭორაობებით.

ივნისში, დიდ-დიღომში, ოჯახურ აპარტამენტში გადმოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ლიტერატურულ კონკურსში მესამე ადგილი ავიღე. რითაც  მამას შვილებით სიამაყის და მის მსმენელებს კი მამაჩემის ტრაბახით თავის გაბეზრების კიდევ ერთი მიზეზი მივეცი. ცოტა მოგვიანებით, კიდევ ერთი პრიზი ავიღე ბლოგერების კონკურსში.

ზაფხული იმით იყო აღსანიშნავი, რომ სოფელში ჩასულმა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ ლაშქრობაში მივიღე მონაწილეობა და ვერცხლის ტბის სანახავად 2648-მეტრამდე ავედი.

სოფელშივე, 7 სექტემბერს შევხვდი ჩემს 24-ე დაბადების დღეს. რომლის დროსაც მთელს ქუჩას შუქი ჩაგვიჭრეს. ჩემს მეგობარს სანთლიანი ნამცხვრის ჩუქების გეგმა ჩაუვარდა. იფიქრა, იფიქრა, რა გამოვუცხოო და პირდაპირ ცხელ მჭადში ჩარჭობილი სადღესასწაულო სანთლებით დამადგა. ჩამდნარი სანთლები ამოვფხიკე და მჭადის ჭამით, აი, ასე გლეხურად შევხვდი დაბადების დღეს. უშუქობისას სანთლებითა და ბუხრის ცეცხლით განათებული ოთახის რომანტიკულობაზე ვინც საუბრობს, ყველა უსინდისოდ იტყუება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს დაბადების დღეს რომანტიკისა არაფერი ეცხო.

 თბილისში დაბრუნებულმა კიდევ ორ ლიტერატურულ კონკურსში გავგზავნე მოთხრობა და… ვერაფერიც ვერ ვქენი. ამიტომ სრულ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და ჩემი მწერლური უნარის თვითშეფასებისთვის ისღა დამრჩენია, გვირილის ფურცლები ვწყვიტო: “ვიცი წერა, არ ვიცი წერა, ვიცი წერა, არ ვიცი წერა…”

დეკემბერში შევიტყვე, რომ ავიღე სამაგისტრო გრანტი და ჩემი არასასკოლო განათლების მერვე წლისთავზე ბოლოსდაბოლოს მივაღწიე, რომ სწავლაში ფული არ ვიხადო.

დეკემბერშივე მოვხვდი პროექტში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრის ბოლოდან აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულის სწავლაში დავეხმარები და კვირის 7 დღიდან 5 დღეს ქვემო ქართლის, ან სამცხე-ჯავახეთის რომელიმე სოფელში გავატარებ. ბოლოს და ბოლოს, შევძლებ დამოუკიდებლად ცხოვრებას გემო გავუსინჯო. ბოლომდე დამოუკიდებელი მაინც ვერ ვიქნები, მაგრამ ესეც პროგრესია.

ამ წლის ღირსშესანიშნავ მოვლენებს მიეკუთვნებოდა ჩემი “მზიანი სახლის” ტრენინგში ჩართვაც. ამაზე წინა პოსტში უკვე ვისაუბრე და ბევრს არ გავაგრძელებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯია, რომელიც მომავალში კარგად გამახსენდება.

რეზიუმეს სახით: წელს გავიმარჯვე ორ კონკურსში, ავიღე გრანტი, ვიშოვე სამსახური, გავიცანი ახალი და საინტერესო ადამიანები. ერთადერთი ჩემი ოცნების ბიჭის პოვნას არ დაადგა საშველი, თუმცა…  ჰმ, რეზერვში კატური წლის სამი დღე კიდევ დამრჩა!

Tags: , , , , , ,

მზიანი შაბათები

17 Dec

უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას ფეისბუქ-ფრენდის მორიგი სტატუსი გიცვლის. იგებ, რომ იგეგმება   ყოველკვირეული ტრენინგი – “მზიანი სახლის” ხელმძღვანელობით, ფსიქოლოგისათვის ძალიან მიმზიდველი სათაურით, რომელშიც ნახსენებია “პიროვნული” და “განვითარება”. მართალია, არასდროს არაფერი გსმენია ამ უკანასკნელ მზიან სახლზე, მაგრამ გულში მაინც გაივლებ, რომ იქნებ მაინც ღირს, სცადო. გადაწყვეტ, რომ ნეტთან ღამეების თენებას და “სასოწარკვეთილი დიასახლისების” ცხრა-ცხრა სერიის ყოველდღიურ ხილვას მაინც აჯობებს, სხვა თუ არაფერი. ამიტომ ეწერები და ერთ ჩვეულებრივ შაბათ დღესაც დათქმული ადგილისკენ მიეშურები…

ვაღიარებ, რომ ვღელავდი, ერთი გაფიქრები ისიც ვიფიქრე გზაში, იქნებ სისულელეა ეს იდეა-მეთქი. ვყოფილვარ სხვა ტრენინგებზეც, მაგრამ ერთი ნაცნობი მაინც მეგულებოდა იქ. ამ შემთხვევაში კი ზუსტად ვიცოდი, ვირტუალურ და თანაც შორეულ ვირტუალურ ნაცნობობას თუ არ ჩავთვლით, ჩემი არც ერთი ახლობელი იქ არ იქნებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, დიდად არც მინდოდა ნაცნობების ნახვა. მგონია, რომ ისინი,  მითუმეტეს, თუ მეგობრები არიან, ასეთ სიტუაციაში  გბორკავენ. რეალურ ცხოვრებაში თქვენ უკვე ჩამოყალიბებული როლები გაქვთ, იცით, რას უნდა ელოდოთ ერთმანეთისგან, ისიც იცით, ვინ რა დროსაა წამყვანი და ვინ რა დროს დაქვემდებარებული. არ მინდოდა, ტრენინგზე უკვე განსაზღვრული როლით მივსულიყავი. ასეთ დროს ზუსტად სიახლეები და ჩემს თავში ახალი თვისებების აღმოჩენა მხიბლავს. ესეც რომ არ იყოს, არის სფეროები, რომლებზეც უცნობს უფრო გულწრფელად დაველაპარაკები, ვიდრე ოჯახის წევრს. ყველაფერი ეს სწორედ ისაა, რაც მომწონს უცნობებთან ერთად ტრენინგში მონაწილეობისას.

 

უარყოფითი კი ის აქვს, რომ, ზოგადად, ახალ ადამიანთა ჯგუფში მოხვედრილი ვიძაბები და თუ თავიდანვე ვერ შევძელი თავის წარმოჩენა, თავიდანვე არ ვენდე და საერთოდაც, თუ ჩავთვალე, რომ იქ და იმათთან არ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ამ ურთიერთობის მთელი შემდგომი პერიოდი თავს უბედურ მუდოდ მივიჩნევ. ეს როგორც ვთქვი ცუდ შემთხვევებში და რა ხდება მაშინ, როცა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს?

და-რა-რა-რამ!

დღეს ტრენინგში მონაწილეობის მეხუთე შაბათია და სახლში მობრუნებულს ახლაც სიხარულისგან მიელავს თვალები. მართლა არ ვაჭარბებ, მოვდივარ სახლში და დას და მეგობარს ყურებამდე გაღიმებული ვუყვები, რა მაგარი როლური თამაშები გვქონდა, როგორ გავითამაშეთ სცენა რეალურ და ამაღლებულ სიყვარულზე, რომ ამასწინ ვიმსჯელეთ უხერხულობაზე გაცნობის მომენტში, რომ გამიჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც წარმატებით შევასრულე თვალებში ცქერის სავარჯიშო…

ოღონდ ეს  ”მზიანი შაბათები” არაა მხოლოდ. შაბათობით სხვადასხვა თემების გარჩევა, პრობლემების და სისუსტეების განხილვა, საინტერესო ადამიანების ნახვა, რაღაც სცენების გათამაშება კარგია, ძალიან კარგიც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერი შაბათიდან მეორე შაბათამდეც სხვანაირი ხდება და იცვლება. არც იმას ვიტყვი, რომ ყველა ტრენინგულ დავალებას ზედმიწევნით ვასრულებ, რომ თუნდაც წინა კვირას მოცემული რეკომენდაციები გავითვალისწინე და თავს ვიკავებდი უხეშობისგან, ისეთი სიტყვიერი ნაგავის გამოყენებისგან როგორიც – აუ, ნუუ, ჰოდა…  და მსგავსნია.

თუმცა მგონია, რომ ამ დავალებების ზედმიწევნით შესრულება არცაა გადამწყვეტი. მაგალითად საკუთარი თავისთვის სამი კვირის წინ დასახული გეგმა, რომ ყველა შემხვედრისთვის თვალებში მეყურებინა და თან გამეღიმა, კრახით დასრულდა და არც წინა ერთი კვირა ვიქცეოდი “ბულკივით”. მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ ჩემი თვალებში ყურებადობის კოეფიციენტი 50 % -ით მაინც გაიზარდა და  თუნდაც მაშინ როცა ვუხეშობ, შიგნით პატარა სინდისიკოები დამირბიან და მანიშნებენ, რომ ეს ცუდია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, გარშემო ვინმე რამეს მატყობს თუ ვერა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შიგნიდან უკეთესი გავხდი, უკეთესი თუ არა, ცოტათი უფრო სხვანაირი მაინც…

Tags: , , , ,

ჭაობიდან

8 Nov

სამიოდე კვირა იქნება რაც ასე ვარ, შეიძლება მეტიც, მაგრამ ყველა დღე ისე კლონირებულივით ერთმანეთის მსგავსია, უკვე სათვალავი ამერია და ზუსტი თარიღი არც მახსოვს. აქამდე ვსწავლობდი: სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი… ვინმე მიყვარდა, ან მომწონდა: გიგა, ალიკა, იგორი, გიორგი… ცოტა ხანი სადღაც-სადღაც ვმუშაობდი და ჩემი საუკეთესო მეგობარიც თბილისში ცხოვრობდა: ნათია…

წელს მაგისტრატურაში ჩავირიცხე, ორჯერ ვიყავი ლექციაზე და მერე აკადემიური ავიღე; ფეხებზე მკიდია ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი (მამის, ძმის და ერთი წლის დისშვილის გამოკლებით), არსად არ ვმუშაობ და ნათიაც რაიონში გაემგზავრა. გეგმა, რომ აკადემიურის წყალობით გამოთავისუფლებულ დროს რაც შეიძლება საინტერესოდ და შემოქმედებითად გამოვიყენებდი, თანდათან მეფუშება. დრო გადის, ყოველდღე ვიფიქრებ, რომ ხვალიდან ყველაფერს შევცვლი, მაგრამ დილიდან იმასვე ვაკეთებ, რასაც წინა დღეს ვშვრებოდი:

ვიღვიძებ 12-ზე ან 1-ზე, ვსაუზმობ და ვჯდები კომპიუტერთან, ვრთავ ფეისბუქს, პარალელურად ვუყურებ IMDb-ზე 7+-ით შეფასებული რომელიმე სერიალის 4-5 სერიას, ხანდახან წავეთამაშები დისშვილს – ლევანიკოდ სახელდებულ მრგვალ არსებას, დავასტატუსებ მორიგ მარაზმს, შევამოწმებ მაილს, ვიჩეთავებ, გადავხედავ ორიოდე ბლოგს და სხვადასხვა ვაკანსიას, ისევ ვუყურებ სერიალის 4 სერიას, საღამოს ვსადილობ, ღამით ვვახშმობ და მთელი დროის 2-2 საათიან შუალედში ყავით ვიჭყიპები, ღამის 3-ზე ვიძინებ.

 ფსიქოლოგიაში არსებობს ლოკუსის კონტროლის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანები 2 კატეგორიად იყოფიან. გარეგანი კონტროლის ლოკუსის მქონენი ბედისგან მართულად მიიჩნევენ თავს და “საკუთარ წარმატება-წარუმატებლობას გარეშე ძალებს მიაწერენ”,  ცხოვრებაც დინებას აქვთ მინდობილი. შინაგანი კონტროლის ლოკუსის მქონენი კი პირიქით, მხოლოდ თავიანთ თავს მიიჩნევენ საკუთარი ცხოვრების მჭედლად.

ყოველთვის ამ უკანასკნელ კატეგორიაში გამყავდა ჩემი თავი, არასდროს არ მიფიქრია, რომ ვინმეზე, ან რამეზე იყო ჩემი ბედ-იღბალი დამოკიდებული. მეგონა, თუ მოვინდომებდი, მთებს გადავდგამდი და ზღვებს დავაშრობდი. მაგრამ არათუ შინაგანი კონტროლის ლოკუსი, სინამდვილეში გარეგანიც კი არ მაქვს. ბედს მინდობილი და დინებას მიყოლილი ქათინაურიც კი იქნებოდა ჩემნაირისთვის. დინებას რომ მიჰყვე, მდინარეში მაინც უნდა ცურავდე, მე კი დიდ, მწვანე, ბუყბუყა ჭაობში ვარ ჩაფლული და ველოდები, როდის მომივლენს ალაჰი სასწაულს და აქედან ამომათრევს.

ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება მევე უნდა გავხადო საინტერესო, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როგორ და რაც მთავარია, არ ვიცი, საიდან დავიწყო. უფრო მარტივი ფიქრის სამომავლოდ გადადება და მორიგი სერიალის მოძებნაა. “ჰაუსი”, “მახინჯი ბეტი” და “სასოწარკვეთილი დიასახლისები” მოვილიე, ჰმ, ახლა რომელი?

Tags: , , ,

ფანტასტიკური გოგონა და კუნძულის 37 წლიანი საიდუმლო

19 Oct

არის წიგნები, რომლებსაც სომელიესავით ნელ-ნელა, არომატის სრული შეგრძნებით ვკითხულობ… კიდევ ისეთებიც არის, რომელთა კითხვის დროს გაუმაძღარი ვხდები, ვახტები აბზაცებს, როცა კვანძის გახსნის სიახლოვეს ვგრძნობ და ქარიშხალგადავლილი და გულდამშვიდებული მერეღა ვუბრუნდები გამორჩენილ ადგილებს.

ამ უკანასკნელ კატეგორიაში გავიყვანდი ლარსონის “გოგონა(საც) დრაკონის ტატუთი” (მილენიუმის დეტექტიური ტრილოგიის პირველ წიგნს). ვიკიპედია გვამცნობს, რომ სტიგ ლარსონი შვედი ჟურნალისტი იყო და მილენიუმის ტრილოგია მის ერთადერთ მხატვრულ ნაწარმოებად დარჩა. მწერალი წიგნების გამოცემამდე დაიღუპა და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ამ ფაქტმაც განაპირობა მისი დეტექტივების მსოფლიო პოპულარობა. “ბოროტი ხმები” მაინც უბრალოდ ხმებია, იმიტომ რომ ამ ჟანრის ნაწარმოებები ისედაც არასდროს უჩივიან მკითხველის სიმცირეს. “გოგონას…” კი უფრო მეტზეც აქვს პრეტენზია, ვიდრე ბანალური დეტექტივობაა. მასში ყოველი მოვლენა ისე ზედმიწევნით აღიწერება, რომ წიგნის ნაცვლად თითქმის მძაფრსიუჟეტიან ფილმს უყურებ. დარწმუნებული ვარ, მისი სცენარად ქცევა ძალიან იოლი საქმე იქნებოდა. დეტექტივი იმ თემებს ეხება, რაც ყოველთვის აქტუალურია: ძალადობას, სექსს, საიდუმლოს, მკვლელობებსა და ფულს. ასე რომ, ლარსონის ყოფნა-არყოფნა არამგონია დიდად ასახულიყო მის წარმატებაზე.

წიგნში ორი დეტექტიური სიუჟეტი ვითარდება, წამყვანი მათ შორის მოხუცი მაგნატის (ჰენრიკ ვანგერი) ძმის შვილიშვილის ამბავია, რომელიც 36 წლის წინ უცნაურად გაუჩინარდა მშობლიური კუნძულიდან. ჰენრიკს მოსვენება დაუკარგა ოჯახურმა ტრაგედიამ. ისტორიას იდუმალებას ისიც მატებს, რომ, ამ შემთხვევის შემდეგ, მოხუცს დაბადების დღეზე ყოველწლიურად ზუსტად ისეთ გამხმარ ყვავილებს უგზავნიან, როგორსაც აწდაკარგული ჰარიეტი ბავშვობაში ჩუქნიდა.

ჰენრიკი მიიჩნევს, რომ მისი ძმის შვილიშვილი მოკლეს, სწორედ მკვლელის ვინაობის დადგენის მიზნით სთხოვს ის დახმარებას ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს. ჟურნალისტი გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც ჰარიეტის მკვლელობის, ასევე წიგნის მეორე დეტექტიური ხაზის, ეკონომიკური დანაშაულის გახსნაში. მისი წყალობით, მილიარდერი ვენერსტრომის მაქინაციებისა და შავი ფულის შესახებ საქვეყნოდ გახდება ცნობილი.

თუმცა ფინანსური დანაშაულის თემა, რომლითაც წიგნი იწყება და სრულდება მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, “გოგონას…” გამოხმაურებაში მკითხველები ამ თემაზე ხშირად წუწუნებენ. ის ეკონომიკური წიაღსვლებით, ყოველივეს გულმოდგინე აღწერით მოსაბეზრებლამდე გადატვირთული და გაწელილია. იგივეს ვერ ვიტყოდი წამყვან სიუჟეტზე. ყოველი ახალი თავის შემდეგ, გამქრალი ჰარიეტის ამბავი თავდაპირველად სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მერე და მერე ძაფის ხელმოსაჭიდი ბოლოები ჩნდება და  საბოლოოდ ყველაფერი ირკვევა. ჰენრიკ ვანგერის ძმის შვილიშვილის 36 წლიანი საიდუმლოს ამოხსნას შვიდი თვე დასჭირდა. თუმცა მისი გამოძიების პროცესში მიქაელ ბლუმკვისტი მარტო არ ყოფილა…

ბლუმკვისტის პარალელურად წიგნი ლიზბეთ სალანდერს გვაცნობს – სწორედ ის არის გოგონა დრაკონის ტატუთი. ტატუების გარდა გოგონას პირსინგები, ბიჭური სხეული და არაორდინალური ჩაცმულობა აქვს (კიდევ თავისი ძუძუები უნდა აკომპლექსებდეს). იშვიათად იცინის, არასდროს ჰყვება საკუთარ თავზე და ზოგჯერ დაუჯერებლობამდე არაჩვეულებრივიც კია.

წიგნში საათების სიზუსტით აღინუსხება ფაქტები, დეტალურად აღიწერება მოვლენის მიმდინარეობის გარემო,  პერსონაჟების მენიუს შემადგენლობა: ხან ცხვრის კატლეტებს ჭამენ, ხან კარტოფილს, ხან სენდვიჩებს… ძალიან თუ მოინდომებ, შეგიძლია გადაითვალო სიგარეტის თითოეული მოწეული ღერი, მათ მიერ წაკითხული წიგნები და გაეცნო ყველა მნიშვნელოვანი გმირის კომპიუტერის, თუ სხვა ტექნიკის მარკებსაც (ვაღიარებ, წიგნში ისე ხშირად განმეორდა მიქაელის ელფოსტის მისამართი mikael.blomkvist@millenium.se რომ სურვილიც კი გამიჩნდა, მისთვის მიმეწერა).

მაგრამ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოების ამ გულმოდგინე მცდელობის მიუხედავადაც კი, ლიზბეთ სალანდერის პერსონაჟი მაინც საეჭვოა. ეს გოგო იმდენად გამორჩეული და ამოვარდნილია ნორმიდან, რომ  ეტყობა მწერალმა გადააჭარბა და პერსონაჟიც ცოტა არ იყოს ფანტასტიკური გამოუვიდა.

ვითომ ის, რომ ლიზბეთს ფოტოგრაფიული მეხსიერება გააჩნია და ამის წყალობით გენიალური ჰაკერიცაა, ნაწილობრივ უნდა პასუხობდეს იმ კითხვას, რატომაა ასეთი ახირებული. მაგრამ თუ წიგნის დანარჩენი გმირები ლამის პოლიციის რაპორტის სკრუპულოზურობით გვეცნობიან თავიანთი წარსულით, განათლებით, პროფესიით, ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრებით, მითუმეტეს საგრძნობია ის სიცარიელე, რომელიც ლიზბეთის აღწერილობას აქვს (ისე, მის შესახებ უფრო მეტის მოყოლას ტრილოგიის მეორე წიგნში გვპირდებიან). გოგონას წარსულზე თხრობა თინეიჯერობიდან იწყება, არაფერი ვიცით მის მამაზე და ძალიან ცოტა – დედაზე. “გოგონა დრაკონის ტატუთი” სალანდერის ხასიათს კი გვაცნობს (უფრო სწორად უხასიათობას), თუმცა ბოლომდე საიდუმლოდ რჩება, რა მიზეზებმა გამოიწვია მისი ასეთი  უცნაურობა.

წითურმა ლიზბეთმა (თუნდაც შავად გადაღებილი თმით) ეროვნებით, წესებისა და მორალისადმი დაუმორჩილებლობით, უშიშარი ბუნებითა და კნაჭა ხელ-ფეხით შეიძლება ჩემსავით პეპი გრძელიწინდა მოგაგონოთ, თუ თქვენც იმ ბედნიერი ბავშვების თაობას განეკუთვნებით, რომელიც ლინდგრენის წიგნებთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა (თავისი სამსახურის უფროსი ადარებს კიდეც მას პეპის).

ბუნდოვან პარალელს საბავშვო მწერლის პერსონაჟთან სხვაგანაც დაიჭერთ. მიქაელი გვარად ბლუმკვისტია, ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ, მას მეტსახელი “კალე” შეარქვეს, როგორც “კალე ბლუმკვისტს” მასაც გამოძიებები იტაცებს და დანაშაულის გახსნასაც სხვების მიერ შეუნიშნავი და ამოუხსნელი წვრილმანებით ახერხებს. შეიძლება მომეჩვენა კიდეც, მაგრამ მგონია, რომ ლარსონმა საბავშვო წიგნების გმირების ხასიათის რაღაც შტრიხები გამოიყენა,  “გაზარდა” და ამ მინიშნებებით თავის გმირების პროტოტიპებამდე გაგვიყვანა. ძალიან ფანტასტიკური აზრი თუა, შემინდეთ! ფანტასტიკური გადახვევებისგან აგერ თავად ლარსონიც არ ყოფილა დაზღვეული.

წამოზრდილი “კალესა” და “პეპის” ამბავი თავდაპირველად სხვადასხვა ადგილას, თუმცა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ხდება, თუ ბლუმკვისტი 8 საათზე ნიშნავს პაემანს სტოკჰოლმიდან 3 საათის მოშორებით, იმავე დღეს, სტოკჰოლმში ლიზბეთი 9-ის ნახევარზეა შეხვედრაზე. თუმცა მათი ისტორიები პარალელურად ვითარდება და გარკვეულწილად უკავშირდება კიდეც ერთმანეთს, უშუალოდ ამ ორი გმირის გზა ხუთ ნაწილიანი წიგნის მესამე ნაწილში იკვეთება. მათი ნაცნობობა უცნაურად იწყება, საგამოძიებო საქმეში თანამშრომლობითა და სექსით გრძელდება და საბოლოოდ იმედგაცრუებით სრულდება.

ადამიანური, თუ სექსუალური ურთიერთობების თემა წიგნში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს და თითქმის ყველა ლოგინის სცენა გამომძიებელ ჟურნალისტს უკავშირდება. ბლუმკვისტი დადებითი პერსონაჟია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: სიმპატიურია, სამართლიანი, პატიოსანი, მებრძოლი და ა.შ… რაც მთავარია, ამ პერსონაჟს სისხლი და ხორცი აქვს და ლიზბეთის მსგავსად ცით მოვლენილი სასწაული არ არის. ვაღიარებ, მომეწონა “კალე”, ბავშვობაშიც მომწონდა… ამიტომაც არ გამკვირვებია, რომ წიგნის მდედრობითი შემადგენლობა, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილი არ არის მის მიმართ.

სალანდერის გარდა, ბლუმკვისტს ვნებები კოლეგასთან – ერიკა ბერგერთანაც აკავშირებს. ერიკას ქმარი ჰყავს, რომელმაც მისი და მიქაელის 20 წლიანი ურთიერთობის შესახებ იცის და ხელოვანი ადამიანის ტოლერანტობით აღიქვამს ამ მოვლენას. ბლუმკვისტსაც ჰყავდა ერთ დროს ცოლი, მაგრამ ის ასე პროგრესულად მოაზროვნე ვერ აღმოჩნდა და ქმრის ღალატს ვერ შეეგუა. რაც შეეხება თავად ერიკას, ისიც შემწყნარებლურად უყურებს მიქაელის სხვა ქალებთან ურთიერთობის ფაქტს. ერთხელ, როცა საყვარელს საწოლში სხვასთან მონებივრეს შეუსწრებს, ორთავეს საუზმეს თავად გაუმზადებს. ეს შემთხვევა სასადილო მაგიდასთან მშვიდი ბაასითა და ჰეფი ენდით სრულდება. ვეჭვობ, ტერმინი შვედური ოჯახი რომ არ არსებულიყო, ამ წიგნის მერე მაინც დამკვიდრდებოდა. წიგნიდან როგორც ჩანს, სექსუალური თავისუფლება შვედეთში უმაღლეს დონეს უნდა აღწევდეს (ამ პოსტის მერე… ყველანი მივდივართ შვედეთში).

ლიზ სალანდერს კიდევ უფრო ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს, თუმცა ეს გმირი თავიდანვე იმდენად გამორჩეულია, რომ 24 წლის ასაკში 50-მდე ყოფილი პარტნიორითა და ბისექსუალიზმისადმი მიდრეკილებებითაც არ გამოუწვევია შოკს.

წიგნში ერთ-ერთი უმძიმესი სექსუალური ძალადობის პასაჟიც ლიზბეთს უკავშირდება. მეურვის მიერ გოგონას გაუპატიურების სცენის წაკითხვისას ყდაზე დიდი, წითელი შრიფტით ნაწერი +18-ის ხილვის სურვილი გამიჩნდა. საერთოდაც, მთავარი დანაშაულის გახსნის მკითხველნი კარგად მიხვდებით, რომ ეს წიგნი არ უნდა ანახოთ ბავშვებს, ორსულებსა და სუსტი გულის პატრონებს. ლარსონმა დეტალიზებისადმი მიდრეკილებას ვერც ძალადობის სცენების აღწერისას აუარა გვერდი, შედეგად დანაშაული მთელი საძაგელი ნიუანსებით ჩნდება თქვენს წინაშე.

ზოგადად საზოგადოებრივი ეთიკისა და ნორმებისადმი სრული გულგრილობის მიუხედავად, ლიზბეთი მაინც ‘ნორმალურ” ადამიანურ მესაკუთრეობას ავლენს, როცა საქმე ბლუმკვისტს ეხება. ის პირველად ზრუნავს სხვაზე ასე, იცავს მას და გადამწყვეტ წუთში სიკვდილისგანაც იხსნის. საბოლოო ჯამში უყვარდება კიდეც ეს ადამიანი, რომელიც არც ერთ მის ძველ ნაცნობს არ ჰგავს. მოვიტყუები, რომ ვთქვა, გულგრილი ვიყავი თუნდაც “ფანტასტიკური” ლიზბეთისადმი-მეთქი. მაგრამ როცა “ადამიანური” გრძნობების გამოვლენა სცადა და “მაგარი გოგოს” ჯავშანი ცოტათი გაებზარა, მაშინ უფრო მომეწონა და ბოლოს ძალიან დამწყდა გული.

 შეყვარებული ლიზბეთი უცებ გამოიცვალა, მაგრამ მისი მეტამორფოზა და გრძნობების წამიერი მოზღვავება კრახით დასრულდა. ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს გოგონამ ბლუმკვისტი მარადიულ პარტნიორ – ერიკასთან ერთად მოსეირნე შენიშნა და იმედგაცრუებული თავის უცნაურ ცხოვრებას დაუბრუნდა… ეს პატიოსანი ბლუმკვისტიც სხვა კაცებისნაირი არ აღმოჩნდა?! ეს ისე ვთქვი, თორემ ნამდვილად არ ვხუმრობ… როცა ლიზბეთი სიმწრით ამბობს თავის თავზე – საწყალი სულელი ხარ, სალანდერ-ო, კარგად წარმოვიდგინე, რას იგრძნობდა სიცოცხლეში პირველად შეყვარებული გოგო, რომელიც თავის რჩეულს სხვასთან დაინახავდა.

ეს არ არის ნაწარმოები, რომელსაც საყვარელი წიგნების თაროში  მივუჩენდი ადგილს, ძალადობის სცენების დამსახურებით ის ზედმეტად მძიმეა (სხვათა შორის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც მძიმეა). გარდა ამისა, გარკვეული ფაქტების სინამდვილეც ეჭვს იწვევს. თუმცა, “გოგონას დრაკონის ტატუთი” აქვს ის, რამაც ბოლო ფურცლამდე სუნთქვაშეკრული მიმიყვანა. ის კარგი დეტექტივის იმ ღირსებას ფლობს, რომლის წყალობითაც, პასიური დაკვირვების ნაცვლად, მკითხველიც გამომძიებელის როლს ირგებს და წიგნის მკვლევარებთან ერთად განიხილავს ეჭვმიტანილებს, ცხრილავს და ავსებს დამნაშავეების სიას… ერთ-ერთი რაც მაღალ დონეზეა შესრულებული წიგნში, ეს სწორედ მთავარი დამნაშავის აღმოჩენის სირთულეა. თუ “გოგონა დრაკონის ტატუთი” ხელში გიჭირავთ და მოწელილ ადგილებს უკვე გასცდით, ჩემსავით მთელი ღამეც რომ დაგჭირდეთ, მაინც ვერ მოსწყდებით.

P.S. ჰოდა, წარმატებები დანაშაულთან, ვნებებთან, ქარიზმატული გმირებთან შეხვედრასა და ღამის თევაში!

Tags: , , , , , , , , ,

Follow

Get every new post delivered to your Inbox.