წაიღეთ თქვენი სამოთხე

5 მარ

საერთოდ სხვა რამეზე ვაპირებდი დაწერას, ორი დღის განმავლობაში კიდეც დავეძებდი და ვაზუსტებდი რაღაცებს პოსტისთვის. მაგრამ ახლა რაზეც მინდა ვწერო, ის უფრო მაწუხებს და მინდა ბლოგს მაინც შევჩივლო, სანამ გულზე გავმსკდარვარ.

მინდა სიკვდილზე დავწერო. შეიძლება მერე წავშალო კიდეც, როცა დამშვიდებულ გუნებაზე წავიკითხავ და მივხვდები, რომ მივქარე. მაგრამ ახლა ისე მინდა ვიყვირო, ამ ასოებს ხმის ამოღება რომ შეეძლოთ, ნამდვილად დაგაყრუებდათ.

სიკვდილი ჩემთვის გაქრობაა, სახლში დატოვებული დარდი და ცრემლები, გაცამტვერებული იმედები, სისულელედ ქცეული მიზნები, დანგრეული გეგმები, ვერგაჩენილი ბავშვები, აღარ გალეული გზები, ვეღარასოდეს და აღარასოდეს! აი, ეს არის ჩემთვის სიკვდილი!

და ნუ მეუბნებით, რომ ის უკეთეს სამყაროშია, რომ გაოცებული ფიქრობს, ნეტავ რა ატირებთო, რომ მისი სული დაფრინავს და დალივლივებს. ვის რაში უნდა მისი სული?

მე მინდა აქ იყოს, ამ დამპალ დედამიწაზე, იცხოვროს ჭორებში, იდიოტურად დაღამებულ დღეებში, თუნდაც არასოდეს დაფიქრდეს სამყაროს საჭირბოროტო საკითხებზე. ისევე იცხოვროს, როგორც მილიონობით ჩვენნაირი ცხოვრობს. მე მინდა შვილის დაჯღაბნილი ნახატები ახარებდეს, ქმარს ეჩხუბებოდეს და საღამოობით დიეტას არღვევდეს. მე მინდა უყვარდეს და სძულდეს, უხაროდეს და ტიროდეს და… ცოცხლობდეს!

არ მინდა თქვენი აბსტრაქტული სამოთხე, ქნარები და მუდამ მომღიმარი სახეები, უსაზღვრო ბედნიერება, ფრთები და მწვანე ბალახი.

არ მინდა დაპირებები!

არ მინდა იმედები!

არ მინდა ცხონება!

სიცოცხლე მინდა!

4 Responses to “წაიღეთ თქვენი სამოთხე”

  1. tamaRa მარტი 5, 2011 at 8:06 PM #

    არ წაშალო!

  2. mylpi მარტი 5, 2011 at 9:07 PM #

    me am posts anis mivudzgvnidi :(

  3. kohinor მარტი 5, 2011 at 9:52 PM #

    mylpi

    და შენი აზრით მე რის გამო დავწერე? :(

  4. kevana მარტი 6, 2011 at 6:54 PM #

    ტკივილია :( რამხელა ტკივილია :(

    არ წაშალო… გულში დაიტოვე, რათა მარადიულად იცხოვროს… წუხელ ჰაუსის რომელიღაცა სეზონის მგონი მე12 სერიას ვუყურებდი, იქ იყო ერთი კიბოიანი კაცი მიადგა ჰოსპიტალს, ტკივილგამაყუჩებელის გაკეთების უფლებას არ აძლევდა, ხოდა სიკვდილის წინ ქემერონს შესჩივლა, მარტოხელა ვარ, მინდა ვიტანჯო, მინდა ვიღაცას ვახსოვდე და ისე არ წავიდე, რომ ხსოვნა არ დავტოვო ამ ქვეყანაზეო : )

დატოვე კომენტარი