პერფექციონისტი

1 მარ

ჩემს ყოველ დანაბეჭდს იმდენჯერ ვკითხულობ, რომ ზოგჯერ ახალ პოსტამდე ძველიდან აკვიატებულად დამდევს რომელიმე ფრაზა. ჯერ დრაფტში ყოველ სიტყვაზე კირკიტისას მიწევს ხელახლა წაკითხვა, მერე პრივატულად ვაქვეყნებ, რომ ვნახო, როგორ გამოიყურება ბლოგის გვერდზე. აქაც ორ-სამჯერ გადავიკითხავ და სინონიმებით ვცვლი უგერგილო გამოთქმებს. ოო, მერე სათაურზეც უნდა ვიფიქრო; ცალკე პუნქტუაციაა ჩემი აქილევსის ქუსლი, თუმცა უკვე შევეგუე კიდეც, რომ მძიმე-წერტილები დიდად მზაკვარნი გახლავან (ერთხელ ლექტორმა რეფერატზეც კი მიმიწერა: “არსებობს ასეთი სასვენი ნიშანი – მძიმე!”).
და ასე ყოველთვის: ვფიქრობ, ვწერ, ვშლი, ვაშალაშინებ, ვეძებ, მომწონს, არ მომწონს, ვფიქრობ, ვბეჭდავ, ვშლი…

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე პერფექციონისტი ვარ! არ უარვყოფ, არის ამ განცხადებაში ჩაქსოვილი სიამაყე, მაგრამ ის, ამავე დროს, სამწუხარო დიაგნოზის ტონით არის ნათქვამი, რადგან მუდმივი თვითცენზურა და სრულყოფილებისთვის ბრძოლა ბოლოს და ბოლოს ძალიან დამღლელია. (პერფექციონიზმი – ეს არის პროგრესულად მზარდი მოთხოვნილებები საკუთარი თავისადმი, როცა შეცდომა და არასრულყოფილება უპატიებელი ხდება ნებისმიერ ასპექტში: სამუშაოზე, ქცევაში, გარეგნობაში…)

პერფექციონისტი ზედმეტად მგრძნობიარეა კრიტიკისადმი და იმას, რომ რამე გააკეთოს უბრალოდ დამაკმაყოფილებელ დონეზე, ურჩევნია ის საერთოდ არ გააკეთოს. მარტივი ლოგიკაა, რაც არ არსებობს, ვერავინ დაიწუნებს. ამ პრინციპის გამოისობით, მე არასოდეს ვცეკვავ დღესასწაულებზე, თავს ვარიდებ ბურთით გასართობ თამაშებს, არ ვთამაშობ ჯოკერს და ძალიან მთრგუნავს ინგლისურის გაკვეთილი. მე ვიცი, რომ ამ სფეროებში ვერ ვბრწყინავ და მაგალითისთვის, მირჩევნია მარტო ვიჯდე სუფრასთან, ვიდრე ავდგე და “ისე რა”, ან მითუმეტეს ცუდად(!) ვიცეკვო.

პერფექციონიზმის ფესვებიც, სხვა ყველა დარღვევის მსგავსად, თურმე ბავშვობაშია საძიებელი. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გარშემომყოფთაგან სიყვარულსა და აღიარებას მხოლოდ უზადო შედეგების მიღწევით თუ მოიპოვებს, რადგან ბავშვობაში მხოლოდ მაშინ აქებდნენ, როცა ფრიადებს იღებდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, უნაკლოდ შესრულების მტკივნეული მოთხოვნილება რაღაც სხვა უცნობი მიზეზებით ჩამომიყალიბდა, თორემ ჩემს მშობლებს ჩემი ფრიადები, რბილად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდათ. ჩემთვის ნებისმიერი გადახვევა იდეალურობის მკაცრად განსაზღვრული სქემებიდან ტრაგედიაა. მე პანიკაში ვვარდები: როცა ვაგვიანებ, როცა პირობას ვერ ვასრულებ, როცა დიეტას ვარღვევ, როცა ამობეჭდილ თემაში გამორჩენილ ასოს ვამჩნევ…

ვხვდები, რომ საბოლოოდ ეს პედანტური კირკიტი სხვებისთვის დამღლელი და გამაღიზიანებელი ხდება. მაგალითად ჩემმა თანამშრომელმა, მას შემდეგ, რაც რაღაც წვრილმანების გამო სადისტურად ვტანჯე, ჩუმად “ზადიანი პროდუქტიც” შემომაპარა და მხოლოდ იმის მერე, რაც თვითკმაყოფილმა მოვიწონე, მითხრა, რომ გამაცურა. სინამდვილეში დეტალები იმიტომაცაა დეტალები, რომ ისინი შედეგს ვერ ცვლიან, მაგრამ პერფექციონისტებს ეს არ (გვ)ესმით.

საბოლოოდ ისე გამოდის, რომ იდეალურთან შესატყვისობას მარტო საკუთარ თავს კი არ ვთხოვთ, უნებურად სხვების ნაკლოვანებებსაც ვუსაფრდებით. ასე ვაგებთ იდეალური მეგობრის, თანამშრომლის, ხელმძღვანელის, ლექტორის, იდეალური ქალის, კაცის, ბავშვის, იდეალური ცხოვრების და თვით იდეალური სიკვდილის სქემებსაც კი. ზადაღმოჩენილი ადამიანები კი ავტომატურად “ჩამოლაბორანტდებიან”.

გამოთქმა – ყველას თავისი იდეალი ჰყავს; პერფექციონისტთან მიმართებაში ორმაგ მნიშვნელობას იღებს, ჯერ ერთიც, ეს ფრაზა თითქოს რეაბილიტირებაშიც უნდა დაეხმაროს – ქვეტექსტით: “დამშვიდდი! ის, რაც შენ შენს თავში არ გაკმაყოფილებს, სხვებისთვის აბსოლუტურად მისაღებია” და მეორეც, თავად პერფექციონისტის წარმოდგენები იდეალურზე, შესაძლოა, სულაც არ შეესატყვისებოდეს ამა თუ იმ მოვლენის ეტალონზე ტრადიციულ წარმოდგენას.

უტრირება რომ მოვახდინოთ: თუ მავანისათვის მამიკოს ფულებით “მოგულავე” თეთრ რაშზე ამხედრებული, უპრინციპო და ქარაფშუტა პრინცია იდეალი, ჩემი იდეალური ცხოვრების იდეალური თანამგზავრი ვეჭვობ არასპორტული და ახლომხედველი უნდა იყოს და (ვაჰმე) სხვა ნაკლებთან ერთად, შეიძლება ჭურჭლის რეცხვაც კი იცოდეს! ოღონდ პრობლემა აქ სწორედ ისაა, რომ პრინცის მოყვარულები შავ რაშიანსაც აიტანენ, მე კი სწორედ ახლომხედველი და არასპორტული მინდა და არავინ სხვა!!!

ისწავლო – იყო არასრულყოფილი, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მართლაც შესანიშნავია. მაგრამ მე აღარც მჯერა, რომ ამას შევძლებ. და ალბათ არც მინდა, თქვენ წადით საითაც მიდიოდით, მე ისევ მარჯვნივ გავუყვები, აი, იმ ქალაქისკენ :)

Advertisements

8 Responses to “პერფექციონისტი”

  1. mylpi მარტი 1, 2011 at 1:24 PM #

    მე კი მესმის შენი, მაგრამ ეგ ყველაფერი ძალიან მიუღებელია, მე არ მიყვარს ყველაფერი იდეალური, თავისუფლადაც ვცეკვავ, ვთამაშობ და ვმღერი კიდეც :D:D მე ვიცი, რომ იდეალური არავინ არაა, რამე კარგად რომ არ გამომივიდეს სიცილში გადავიტან და ეგაა, ერთხელ ვცხოვრობთ და იმის დრო არაა სხვისი აზრებით დაკომპლექსდე
    აი ასე ვფიქრობ მე : )

    • kohinor მარტი 1, 2011 at 3:51 PM #

      შეიძლება სხვისი აზრები საერთოდ უმნიშვნელო იყოს ჩემთვის, ჩემს თავზე წარმოდგენა არ უნდა დამერღვეს მე თვითონ.

      ჰო, მე კიდევ შენი მესმის, ხომ ვთქვი კიდეც, თავისუფლად ხარ უფრო, დაუძაბავად. სამაგიეროდ იმ შეგრძნებისგან მოგვრილ სიამოვნებას აკლდები: აი, ყველაფერი რომ ჩაწიკწიკებულია, არსად ლაქა, არსად წერტილი! იშ, ასწორებს ეგეც! :D

  2. kevana მარტი 1, 2011 at 3:10 PM #

    ჰაჰ, საინტერესო იყო. არ ვიცოდი. პრინციპში, მეც მაქვს მასეთი წიკები, მაგრამ სხვებთან მიმართ ნაკლებად ვიყენებ, უფრო ჩემს თავს “ვაწვალებ”, ბოლოს როცა ვიღლები, ვტყდები: რას ვიზამთ, ესეც კარგია და ასე ვმშვიდდები. ანუ ვეგუები, მაგრამ მანამდე რომ საკუთარ თავს ვაწვალებდი? : ( აი ასეთებიც ხდება : )

    • kohinor მარტი 1, 2011 at 3:58 PM #

      შეგუება რომ არ შეუძლიათ, ეგ არის ზუსტად “ამათი” ნაკლი. მეც ვეგუები რაღაცებს, მაგრამ მაწუხებს მაინც. რასაც ჰქვია “დაკიდება” ძალიან იშვიათად გამომდის. უბრალოდ რაღაცებს არ ვიმჩნევ, რაღაცებზე ვცდილობ არ ვიფიქრო

  3. რუსა მაისი 25, 2011 at 5:34 PM #

    როგორ მესმის შენი…

    მთლად მასეთ ფორმებში არა, მაგრამ პერფექციონისტი ვარ ;( და ასე მგონია ეს გარემოცვის, სოციალური მოლოდინის გამოა..
    როცა ახლობლები შენგან ბევრს ელიან,დიდ იმედებს ამყარებენ,თითოეული მათი სიტყვა,შექება თუ კრიტიკა მოქმედებს ადამიანზე და უბიძგებს სრულყოფილებისკენ ისწრაფოს..თავისი ძალების მაქსიმუმი გამოიყენოს რათა სხვას იმედი არ გაუცრუოს.. ერთი მხრივ კარგია,მაგრამ ხშირად სწორედ ეს ხდება ბევრი კომპლექსის მიზეზი :( საკუთარ თავისგან მეც ბევრს ვითხოვ და ეს მღლის..

    • kohinor მაისი 25, 2011 at 6:55 PM #

      რომც არ ელოდნენ, ეს მე მგონია რომ ელიან, სულ მინდა რაღაც ვამტკიცო, რაღაცით დავიმსახურო მოწონება და სიყვარული. რაღაც მიჰქარეს ჩემს აღზრდაში ბავშვობაში :( :P

  4. Tamuna Turdzeladze ივლისი 6, 2011 at 6:40 PM #

    rogor ar vicodi, ra SarSi vyofilvar! Cemi bralia xom ar aris inglisuze guli rom agicruvda?

    • kohinor ივლისი 6, 2011 at 8:03 PM #

      შენი ბრალი რატომ უნდა იყოს? :))) ჩემი ბრალია :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: